"თუ უნდათ, უსმინონ გივის" - კვირის პალიტრა

"თუ უნდათ, უსმინონ გივის"

"არა მგონია, საქართველო ისეთი ქვეყანა იყოს, საიდანაც ჟურნალისტები უნდა გარბოდნენ"

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს ძალიან უკვირს, რომ ერთ დროს მისი თანაგუნდელი ზურაბ ნოღაიდელი მადლობას უხდის რუსეთის ხელისუფალთ მაშინ, როდესაც ევროპელები გვეუბნებიან, რუსეთთან დიალოგის წინა პირობა იმ დადგენილებების შესრულება უნდა იყოს, რაზეც რუსეთმა ვალდებულება აიღოო:

- ევროსაბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრულია, რომ ქართულმა მხარემ უპირობოდ კი არა, სამი აუცილებელი პირობის შესრულების მოთხოვნით უნდა ილაპარაკოს რუსეთთან. კერძოდ, 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულება, ანუ რუსეთის ჯარების გაყვანა 6 აგვისტოს პოზიციაზე, დევნილების დაბრუნება და საქართველოს ტერიტორიების აღიარების გაუქმება. ქართველი ოპოზიციის ნაწილი კი ამ პირობების გარეშე ელაპარაკება რუსეთს. თუკი ევროპაში მიიჩნევენ, რომ რუსეთს ეს თვითნებობა და დანაშაული არ უნდა შერჩეს, ჩვენ რატომ ვიწყებთ დიალოგს ამ პირობების დაყენების გარეშე?

- ნოღაიდელის გარდა, მიუნხენში ირაკლი ალასანიაც შეხვდა სერგეი ლავროვს.

- ალასანიამ საინტერესო პოზიცია დაიკავა რუსეთთან. როგორც აცხადებს, მან ლავროვს უთხრა, შეიძლება ხელისუფლებისაგან განსხვავებული პოზიცია მქონდეს, მაგრამ იმ საკითხში, რომ საქართველოს დეოკუპაცია უნდა მოხდეს, ჩვენ და ხელისუფლება ერთსულოვანი ვართო.

ნოღაიდელისაგან განსხვავებით ალასანიამ თქვა, რუსეთი ოკუპანტია და შეთანხმებებს არღვევსო, ნოღაიდელმა კი ეს ყველაფერი დაივიწყა.

- ნოღაიდელი პრორუსულ განწყობას უწინაც ამჟღავნებდა თუ ახლა შეიცვალა პოზიცია?

- ვერ გეტყვით, რა დაემართა. სანამ ერთად ვიყავით, არ შემინიშნავს და არც ინტერესს იჩენდა საგარეო პოლიტიკისადმი. ნოღაიდელს რა მიზანი ამოძრავებს, არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ რუსეთს საქართველოს დაპყრობა აქვს დაგეგმილი. ამისათვის შეიძლება პირდაპირ შემოიჭრას ან კიდევ აქ არეულობის გამოწვევას შეეცადოს.

დღეს პუტინთან შეხვედრა იგივეა, 1921 წლის ოკუპაციის მერე საქართველოდან რომ ჩასულიყვნენ სტალინთან შესახვედრად. თუ რუსეთი დაინახავს, რომ საქართველოში შემოჭრა და ჩვენი ტერიტორიების დაპყრობა შერჩა, თუ მოიძებნა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვეყნის ოკუპაციის მერეც ჩავლენ მოსკოვში და მადლობას გადაუხდიან, უარესს იზამს. ქართველი პოლიტიკოსისაგან ასეთი ქმედება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.

- ზოგისთვის კი ის არის მიუღებელი, საქართველოს არცთუ დალხენილი დღეები აქვს და პრეზიდენტი კანადაში ოლიმპიადაზე გასამგზავრებლად იცლისო.

- რა არის დასაძრახი იმაში, რომ პრეზიდენტი ჩადის ოლიმპიადაზე, რომელსაც არაერთი ქვეყნის ლიდერი ესწრება? ასეთ დროს მხოლოდ სპორტზე არ საუბრობენ.

ვერ გავიგე, რა უნდა ოპოზიციას? როდესაც პრეზიდენტი რამეს ხსნის, საარჩევნო კამპანიას ეწევაო, ქვეყნიდან გადის და, რატომ წავიდა საქმეზეო; მცხეთაში რატომ ჩავიდა, ქარხანაში რატომ მივიდა, კალანდობას რატომ დაესწროო... რა ქნას პრეზიდენტმა, რომ ოპოზიციას მოეწონოს? იქნებ უკარნახონ, რა უნდათ და როგორ მოიქცეს?

- ხელისუფლების ოპონენტები პროგნოზს აკეთებენ, დამკვირვებლების გამო ატეხილი სკანდალის შემდეგ უკრაინასთან ურთიერთობა გართულდებაო.

- კარგია, რომ ამ საკითხს შეეხეთ. რას ჰქვია ქართველი დამკვირვებლების გამო ატეხილი სკანდალი?

- თქვენ არაფერი გაგიგიათ?

- ქართველი დამკვირვებლები უკრაინაში ოფიციალურად იყვნენ მიწვეული, მაგრამ ისინი ცესკომ არ დაარეგისტრირა. ამის შემდეგ ორი სასამართლო პროცესი გაიმართა უკრაინაში, სასამართლომ ცესკო დაავალდებულა, ჩვენი დამკვირვებლები დაერეგისტრირებინა, მაგრამ ცესკო თვითნებურად მოიქცა და კანონი დაარღვია. ჩემი ინფორმაციით, ჩვენგან 2 ათასი კი არა, დაახლოებით 250 კაცი იყო გაგზავნილი. მეორე ტურზე კი "ნაციონალური მოძრაობიდან" არც ერთი დამკვირვებელი არ წასულა. უკრაინაში ასევე მოექცნენ პოლონელ დამკვირვებლებსაც. არ ვიცი, რატომ აქცია დამკვირვებლების თემა ოპოზიციამ სკანდალად. უკრაინასთან რომ არ დაგვძაბვია ურთიერთობა, ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამარჯვება მიულოცა პრეზიდენტ იანუკოვიჩს.

- მიგაჩნიათ, რომ გივი თარგამაძის სატელეფონო მუქარაც ოპოზიციამ აქცია სკანდალად და რეალურად ეს არაფერს ნიშნავდა?

- ჯერ ის გაირკვეს, ვისი ლაპარაკი იყო - ან იყო გივის ხმა, ან არა. თუ უნდათ, უსმინონ გივის. ურთიერთობა მაქვს იუშჩენკოს, იანუკოვიჩისა და ტიმოშენკოს მხარდამჭერებთანაც და გარწმუნებთ, მათ მხოლოდ დადებითი განწყობა აქვთ. უსათუოდ გამოვნახავთ საერთო ენას უკრაინის ახალ ხელისუფლებასთანაც. მეტსაც გეტყვით, საქართველოდან დამკვირვებლები რომ ჩადიოდნენ, პირადად ჩემგან იცოდნენ იანუკოვიჩის პარტიის წევრებმა.

- ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე ზეწოლისა და მუქარის გამო იძულებული გახდა, შვეიცარიისთვის ეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი.

- სამწუხაროა, რომ ქვეყნიდან წასვლამდე ბატონმა ვახტანგმა არ მიმართა არც ერთ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას. უცნაურად მეჩვენება მისი დევნის მიზეზად ცხინვალში ჩასვლა, მასთან ერთად სხვა პირებიც იყვნენ, მაგრამ მათ არავინ დევნით.

- კომახიძე აგვისტოს ომზე ფილმის გადაღებას აპირებდა.

- როდის შეუშლიათ ვახტანგ კომახიძისთვის ფილმის გადაღებაში ხელი, ახლა რომ შეეშალათ? თუ "რუსთავი 2"-სა და "იმედზე" არ გაუშვებდნენ მის ფილმს, "მაესტრო" და "კავკასია" ხომ გაუშვებდა? არა მგონია, საქართველო ისეთი ქვეყანა იყოს, საიდანაც ჟურნალისტები უნდა გარბოდნენ.

თქვენთვის ხომ არ შეუშლია ვინმეს ხელი მუშაობაში? მეც უპრობლემოდ მოგეცით ინტერვიუ. მქონია ოდესმე თქვენთან პრეტენზია? ხომ წერთ იმას, რაც გინდათ, უთქვამს ვინმეს, ეს რატომ დაწერეო? ერთ რამეს გეტყვით: მე, კომახიძე და მისთანანი ვერასოდეს შევთანხმდებით იმაზე, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ჩვენ შემოჭრილ ოკუპანტს გავუხსენით ცეცხლი.