უიღბლო კვირა (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

უიღბლო კვირა (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

აშკარად უიღბლო კვირა ჰქონდა "ოცნებას": რეიტინგები და ლარის კურსი სულ უფრო დაბლა ეშვება, გზებზე ორმოების რაოდენობა მატულობს; ნარმანია კი გაიძახის, ასფალტი მალე დაიგებაო, მაგრამ ამასობაში ხალხმა გალანძღა ხელისუფლება ორმოების გამო და აწი დაგებასაც და არდაგებასაც ერთი ფასი აქვს; წინა კვირას გაირკვა, რომ ოლიმპიადისთვის ახალი სპორტის სასახლის დასრულებას ვერ ასწრებენ, არადა, ივანიშვილს ამისთვის დამატებით 10 მილიონი გამოართვეს; პარლამენტში ისევ არ შედგა კვორუმი და სხდომა ჩაიშალა - "ოცნება" ვერ ახერხებს თავისი წევრების ისე მობილიზებას, რომ 76 მოგროვდეს, არადა, 88 წევრი ჰყავს! იმის მაგივრად, რომ საკუთარ წევრებს აიძულონ სხდომებზე დასწრება, ისევ "ნაციონალების" საბოტაჟზე ლაპარაკობენ. რა გამოდის: თუ "ნაციონალებმა" პულტს თითი არ მიაჭირეს, სხდომას ვერ ატარებთ? აბა, რისი უმრავლესობა ხართ?

გასული კვირა არც "ნაციონალებისთვის" იყო ბრწყინვალე. მათ მოულოდნელი კვანტი დაუდო სააკაშვილის ძმაკაცმა, შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა, რომელმაც თავი ერთ-ერთი რუსი მილიარდერის და პუტინის მხარდამჭერის კამპანიაში ამოყო მრჩევლად. ეს უკვე მიშას მეორე ძმაკაცია, უნგრეთის პრემიერის მერე, ვისაც პუტინთან კავშირს აბრალებენ. ასევე შავი ღრუბლები შეიყარა უკრაინაში ზარ-ზეიმით დანიშნული ალექსანდრე კვიტაშვილის თავზე. რადაში მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს აყენებენ!

ეტყობა, ამ იმედგაცრუების იოლად გადასატანად მათ განგებამ ახალი მხარდამჭერი გამოუგზავნა - ეროვნული მოძრაობის ვეტერანი ირაკლი წერეთელი, რომელმაც მიშას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით შიმშილობაც კი დაიწყო. მადლობის სათქმელად კი მას კობა ხაბაზი და გიგა ბოკერია ეწვივნენ!

ოცნებების სასაფლაო?!

NDI-ს გამოკითხვით, ხალხის 44%-მა არ იცის, არ ამბობს, ან ხმას არავის აძლევს; 2012 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალი - 24% უჭერს მხარს "ქართულ ოცნებას"; 50%-ის აზრით, ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს; 45% ამბობს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილებთან მიმართებაში მდგომარეობა გაუარესდაო, 56% ფიქრობს, რომ ქვეყანაში სიღარიბემ მოიმატა...რაც უფრო უფასურდება ლარი, მით მეტად იზრდება ეროვნული ბანკის ბოსტანში ნასროლი კენჭების ზომა. მართალია, ჯერ ლოდებად არ ქცეულა, მაგრამ არც არაფერი უკლია. თუ რამეს აშავებს ეროვნული ბანკი, ესეც ხელისუფლების გასარკვევ-დასამტკიცებელია. მოსახლეობას უნდა, რომ მისი კრედიტი ყოველდღე არ ძვირდებოდეს და მეტი და მეტი ფული არ მიდიოდეს მისი ჯიბიდან ბანკების "ჯიბეში"! ხელისუფლება კი ჯერ მხოლოდ თავს იმართლებს და ყველაფერს სხვას აბრალებს!

ისეთი პირი უჩანს, თუ ასე გაგრძელდა, "ოცნების" მესაფლავე ლარი იქნება და გოგა ხაინდრავას "ნაციონალების 9-წლიანი მმართველობის" ნაცვლად მოუწევს გადაიღოს ფილმის გაგრძელება "ოცნებების სასაფლაო".