ტოქშოუ გაზეთში! - კვირის პალიტრა

ტოქშოუ გაზეთში!

"საქართველო დღეს აღარ არის რეგიონის ღერძი"

”ევროპა თვითონ მოაგვარებს ურთიერთობას რუსეთთან, ამასთანავე დაარეგულირებს ჩვენს ურთიერთობას ამ ქვეყანასთან და ეცდება შეამციროს მისი ზეგავლენა საქართველოზე”

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში თავის კანდიდატად ნავთობკორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი, გია ჭანტურია დაასახელა. მათ იმედი აქვთ, რომ ბატონი გია ღირსეულ კონკურენციას გაუწევს მეტოქეებს და ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისათვის. შეგახსენებთ, რომ გია ჭანტურია ხელმძღვანელობდა ისეთ ცნობილ პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-ერზრუმი. ამჟამად გია ჭანტურია ახალ, მისი თქმით ისტორიულ პროექტს იწყებს, რომლის მიხედვითაც სუფსის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ნავთობქიმიური კომპლექსი უნდა აშენდეს.

"ეს იქნება უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც განსაკუთრებულ პირობებს შექმნის არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი კავკასიის რეგიონისთვისაც" - განაცხადა ბატონმა გიამ "რადიოპალიტრის" ეთერში სტუმრობისას. გადაცემამ, რომელსაც "კავკასიური პალიტრა" ჰქვია და რომელსაც ტრადიციულად ექსპერტი მამუკა არეშიძე უძღვება, სერიოზული ინტერესი გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. გთავაზობთ ამ გადაცემის ჩანაწერს მცირედი შემოკლებით:

მ. ა. - პროექტი, რომელზეც გვექნება საუბარი და რომელიც უნდა წარადგინოთ მთელი ჩვენი საზოგადოების წინაშე, ითვალისწინებს უმძლავრესი ენერგოობიექტების შექმნას სუფსის ტერიტორიაზე. ასეთი ტიპის ენერგოპროექტები საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა და დღესაც არსებობს: იქნება ეს ბაქო-ჯეიჰანი თუ ბაქო-ერზრუმი, მაგრამ ეს არ გახდა 2008 წლის აგვისტოში დამატებითი არგუმენტი საქართველოს უსაფრთხოების დასაცავად. რით არის თქვენი პროექტი ისეთი განსაკუთრებული, რომ საქართველოს უსაფრთხოების ხარისხს გაზრდის?

გ.ჭ. - დავიწყოთ იმით, რომ როცა ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის პარამეტრი, რომელიც არსებობს ქვეყნის შიგნით და გარეთ. ის პროექტები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ, ანუ ის ენერგოდერეფანი, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგოდერეფანს ვუწოდებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად, მათი მეშვეობით ქვეყანამ შეიძინა ისეთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რასაც ჰქვია ენერგოტრანზიტის ფუნქცია. თქვენ ბრძანეთ, რომ ამ პროექტებმა ვერ დაიცვა საქართველო, მაგრამ გულწრფელად უნდა გითხრათ: ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის რეაქცია აგვისტოს ომის დროს უპირველესად სწორედ ამ ენერგოდერეფნის არსებობით იყო გამოწვეული.

ცხადია, ამ დერეფნის მნიშვნელობაზე ლაპარაკი გადაჭარბებულიც კია, რადგან ეს ჩვენმა საზოგადოებამ საკმაოდ კარგად იცის. ახალი პროექტი, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, საქართველოსთვის გაცილებით მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ამ პროექტის წყალობით საქართველო არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა იქნება, არამედ თვითონ გახდება ერთ-ერთი გარანტორი შავი ზღვის აუზის ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოებისა.

მ.ა. - გამოდის, რომ საქართველო მწარმოებელი ქვეყანა გახდება?

გ.ჭ. - მართალს ბრძანებთ, სუფსის პროექტის განხორციელების შემდეგ საქართველო თვითონ იქნება მწარმოებელი ქვეყანა. ალბათ მოგეხსენებათ, რომ სუფსაში 1999 წელს ავაშენეთ ნავთობის ტერმინალი, რომელიც არის დაბოლოება ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა. ამ მილსადენით 15 მილიონ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირება შეიძლება სუფსის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, 1999 წლიდან დღემდე სიტუაცია შეიცვალა, რეალობაც სხვაა, გამომდინარე იქიდან, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნები მოითხოვენ, მათი ენერგოუსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ რუსეთზე. ყველას ახსოვს შარშანდელი ზამთარი, როცა უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის გამო ევროპა გაზის გარეშე დარჩა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რათა შემუშავდეს შავი ზღვის აუზის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სპეციალური პროგრამა.

ამავდროულად საქართველო შეუერთდა უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელიც პრაღაში, 2009 წლის 8 მაისს გაფორმდა და რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ევროკავშირის პრეზიდენტთან ერთად. ის გულისხმობს სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის განვითარებას, რაც თავისთავად განაპირობებს ევროპის დამოკიდებულებას ჩვენს რეგიონზე და შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან ჩვენს საგარანტიო ფუნქციას. ამდენად, როდესაც ჩვენ თვითონ ვხდებით გარანტორი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემის უზრუნველსაყოფად, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც ზრდის უსაფრთხოების გარანტიებს.

მ.ა. - ბატონო გია, ეს პროექტი არის დამატებითი არგუმენტი საქართველოს უსაფრთხოებისათვის, მაგრამ მავანს შეიძლება გაუჩნდეს განწყობა, რომ ეს პროექტი არის დამატებითი რისკი საქართველოსთვის, რადგან რუსეთი ასეთი ტიპის პროექტის ამუშავებას არ დაუშვებს.

გ.ჭ. - ასეთი მარტივი შეფასებით ჩვენ ვერ დავკმაყოფილდებით იმიტომ, რომ ეს არის ევროკავშირის ინტერესის არეალში მოხვედრილი პროექტი. რუსეთი ვერ გამოვა წინააღმდეგი, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს ალტერნატიული საგარანტიო სისტემის შექმნა თავისი ქვეყნებისათვის, რადგანაც სწორედ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების გამო გაიყინა შარშან მთელი ევროპა. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთის მთლიანად ჩანაცვლებას ამ ბაზარზე.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ალტერნატიული სისტემის შექმნა, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ევროპის არჩევანს შეზღუდავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროკავშირს სერიოზული ურთიერთობა აქვს რუსეთთან, თვითონ რუსეთიც ვერ მისცემს ევროპას გარანტიას, რომ ბოლომდე უზრუნველყოფს უწყვეტი ენერგორესურსით, რადგან ისიც სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული. ამიტომ, ცხადია, ეს პროექტი რუსეთსაც უმსუბუქებს მდგომარეობას და ხელს უწყობს შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც ევროპის ქვეყნების მიმართ აქვს აღებული. მეორე ფაქტორია ის, რომ ასეთი წინააღმდეგობა ჩვენ უკვე გავიარეთ ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-ერზრუმის აშენების დროს.

მ.ა. - ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ბაქო-ჯეიჰანის შემთხვევაში აშშ იყო მთავარი, ამ შემთხვევაში კი ევროპაა.

- რა თქმა უნდა, ევროპა თვითონ მოაგვარებს ურთიერთობას რუსეთთან, ამასთანავე დაარეგულირებს ჩვენს ურთიერთობას ამ ქვეყანასთან და ეცდება შეამციროს მისი ზეგავლენა საქართველოზე.

მ.ა. - თუ სწორად გავიგე, თქვენი პროექტის მეშვეობით ევროპის "მიბმა" ხდება საქართველოზე ეკონომიკური თვალსაზრისით.

გ.ჭ. - აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, არა მხოლოდ ევროპის... თხევადი გაზის ყველაზე დიდი მომხმარებელი მსოფლიოში სამი ქვეყანაა - იაპონია, აშშ და სამხრეთ კორეა. აქედან გამომდინარე, საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი მიენიჭება სამივე ქვეყნისათვის...

საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ამ რეგიონში. ისტორიულად თუ ამ ფაქტორს კარგად ვიყენებდით, ყველაფერი კარგად იყო, ხოლო როცა ვერ ვიყენებდით, ყველა ჩვენი გაჭირვება სწორედ ამით იყო გამოწვეული. საქართველოს სახელმწიფოებრივი ფორმირებაც მნიშვნელოვნად განაპირობა იმან, რომ გზაჯვარედინზე ვართ და გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პლაცდარმი გვიკავია.

აქედან გამომდინარე, ჩვენ არა ვართ განყენებული ნაწილი მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციისა. მე ვფიქრობ, რომ ყველა კონფლიქტი ჩვენს რეგიონში ხელოვნურად იყო შექმნილი. ამ კონფლიქტებს საფუძვლად უდევს არა ეთნიკური უთანხმოება, არამედ პოლიტიკური მიზნები, რომელიც რუსეთს ჰქონდა და დღესაც აქვს კავკასიაში. სრულიად ბუნებრივია ჩვენი მცდელობა, რომ საქართველო ამ რეგიონის მოწინავე ქვეყანა იყოს.

საქართველო დღეს აღარ არის რეგიონის ღერძი, ეს ღერძი წანაცვლებულია აზერბაიჯანისკენ, რადგან იქ ეკონომიკა სულ სხვა დონეზეა. ცხადია, ამ სივრცეში საქართველოს აქვს უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომ დააბალანსოს ურთიერთობები ყველასთან და რაც მთავარია, საქართველო უნდა გახდეს ის ძალა, რომელიც სამშვიდობო პროცესში შეასრულებს მნიშვნელოვან როლს. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ცენტრის, ამ ღერძის საქართველოსკენ გადმოწევა და კონფლიქტების მოგვარება. ამ კონფლიქტებით იზარალა მთელმა რეგიონმა.

მოამზადა ხათუნა ჩიგოგიძემ