როგორ "კეთდება" პოლიტრეიტინგები?! - რა ყვება IRI -ს ერაყის პროგრამის­ ყოფილი­ დირ­ექტორი - კვირის პალიტრა

როგორ "კეთდება" პოლიტრეიტინგები?! - რა ყვება IRI -ს ერაყის პროგრამის­ ყოფილი­ დირ­ექტორი

"ეს არის თავისებური მოწოდება "თავისუფალი დემოკრატებისადმი", რომ მონათესავე ძალებთან გაერთიანდნენ, როგორიც არის, მაგალითად, მარგველაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა", რესპუბლიკელები... "

ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა  NDI-ს და IRI-ს კვლევების შედეგებს ისე ელოდება, როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავები "ოსკარს", თუმცა, მათი ნაწილი კვლევების არაობიექტურობას უჩივის. რა არის ამის მიზეზი? როგორ ტარდება  კვლევები საქართველოში და ხდება თუ არა შედეგების "კორექტირება"?

ირაკლი გოგავა, IRI -ს ერაყის პროგრამის ყოფილი დირექტორი, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ექსმრჩეველი, ამჟამად, "საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი:

- ზოგი პოლიტიკოსის აზრით, ის, რასაც ახლა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აკეთებენ, ადრე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საქმე იყო. 1983 წელს ეს ორგანიზაციები რონალდ რეიგანმა შექმნა და დაავალა, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში ემუშავათ. დარეგისტრირდნენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა, თითქმის მთლიანად მთავრობის ფულით ფინანსდებიან. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ფულს მიზნები და ვალდებულება ახლავს. აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ხელისუფლების ამოცანაა, 24 ქვეყნის ხელისუფლებაში მოიყვანოს ისეთი ლიდერები, ვინც ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის გახსნის საკუთარი ქვეყნის რესურსებს, რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებში მიიღებს მონაწილეობას, აშშ-ს რეგიონში სამხედრო ჰეგემონიის საშუალებას მისცემს, დაიცავს მილსადენებს. ცხადია, ასეთი ლიდერები ერთ ან ორ დღეში ვერ გამოიჩეკებიან, ამას სჭირდება დრო, ინფრასტრუქტურა, სახსრები, ტრენინგები, საარჩევნო ტექნოლოგიები და ა.შ. კვლევები ლიდერების გამოვლენის ერთ-ერთი საშუალებაა. ამ ინსტიტუტებს ამერიკაშიც ბევრი კრიტიკოსი ჰყავს...

საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ იმუშაოს, მაგრამ ამ ხელისუფლებას დასავლეთთან ურთიერთობა არცთუ კარგად გამოსდის, ვინაიდან არ იცის, ვის და როგორ ელაპარაკოს.

მინისტრები შეშინებული ბეღურებივით სხედან და ინიციატივას ვერ იჩენენ.

ამერიკელებთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ბრმად უნდა დავუჭიროთ მხარი. მით უმეტეს, რომ ამერიკის პოლიტიკური სპექტრი ჭრელია და იქ სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებია თავმოყრილი.

თუ ვინმე არაობიექტური კვლევის შედეგს აქვეყნებს, უნდა მოხდეს მისი ლუსტრირება და ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი კამერის წინ შეშინებული არ უნდა საუბრობდეს. უნდა შეიქმნას რამდენიმე ქართული კვლევითი ცენტრი და ქართული ფულით დაფინანსდეს.

- სოციალურ ქსელებში გავრცელდა შეკითხვა: "მიიღეთ მონაწილეობა  NDI-ს გამოკვლევებში?" დადებითი პასუხი თითქმის არავის გაუცია. იქნებ აგვიხსნათ, როგორ არჩევენ გამოსაკითხ კონტინგენტს?

- გარწმუნებთ, კვლევები ნამდვილად ჩატარდა, თანაც პროფესიონალურად, თუმცა, შემდეგ შედეგები შეიცვალა ამა თუ იმ ძალის სასარგებლოდ, რაც, ძირითადად, პოლიტიკურ რეიტინგებზე აისახა. ეს აპრობირებული ხერხია.

ჯერ კიდევ "ნაციონალური" რეჟიმის დროს საველე მკვლევრების უმრავლესობა შსს-სთვის მუშაობდა, ისინი დამკვეთს მცდარ შედეგებს აწვდიდნენ, ამიტომ ამ ინსტიტუტებს ძალიანაც რომ მოენდომებინათ, რეალურ ვითარებას ვერ ასახავდნენ.

ამას ემატებოდა საზოგადოებაში გამეფებული შიშის სინდრომი, რომლის მსხვერპლი საბოლოოდ "ნაცმოძრაობა" გახდა, რადგან კვლევები რეალურ სურათს არ აჩვენებდა. ცალკე საუბარია საჭირო ლუის ნავაროზე (საქართველოში NDI-ს წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი), რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მარჯვენა ხელი იყო. მოარული ხმებით, ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რაღაც კორუფციულ სკანდალში გაეხვია და ფაქტობრივად, საქართველოში "გადაასახლეს". შესაძლოა, "ნაციონალების" სასარგებლოდ თვითნებურად ცვლიდა შედეგებს და ამას ვაშინგტონის ოფისი არ ავალებდა. თუმცა, ზოგჯერ პოლიტიკური რეიტინგებისა და ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ამსახველი შედეგების საბოლოო კორექტირება ვაშინგტონში, მთავარ ოფისში ხდება. მას ადგილობრივი დირექტორი აწვდის რეალურ მონაცემებს, მერე ევრაზიის დეპარტამენტის კორექტირებული უკან უბრუნდება, რომ საზოგადოებას გააცნოს.

თუ ნავარო თვითნებურად იქცეოდა, ან ძალიან დაინტერესებული უნდა ყოფილიყო, ან შანტაჟის მსხვერპლი. არ გამოვრიცხავ, რომ ის ღარიბაშვილის შს მინისტრობისას ამოღებული ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი გმირიც იყო.

- და მაინც,  რა სქემით განსაზღვრავენ რეიტინგებს?

- NDI-ს ბოლო კვლევა ჩაატარეს სტრატიფიცირების (წინასწარ ჯგუფების დამუშავება) და კლასტერინგის გამოყენებით (თითოეული ჯგუფიდან პატარა გეოგრაფიული არეალების შერჩევა). რესპონდენტების შერჩევა კიშის ცხრილით (შემთხვევითობის ალგორითმით ირჩევა ოჯახის ის წევრი, რომელიც უნდა გამოჰკითხონ) მოხდა. დამკვეთი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტია, საველე სამუშაოები კი კვლევითმა ორგანიზაცია ჩღღჩ –მა ჩაატარა, რომელიც საქართველოში კარნეგის კორპორაციამ 2003 წელს დააფუძნა და დღემდე ის აფინანსებს. ამ კვლევის სპონსორია შვედეთის სამთავრობო ფონდი შIDA,  რომელზეც დიდ გავლენას ახდენს შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და სააკაშვილის ლობისტი კარლ ბილდტი. როგორც ხედავთ, შეკრული წრეა...

ჩემი ინფორმაციით, "ნაციონალების" რეიტინგი საერთო ამომრჩეველში 8-9%-ზე მეტი არ არის. "ნაციონალთა" 16%-იანი რეიტინგი გამოიანგარიშეს გამოკითხულთა იმ 56%-დან, რომელიც არჩევნებზე აუცილებლად მივა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ დარჩენილი 44%-დან, რომელიც გამოკითხვაში აცხადებს - არჩევნებზე არ მივალო, "ნაციონალებს" მხარს არავინ უჭერს.

ასევე, დღეს სააკაშვილის მოწონების 30%-იანი მაჩვენებელი ნონსენსია.

- რატომ ფიქრობთ ასე?

- იმიტომ, რომ "ნაციონალების" აქტივის ნაწილსაც კი მიაჩნია, რომ სააკაშვილი ზედმეტი ბარგია და პარტიას უნდა ჩამოშორდეს. ასე რომ, გაურკვეველია, სად, რომელი პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებს შორის იპოვეს ის 30%, ვინც ექსპრეზიდენტი მოიწონა?!

სააკაშვილს აქვს მედიარესურსები და დიდძალი ფული, რომლითაც პარტიას აფინანსებს და ამიტომ "ნაცმოძრაობა" მას ჯერჯერობით ვერ იშორებს.

- "ქართული ოცნების" 24%-იან რეიტინგს როგორ ახსნით?

- ჩემი აზრით, მას დღევანდელი მდგომარეობითაც კი, 35%-იანი რეიტინგი მაინც უნდა ჰქონდეს... ხალხის საარჩევნო ყუთებამდე მიყვანას სწორი პარტიული მუშაობა და ხალხთან ყოველდღიური საუბარი სჭირდება, რასაც მთავრობის ქმედითი ნაბიჯები უნდა ახლდეს. ერთ-ერთი აუცილებელი პირობა კი ლარის კურსის გამოსწორებაა. ამ ყველაფრის შემდეგ "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერის მოპოვება არ გაუჭირდება.

- როგორ ახსნით რეიტინგებში შეუსაბამობებს? ზოგიერთ ლიდერს მაღალი რეიტინგი აქვს, მის პარტიას კი - არა. მაგალითად, ალასანია ოპოზიციონერთა რეიტინგში ლიდერობს, მის პარტიას კი 5 % უჭერს მხარს...

- ეს მართლაც შეუსაბამოა. არ შეიძლება პარტიას და მის ლიდერს რეიტინგში ათმაგი განსხვავება ჰქონდეთ. ეს არის თავისებური მოწოდება "თავისუფალი დემოკრატებისადმი", რომ მონათესავე ძალებთან გაერთიანდნენ, როგორიც არის, მაგალითად, მარგველაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა", რესპუბლიკელები...

ამავე დროს, ეს ძალები ალასანიას ერთპიროვნულ ლიდერობას არ უთმობენ და ალტერნატივად მარგველაშვილს მიიჩნევენ, რეზერვში კი დავით ბაქრაძე ჰყავთ...

- თქვენი აზრით, რატომ გაიზარდა 31%-ამდე ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა?

- ევრაზიული კავშირის მხარდაჭერის მიზეზი დასავლეთით იმედგაცრუებაა. საქართველო 23 წელი ელოდა მარშალის გეგმას საქართველოსთვის და ვერ მიიღო...

ჯერ კიდევ ლარის გაუფასურებამდე მე გავეცანი ერთ-ერთი საელჩოს კვლევის შედეგებს, რომელთა მიხედვით "ქართულ ოცნებას" ჰქონდა 42%; "ნაციონალებს" - 8%; "პატრიოტთა ალიანსს" - 7%; ბურჯანაძეს - 7%; "ლეიბორისტებს" - 4%; "თავისუფალ დემოკრატებს" - 3%.

ვფიქრობ, არჩევნებამდე პარტიათა რეიტინგი კიდევ ბევრჯერ შეიცვლება.

შენიშვნა:

“კვირის პალიტრის” 18-24 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში “როგორ “კეთდება” პოლიტიკური რეიტინგები რესპოდენტი ირაკლი გოგავა(საგაზეთო ვერსიაში)  მოხსენიებული იყო: ”NDI-სა და IRI-ს ერაყის პროგრამის ყოფილი დირექტორი, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ექსმრჩეველი, ამჟამად, “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი”. უნდა იყოს:” IRI-ს ერაყის პროგრამის ყოფილი დირექტორი, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ექსმრჩეველი, ამჟამად, “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი”.