ვინ ირჩევს საქართველოს ხელისუფლებას?! - კვირის პალიტრა

ვინ ირჩევს საქართველოს ხელისუფლებას?!

საქართველოს მოსახლეობა 2015 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით 3 729 635 კაცს შეადგენს, რაც 2002 წელს ჩატარებულ საყოველთაო აღწერასთან შედარებით 642 000-ით, თითქმის 15%-ით ნაკლებია. ეს საგანგაშო რიცხვი კიდევ ერთი თავსატეხის წყარო გახდა. საქმე ის არის, რომ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 429 748-ს შეადგენდა; 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ - 3 537 719-ს, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ - 3 613 851-ს. მოგეხსენებათ, არჩევნებში ხმის მიცემა მხოლოდ 18 წელს ზემოთ მოქალაქეს შეუძლია. გამოდის, 2012 წელს საქართველოში 0-დან 18 წლამდე, დაახლოებით, მხოლოდ 116 000 ბავშვი გვყოლია, 2013 წელს - 192 000, ხოლო 2014 წელს, შესაბამისად, 300 000. ჯერჯერობით, სტატისტიკის დეპარტამენტს მოსახლეობის ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფის მონაცემები არ გამოუქვეყნებია.

2002 წლის შემდეგ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2015 წლამდე არ ჩატარებულა. ჰოდა, 2002 წლის მონაცემებით მოსახლეობის საერთო რაოდენობა იყო 4 მილიონ 371 535, მაგრამ მასში 0-დან 19 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდების წილი მილიონ 273 089-ს შეადგენდა, ანუ საერთო რაოდენობის 29%-ზე მეტი იყო.

ამ მარტივი ლოგიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, ძალიან უხეშად რომ დავთვალოთ და დავუშვათ, რომ შობადობა მცირდება და ერი ბერდება, მოსახლეობის საერთო რაოდენობის, ანუ 3 729 635-ის 25% ხომ მაინც იქნება საარჩევნო ასაკის არმქონე, ანუ 18 წლამდე მოსახლეობა. ეს ციფრი კი დაახლოებით 932 408 ათასია. ღმერთმა გვიმრავლოს. გამოდის, თითქმის მილიონამდე 18 წლამდე ასაკის ბავშვი და ახალგაზრდა გვყოლია. ეს კარგი და პატიოსანი, მაგრამ ეს ციფრი იმასაც გვიჩვენებს, რამდენი ასეული ათასით იყო გაყალბებული ჩვენი საარჩევნო სიები. ამდენი ციფრებით რომ თავი არ შეგაწყინოთ, მხოლოდ ერთ მონაცემს მოვიყვან: "ნაციონალური" ხელისუფლების დროს ჩატარებული ბოლო არჩევნებისას (2012 წლის საპარლამენტო არჩევნების), თუ 18 წლამდე ასაკის მხოლოდ 116 ათასი ბავშვი გვყოლია, გამოდის, საარჩევნო სია დაახლოებით 800 000 მკვდარი სულით გაყალბებულა.

როდის დაიწყო საარჩევნო სიების გაყალბების დამანგრეველი ტრადიცია?! ისევ ციფრების მოშველიება დაგვჭირდება. 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ 444 ათასი კაცი იყო მაშინ, როცა მოსახლეობის საერთო რიცხვი შეადგენდა 5 მილიონ 424 000-ს; ანუ ამომრჩევლის საერთო რიცხვი მოსახლეობის საერთო რიცხვზე თითქმის 2 მილიონით ნაკლები იყო.

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც "ვარდების რევოლუციამ" გააუქმა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 178 593 კაცს შეადგენდა. აქვე გავიხსენოთ, რომ 2002 წლის საყოველთაო აღწერით მოსახლეობის საერთო რაოდენობა 4 მილიონ 371 535 კაცი იყო; ანუ სხვაობა მოსახლეობის რაოდენობასა და ამომრჩეველს შორის სოლიდურია, თითქმის 1 200 000.

აქამდე თითქოს ყველაფერი ლოგიკურად მიდიოდა, მაგრამ ამის შემდეგ იწყება რაც იწყება: ერთ წელში - 2004 წლის 4 იანვრის (რიგგარეშე) საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ მხოლოდ 2 231 986 კაცი შეადგინა, რაც მილიონი ამომრჩევლით ნაკლებია 2003 წელს დაფიქსირებულ ამომრჩეველზე. დაახლოებით ამდენივე ამომრჩეველია 2004 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებზეც.

სულ რაღაც 4 წელიწადში ეს ჰაერში გამქრალი მილიონი და კიდევ უფრო მეტი ისევ მიწაზე, კერძოდ, საარჩევნო სიებში ებერტყება და 2008 წლის 5 იანვრის (რიგგარეშე) საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 527 964-ია  და ამის შემდეგ ეს ციფრი თუ იმატებს, მაგრამ დაკლებით, ნურას უკაცრავად. ასე მოვდივართ დღემდე.

გამოდის, დაახლოებით, სულ მცირე, 800 000 მკვდარი სული ჩვენ მაგივრად აკეთებდა არჩევანს აქამდე ჩატარებული არჩევნების უმეტესობაში.

წარსულს რომ თავი დავანებოთ, საინტერესოა, ახლა მაინც რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება: ისევ მკვდარ სულებს უნდა აარჩევინოს 2016 წელს პარლამენტი?! მაგრამ ხელისუფლების პოზიციაზე უფრო საოცარი და ყოვლად აუხსნელი ოპოზიციური სპექტრის პოზიციაა, რომელთაგან არც ერთი არ აანალიზებს ამ უმარტივეს სტატისტიკას, რომელსაც ჩვენ ახლა გავეცანით და არ ტეხს განგაშს, არ ითხოვს, რომ არათუ დაზუსტდეს, არამედ, ფაქტობრივად, თავიდან დაიწეროს საარჩევნო სიები.

გამოდის, მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთობლივად დასცინის საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ვინ იცის, ვის მიერ არჩეული ხელისუფლებები ეჯდა თავზე ბოლო 20 წლის განმავლობაში. გამონაკლისი ხდებოდა მაშინ, როცა ოპოზიცია მოდიოდა ქვეყნის სათავეში დიდი რყევების შემდეგ: ასე იყო შევარდნაძის დაბრუნებისას; 2003 წელს "ვარდების რევოლუციის" დროს, და 2012-ში, როცა პირველად შეიცვალა არჩევნების გზით ხელისუფლება და რეალურმა ამომრჩეველმა ვირტუალურ საარჩევნო სიას აჯობა. ხელისუფლებების დაუოკებელი ლტოლვა გაყალბებისაკენ გასაგებია, მაგრამ აი, ოპოზიციისა ვერაფერი გავიგე. გასაგებია ისიც, რატომ არ გამოდის "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო სიების დაზუსტების ინიციატორად: მე ყველა ბოლო არჩევნებს გაყალბებული სიით ვატარებდი და ახლა ვზრუნავ საარჩევნო სიის სიწმინდეზეო, ხომ ვერ იტყვის?

არანაკლებ საინტერესოა, როგორ აგვიხსნიან ამ საარჩევნო ეკვილიბრისტიკას ადგილობრივი და საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მისიები.