"ცვლილებათა პაკეტი სასამართლოზე ზეწოლისთვის მომზადდა"- რას ცდილობს წულუკიანი გვენეტაძის ხელით?! - კვირის პალიტრა

"ცვლილებათა პაკეტი სასამართლოზე ზეწოლისთვის მომზადდა"- რას ცდილობს წულუკიანი გვენეტაძის ხელით?!

მართლმსაჯულების მესამე ეტაპის რეფორმირებისთვის იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც, სასამართლო სისტემაში ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება იგეგმება. ამ ცვლილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აპროტესტებს:

- დღეს მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს. ამიტომ გაუგებარია, რატომ იქმნება ახალი ინსტიტუტი ან რატომ ვანიჭებთ ხუთწლიანი სტაჟის მქონე იურისტს მოსამართლეების დაკითხვისა და მათ დისციპლინურ პასუხისმგებლობაში მიცემის უფლებას?! მოსამართლეების უმრავლესობაც ფიქრობს, რომ ცვლილებათა პაკეტი სასამართლოზე ზეწოლისთვის მომზადდა.

- უზენაეს სასამართლოში საკანონმდებლო ცვლილებებს იმით ხსნიან, რომ საბჭოს ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოსამართლის მიმართ დისციპლინური პროცედურები არც ერთ საქმეზე არ დაუწყია. არ ფიქრობთ, რომ რეალურად ფორმალურ ორგანოდ ჩამოყალიბდით?

- შესაძლოა, მაგრამ ხარვეზების გამოსწორება საკანონმდებლო ცვლილებების გარეშეც შეგვიძლია. პირადად მე, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება არა მაქვს, რადგან საჩივრების განხილვისას საბჭოს პოზიციაა გადამწყვეტი. წელიწად-ნახევრის განმავლობაში უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების წინააღმდეგ შემოსული 300-ზე მეტი საჩივარი განიხილა და უმრავლესობაზე შევთანხმდით, რომ ბრალდებები უსაფუძვლო იყო. საბჭოში ჩვენი აზრები მხოლოდ 8 საჩივარზე გაიყო.

- საჩივრებში რა ტიპის ბრალდებებზეა საუბარი? ნინო გვენეტაძის განცხადებით, მოსამართლეების ნაწილი საქმეებს არც კი განიხილავდა.

- ძირითადად, საუბარია საქმეების დაგვიანებით განხილვაზე, თუმცა, მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი როგორ დავაყენო, როცა მათ პროცესების ჩასატარებლად თავისუფალი დარბაზებიც კი არა აქვთ?

მოსამართლეები ცოტანი არიან, განსახილველი საქმე - ბევრი. ერთ მოსამართლეს თითქმის 300 საქმე აწერია. ამის გამო განხილვა ჭიანურდება.

რაც შეეხება გვენეტაძის განცხადებას, საუბარია სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეებზე. მართალია, ისინი მოსამართლეები არიან, თუმცა, პარალელურად, მენეჯერულ ფუნქციებსაც ითავსებენ. მათ კანონი არ დაურღვევიათ, ამიტომ ამ ხარვეზის გამოსწორება ინსპექტორის გარეშეც შეგვიძლია.

ფუნქციები, რომლის მინიჭებასაც ახლა ინსპექტორისთვის აპირებენ, უმაღლესი საბჭოს მდივანს ისედაც აქვს. მით უმეტეს, უმაღლესი საბჭოს მდივნად მოსამართლეთა 2/3-მა ამირჩია. ამიტომ ლოგიკური იქნებოდა, ინსპექტორის კანდიდატურა ისევ კონფერენციაზე არჩეულიყო, ეს მის ლეგიტიმაციასაც გაზრდიდა.

- კოტე კუბლაშვილთან მეგობრობის გამო საზოგადოებაში "ნაცმოძრაობასთან" ასოცირდებით. ფიქრობთ, რომ ცვლილებები თქვენს, "გასანეიტრალებლად" მომზადდა?

- ამ თანამდებობაზე 11 თვე მაქვს დარჩენილი, ამიტომ ჩემ გამო კანონმდებლობა არ უნდა შეცვალონ.

ეს ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. რაც მთავარია, ვენეციის კომისიაც ამბობს, რომ სისტემაში მსგავსი რეფორმის გატარება დაუშვებელია. სასამართლოს ძლიერება მის სტაბილურობაშია, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეების ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და არჩევნების ჩატარებას გეგმავს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირველ წლებში საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ მოსამართლეების მასობრივად გათავისუფლება "მოედნის გასუფთავებას" ემსახურებოდა, დღესაც იგივე მეორდება. ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ 5-წლიანი გამოცდილების მქონე იურისტი მოსამართლეებზე ზეწოლას არ მოახდენს?! თეა წულუკიანმა ღიად განაცხადა, ცვლილებები მწარე აბია, რომელსაც სასამართლო აუცილებლად გადაყლაპავსო. ის ცდილობს, მწარე აბი სასამართლოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელით გადააყლაპოს.

რუსუდან შელია