იუჯინ კოგანი: რა ევროპულ ამბიციებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში პენსია 150 ლარია?
25-05-2015
იუჯინ კოგანი: რა ევროპულ ამბიციებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში პენსია 150 ლარია?
"საქართველო და ევროკავშირი ერთგვარ პოლიტიკურ ტანგოს ცეკვავენ"

რიგის სამიტის არცთუ ისე სახარბიელო შედეგებზე საქართველოში მოღვაწე ავსტრიელ ანალიტიკოსს, კავკასიის რეგიონის სამხედრო უსაფრთხოების ექსპერტ იუჯინ კოგანს ვესაუბრეთ:

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეესაბამებოდა საქართველოს მოლოდინი იმ შედეგებს, რაც რიგის სამიტზე მივიღეთ?
- უკანასკნელი ორი თვის მანძილზე აშკარა გახდა, რომ საქართველოს რიგის სამიტზე იმედგაცრუება ელოდა - როგორც პოლიტიკურმა ელიტამ, ასევე სამოქალაქო საზოგადოებამ გაიაზრა, რომ უვიზო რეჟიმს, რასაც ასე იმედიანად ელოდნენ წლის დამდეგს, რიგის სამიტზე
არ მოგვცემდნენ. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ გაჩნდა მინიშნება, არა - დაპირება, რომ რიგის სამიტისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება შესაძლებელი იყო. მეტიც, მახსოვს ქართული მხარე იმასაც თვლიდა, რომ მათზე ადრე უვიზო რეჟიმის მოლდავეთისთვის მიცემა უსამართლობა იყო. ახლა მაშინდელი წყენა უკვე სკეპტიციზმში გადაიზარდა, რადგან ყველაფერი გადაიდო შემდეგ სამიტამდე,
იმ იმედით, რომ იმ დროისთვის ევროკავშირისთვის უფრო ხელსაყრელი ვითარება შეიქმნებოდა ასეთი თამამი ნაბიჯის გასაკეთებლად. რა თქმა უნდა, ეს ქართულ ისტებლიშმენტს პირში მწარე გემოს უტოვებს. ძნელია, მოსახლეობას განუცხადო, რომ მიუხედავად დიდი შრომისა და რეფორმებისა, ევროკავშირისგან ხელშესახები ვერაფერი მივიღეთო. მეორე მხრივ, ბრიუსელში, და საზოგადოდ, ევროპაში, არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, რომ უკრაინამ და საქართველომ სხვებთან შედარებით მეტხანს უნდა იცადონ.

- რატომ?
- ევროკავშირს სურს, ნახოს, როგორ დამთავრდება ამ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტები. მეტიც, ევროკავშირს არ სურს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც უკრაინაში ვითარებას გაამწვავებდა - არსებული ვითარებით ისინი ბედნიერი ნამდვილად არ არიან, მაგრამ უარესისაც ეშინიათ.

- გამოდის, საქართველოს ევროპული მისწრაფებები, უვიზო რეჟიმის ჩათვლით, არაფერია, თუ არა ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო მონეტა?
- ნამდვილად ასეა. უვიზო რეჟიმის დაგვიანების მთავარი მიზეზი თბილისში არ უნდა ეძებოთ. უბრალოდ, ევროკავშირის პოზიციაა, არ მისცეს რუსეთს არავითარი მიზეზი, არავითარი საფუძველი საქართველოსა და უკრაინაში თავისი აგრესიის გამართლებისა.

- თუ ასეა, რატომ წავიდა ამ რისკზე ევროკავშირი მოლდავეთის შემთხვევაში? დნესტრისპირეთი ნაკლებად მწვავე პრობლემაა?

- დნესტრისპირეთი კვლავ უზარმაზარი პრობლემაა, მაგრამ იმ დროს, როდესაც მოლდავეთისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება გადაწყვიტეს, ვითარება ასეთი მძიმე არ იყო. ამას გარდა, მოლდავეთს ძალზე აქტიურ ლობირებას უწევდა უკვე ევროკავშირის წევრი რუმინეთის მთავრობა. საქართველოს კი ამის ფუფუნება არა აქვს. მეტიც, პოლონეთი ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინას დაეხმაროს, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. არ უნდა დაგვავიწყდეს ევროკავშირის სტრუქტურის ფაქტორიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიუსელში უჭირთ ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღწევა. მით უმეტეს, თუ ისეთ მგრძნობიარე საკითხს ეხება საქმე, როგორიცაა უკრაინის კონფლიქტი. შესაბამისად, ევროკავშირს არ სურს გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ისედაც მყიფე არსებულ ბალანსს საფრთხეს შეუქმნის - საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება კი შეიძლება სწორედ ასეთი ნაბიჯი გამოდგეს.

- ამ შემთხვევაში, ისმის კითხვა: რამდენად იყო რიგის სამიტის შედეგი, თუნდაც მიღებული დეკლარაციის შინაარსი, დამოკიდებული საქართველოზე, ან იმაზე, თუ როგორ შეასრულა საქართველომ მორიგი "საშინაო დავალება"?
- საქართველო და ევროკავშირი ერთგვარ პოლიტიკურ ტანგოს ცეკვავენ, ტანგოს კი ორი მოცეკვავე სჭირდება. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად ცეკვავ, თუ შენს მეწყვილეს იგივე ენთუზიაზმი არა აქვს, არაფერი გამოვა. ანალოგიური სცენარით ვითარდება მოვლენები ნატოს შემთხვევაშიც - ეს ძალზე გრძელვადიანი წამოწყებაა. მოხდება თუ არა მისი რეალიზება, მეტ-ნაკლებად ხელშესახებ მომავალში, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

- მაგრამ თავად პროცესი, დასავლეთის, ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯები, ამასაც ფუჭად მიიჩნევთ? და თუ ასეა, რა ალტერნატივას გვთავაზობთ - რუსეთს?

- სრულებითაც არა, ასე არ ვფიქრობ. ევროპისკენ, დასავლეთისკენ სწრაფვა ღირსეული მიზანია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მისდიო, რადგან ის თქვენს ქვეყანას უკეთესობისკენ ცვლის. მაგალითად თურქეთი აიღეთ. ამ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრების ხათრით ქვეყანაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, რაც კიდევ უფრო ძნელი წარმოსადგენია, როგორც საქართველოს გაწევრება. მაგრამ მოიგო თუ არა თურქეთმა ამ ნაბიჯის გადადგმით? ნამდვილად მოიგო, გახდა უფრო მოწინავე და განვითარებული ქვეყანა. სწორედ ამ მიზნისკენ უნდა მიისწრაფოდეს საქართველოც. რაც შეეხება რუსეთს, მას საპირისპირო სურს - სტაგნაციაში მყოფი საქართველო, არშემდგარი სახელმწიფო, რომლის არსებობაც "დიდ ძმაზეა" დამოკიდებული.

- და მაინც, რამდენად იყო დამოკიდებული რიგის სამიტის დეკლარაციის შინაარსი იმაზე, თუ როგორ გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანებს საქართველოს მთავრობამ?
- ვფიქრობ, რეფორმების შემოღების მხრივ მათ გამოცდა ნამდვილად ჩააბარეს. აქ უფრო ევროკავშირის/ნატოს პრეტენზიულობაშია საქმე. მათი საყვარელი საქმიანობა ხომ თამასის კიდევ უფრო მაღლა აწევაა. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც მთავრობამ ირიბად საკუთარ შანსებს სამიტზე დათვური სამსახური გაუწია - ბრიუსელს თითის გაშვერის საბაბი და იმის თქმის შესაძლებლობა მისცა, აი, თქვენ მზად არა ხართ, იმიტომ, რომ თქვენთან ესა და ეს ხდებაო.

ამის კარგი მაგალითია მინისტრების წამდაუწუმ ცვლა. განსაკუთრებით, როდესაც პრემიერი აცხადებს, რომ ორი მინისტრი უნდა შეიცვალოს, საბოლოოდ კი იცვლება სამი. ეს ყველაფერი ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის სურათს ქმნის. საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, ასეთი საბაბები დაუფიქრებლად არიგოს.

- დასასრულ, რას იტყვით ქვეყანაში ევროსკეპტიციზმის მომძლავრებაზე? რა შეიძლება გაკეთდეს ამის საპირისპიროდ - როგორ უნდა გააგებინო ხალხს, რომ მიუხედავად ევროკავშირის ზედიპლომატიურობისა, რუსეთი ალტერნატივა არ არის?
- ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ბრიუსელსა და თბილისს ერთმანეთზე სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ. თბილისმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს "გაყიდვა" როგორც ქვეყნისა, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც თბილისში. უნდა აჩვენონ ევროპელებს, თუ რა დღეშია რეალურად ქვეყანა. სუფრაზე სადღეგრძელოებისა და თბილისის ხედების თვალიერების ნაცვლად, მაგალითად, ჭიათურა ან პანკისი ანახონ, ანახონ, როგორ ცხოვრობს ხალხი იქ. რა ევროპულ ამბიციებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში პენსია 150 ლარია? ევროპაში 150 ევრო პენსიის მქონე ადამიანი შიმშილით მოკვდება, საქართველოში კი შოტლანდიის მსგავსი კლანური სისტემაა, ნათესავები არჩენენ. რაღაც არ მინახავს, რომელიმე ევროპელ დიპლომატს ამაზე ესაუბროს. დროა, თბილისმაც და ბრიუსელმაც ყალბი, ლამაზი ხედების ნაცვლად რეალურ საქართველოს გაუსწორონ თვალი და არსებულ პრობლემებს ჩაუღრმავდნენ. სწორედ ეს იქნება პირველი ნაბიჯი ევროსკეპტიციზმის აღმოსაფხვრელად.

ესაუბრა ვაჟა თავბერიძე
:)
31 მაისი 2015 12:44
ბულგარეთში 100$ პენსია მაგრამ ეს არ უშლის ხელს ამ ქვყანას რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყოს
სევერიანი
30 მაისი 2015 13:30
კოგანი მართალს ამბობს,ცხადია რომ ჩვენთვის ილუზიაში ცხოვრება ნაკლებად მტკივნეული და ძალზე კომფორტულია რეალობას და სიმართლეს რომ გაუსწოროთ თვალი-საღი აზროვნება და მძიმე შრომა მოგვიწევს,ცხობრება ნაკლებად სახალისო და საამური მოგვეჩვენება.
m
30 მაისი 2015 00:07
ტურქეთი ევროკავშირში ?ჯერ დაპყრობილი კვიპროსი გაანთავისუფლოს და მერე ილაპარაკე ევროკავშირზე,შემდეგ საბერძნეთი 30 წელია ევროკავშირშია და ხედავთ სულს ღაფავს ,თქვენ ვის აბოლებთ.

რედაქტორის რჩევით