განხეთქილება "ნაცმოძრაობაში" - მერაბიშვილის შურისძიება?! - კვირის პალიტრა

განხეთქილება "ნაცმოძრაობაში" - მერაბიშვილის შურისძიება?!

"მივმართავ უმრავლესობას, ხელისუფლებასა და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოჩნდნენ ვირთხები, რომლებიც პირველი დღიდან გაიქცნენ იქ, სადაც გარბიან ხოლმე ვირთხები და შემდეგ მაინც უკან გამორბიან", - როცა გოგა ხაჩიძე პარლამენტის სხდომაზე ამას ამბობდა, ალბათ, ნაკლებად წარმოიდგენდა, რომ მალე თავადაც გაქცეულთა რიგებში აღმოჩნდებოდა... "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის ერთადერთ გადამრჩენ ძალად მიიჩნევდა ზურაბ ჯაფარიძეც...

ასეა თუ ისე, ფაქტია "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდადინებებმა საჯარო დაპირისპირების ფორმა მიიღო და საზოგადოებაშიც არაერთი ვერსია გაჩნდა. ისიც კი ითქვა, რომ "ნაციონალებმა" მოქმედების ტაქტიკა შეცვალეს და შეთანხმებული მოქმედებით რესურსების სხვადასხვა ფლანგზე გადანაწილება დაიწყო, თუმცა, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე პარტიას ერთიანი გუნდის იმიჯის გაცამტვერება არც ერთი პოლიტიკური გათვლით არ აწყობდა.

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, "ოთხეული" - გოგა ხაჩიძე, ზურაბ ჯაფარიძე, პალიკო კუბლაშვილი და გიორგი მელაძე თავის დროზე გიგა ბოკერიას შეუთანხმდა, რომ საჯარო სივრციდან სამთვიან ტაიმ-აუტს აიღებდნენ.

ბოკერია "ოთხეულის" მოთხოვნას დათანხმდა, მაგრამ შეთანხმება არ შესრულდა. ჯაფარიძემ და კუბლაშვილმა სერგო რატიანთან, კობა სუბელიანთან, გიორგი ვაშაძესა და დავით ბაქრაძესთან კონსპირაციული შეხვედრები დაიწყეს

- ცდილობდნენ თანაგუნდელები დაერწმუნებინათ, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯვნის გარეშე პოლიტიკური პერსპექტივის დასამარება გარდაუვალი იყო. ჩანს, პარტიის ხელმძღვანელებმა "შვებულებაში" წასული "ოთხეულის" ზრახვები მალევე შეიტყვეს და ინფორმაციის გავრცელება დაასწრეს. არადა, ზურაბ ჯაფარიძე პარტიიდან წამოსვლის დაანონსებას სექტემბერში გეგმავდა.

ჩვენი ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობას მალე დავით ბაქრაძესთან დამშვიდობებაც მოუწევს, რომელიც პარტიიდან წასვლას ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გეგმავდა. არ არის გამორიცხული, მან მესამე პოლიტიკური ცენტრი ირაკლი ალასანიასა და საზოგადოება "ივერიის" დამფუძნებელ ნიკა რურუასთან შექმნას. არც ის დაგვავიწყდეს, რომ "ოთხეულმა" ოფისი ვანო მერაბიშვილის სახლში განათავსა, რაც ეჭვს აჩენს, რომ პროცესი პარტიისგან გარიყული შს ყოფილი მინისტრის წამოწყებულია და ამ ფორმით თანაგუნდელებზე შურისძიებას ცდილობდეს.

ყველას აინტერესებდა პარტიის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია - თუმცა, როგორც ჩანს, ექსპრეზიდენტს ამისთვის არ ეცალა, ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. მანამდე მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად უქმდება. შესაბამისად, სააკაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტის დატოვებაც მოუწევს.

ექსპრეზიდენტის გარეშე "ნაცმოძრაობა" არაფერს წარმოადგენს. პრობლემატური სააკაშვილიც კი ბევრად ქარიზმატული და მომგებიანია პარტიისთვის, ვიდრე ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც პოლიტიკურად არაფერს წარმოადგენს.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ფაქტორს, ის უკვე გუშინდელი დღეა. როგორც ჩანს, ამ პარტიას წინ მძიმე დღეები ელოდება.

რუსუდან შელია