არაპოპულარული სიმართლე (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

არაპოპულარული სიმართლე (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

ამ კვირას იღბლიანობის თვალსაზრისით არა უშავდა. ლარი ცოტა გამყარდა. ეტყობა, "ვიაგრა" მიაშველეს. რამ ითამაშა "ვიაგრის" როლი, ვერ გეტყვით. ამაზე ექსპერტებიც კი ვერ თანხმდებიან. ვიღაცები ისევ სავალუტო სპეკულაციებზე ლაპარაკობენ, ეროვნულ ბანკს უფრო მეტი კრიტიკოსი გამოუჩნდა, თუმცა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ მთავრობაც და ბანკიც შესანიშნავად მუშაობენ და ამ სიტუაციაში სხვანაირად ვერ მოხდებოდა. სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ისიც კი თქვა, ლარი რომ არ გაუფასურებულიყო, საქართველოს ეკონომიკა გარე შოკებს ვერც გადაიტანდაო, ანუ კარგია, რომ გაუფასურდაო. წუთით წარმოვიდგინე, ეს რომ რომელიმე ჩვენს მინისტრს ეთქვა, მაგალითად, ხადურს, რა ამბავი ატყდებოდა. იტყოდნენ, უსინდისოდ გვატყუებს, რათა პასუხისმგებლობა აიცილოსო. არადა, შეიძლება სიმართლეც იყოს! პოლიტიკა უცნაური რამეა. ზოგჯერ სიმართლესაც ვერ იტყვი, იმდენად შეიძლება არაპოპულარული იყოს ის.

მაგალითად, არაპოპულარული სიმართლე იყო, რომ რიგის სამიტზე უვიზო რეჟიმს არ მოგვცემდნენ, რადგან ჯერ პროცედურები დასრულებული არაა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები მაინც ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდნენ, ვიდრე ცნობილი არ გახდა დეკლარაციის წინასწარი ვარიანტი. შედეგად, თავად შექმნეს არასწორი მოლოდინი და მერე თავადვე მოუხდათ მისი დაცხრობა.

ბუნებრივია, ოპოზიციამ ამ სიტუაციის სათავისოდ გამოყენება სცადა და იმის ვერმიღება, რასაც ამ ეტაპზე ისეც ვერ მივიღებდით, ხელისუფლებას დააბრალა. პოლიტიკაში ასეთ დემაგოგიას ხშირად მიმართავენ, მაგრამ რაც სააკაშვილმა რიგაში სამიტის წინადღეს თქვა, დემაგოგიის საზღვრებსაც გასცდა. "ჩვენს ქვეყანაში, სადაც ხალხი მშიერია, იმ ქვეყანას არავინ არსად მიიღებს, ყველას ეშინია, რომ ყველა უცხოეთში გაცვივდება. ყველამ უკვე იცის, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. ამ დროს მხოლოდ ბანალური თუ იქნები ადამიანი და იტყვი: სინდისიც კარგი საქონელიაო, თორემ რა აზრი აქვს ასეთი ადამიანისთვის კითხვის დასმას: შენს დროს მაძღარი იყო ერი?!

ვიზალიბერალიზაციის ამბავში კი ხელისუფლებას უნდა ვუსაყვედუროთ, თუ უნდა შევაქოთ, ეს მხოლოდ 15 დეკემბერს გაირკვევა, როდესაც მეორე ეტაპის შესრულების დასკვნა დაიდება. მანამდე ყველანაირი განცხადება პოლიტიკური სპეკულაციაა. თუ ყველა საშინაო დავალება კარგად შესრულდა, მერე უკვე ჯერი ევროპელებზე იქნება. დაპირება მათი გაცემულია! იმედია, დიდხანს აღარ გვალოდინებენ კართან! უვიზო რეჟიმს პრაქტიკულზე მეტად შეიძლება ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდეს. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ევროპის კარი შენთვის მართლაც ღიაა და აღარ ხარ ის ჩამორჩენილი ქვეყანა, ვის მოქალაქეებსაც უფრთხიან!

იქნებ როგორ სჭირდებოდა?!

რა ქნას, ხანდახან სიტყვა გაექცევა ხოლმე. მერე რა, რომ ეს პოლიტიკოსისთვის ზოგჯერ სასიკვდილოა! პოლიტიკოსები ყველგან უშვებენ ასეთ საბედისწერო შეცდომებს. საკუთარი ენისა და ემოციების გაკონტროლება პოლიტიკოსისთვის ყველაზე დიდი ნიჭია. ეს ნიჭი კი ყველას არა აქვს. მათ შორის, როგორც ჩანს, არც თბილისის მერს. დავით ნარმანია ოპონენტებს საკრიტიკოდ მასალას არ აკლებს: გზების დაგება თითქოს დაჩქარდა და უცებ აგერ მრჩევლების თემა გამოძვრა! ბომბივით გასკდა, ნარმანია ხუთი მრჩევლის შტატს ითხოვსო. მართალია, ამტკიცებდა, ეს ხალხი ისევ მერიის სხვადასხვა სტრუქტურიდან გადმომყავს, დამატებითი ხარჯი არ იქნება, რეალურად მხოლოდ ერთი შტატი ემატებაო, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა. უფრო მეტიც, მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და განაცხადა: არავის საქმე არ არის, მერს რამდენი მრჩეველი ეყოლებაო! რაღაცაზე ხომ უნდა იფიქრო პოლიტიკოსმა, ასეთ განცხადებას რომ აკეთებ? რას ნიშნავს, არავის საქმე არაა? დიქტატურა დამყარდა? ჯერ გზებზე უკმაყოფილება ჩამცხრალი არ არის, ჯერ ისევ ცხელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერიაში სააღდგომოდ 4 მილიონის პრემიები დარიგდა. ფაქტობრივად, თბილისის მერია დღეს ყველაზე არაპოპულარული უწყებაა ქვეყანაში და შენ ასეთი გონორით ასეთ განცხადებას აკეთებ! ვინ შეგარჩენს?!

ან ამდენი მრჩეველი რაში გჭირდება? ხომ გყავს მოადგილეები? ისინი ვერ გირჩევენ, თუ რამეზე რჩევა გჭირდება? თუ მერია დასაქმების ბიუროა?! თან რა ხალხის, გამოცდებს რომ ვერ აბარებენ! საერთოდ, მერიაში უცნაური ხალხი რომ არის თავმოყრილი, ეს ერთი შეხედვითაც ჩანს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მუნიციპალიტეტები "ქართული ოცნებისთვის" პარტიული აქტივისა და ნათესავების დასაქმების ადგილად იქცა.

რის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს, საერთოდ გაურკვეველია. აგერ მირზა შაფის ქუჩის განაშენიანებისთვის გამოცხადებულ კონკურსში ისეთმა პროექტმა გაიმარჯვა, ხალხი გაიძახის, "ნაციონალების" დროინდელი პროექტი ჯობდაო. არადა, იმასაც იწუნებდნენ თავის დროზე ხელოვნებათმცოდნეები. დღეს კი "ნაციონალებმა" თავიანთი დაწუნებული პროექტი გამოიტანეს და თავს იწონებენ, ნახეთ, ჩვენ რას ვაშენებდით და ამათ რისი გაკეთება უნდათო. ნარმანია კი მრჩევლებს ითხოვს!

ერთადერთი პოზიტივი, რაც ამ ამბავს მოჰყვა, ისაა, რომ საკრებულოს უმრავლესობამ მორჩილება არ გამოიჩინა და მერის ეს მოთხოვნა ჩააგდო. ჰოდა, დარჩა ბატონი ნარმანია მრჩევლების გარეშე! არადა, იქნებ როგორ სჭირდებოდა თუნდაც ისეთი მრჩეველი, რომელიც ეტყოდა, ხანდახან თქმას ართქმა ჯობსო!