"შესაძლოა, საქართველო იზოლაციაშიც მოექცეს" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, საქართველო იზოლაციაშიც მოექცეს"

"რეპრესიული მანქანის კიდევ ერთი გამოვლინებაა ჟურნალისტის უცხოეთში წასვლა"

"მიუნხენში მე საქართველოს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს ვიცავდი", - აცხადებს ირაკლი ალასანია, რომელსაც გარდა მიუნხენში გამართული შეხვედრებისა და ლავროვთან საუბრის დეტალებისა, ქართული პოლიტიკის შიდა სამზარეულოსა და ლევან გაჩეჩილაძესთან უცნაურ ლონდონურ შეხვედრაზეც ვკითხეთ:

- მიუნხენის კონფერენციაზე მიწვევა ორგანიზატორებისაგან 4 თვის წინ მივიღე. რადგან მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციასთან ერთად ახალი თაობის ლიდერების კონფერენციაც ჩატარდა, ფაქტობრივად, ორ კონფერენციაში ვმონაწილეობდი. შეხვედრები გაიმართა თითქმის ყველა დასავლურ, ამერიკულ და რეგიონულ პოლიტიკურ-სამხედრო წრეების წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანი იყო   ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრა. შევხვდი პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების დარგში ბატონ ჯოუნსს, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბატონ გორდონს,  სენატორებს - ლიბერმანსა და მაკ-კეინს.

ორმხრივი შეხვედრა მქონდა ესტონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ეუთოს გენერალურ მდივანთან. ძირითადი განსახილველი თემა იყო ავღანეთში შექმნილი ვითარება, ირანი და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები. არ გამიშვია შესაძლებლობა, ქართული პოზიცია არ დამეფიქსირებინა, არ განმეცხადებინა, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე ლაპარაკი შეუძლებელია, თუკი რეალურად არ განვიხილავთ აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში შექმნილ საფრთხეებს. ამ თემაზე მქონდა შეხვედრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან.

- ვინ იყო ამ შეხვედრის ინიციატორი?

- ეს დაუგეგმავი შეხვედრა იყო. იმ სასტუმროში შევხვდით, სადაც კონფერენცია ტარდებოდა. რადგან ერთმანეთს ვიცნობდით, თავი არ ავარიდეთ შეხვედრას და გადავწყვიტეთ, გვესაუბრა. ლავროვთან შიდაპოლიტიკური საკითხები არ განმიხილავს, რადგან ეს საქართველოს გარდა, არავის საქმე არ არის. ეს იყო რთული და პრინციპული საუბარი. ორივემ ვთქვით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები პოლიტიკურ ჩიხში არ უნდა იყოს მოქცეული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩიხიდან გამოსასვლელად. ვუთხარი, არასწორია, როდესაც რუსეთის ხელისუფალი საქართველოს ხელისუფალს არ ელაპარაკება. თუკი ურთიერთობის გაუმჯობესებაზე გვინდა ლაპარაკი, ამაზე ხელისუფლებამ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა ილაპარაკონ-მეთქი.

- ალბათ ლავროვმა დააკონკრეტა, რუსებს რატომ არ სურთ სააკაშვილთან დიალოგი?

- სააკაშვილს კონფლიქტის დაწყებაში დამნაშავედ მიიჩნევენ. რუსეთის ფედერაციის მცდელობა, მსოფლიო თანამეგობრობისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების  სტიმული მიეცა, ფუჭი აღმოჩნდა და რუსეთი ამას აცნობიერებს. გარდაუვალი აუცილებლობაა ხელახლა დავიწყოთ საუბარი  რუსეთ-საქართველოს, ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ურთიერთობაზე.

ლავროვთან საუბრისას აღვნიშნე, რომ ჩვენი ოპოზიციისა და რუსეთის ხელისუფლების  დიალოგს აზრი არა აქვს. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ხელშესახებ ცვლილებას ვერ შეიტანს. ხელისუფლებას ხელისუფლება უნდა ელაპარაკოს. ოპოზიციამ მხოლოდ ფონი შეიძლება შექმნას.

- შევნიშნავ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას თქვენც ოპოზიციას წარმოადგენდით.

- მე ოპოზიციას კი არა, საქართველოს წარმოვადგენდი.

- ხელისუფლებას შეუძლია მოგედავოთ, ვინ მოგცათ მანდატი, რომ ქართველი ხალხი წარმოადგინოთო.

- არავის მანდატი არ მჭირდება. როდესაც ჩემი ხალხისა და საქართველოს ინტერესებს წარმოვადგენ, ფორმალური ლეგიტიმაცია არ მჭირდება. იმის დემონსტრირება მინდოდა, რომ მიუხედავად შიდაპოლიტიკური განსხვავებებისა, ოპოზიცია და ხელისუფლება, ქართველი საზოგადოების უმეტესობა, ვთანხმდებით და ერთი აზრი გვაქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა  და საქართველოს ადგილი ევროპულ სახლში.

თუ საერთაშორისო ფრონტზე არ ვიაქტიურეთ, თუ ევროპასა და ჩვენს მოკავშირეებს არ დავუდასტურეთ, რომ ფუნდამენტურად დემოკრატიული საზოგადოება ვართ, ჩვენ მიმართ ინტერესი დაიკლებს. შესაძლოა, საქართველო იზოლაციაშიც მოექცეს.

სააკაშვილსა და დღევანდელ ხელისუფლებას ევროპა ნამდვილად არ მიიჩნევს უსაფრთხოების საკითხში საიმედო პარტნიორად და ამის მიზეზი, გარდა აგვისტოს ომისა, არის ჯერ კიდევ ომამდე კონფლიქტების დარეგულირებაში არათანამიმდევრულობა, მეზობლებსა და რუსეთთან დაკავშირებული სამხედრო რიტორიკა, რომელიც გაისმოდა საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებში. სააკაშვილმა ქართველ საზოგადოებას მეტისმეტად გაუზარდა ნატოში ინტეგრაციის მოლოდინი, როდესაც ამის საფუძველი არ ჰქონდა, ნატოს წევრი ქვეყნები არ აძლევდნენ მას იმედს. დასავლეთში ეს მიიჩნიეს სააკაშვილის პოპულისტურ ნაბიჯად, რამაც დააზარალა ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის იდეა.

- ალბათ, შეამჩნევდით, რომ რონალდ ასმუსის წიგნის ყდაზე, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს ეხება, პაიკია გამოსახული. ხომ არ ფიქრობთ, რომ ავტორმა და წიგნის გამომცემლებმა საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ თამაშში პაიკად მიიჩნიეს?

- თუ მსოფლიო თანამეგობრობის ძლიერ ქვეყნებს საშუალებას მივცემთ, პაიკივით გამოგვიყენონ, ბუნებრივია, ასეც მოგვექცევიან, მაგრამ პაიკად ვერავინ გაქცევს, თუკი თავად არ მიეცი ამის საშუალება წინდაუხედავი, გაუთვლელი პოლიტიკური ნაბიჯებით. პოლიტიკოსი მაშინ ხარ, თუკი საგარეო მხარდაჭერას ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენებ. საქართველოს ხელისუფლებასა და პირადად სააკაშვილს რევოლუციის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებისა და ქვეყნის მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ სააკაშვილმა ეს შანსი ხელიდან გაუშვა. ამიტომაც არის აუცილებელი ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ხელისუფლების ცვლილება სამოქალაქო დაპირისპირების გზით.

- რამდენადაც ვიცი, ლევან გაჩეჩილაძეს შეხვდით ლონდონში. საზღვარგარეთ შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა ხომ არ ჰქონდა?

- ლევან გაჩეჩილაძესთან შესახვედრად ლონდონში ჩასვლა არ  მჭირდება, თბილისშიც ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. შეხვედრა შემთხვევითი იყო - მე ლონდონში ვიყავი შეხვედრებზე ჩასული, ლევანიც იქ იყო და შევხვდით. ვცდილობდით, ცოტა გველაპარაკა პოლიტიკაზე. ასე რომ, ლონდონში საიდუმლო სერობა არ ყოფილა.

- ითქვა, რომ ლევან გაჩეჩილაძე ადგილობრივ არჩევნებში მხარდაჭერას დაგპირდათ.

- პოლიტიკაში დაპირებები არ გაიცემა, პოლიტიკოსები ვთანხმდებით ხოლმე. არჩევნებამდე დრო გვაქვს, რომ დავაკვირდეთ, როგორი პოლიტიკური კონფიგურაცია შეიძლება გახდეს ოპოზიციისთვის მისაღები.

- ჩემთან ინტერვიუს დროს განაცხადეთ, რომ პრაიმერში მონაწილეობაზე თანახმა იყავით, დღეს კი უარს აცხადებთ. რატომ შეცვალეთ გადაწყვეტილება?

-  ჩვენს კოლეგებს არ განუმარტავთ, როგორ იქნება ორგანიზებული პრაიმერი და ვისი თანხით, ვინ დაითვლის ხმებს, როგორ შედგება სიები. ეს საკითხები დღემდე გაურკვეველია.  გაურკვეველია ისიც,  როგორ დავიცავთ თავს პრაიმერზე პოლიციის ორგანიზებული ჩარევისაგან.

- "ალიანსმა" უკრაინაში ქართველი დამკვირვებლების სკანდალის გამო  უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა, რა საფრთხე დაინახეთ ქართველი დამკვირვებლებისა და ხელისუფლების ქმედებაში?

- ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა. კუნთმაგარი ბიჭები როგორც ჩავიდნენ უკრაინაში, ისევე ჩამოვიდნენ. მათ არავინ მისცემდა რაიმეს  გაკეთების შესაძლებლობას. ამით იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი იმიჯი შეილახა და საფრთხე შეექმნა უკრაინასთან ურთიერთობას. სააკაშვილი უპასუხისმგებლოდ მოიქცა. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი რეალობას მოსწყდა და ქვეყანას იზოლაციისკენ ექაჩება.

- ალბათ ქვეყნის იმიჯის შემლახავი უნდა გახდეს ისიც, რომ ქართველი ჟურნალისტი ქვეყნიდან გარბის და ევროპულ ქვეყანაში ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს.

- ეს მართლაც საგანგაშო ფაქტია. ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოება, ოპოზიციის მხარდამჭერები პოლიტიკურ რეპრესიებს განიცდიან. მედიის თავისუფლება შეზღუდულია. რეპრესიული მანქანის კიდევ ერთი გამოვლინებაა ჟურნალისტის უცხოეთში წასვლა. ეს არ უნდა დარჩეს არც ერთი პოლიტიკური ძალის ყურადღების მიღმა და იმედია,  დასავლეთიც სწორად შეაფასებს ამას. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დადგება დრო, როდესაც გაქცეული ჟურნალისტები ქვეყანაში დაბრუნდებიან, სახელმწიფო არასოდეს აღარ ჩაერევა მედიის საკითხებში და უარის თქმა მოუწევს ბიზნესში ჩარევაზეც. საზოგადოებას სხვა გზა არა აქვს, ადგილობრივი არჩევნები უნდა გამოიყენოს ხელისუფლების დასამარცხებლად.

- მაგრამ თქვენი "ალიანსიც" აღიარებს, რომ გამოკითხვებში უგულავა ლიდერობს.

- უგულავას დაპირებები არის მხოლოდ წინასაარჩევნო და ყალბი, რაც არჩევნების დასრულებისთანავე დამთავრდება. ქართველი საზოგადოება ასეთ ტყუილებს აღარ დაიჯერებს.