ვინ იფიქრებდა? - კვირის პალიტრა

ვინ იფიქრებდა?

ვინ იფიქრებდა?! ვინ იფიქრებდა, რომ გოგა ხაჩიძე ამას იზამდა?! და პალიკო კუბლაშვილზე იფიქრებდით?! ჰა, კარგი, ზურაბ ჯაფარიძე მაინც ახალი იყო და შეიძლება ისე არ ჰყვარებოდა დედაპარტია, როგორც იმ ორს! ისინი ხომ მიშასთან ერთად უკვე ლამის 15 წელია ბოროტებას ებრძვიან! რამდენი თავი წააცალეს გველეშაპს ერთად?! ახლაც მედგრად იდგნენ "რუსი ოლიგარქის" წინააღმდეგ. "ნაციონალებს" ეს ერთი მაინც ჰქონდათ, რომ შეკრული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ისე ერთნაირად ლაპარაკობდნენ, იფიქრებდი, ყველას ერთნაირად უცემს გული მიშას იდეების ერთგულებისთვისო და აჰა, ღალატი და მზაკვრობა!

არა, ნამდვილად მოულოდნელი ამბავი იყო! თუ მოსალოდნელი? მგონი, მოულოდნელიც და მოსალოდნელიც. მოულოდნელი, რადგან მართლა შეკრული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, მოსალოდნელი კი იმიტომ, რომ ყოველთვის იწყება ცენტრიდანული მოძრაობები, როცა საქმე ცუდად მიდის. რაც უნდა იძახონ, ჩვენი რეიტინგი იზრდებაო, ყველა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ საუკეთესო შემთხვევაში ერთ ადგილს ტკეპნიან ან 1-2% ემატებათ ზოგიერთ კვლევაში, რაც ხელისუფლებაში დასაბრუნებლად საკმარისი არ არის! პარტიაშიც ვერაფერი შეცვალეს. ვითომ შიდადემოკრატია მოინდომეს და საპრეზიდენტო თუ მერის არჩევნებზე კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი ჩაატარეს, მაგრამ ესეც სასაცილოდ გამოუვიდათ, რადგან რეალური კონკურენცია ვერ დაუშვეს. ვერც ის მოახერხეს, რომ გამიჯვნოდნენ იმ პირებს, ვინც სასამართლომ აღიარა დამნაშავეებად. ვერ მოახერხეს პარტიაში მეტ-ნაკლებად პოზიტიური სახეების წინ წამოწევა. მაგალითად, დავით ბაქრაძეს ბოლო გამოკითხვებით ლამის ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე სააკაშვილს, მაგრამ პარტიის თავმჯდომარედ მაინც მას ტოვებენ. თუ პარტიაში ვერ ამყარებ დემოკრატიას, ქვეყანაში როგორ დაამყარებ? თუ პარტიაში ვერაფერს ცვლი, თუ ვერაფერს სწავლობ საკუთარ შეცდომებზეც კი, ხელისუფლებაში რომ დაბრუნდე, რა გარანტიაა, რომ არ გააგრძელებ ძველებურად?

მოკლედ, ასეთ სიტუაციაში რა გასაკვირია, რომ ვინმეს რაღაცის შეცვლა მონდომებოდა და როდესაც სხვას ვერაფერი გააგებინა, წავიდა! ვიცი, შეიძლება ბევრს არ გჯერათ ასეთი ვერსიის. უფრო მარტივია დაიჯეროთ, რომ მერკანტილური მიზანი ამოძრავებდათ. "ნაციონალები" ამბობენ, უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ, ზეწოლას ვერ გაუძლესო. არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც იმ ვერსიას, რომ შეთანხმებულად მოქმედებენ, რათა იმ ამომრჩევლების ხმები დაითრიონ, ვინც ჯერ გაურკვევლობაშია და არც "ნაცები" უნდა და არც "ქოცები", მაგრამ ამ ეტაპზე მზად ვარ, დავიჯერო განდგომილების ვერსია, რომ პარტიაში ცვლილებები, ახალი სახეების წამოწევა სურდათ. აბა, პარტიაში დარჩენილების როგორ დავიჯერო? ყოფილ თანაგუნდელებს როგორ ლანძღავენ! ისიც ვერ გაიგეს, რომ წასულებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს!