"ზედმეტად ინფორმირებულებს" პატივით აცილებენ(?!) - კვირის პალიტრა

"ზედმეტად ინფორმირებულებს" პატივით აცილებენ(?!)

გასულ კვირას საქართველოდან დევნილთა ვრცელ სიას ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის სახელიც შეემატა.…ვახტანგ კომახიძემ შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ჟენევაში იმიტომ მიფრინავდა, რომ აგროვებდა დოკუმენტურ მასალას  2008 წლის მოვლენების ამსახველი ფილმისთვის. ასევე ჰააგის ტრიბუნალის ერთ-ერთ მოსამართლესთანაც უნდა ჩაეწერა ინტერვიუ.

აეროპორტში კომახიძეს კუდ-ის თანამშრომლებმა "გაცილება" მოუწყვეს. ამის შესახებ კომახიძე შვეიცარიიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს: "მუქარა მოჰყვა ცხინვალში ვიზიტს, სადაც მნიშვნელოვანი მასალა მოვიპოვე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ზეწოლა დაიწყო სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ წარმოებული ღია კამპანიით, რასაც მოჰყვა ქუჩაში დახვედრა და ხელისუფლების სახელით მკაცრი მუქარა. დევნა და თვალთვალი იქამდე მივიდა, რომ თბილისიდან ჟენევაში გამგზავრებისას აეროპორტში (დილის 4 საათზე) კუდ-ის თითქმის მთელმა შემადგენლობამ გაცილება მომიწყო".

კომახიძე გამორჩეულად ბევრ ინფორმაციას ფლობს. ჩვენს ქვეყანაში კი "ზედმეტად ინფორმირებულებს" ცოტა უცნაურად ექცევიან. მაგალითის სახით ირაკლი ოქრუაშვილის გახსენებაც შეიძლება, რომელსაც ჯერ პატიმრობის ნაცვლად შეფარდებული "გირაოს" თანხა ისე გადაუხადეს, თავად აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო, შემდეგ კი ისიც კუდ-ის წარმომადგენლებმა აეროპორტამდე მიაცილეს შემდეგი განმარტებით, - ორიოდე დღით სამკურნალოდ ვუშვებთო(?!)...  საქართველოდან განდევნილმა ოქრუაშვილმაც მაშინ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.…

ამჟამად, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ვახო კომახიძე დევნილთა ბანაკში იმყოფება, დროებით ჩამოართვეს აპარატურა, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი... ამდენად, ვახო კომახიძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, თუმცა დროგამოშვებით საშუალებას აძლევენ, მეგობრებს თავადვე დაუკავშირდეს.

ნანა კაკაბაძე (არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე): - ვახომ ახლახან თვითონ დამირეკა. ძალიან ღელავდა მეუღლისა და შვილების უსაფრთხოების გამო. დავამშვიდეთ, რომ მის ოჯახში ყველაფერი რიგზეა. ვახომ აგვიხსნა, რომ საკმაოდ იზოლირებულ პირობებში, პატიმარივითაა (ბოლო დღეებში სიცხეც მქონდაო). კომახიძე აცხადებს, რომ მისი საქართველოდან განდევნა იმ ფილმს უკავშირდება, რომელიც  2008 წლის მოვლენებს ეხება. არ დაუზუსტებია, ასეთი რა მასალები აქვს, თუმცა ვიცით, რომ როგორც კი პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებს, ფილმს აუცილებლად დაასრულებს.

ბესო კურტანიძე (ვახო კომახიძის მეგობარი): "მახსოვს, ცხინვალიდან მის გადმოსვლას ველოდი. იქვე იყო მამაკაცი, რომლის შვილიც ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდა. ვუთხარი, - ჩემი მეგობარი გადმოიტანს ვიდეოკასეტას და შეგიძლია ნახო, თუ როგორ არის შენი შვილი ცხინვალის იზოლატორში-მეთქი, რაზეც მან უარი განაცხადა. მისმა ამგვარმა საქციელმა ძალიან გამაკვირვა. დეპუტატმა გია თორთლაძემ იგი გვერდზე გაიყვანა და ჩვენზე რაღაცას ეუბნებოდა. არ ვიცი, ჩვენზე თუ უთხრა, ესენი მოღალატეები არიანო, მაგრამ ფაქტია, მასში მამობრივი გრძნობა და შიში კარგა ხანს ებრძოდა ერთმანეთს. ნახევარი საათის შემდეგ კი დამირეკა და მთხოვა, - იქნებ ჩემი შვილის კასეტა მაჩვენოთო, მაგრამ ჩვენ უკვე თბილისში ვიყავით.

"რეალ ტვ"-ის  სიუჟეტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ხელისუფლება კომახიძეს ებრძვის. მას გაუხსენეს ნასამართლეობა... ეს ამბავი კიდევ ერთხელ რომ არ გახდეს მსჯელობის საგანი, განვმარტავ: ვახო 13 წლის იყო, როცა დედა  გარდაეცვალა, თბილისში მარტო ცხოვრობდა და ვინაიდან უფროსი და გამკითხავი მასთან არავინ იყო, ბიჭებმა რაღაც ნივთები (შესაძლოა ნაქურდალიც) მის სახლში მიიტანეს შესანახად. ამის გამო იმ ბიჭებთან ერთად ვახოც გაასამართლეს და ქურდობის თანამონაწილედ მიიჩნიეს. "რეალ ტვ"-ის ერთერთი აბსურდული ბრალდება იყო ისიც, თითქოს ვახო კომახიძე უშიშროების სამინისტროდან ფინანსური მაქინაციების გამო გამოუშვეს, მაშინ როცა მას ფინანსებთან საერთო არაფერი ჰქონია.

ვახტანგ კომახიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალურ დავალებათა სამმართველოს უფროსად მუშაობდა.  მას რუსეთის აგენტობაც სრულიად უსაფუძვლოდ, უარგუმენტოდ დააბრალეს და რაც მთავარია, ეს ბინძური სიუჟეტი ეხებოდა მის პირად ცხოვრებასაც, - მრავალცოლიანად და ცუდ მამად შერაცხეს. ვახოს 8 შვილი ჰყავს და ყველასთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. ის პირველ ცოლს გასცილდა, მაგრამ ეს სხვისი განსაკითხი რატომ  უნდა იყოს?!

ვახო საქართველოდან წავიდა, მაგრამ არ მომკვდარა. ასე რომ, მასთან გასაუბრების საშუალება ყველას აუცილებლად მოგვეცემა, როცა დევნილთა ბანაკში  შეზღუდვები მოეხსნება".

P.S. შვეიცარიის საელჩოსთან ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელშიც ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზატორის, ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორის, მამუკა ღლონტის განცხადებით, მათ იმედი აქვთ, რომ შვეიცარიის სახელმწიფო კომახიძეს პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემს. ჟურნალისტებმა შვეიცარიის საელჩოს გადასცეს პეტიცია, სადაც დაფიქსირებულია აქციის მონაწილეთა ხელმოწერები.

რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჟენევაში კომახიძესთან დაკავშირებულ საკითხს სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს.