რა იქნება ივანიშვილის პოლიტიკური ეპოქის მთავარი მონაპოვარი - კვირის პალიტრა

რა იქნება ივანიშვილის პოლიტიკური ეპოქის მთავარი მონაპოვარი

როგორი იქნება მომავალი პარლამენტის შემადგენლობა?! უპირატესად დასავლური საგარეო პოლიტიკის მომხრე თუ რუსეთთან დათმობებისა და დაახლოების მოსურნე?! ეს კითხვა სამთავრობო ცვლილებებისა და სოციოლოგიური გამოკითხვების ფონზე, სულ უფრო იძენს აქტუალობას.

დასავლეთის გაღვივებული ინტერესის ნიშნები უპირველესად თავდაცვის სამინისტროში შეიმჩნევა. ახალი თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი პირველი განცხადება სწორედ ნატოსთან ურთიერთობების დაჩქარებას და საჰაერო თავდაცვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას შეეხებოდა. როგორც ხიდაშელი ამბობს, ის პირველი დღიდან დაინტერესდა ამ საკითხით. "ერთ-ერთი პირველი, რაზეც მინდია ჯანელიძესთან ვისაუბრე, იყო ეს კონტრაქტი... მე მას ხელს მოვაწერ, თან ეს დიდი ხნის შემდეგ არ იქნება" - განაცხადა ხიდაშელმა. გახსოვთ ალბათ, ეს ის ხელშეკრულებაა, რომელიც საქართველოს საფრანგეთთან უნდა გაეფორმებინა და რომლის ჩაშლასაც, როგორც ირაკლი ალასანია ამბობდა, აქტიურად ცდილობდა მინდია ჯანელიძე, ახლა უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრი. ერთხანს ჯანელიძე იმასაც ამტკიცებდა, ამგვარი კონტრაქტი ბუნებაში არ არსებობსო და ხომ აღმოჩნდა, რომ არსებულა.

ამასთან, ხიდაშელის მიერ თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები, არა მარტო ამ კონკრეტული სტრუქტურის გაძლიერებას, არამედ კოალიციაში რესპუბლიკელების პოზიციის გაფართოებასაც შეუწყობს ხელს. იმავე ანა დოლიძისთვის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი, დიდი ალბათობით, შესაძლოა გარდამავალი პოზიცია აღმოჩნდეს რომელიმე სხვა სტრუქტურის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად. მით უფრო, რომ წინ შს სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმა გველის. გადამწყვეტი ბრძოლა კი კოალიცია "ქართული ოცნების" მომავალი საპარლამენტო სიისთვის გაიმართება. რა თქმა უნდა, რესპუბლიკელებისთვის შეუდარებლად მომგებიანია მომავალ არჩევნებზეც ამ კოალიციის სიით იბრძოლონ სადეპუტატო მანდატებისთვის, რადგან "ქართული ოცნება" 2016 წლის არჩევნებშიც ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერითა და იმიჯით ისარგებლებს, რომელიც გაცილებით მაღალ შანსებს აძლევს რესპუბლიკელებს, ვიდრე არჩევნებში ნებისმიერი სხვა კონფიგურაციით გასვლის შემთხვევაში.

თუ დასავლეთმა აქტიურობა გააგრძელა, სავარაუდოა, რომ მთავარი ინტერესი სწორედ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიისკენ მიემართოს - ბუნებრივია, დასავლეთის ინტერესი იქნება, არჩევნებში პირველ ადგილზე გასული კოალიცია უპირატესად დასავლური საგარეო პოლიტიკის მომხრეებით დაკომპლექტდეს. იმავეს ეცდება რუსეთიც, ოღონდ თავის სასარგებლოდ. ანუ გადამწყვეტი ბრძოლა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიისთვის გაიმართება, რადგან პარტიათა დღევანდელი რეიტინგებით თუ ვიმსჯელებთ, 2016 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა უნდა მივიღოთ: ამ ეტაპზე არც ერთ პარტიას არ შეუძლია გაიყვანოს იმდენი დეპუტატი, რომ დამოუკიდებლად შეძლოს მთავრობის ფორმირება. ამიტომ პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა იძულებული იქნება ეძებოს პოლიტიკური პარტნიორები მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. ამიტომაც, სწორედ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გემოვნებაზე იქნება დამოკიდებული, ვის აირჩევს პარტნიორად მთავრობის ფორმირების პროცესში: პროდასავლურ თუ პრორუსულ ძალებს, რადგან მომავალ პარლამენტში მოხვედრის შანსი ამ ეტაპზე ხუთ პოლიტიკურ ძალას აქვს: თავად "ქართულ ოცნებას", "ალასანია - თავისუფალ დემოკრატებს", "ნაციონალურ მოძრაობას", ნინო ბურჯანაძის "გაერთიანებულ დემოკრატებს" და "პატრიოტთა ალიანსს".

თუმცა, შიდაპოლიტიკურ ფლანგზე პროდასავლური ძალების გააქტიურების მიუხედავად, თუ დასავლეთმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხელშესახები ნაბიჯები არ გადმოდგა, დასავლური პოლიტიკური პოზიციების ვექტორის მომხრე ძალებს გაუჭირდებათ მომავალ პარლამენტში წამყვანი პოზიციებისთვის ბრძოლა. ამ თვალსაზრისით, ძალზე საინტერესო განცხადება გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კერძოდ, თურქეთი გამოდის წინადადებით, რომ 2016 წლის ნატოს სამიტმა მიზნად დაისახოს გაფართოება ოთხი კანდიდატი ქვეყნის და მათ შორის, საქართველოს ხარჯზეც.

დასავლეთის ყველა ნაბიჯს საქართველოში ყურადღებით აკვირდება რუსეთი. ახლა ჯერი მასზეა. არჩევნებამდე დარჩენილ წელიწად-ნახევარში მისგან ბევრ უსიამოვნო სიურპრიზს უნდა ველოდოთ. თუმცა, მთავარია არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ და მივიღოთ მრავალპარტიული პარლამენტი და რეალურად კოალიციური მთავრობა, რაც არაფორმალური მართვის იმ მასშტაბებსა და გავლენებს, რომელზეც დღეს ყველა ლაპარაკობს, მნიშვნელოვნად შეამცირებს. ევროპული ტიპის კოალიციური მთავრობა მრავალპარტიული პარლამენტით - თუ ჩვენ ეს შევძელით, ეს იქნება ჩვენი საზოგადოების და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ეპოქის მთავარი მონაპოვარი.