სკანდალი: ტენდერებში გაყვლეფილი საქართველო - გუბერნატორის მოადგილე კორუმპირებულ ჩინოსნებს ამხელს
01-06-2015
სკანდალი: ტენდერებში გაყვლეფილი საქართველო - გუბერნატორის მოადგილე კორუმპირებულ ჩინოსნებს ამხელს
"გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები ბოროტად სარგებლობენ თანამდებობებით და ძალიან ამეტებენ უფლებამოსილებას"

"გამგეობებში არაკვალიფიციურობისა და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების პიკია"

"კვირის პალიტრა" არაერთხელ წერდა, რომ რეგიონებში, ფაქტობრივად, უძრაობის ხანაა და კადრების არაკვალიფიციურობისა და უინიციატივობის გამო, ხალხში თანდათან მძლავრობს უკმაყოფილება. ამას თუ დავუმატებთ გავრცელებულ ინფორმაციას კორუფციულ ფაქტებზე, მივხვდებით, რომ სასწრაფოდ მისაღებია გადამწყვეტი ზომები. მაგალითად, რთული ვითარებაა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, რაზეც გუბერნატორის ადმინისტრაციაში უკვე დაუფარავად ლაპარაკობენ.


კობა არაბული, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე:
- დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული
ერთ-ერთი ტენდერის მიხედვით, ასფალტის დასაგებად 2.527.000 ლარია გამოყოფილი. გზის სიგრძე სულ 2,5 კილომეტრს შეადგენს. იმავე მუნიციპალიტეტში, ფაქტობრივად იდენტური პროექტისთვის, 2,9 კილომეტრი სიგრძის გზაზე ასფალტის დასაგებად გამოყოფილია 102.400 ლარი და ორივე შემთხვევაში შესასრულებელია ერთი და იგივე სამუშაო, მეტიც, 400 მეტრით უფრო გრძელ გზაზე სამუშაოები ბევრად მცირე
თანხებით ფინანსდება. როდესაც ეს მონაცემები ვნახე, გზის მშენებლებს ვკითხე, ასფალტის დაგება რა ღირს-მეთქი. მათი თქმით,  2,5 კილომეტრი სიგრძის გზას არაფრით არ უნდა დასჭირდეს ორ-ნახევარი კი არა, მილიონი ლარიც კი. დაახლოებით 875.000 ლარია საჭირო. ხედავთ, რა თანხა რჩება ზედმეტი? რატომ? ხომ უნდა გაგიჩნდეს კითხვა? სამწუხაროდ, ეს არ ანაღვლებთ არც მუნიციპალიტეტში და კითხვები არ უჩნდებათ არც იქ, სადაც ტენდერში გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს.  2.527.000 ლარად, სულ ცოტა, სამ 2,5 კილომეტრი სიგრძის გზაზე დავაგებდი ასფალტს. კიდევ ერთი ფაქტის შესახებ გიამბობთ: მცხეთაში ახალი სკვერი გაკეთდა, თუმცა, ფაქტობრივად, თავიდან არის ასაშენებელი. პროექტისთვის განსაზღვრული იყო 240.000 ლარი და როგორც ირკვევა, გააკეთეს რამდენიმე ხის გრძელი სკამი, ბავშვებისთვის ერთი პატარა ჩამოსასრიალებელი, შადრევანი, საიდანაც ამოფრქვეული წყალი არავის უნახავს, და განათება, რომელიც თავიდან არის გასაკეთებელი.
აშენდა ნაგებობა კაფესთვის, რომელსაც უკვე დასცვივდა მოსაპირკეთებელი ფილები. მიუხედავად ამისა, მერიამ გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი იმის ნიშნად, რომ თურმე უკმაყოფილო არ იყო უხარისხო ნამუშევრით. სანამ ჩვენ არ მოვკითხეთ მკაცრად, რას უპირებენ საქმის უხარისხოდ შემსრულებელს და რატომ არ სთხოვენ პასუხს, მერიაში თავი არ შეუწუხებიათ ამ საკითხზე ფიქრით. მეტიც, აღმოჩნდა, რომ  მერიას მშენებლისთვის 20.000 ლარით მეტი აქვს გადახდილი. ამაზე კი გვიპასუხეს, ბუღალტერს შეეშალაო. კარგი, შეეშალა, გასაგებია, მაგრამ ამდენი ხანია, ამდენი თვე, უკან რატომ არ ითხოვთ­ იმ თანხას-მეთქი?
მთელ რეგიონში კატასტროფული მდგომარეობაა, ტენდერები ტარდება, თითქოს საქმე უნდა გაკეთდეს და რეალურად შედეგი არ არის(!).
ძირითადად, ყველა ტენდერში ერთი და იგივე კომპანია იმარჯვებს, რომელსაც, ფაქტობრივად, არსად ბოლომდე არა აქვს შესრულებული ვალდებულება ან გადავადება აქვს გაურკვეველი მიზეზებით. მაგალითად,  შპს "ინჟინერმა", რომლის ხელმძღვანელიც ვინმე გიორგი მამნიაშვილია, რამდენიმე ტენდერში გაიმარჯვა. კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, 239.000 ლარად ასფალტი უნდა დაეგო რაზიკაშვილის ქუჩასა და მოედანზე. ვალდებულება 2014 წელს გადაუვადეს, თუმცა, ეს ვადაც გაუვიდა და ახლა ჯარიმდება. მას სხვა ტენდერით, 179.999 ლარად ასფალტი უნდა დაეგო იოსელიანის ქუჩის მეორე შესახვევში და უნდა მოეწყო რკინაბეტონის სანიაღვრე არხი. ამ შემთხვევაშიც ისარგებლა გადავადებით, აქაც გაუვიდა ვადა და ჯარიმდება. გიორგი მამნიაშვილის "ინჟინერს" კიდევ ერთი ტენდერით სოფელ ჩარგალთან, სასაფლაოს გზაზე, ხიდი უნდა აეშენებინა 65.999 ლარად. სამუშაო ვერ შეასრულა და მიმდინარე წელს თავიდან გამოცხადდა ტენდერი. სოფელ გორისციხეში წყალსადენის მშენებლობას აწარმოებდა შპს "პიქსელ ჯგუფი", რომელმაც ასევე ვერ შეასრულა პირობები და ხელშეკრულება შეუწყდა. ასევე შეუწყდა ხელშეკრულება კიდევ ერთი სატენდერო შეთანხმების ჩაგდებისთვის - სოფელ ყანობში წყალსადენი უნდა გაეყვანა. ვერც სოფელ სნოში დაადგა თავი სანიაღვრე მილსადენის გაყვანას. ასევე, ეს კომპანია იყო გამარჯვებული ორ დამოუკიდებელ ტენდერში: დაბა სტეფანწმინდაში თბილისის ქუჩისა და ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის რეაბილიტაცია ითავა, თუმცა, სამუშაო მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. ეს ზღვაში წვეთია იმ პროექტებიდან, რომლებიც უკვე უნდა დასრულებულიყო და ხალხს შვება ეგრძნო, ჰქონოდა სახლამდე მისასვლელი გზა, სასმელი წყალი და ელემენტარული ადამიანური პირობები, რისთვისაც სახელმწიფო უამრავ თანხებს ხარჯავს.
ტენდერების შემდგომ განვითარებული პროცესების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფული იხარჯება, დრო მიდის და საქმე არათუ არ კეთდება, ფუჭდება კიდეც. ამ დროს ხალხი კითხულობს, რომ დაგვპირდით, რატომ არ შეგვისრულეთო. უცნაურია, როგორ იმარჯვებს ერთი და იგივე კომპანია რამდენიმე ტენდერში, მაშინ, როდესაც არსად არა აქვს საქმე ბოლომდე მიყვანილი.

- არ გიცდიათ ამ პრობლემის მიზეზების შესწავლა?
- როგორ? შეგახსენებთ, რომ "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ახალი კანონის მიხედვით, სამხარეო ადმინისტრაცია, გუბერნია, ფაქტობრივად, ბუტაფორიული ორგანო ვართ. არანაირი უფლებები და ვალდებულებები არა გვაქვს, ერთის გარდა, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა მოვითხოვოთ ინფორმაცია და ვაცნობოთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის კანცელარიას.

- როდესაც იმავე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასეთ საგანგაშო ინფორმაციას აწვდით, როგორ რეაგირებს?
- რამდენიმე პროექტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მუშაობენ პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, მაგრამ ამასობაში საქმე ჭიანურდება. გლეხს არ აინტერესებს, ვის დაიჭერ და რატომ ან როდის დაუმტკიცებ დანაშაულს, მას შენგან გაკეთებული საქმე სჭირდება, საქმის კეთება კი სახელმწიფო ორგანიზაციებში უკვე პრობლემად იქცა. საერთოდ, პრობლემა იწყება არა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შერჩევით, არამედ სატენდერო პროექტის წინადადების მომზადების დროს, რომელსაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგენენ.

მუნიციპალიტეტებსა და გამგეობებში არაკვალიფიციურობისა და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების პიკია.
როდესაც გაბერილ, არარეალურ ციფრებს უყურებ, გიჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცის ინტერესია ჩადებული ამ პროექტებში, რაც სულაც არ არის უსაფუძვლო, მაგრამ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერავის დავასახელებთ. თუმცა, თამამად შეიძლება თქმა, რომ ხშირად გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები ბოროტად სარგებლობენ თანამდებობებით და ძალიან ამეტებენ უფლებამოსილებას.

სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დეპუტატს, მინისტრს ან ნებისმიერს, ვისაც გავლენა აქვს, შეუძლია მივიდეს და სატენდერო პირობები ან საერთოდ, ტენდერები შეაცვლევინოს. ასევე, განსაზღვროს, ვინ უნდა გაიმარჯვოს ტენდერში, რომ შემდეგ მან "კრიშას" "ატკატი" გაუკეთოს. ანუ ვიღაცას რაღაცაში დასჭირდა ფული და მის საშოვნელად მოიფიქრა ისეთ პროექტზე ტენდერის გამოცხადება, სადაც „თავისიანს“ გაამარჯვებინებს  და პირად ინტერესსაც დაიკმაყოფილებს. 

ისეც ხდება, რომ მავანის ინტერესებს ეწირება მუნიციპალიტეტების მოთხოვნები სხვადასხვა პროექტზე; ანუ სოფელსა და დაბას კი არ შეუძლია განსაზღვროს, რა სჭირდება, არამედ ვიღაც მიირბენს სამინისტროში, ორ კაცს შორის მოგვარდება საქმე და მერე პროცესი ისე წავა, როგორც დაგეგმეს.

- რა გამოდის, ტენდერები ბლეფია?
- გამომდინარე თუნდაც მხოლოდ იმ ინფორმაციიდან, რაც საჯაროა, თქვენ როგორ ფიქრობთ? როდესაც ათ ტენდერში ერთი კომპანია იმარჯვებს და ვერც ერთი საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავს, რა ჰქვია ამას? დავუშვათ, არავის ინტერესი არ არის ჩადებული ამ პროექტებში. მაშინ გამოდის, რომ ვინც საპროექტო და სატენდერო პირობები მოამზადა, იდიოტია ან საბოტაჟს ეწევა. ამ დროს საკრებულოს მიმართ მიჩნდება კითხვა: მათ ხომ დაამტკიცეს ეს პროექტები, ნუთუ არავინ წაიკითხა? ეჭვი არავის გაუჩნდა? არ ფიქრობენ, რას ამტკიცებენ, რას აწერენ ხელს? მუნიციპალიტეტებში სპეციალური სამსახურები უნდა არკვევდნენ, პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები გაბერილია თუ არა? ამას არავინ კითხულობს, სანამ სამხარეო ადმინისტრაციიდან არ დავუკარგავთ მოსვენებას.
ზოგიერთ გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ის აწუხებს თურმე, გუბერნატორი და ვიცე-გუბერნატორი მუშაობაში ხელს გვიშლიანო და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გვიჩივიან.  
ეს არის მუშაობა? ნახეთ, რამდენი ტენდერია ჩავარდნილი.

- ძირითადად რა მიზეზების გამო ვერ სრულდება პროექტები?
-  პროექტი მზადდება არაკვალიფიციურად. ძირითადად ერთ ოთახში, გარეთ გაუსვლელად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ექსპერტული კვლევები უნდა ჩატარდეს ადგილზე.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ქსოვრისში 1.300.000 ლარი დაჯდა წყალსაცავის მშენებლობა და ბოლოს გაირკვა, რომ ობიექტი მდინარიდან იმდენად მაღლა ააგეს, რომ წყალი აღარ შედის შიგ და მხოლოდ ჰაერითღა ივსება.
ახლა თავიდან უნდა გამოცხადდეს ტენდერი, რომ იქვე ჭაბურღილი გაკეთდეს და მისი საშუალებით გაივსოს წყალსაცავი, საიდანაც სასმელი წყლის მიმწოდებელი ქსელი მომარაგდება. ეს ხომ ორმაგი ხარჯია. ეს საქმე გაერთიანებული წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიამ გააკეთა. თუმცა, წუნზე არაფერი უთქვამთ და საქმე გაკეთებულად აღიარეს, მიღება-ჩაბარების აქტები გააფორმეს. უარესი მოხდა თიანეთში, სოფელ ზარიძეებში. კომპანია "ბლექ სი გრუპის"“აშენებული წყალსაცავი პირველივე წვიმამ წაიღო და ხალხი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. ერთ-ერთი წყალსაცავის პროექტის განხილვაზე გავოგნდი - დამპროექტებლები აცხადებდნენ, რომ 2,5 კმ-ის სიგრძეზე უნდა გაგვეჭრა არხი, რითაც წყალსაცავი მომარაგდებოდა, წყალი კი ტყეში "ეგულებოდათ", ჭაბურღილი უნდა გაეკეთებინათ და შემდეგ არხს წყალი წყალსაცავისთვის მიეწოდებინა. რა იცით, რომ მაგ ადგილზე წყალია, გაბურღეთ, შეამოწმეთ-მეთქი? დიახ, ექსპერტული დასკვნა გვაქვსო.
იცით, რას ეყრდნობოდა დასკვნა? იმ ადგილზე, სადაც წყლის არსებობას ვარაუდობდნენ, თურმე უფრო მუქი ფოთოლი ჰქონია ტყეს(?!)

ასეთი მიდგომა უკიდურესად ართულებს თუნდაც სასმელი წყლით მომარაგების საკითხის მოგვარებას. 2014 წლის ნოემბერში სახელმწიფო რწმუნებულ ნუგზარ ყიფიანს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, რომ რეგიონში სასმელი წყლის ხარისხი საგანგაშო იყო. ოფიციალურ დასკვნაში წერია, რომ სასმელ წყალში კოლიფორიული ბაქტერიების არსებობა დასტურდება, რაც მიუთითებს დასახლებულ ადგილებში სასმელი წყლის არასაიმედოობაზე. გლეხური ენით, წყალი გადაუდუღებლად არ უნდა დალიო. როდემდე უნდა იწვალოს ხალხმა, როდემდე უნდა გელოდოს? თანამდებობაზე მყოფი თუ თავისუფალი ხარ მორალური ვალდებულებებისგან, შენთვის დრო ნელა გადის, მაგრამ თუ წარმოიდგენ, რა ხდება მოსახლეობის გონებასა და გულში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების ამ ტემპით ჩავარდნით, მიხვდები, რომ ყოველი ასეთი დაკარგული წუთი სახელმწიფო ინტერესს ურტყამს.

"კვირის პალიტრასთან" საუბარში მცხეთის გამგებელი ზურაბ აბესაძე აცხადებს, რომ სატენდერო პროექტების მომზადებაზე არაკვალიფიციური, არაპროფესიონალი კადრები მუშაობენ.

ზურაბ აბესაძე: - ძალიან მცდარი მიდგომაა, ტენდერში გამარჯვებული იმის მიხედვით შეარჩიო, ვინც ყველაზე მცირე თანხას მოითხოვს. ეს კომპანიებიც, ოღონდ გაიმარჯვონ, ძალიან მცირე თანხებს წერენ სატენდერო განაცხადში. თამაშობენ გამარჯვებისთვის და მერე აღმოჩნდება, რომ ხარჯი უფრო დიდია და საქმეს ვეღარ აკეთებენ. ჩვენთან იცით, როგორ ხდება? რეგიონული განვითარების ფონდი გთავაზობს თანხას, ამ ფულის მოცემა შემიძლია და შენთვის სასურველი პროექტი მოარგეო. არადა პირიქითაა, პროექტს უნდა მოერგოს ფინანსები და არა პირიქით.

ჩვენთან პროფესიონალიზმის დეფიციტია. მშენებელიც პროფესიონალი უნდა იყოს, ხოლო გამგეობა - სპეციალისტებით დაკომპლექტებული. ვგულისხმობ ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურებს.

- ეს სამსახურები ხომ თქვენს ხელშია, ვინ აკომპლექტებს?

- კადრები კონკურსის შედეგად შეირჩევიან. კომისიას შევადგენთ ჩვენ, მაგრამ ამოსარჩევი მასალა არ არის, ზოგადად სპეციალისტებისა და კადრების ნაკლებობაა ქვეყანაში.

P.S. სამწუხაროდ, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში  არსებული სიტუაცია ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.  ამაზე ვწერთ, ვსაუბრობთ, თუმცა ჯერ  ყინული არ იძვრის.  არადა, ფაქტია, ქვეყნის ბიუჯეტის ფლანგვა გრძელდება. თუ ჰაერში გასროლილი მილიონების გამკითხავი დროზე არ გამოფხიზლდა, თუ გადამჭრელ ზომებს ბოლოს და ბოლოს არ მიიღებენ, ბაცილა, სახელად "კორუფცია და უუნარობა" გაიზრდება. ეს ბაცილა გრძელი ჯაჭვისგან შედგება, რომლის ერთი რგოლი არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი  ჩინოვნიკები არიან, მეორე - ტენდერში გამარჯვებული  კომპანიები, რომლებიც თითქმის ყველა პროექტიდან კანონით გათვალისწინებული 10%-ის მაგივრად, ლამის 50%-იანი მოგების მიღებას ცდილობენ და მათ ნაცოდვილარს წვიმის წყალი ანგრევს, მესამე კი, წაყრუება. ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტია, რომელი რგოლიდან დაიწყებს ზემოხსენებულ ბაცილასთან ბრძოლას. ჩვენ კი განვაგრძობთ რეგიონებში, კონკრეტულ გამგეობებში  არსებული მდგომარეობის შესწავლას და სამომავლოდ ამ თემაზე არაერთ წერილს შემოგთავაზებთ.
gio
31 ივლისი 2015 10:05
დუშეთის მუნიციპალიტეტში შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ბევრი დარღვეღა, კორუფციული გარიგებები და ბევრი უკანონობა, რამაც ისე გააღიზიანა მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა(გიზო) ჩოხელი რომ შიდა აუდიტის სამსახურს უფროსი პატა მიღდისელი თანამდებობიდან გაანთავისუფლა და ასე ცდილობს იმ კორუფციული გარიგების დაფარვას რაშიც თავად მონაწილეობს, გამგებელს თავის მხრივ მფარველობას უწევს დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი....
mtiuli
24 ივნისი 2015 22:46
Dusheti sibnelisa da ukanonobis champali budea
nino
06 ივნისი 2015 11:11
ტრიპოლსკი და ჩოხელი შეკრულები არიან.ეს მთელმა რაიონმა იცის.გუბერნატორის მოადგილე რომ ამას წერს ძიება არ უნდა დაიწყოს?ჯავახიშვილო,მიხედე დუშეთის ინფრასტრუქტურას!!!!!

რედაქტორის რჩევით