მცირე შენიშვნა კოლეგებს - კვირის პალიტრა

მცირე შენიშვნა კოლეგებს

პირადად არ ვიცნობ ვახტანგ კომახიძეს. არც ის ვიცი, რამდენი ცოლი ჰყავდა და ჰყავს (არც მაინტერესებს), მისი მომზადებული მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება მინახავს და პროფესიული თვალსაზრისით დიდად არ მომწონებია.

არც ის ვიცი, ცხინვალში როგორ მოხვდა (თუმცა, მაინტერესებს); აიღო თუ არა ფული ვინმესგან (ეს უკანასკნელი ფაქტი არ ვიცი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ამის დამადასტურებელი მასალები არ მოუპოვებიათ); არ ვიცი, მას მართლაც ემუქრებოდნენ თუ არა. ვიცი, რომ იგი შვეიცარიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს და აცხადებს, საქართველოში პროფესიული საქმიანობისა და ცხოვრების საშუალებას არ მაძლევენო. დღეს მე არანაირი საფუძველი არა მაქვს კოლეგის განცხადებას არ ვენდო (ვიდრე სამართალდამცავი ორგანოები ინციდენტს არ გამოიძიებენ და არ დაადასტურებენ საპირისპიროს).

ამიტომ მე მას სოლიდარობას ვუცხადებ. "მაესტროს" ეთერით პარასკევს სხვა ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდე სოლიდარობისკენ. შაბათს ჟურნალისტები კომახიძის სოლიდარობის ნიშნად შვეიცარიის საელჩოს წინ შეიკრიბნენ და შვეიცარიის მთავრობისგან კომახიძისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა მოითხოვეს. სიმართლე გითხრათ, აქციაზე სხვა მიზეზით ვერ წავედი, თუმცა მისი ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ფრიად გაკვირვებული დავრჩი. დევნილი კოლეგისთვის სოლიდარობის გამოცხადება ცოტა სხვაგვარად წარმომედგინა.

წარმომედგინა, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ ან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ შევიკრიბებოდით და მუქარის ფაქტის გამოძიებასა და ჩვენი კოლეგისთვის საქართველოში ცხოვრებისა და მუშაობის საშუალების მიცემას მოვითხოვდით. მოვითხოვდით, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს ვახტანგ კომახიძის უსაფრთხოების დაცვა და თავის ქვეყანაში პროფესიული საქმიანობის საშუალება. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა სოლიდარობის აქცია. ჩვენ კი შვეიცარიის საელჩოსთან მივედით და ჩვენი კოლეგისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა მოვითხოვეთ. ეს გარკვეულწილად ჩვენი უძლურობის დემონსტრირებაც იყო. ეს იმის დემონსტრირება იყო, რომ ჩვენ, ჟურნალსიტებს არ შეგვწევს უნარი წინააღმდეგობა გავუწიოთ ხელისუფლებას, არ მივცეთ მას დაშანტაჟებისა და დაშინების საშუალება... ამის შემდეგ კი ყველას, ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ამ ქვეყნიდან გაქცევაა!

შეჯიბრება მარაზმულობასა და შავრაზმელობაში

იმავე დღეს, როცა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ შვეიცარიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოში მას და მის ოჯახს ემუქრებიან, ტელეკომპანია "რეალ ტვ"-მ კომახიძეზე ბინძური სიუჟეტი გამოაცხო. ამ სიუჟეტზე ბევრი ითქვა და დეტალურად აღარ განვიხილავ. ეს იყო პროფესიული უთავმოყვარეობისა და მარაზმულობის მწვერვალი. როგორც ჩანს, მარაზმს საზღვარი არა აქვს და ამაში ეს ტელევიზია ალბათ კიდევ არაერთხელ დაგვარწმუნებს.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ საზოგადოების ნაწილში კიდევ ერთხელ გაჩნდა შეკითხვა: - რას ემსახურება ტელეკომპანია "რეალ ტვ"; რაში დასჭირდა ხელისუფლებას, რომელიც სამ ნაციონალურ არხს აკონტროლებს, კიდევ ერთი, ბინძურ კამპანიასა და ოპონენტთა დისკრედიტაციაზე ორიენტირებული არხი? მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ კომპანია "რეალ ტვ" ხელისუფლებამ "მაესტროს" და კონკრეტულად გადაცემა "საკანი #5"-ის საპირწონედ შექმნა. ეს გადაცემა, რომელიც "მაესტროზე" თითქმის ერთი წელი გადიოდა, თავიდან ბოლომდე ხელისუფლების დისკრედიტაციისაკენ იყო მიმართული. გადაცემა არც ერთ პროფესიულ სტანდარტში არ ჯდებოდა.

ამ გადაცემიდან ხელისუფლებას აფურთხებდნენ, დასცინოდნენ, შეიძლება ითქვას, პირდაპირ აგინებდნენ. ჰოდა, ხელისუფლებამ ოპონენტებს უთხრა: თქვენ პირდაპირ გვაგინებთ ეკრანებიდან? პირდაპირ ეწევით ჩვენს წინააღმდეგ შავ პიარს? ტელევიზიას ჩვენს ჩასაძირად იყენებთ? მაშინ ჩვენც შევქმნით კიდევ ერთ სატელევიზიო არხს და ჩვენც პირდაპირ შეგაგინებთ და შეგაფურთხებთ ეკრანიდან. ეს ხელისუფლების ახალი სტრატეგიაა. მოკლედ რომ ვთქვათ, ხელისუფლების ახალი სტრატეგია ასეთია: დაგვიპირისპირდებით მარაზმული გადაცემებით? ჩვენ ორჯერ მეტად მარაზმულ ტელევიზიას შევქმნით, გაგვაკრიტიკებთ გაზეთებიდან? ჩვენ ორჯერ მეტად შავრაზმულ გამოცემებს დავაარსებთ. ხელისუფლება ამბობს: "ჩვენ არავის ჩამოვრჩებით არც მარაზმში და არც შავრაზმელობაში".

ქართველები ოსურ ლიტერატურაში

ამას წინათ რადიო "პალიტრისთვის" გადაცემას ვამზადებდი ოსეთის ისტორიის შესახებ და ინტერნეტში მასალების მოძიების დროს, მე-19 საუკუნის ოსი მწერლის, ოსური ლიტერატურის კლასიკოსის, ოსური პროზის ფუძემდებლის, სეკა გადიევის ერთ-ერთ მოთხრობას წავაწყდი. ამ მოთხრობის შინაარსმა იმდენად შემზარა, რომ გადავწყვიტე, თქვენც გაგაცნოთ, რათა ნახოთ, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში როგორ ასახავდნენ ქართველებს ოსურ ლიტერატურაში. ნაწარმოებში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ქართველი მოურავი ოსურ სოფელს დაიპყრობს და ტირანიას დაამყარებს. გადიევი წერს, რომ ქართველი მოურავის არა მხოლოდ ადამიანებს, ცხოველებსაც კი ეშინოდათ. მოთხრობაში ოსური ოჯახის ტრაგედიაა გადმოცემული.

დიდხანს არ ჰყავდათ შვილი, ბოლოს, როდესაც გაუჩნდათ, ქართველი მოურავი დედას აიძულებს ძუძუ შვილის მაგივრად თავისი ძაღლის ლეკვს მოაწოვოს. იმით უკმაყოფილო მოურავი, რომ ლეკვი დასუსტდა, დედას ბავშვს ხელიდან გამოჰგლეჯს და მასვე შემოკრავს. ბავშვი იღუპება. თუმცა ოჯახის ტრაგედია ამით არ სრულდება. დედა ჩვილს საკუთარი ხელით დამარხავს და ლეკვისთვის ძუძუს მოწოვებას გააგრძელებს. ერთხელაც წამოზრდილი ლეკვი ქალს ძუძუზე უკბენს, მას სისხლი მოეწამლება და დაიღუპება, ქმარი კი ამდენ უბედურებას ვერ გაუძლებს და გაგიჟდება. ეჩვენება, რომ ქართველი მოურავი სულ უკან დასდევს. ბოლოს, ისიც იღუპება... მოკლედ, სეკა გადიევის შემოქმედების დიდი ნაწილი ქართველი დამპყრობლების წინააღმდეგ ოსი ხალხის გმირულ ბრძოლას ეძღვნება.

როდესაც ამ მოთხრობის შინაარსი ინტერნეტში ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, ქალბატონი მაია ცაბოშვილი გამომეხმაურა. მომწერა: "ეს, მიხეილ ჯავახიშვილმა რომ დაამკვიდრა ჯაყოს სახე ქართულ ლიტერატურაში, იმის ანალოგიურია. ამ დროს ორივე სცოდავს. დღეს ერთ-ერთ ფორუმზე წავიკითხე, რომ თურმე ყველა ოსი, მათ შორის მეც, ჩამოთესლებულნი, ტილებითა და რწყილებით სავსე, უზნეოები და სხვა ათასი ეპითეტით შემკული საცოდავი არსებები ვართ, ვინც უმოწყალოდ უნდა გაანადგურო".

კომენტარი მკითხველისთვის მიმინდვია.