იმედის დეფიციტი (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

იმედის დეფიციტი (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

მაშ, ასე, გვყავს ახალი მთავრობა ძველი სახეებით და რამდენიმე წვეთი ახალი სისხლით, ძირითადად, რესპუბლიკურით. ვნახეთ ორდღიანი მარათონი პარლამენტში, პრემიერის დაუსრულებელი გამოსვლები და ოპოზიციის კრიტიკა. იმ ორ დღეში იმდენჯერ მოვისმინე ერთი და იგივე, რომ სამთავრობო პროგრამაც, მათი ციფრებიც და ოპოზიციის კითხვებიც ზეპირად ვისწავლე. არადა, ყველას ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი. მაგალითად, ვერაფრით ვხვდები, დასამტკიცებელი მთავრობის ფრაქციებთან შეხვედრას რა აზრი აქვს?! ყველა ფრაქციამ ხომ წინასწარ იცის, დაუჭერს თუ არა მხარს? ყველა ცდილობს, ამომრჩეველს დაუმტკიცოს, რომ მაგარია და დემაგოგიის უმაღლეს მწვერვალებს იპყრობენ, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან!

"ნაციონალებისა" და "ოცნების" მმართველობა ერთმანეთთან დაახლოებით ისეთ ურთიერთმიმართებაშია, როგორც სტალინისა და ხრუშჩოვის! სტალინის მმართველობა ეფექტური, მაგრამ რეპრესიული იყო. ხრუშჩოვმა მარწუხები მოუშვა, დაიწყო დახვრეტილების და გადასახლებულების რეაბილიტაცია, თავისი წინამორბედი მოთხარა, თუმცა, თავად უნიათო გამოდგა! ახლა საკითხავი ის არის, ხრუშჩოვივით დაამთავრებს თუ არა "ოცნება"? არადა, რომ მოუსმენ, თითქოს რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ხალხში მაინც სხვა განცდაა. ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ვერ ახერხებს, მომავლის იმედი გაუჩინოს მოსახლეობას! მიშა კი ამის დიდოსტატი იყო, ცარიელ ნიადაგზეც კი ქმნიდა იმედს! ეკონომიკური მდგომარეობა რომ უცებ ვერ გამოსწორდებოდა, ეს სიურპრიზი არავისთვის იყო. მით უმეტეს, როგორც გაჭირვებულს ქვა, ეს სავალუტო კრიზისი აღმართში დაგვეწია! ასეთ დროს იმის განცდა, რომ მთავრობა რაღაცას აკეთებს, აუცილებელია! ჩვენ კი რა გვაქვს? - პრემიერი, რომელიც მხოლოდ ციფრებს ახვავებს, და ხალხი, რომელსაც უკმაყოფილება ემატება.

ხალხის ხმა თუ პროპაგანდა?

ხალხში უკმაყოფილების მატების ტენდენცია კარგად დაიჭირეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა მხარდამჭერმა მედიამ. "რუსთავი 2"-მა საბადო იპოვა ბაზრობების სახით! იქ ყველაზე გაჭირვებული ადამიანები მუშაობენ, რომლებიც წვიმასა თუ ქარში ქუჩაში დგანან, რომ ოჯახები არჩინონ. ბუნებრივია, ისინი რომელი ხელისუფლების დროსაც უნდა ჩაწერო, ხელისუფლებას გალანძღავენ. ლარის დევალვაციამ ბევრს გაურთულა ცხოვრება და მოსახლეობის ხელისუფლებით უკმაყოფილება, რა თქმა უნდა, იზრდება, მაგრამ ბაზრობებზე გამოკითხვების ჩატარებით ხალხის განწყობის ჩვენება მხოლოდ პროპაგანდაა. ხალხი ქუჩაში უნდა გამოჰკითხო, სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური ფენის ადამიანი! იქაც ბევრი უკმაყოფილო იქნება, მაგრამ სურათი უფრო ობიექტური გამოვა! ეს ჩემი მოსაზრება გადაცემა "არჩევანმაც" დაადასტურა, რომელიც "რუსთავი 2"-მა მთლიანად მოსახლეობის გამოკითხვას დაუთმო. ის სიუჟეტები, სადაც გამოკითხვა ქუჩაში ჩაატარეს, გაცილებით ადეკვატურად ასახავდა რეალობას, ვიდრე ის, რომელიც მხოლოდ ბაზრობაზე გადაიღეს! განსხვავება ის იყო, რომ არ იყო ისტერიკა: ვაიმე, დავიქეცითო! იყო საუბარი პრობლემებზე, რომელიც გაამრავლა ლარის კურსმა! ვიღაცა კმაყოფილიც გამოჩნდა...

ჩვენი ტელევიზია "პალიტრა TV"-ც ატარებს ყოველდღე სხვადასხვა გამოკითხვას გადაცემისთვის "მოკლე ჩართვა" და იქაც კარგად ჩანს, რომ უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება. ვინც ეთერში გვირეკავს, სულ უფრო ნეგატიურად აფასებს მთავრობის მუშაობას. "რუსთავი 2"-ის გამოკითხვაში კი ორი ძალიან საინტერესო კომენტარი მოვისმინე. გურული გლეხი ჩიოდა, ამ მთავრობის უკმაყოფილო ვარ, მარტო მიწები მოგვიხნა, თორემ თესვა და აღება ჩვენზე დატოვაო! ყველაზე მაგარი კი მაინც ის ხაშურელი ბიჭი იყო: "ოცნებამ" ამნისტიით გამომიშვა, მაგრამ მაინც ისინი ჯობდნენო!.. გეუბნებოდნენ თქვენ "ნაცები", არ გამოუშვათ ეგ ხალხი ციხიდანო და არ გაუგონეთ!

პატრიოტიზმი ქართულადჩემი ადრინდელი წერილებიდან გეცოდინებათ, რომ არც რუსეთი მიყვარს და არც რუსეთუმეები მეხატება გულზე, მაგრამ ჩვენთან ბოლო დროს პატრიოტიზმის დასამტკიცებლად მოდური გახდა მოღალატის იარლიყების მიკერება და ვიღაცების გინებით სამშობლოს სიყვარულის დამტკიცება.

კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის პოლიტიკურ შეხედულებებს არც მე ვიზიარებდი. არც მე მომწონდა, რომ ის საქართველოს გზას მხოლოდ რუსეთისკენ ხედავდა, მაგრამ გარდაცვლილის ლანძღვა, საგარეო-პოლიტიკური შეხედულებების გამო, ყოვლად უღირსი საქციელია. ბოლოს და ბოლოს, თუ ასე მივუდგებით, მაშინ გიორგი სააკაძის ძეგლიც უნდა ჩამოვაგდოთ. ის თანამშრომლობდა მტერთან, თუ თანამშრომლობდა! მარტო სიტყვით კი არა, ხმლით.

9 მაისის წინადღეებში ავტეხეთ ერთი ამბავი, რუსი ბაიკერები მოდიან გეორგიევსკის ლენტებით და თუ ვაკის პარკში შეღწევას მოახერხებენ, ეს იქნება ჩვენი უდიდესი სირცხვილიო. შევიკრიბეთ საომრად, ვიშიშვლეთ მწარე სიტყვები, სადაც მოტოციკლეტი დავინახეთ, ყველას საქმე გავურჩიეთ, ვიღაცებს საღებავები ვასხით (არადა, სხვა "ტურისტები" ყოფილან), მოვაწყვეთ აქციები და ერთმანეთს შევეჯიბრეთ პატრიოტიზმში, ანუ ხმამაღლა გინებაში!