საქართველო ბუფერის როლით დაიღალა! - კვირის პალიტრა

საქართველო ბუფერის როლით დაიღალა!

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ერთი წლით გადავადებამ უნდა გამოაფხიზლოს საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური ელიტა: სადამდე უნდა ვიყოთ განუვითარებელი თუ განვითარებაშეფერხებული ბავშვის მდგომარეობაში?! 2016 წლის არჩევნების წინ საქართველოს პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრს მაშველი რგოლი სჭირდება და ეს ამ ეტაპზე მხოლოდ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმია. გულუბრყვილობაა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება: აქაოდა, ტექნიკური პარამეტრები არ შეასრულა და ამიტომაც გვიქნევს ხელს ევროკავშირიო. სამწუხაროდ, დასავლეთი მიეჩვია საკუთარი ცვედანობის სხვაზე გადაბრალებას: რეალურად საქმე გვაქვს ევროკავშირთან, რომლის პოლიტიკური, ბიზნესელიტისა და საინფორმაციო სივრცის სოლიდური ნაწილი რუსეთის მოსყიდულია. რაც შევასრულეთ წაყენებული მოთხოვნებიდან და სავიზო რეჟიმი შემოვიღეთ ქვეყნების დიდ უმრავლესობასთან, ხომ აგვაშენა: შედეგად მივიღეთ დაქცეული სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესი, დამშეული ოჯახები, რომელთა ერთადერთი შემოსავალი უძრავი ქონების გაქირავებისგან მიღებული შემოსავალი იყო, და შემცირებული ტურისტული ნაკადი. და რას ვიღებთ სანაცვლოდ: კლასში ჩატოვებული მოსწავლის პოზიციას, რომელმაც 25 წელია ძლივს მოახერხა ერთი საფეხურით წინ წაწევა (ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულებას) ევროკავშირისა და ნატოს მოსწავლე-კანდიდატთა უგრძეს კიბეზე. ხვდება კი კომფორტით გაქსუებული დასავლეთი, საით უბიძგებს საქართველოს 2016 წლის არჩევნების წინ?! ისე არ მოხდეს, თითიდან გამოწოვილი მოთხოვნების წამოყენებით, ზოზინ-ზოზინში, უკრაინის ევროპული მომავალი ტიმოშენკოს ნაწნავს რომ გადააყოლეს. პარტნიორობას თავისი ფასი აქვს და მას მარტო საქართველო არ უნდა იხდიდეს დაკარგული ტერიტორიებით და დანგრეული ეკონომიკით. როცა სამართლიანად საყვედურობენ რუსეთს, რატომ არ ააღორძინა რეგიონში მისი ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორის, სომხეთის ეკონომიკა, ჩვენც შეგვიძლია ვიკითხოთ: რატომ არ იზრუნა ჩვენმა უმთავრესმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მა, რომ საქართველო ქცეულიყო სამოდელო ეკონომიკის ქვეყნად მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, როცა მას პარტნიორი ქვეყნის აღორძინების ძალიან კარგი მაგალითი აქვს, სამხრეთ კორეა ხომ სწორედ აშშ-ის პირდაპირი დახმარებით გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა?

საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა ძალიან ნათლად უნდა უთხრას დასავლეთს: საქართველოს რუსულ ხახაში დაბრუნებაზე ის იქნება პასუხისმგებელი თავისი ცვედანი პოლიტიკით, თუ არჩევნებამდე ქართველ ამომრჩეველს ევროპის სივრცეში ინტეგრაციის ხელშესახებ შედეგს არ დაუდებენ.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის გაძლიერებაზე უნდა ზრუნავდნენ, არამედ საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური ყოფის გაჯანსაღებაზეც. მმართველ კოალიციაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის მთელი სიმძიმე ახლა რესპუბლიკელებმა გადაიბარეს. შიდა პოლიტიკაში მათმა ტაქტიკამ გაამართლა: არა გაქცევა ბრძოლის ველიდან, არამედ ყველა ბილიკის მოსინჯვა მიზნამდე მისასვლელად. რესპუბლიკელები ასეთივე პრინციპულები უნდა იყვნენ საგარეო ფლანგზე: პოლიტიკური ბრძოლის ყველა მეთოდის გამოყენებით უნდა მიიყვანონ დასავლეთი იმ კონდიციამდე, რომ გადმოდგას რეალური ნაბიჯები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში მისაღებად. დასავლეთის მხარდაჭერა არა მხოლოდ საქართველოს პროდასავლურ სპექტრზე ზრუნვაში უნდა გამოიხატოს, არამედ ქვეყნის პოზიციების წინ წაწევაში. ასე უყურებენ პარტნიორებს და არა - ბუფერებს. საქართველო დაიღალა 25 წლის განმავლობაში აშშ-რუსეთის დაპირისპირებაში ბუფერის როლით. ჩვენ რეალურ პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობები უნდა მოვითხოვოთ დასავლელი მეგობრებისგან და იგივე უნდა შევთავაზოთ თავად.