"არანორმალურობა სენად მოგვეხვია და გვმართავს" - კვირის პალიტრა

"არანორმალურობა სენად მოგვეხვია და გვმართავს"

"ამ ხელისუფლებამ ხალხი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ კითხვაზე, რა გიჭირსო, გპასუხობენ, მშია და მეშინიაო"

"სააკაშვილმა დაამკვიდრა დიაცური ლექსიკა"

"ამომრჩეველმა პლასტიკური ოპერაციაც რომ გაიკეთოს, ბიომეტრიული ფოტო მის იდენტიფიცირებას მაინც მოახდენს"

მას შემდეგ, რაც "ეროვნულმა ფორუმმა" არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი შეიმუშავა, გაჩნდა ეჭვი, რომ "ფორუმელები" ადგილობრივ არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას. სწორედ ამ კითხვით მივმართეთ "ეროვნული ფორუმის" ლიდერ კახაბერ შარტავას, რომელმაც ოპოზიციის გამარჯვების თავისი გეგმაც გაგვაცნო:

- ე. წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ეროვნული ფორუმისთვის" სულერთია, არჩევნები როგორ ჩატარდება. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნასაც და მასში გამარჯვების შანსის გაჩენას საარჩევნო გარემოს შეცვლა სჭირდება. ქვეყანას ადგილობრივ არჩევნებზე ბევრად უფრო დიდი პრობლემები აქვს. რაც საქართველოში დატრიალდა, მას შემდეგ მერებისა და გამგებლების არჩევნებზე ლაპარაკი სასაცილოა. ჩვენმა გამოცდილებამ დაგვანახა, სად და როგორ ყალიბდება არჩევნები და ვცადეთ, მოგვეფიქრებინა კონტრზომები, რომელთა მეშვეობით გაყალბების მექანიზმები დაიბლოკება. სექტემბრიდან დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და კოლეგებსაც შევთავაზეთ, შევატყობინეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც და "ექსპერტთა კლუბსაც".

ჩვენ შევიმუშავეთ ხერხები, როგორ უნდა აღმოიფხვრას ბეჭდებით მანიპულირების საშუალება, რამდენიმე პირადობის მოწმობით სხვადასხვა უბანზე ხმის მიცემა, ასევე არჩევნების დასრულების შემდეგ ამომრჩეველთა რაოდენობით მანიპულირება. თუ ხელისუფლება ამ წინადადებაზე უარს იტყვის, ეს იქნება თვითლუსტრირება, ე.ი. სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს. შესაბამისად, არალეგიტიმურ და არაკონსტიტუციურ რეჟიმში აყენებს საკუთარ თავს, რაც მოსახლეობას სრულ უფლებას აძლევს, მოითხოვოს მისი შეცვლა და ადგილობრივი თვითმმართველობის კი არა, რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა.

- რა მექანიზმებით აიცილებთ თავიდან გაყალბებას?

- არჩევნებს აყალბებდნენ ერთ მოქალაქეზე პირადობის სხვადასხვა მოწმობის შეჩეჩებით, ბეჭდებითა და ამომრჩეველთა რაოდენობით მანიპულირებით. ჩვენი ვარიანტი ამომრჩევლის ბიომეტრიული ფოტოსურათით რეგისტრირებას გულისხმობს, რაც გამორიცხავს იმას, რომ მოქალაქემ ამავესურათიანი ამომრჩევლის ბარათით სხვადასხვა უბანში ხმის მიცემა შეძლოს. ბიომეტრიულ ფოტოს დაცვის დიდი მექანიზმები აქვს, თუ ასეთი ფოტო ერთ ადგილას მაინც დაფიქსირდა, ამომრჩეველმა პლასტიკური ოპერაციაც რომ გაიკეთოს, ბიომეტრიული ფოტო მის იდენტიფიცირებას მაინც მოახდენს და სისტემა განგაშს ატეხს.

გაყალბების საშუალება იყო "კარუსელები", როდესაც საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო უბნის გარეთ არტყამდნენ ბეჭედს. ჩვენი წინადადებით ბეჭედზე უნდა გაკეთდეს შემთხვევითი წესით დასმული სახასიათო ნაკვეთური, ეს გამორიცხავს ბეჭდის დუბლირებასა და მისით მანიპულირებას. ბეჭედს არჩევნების დასრულებისთანავე უკეთდება მეორე ნაკვეთური, რაც გამორიცხავს მის გამოყენებას არჩევნების შემდეგ. ხშირად არჩევნების შედეგის კორექტირებისათვის ამატებდნენ ან აკლებდნენ ამომრჩევლის რაოდენობას, ამის თავიდან ასაცილებლად არჩევნების დასრულებისთანავე ბიულეტენის საშუალებით უნდა დაადგინონ არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის რაოდენობა. წინასწარ იქნება ცნობილი, რამდენი ამომრჩეველი მოვიდა და ამ ციფრს ვერავინ მოაკლებს და ვერც დაამატებს. ოქმები მაშინვე უნდა გადაეცეს ცესკოს.

თუკი ჩვენი წინადადება საყოველთაო მხარდაჭერის საგანი არ გახდა და მოსახლეობამ კატეგორიულად არ მოითხოვა მისი შესრულება, ერთი-ორი პარტიის აქტიურობა საქმეს ვერ უშველის.

- ოპოზიციას ერთი მიზანი აქვს: ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ რატომ გიჭირთ ერთად მოქმედება ამ მიზნის მისაღწევად?

- თქვენი კითხვა აბსოლუტურად სწორია. თუ ოპოზიციას ერთი მიზანი აქვს, ამას საქმე აჩვენებს. მხოლოდ ოპოზიციის წევრობა არ არის საკმარისი. პოლიტიკურმა ძალამ საქმით უნდა დაადასტუროს, რომ ხელისუფლების შეცვლა სურს. უახლოესი პერიოდი დაგვანახებს, ვის სურს რეალურად ვადამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. გაყალბების გარდა, პრობლემაა ტოტალური ძალადობა, რეპრესიები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. თუ საზოგადოებამ ამას წინააღმდეგობა არ დაუპირისპირა, ადგილობრივ არჩევნებამდე მისვლაც კი გაგვიჭირდება.

ხალხს უნდა გავაგებინოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის გარდა, უნდა დაისაჯონ მავნე ბრძანებების აღმსრულებელი პირებიც, რომელთა საქმიანობის შედეგია ათასობით გამწარებული ოჯახი. თუ შევძელით ამ მიმართულებით მობილიზება, მოკლე ხანში ქვეყანაში შეიძლება რეპრესიებთან, მასობრივ ძალადობასა და სიცრუის მანქანასთან დაუნდობელი ბრძოლა დაიწყოს. თუ არსებულ რეალობას რამე არ დავუპირისპირეთ, დავრჩებით სააკაშვილის რეალობის მიმყოლნი, რომელსაც ხელისუფლებაში 50 წელი უნდა ყოფნა.

- ისეთი განცდა მაქვს, რომ ოპოზიციას ერთმანეთზე ეჭვიანობის პერიოდი დაუდგა.

- ამ ეტაპზე ეს ნორმალურია, რადგან ოპოზიციამ სპონტანური ერთობისა და ბრმა ურთიერთობების პერიოდი გაიარა, რამაც დროთა განმავლობაში ცხადყო, რომ სინამდვილეში სხვადასხვა შეხედულება გვაქვს. განსხვავებულია ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებაც. ოპოზიციაში არიან ისეთი სუბიქტები, რომლებიც მზად არიან 2013 წლამდეც აიტანონ ამ რეჟიმში ყოფნა. ასეთი სუბიექტები ამ რეჟიმის პირობებშიც ბუნებრივად მოძებნიან თანაარსებობისა და პოლიტიკაში ტივტივის ვარიანტებს. ოპოზიციურმა სუბიექტებმა შეიძLლება ერთნაირად ილაპარაკონ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ლაპარაკთან ერთად ვინ რას აკეთებს.

- სხვათა შორის, ჩვენს მკითხველს ფორუმთან შენიშვნა აქვს, კარგად კი ლაპარაკობთ, მაგრამ საქმეც დაგვანახეთო.

- თუ საქმედ იმას მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ფორუმი გამოვა და მოუწოდებს, ქუჩაში გამოდითო, მინდა ვუთხრა, რომ მხოლოდ ამით საქმე არ გაკეთდება. თუ მომზადებული არ არის გამოსვლის შედეგი და მისი გამოყენების რესურსი, არაფერი გამოვა. დასაწყისშივე ხალხის ქუჩაში გამოყვანა და აქეთ-იქით ტარება საჭირო არ არის. მოსახლეობის მასშტაბური გამოყვანა დასკვნით ეტაპზე იქნება შედეგიანი. სწორედ დასკვნითი ეტაპია მოსამზადებელი, რომ იგივე სურათი არ მივიღოთ:

გამოვიდა ხალხი და სახლში რომ დაბრუნდნენ, მიდგა პოლიცია და ან დაიჭირეს, ან კიდევ სამსახურიდან დაითხოვეს.

ახლა ქუჩაში გამოსვლას სხვა რეალობა, გამარჯვება უნდა მოჰყვეს. ამ შედეგის მისაღწევად ოპოზიცია უკვე მუშაობს, მაგრამ 5-6 კაცი ამ საქმეს ვერ გასწვდება. ამიტომაც შესაქმნელია ორგანო. ბევრს ასეთად წარმოუდგენია საერთო-ეროვნული ყრილობა, მაგრამ ამას სერიოზული მომზადება სჭირდება. საერთო-ეროვნული ყრილობა ვერ იქნება სადისკუსიო კლუბი, მან უკვე მომზადებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და იმ დღესვე უნდა დაიწყოს მისი აღსრულება მთელი საქართველოს მასშტაბით.

- მოახერხებენ ამას სააკაშვილის მიერ "ჩმორებად" გამოცხადებული ოპოზიციონერები?

- მაპატიეთ, მაგრამ დიდი ხანია არ ვუსმენ სააკაშვილს, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რას იტყვის. სააკაშვილი არის ავტორი ქართველი საზოგადოების დაპირიპირებისა და განხეთქილებისა, სააკაშვილმა თავის გარემოცვასთან ერთად დაამკვიდრა დიაცური ლექსიკა, რომელმაც ადამიანს ასწავლა, რომ ყველაფრის თქმა შეიძლება, რაც ენაზე მოგვადგება. შეურაცხყოფაა ხელისუფლების ხალხთან ურთიერთობის მთავარი მეთოდი.

სააკაშვილი კი ამბობს, საქართველოს არავის დავაჩაგვრინებო (არ დავაჩმორებინებო), მაგრამ იმ პირებმა, ვინც ქვეყანას მართავენ, დააჩოქეს საქართველო. ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ტერიტორიები რუსეთისთვის ჩაებარებინათ. ამ ხელისუფლებამ ხალხი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ კითხვაზე, რა გიჭირსო, გპასუხობენ - მშია და მეშინიაო. ამათ სინდის-ნამუსსა და კაცობასთან მწყრალად აქვთ საქმე. ჩვენი ხელისუფლება ანტინორმალურია და ანტინორმალური ნორმების შეფასება კი შეუძლებელია. არანორმალური უნდა ჩამოიშორო, თორემ ის ყველაფრის გააარანორმალურებას შეეცდება. სწორედ ამას ცდილობს სააკაშვილი მოსვლის დღიდან. ყველა მათი ქმედება და გამოთქმა ქართველში უარყოფით შეგრძნებას იწვევს.

თავის დროზე არ მივაქციეთ ყურადღება ამას, ახლა კი ეს არანორმალურობა სენად მოგვეხვია და გვმართავს. არანორმალურობა უნდა მოიკვეთოს. ლაჩარი და უსინდისო, როდესაც თავად უწოდებს სხვას ამას, უნდა მოიშორო. ამ არანორმალურ ხელისუფლებას ფეხის დასადგმელი ადგილი არ უნდა დავუტოვოთ ქართულ მიწაზე. ზოგჯერ მესმის ხოლმე, საერთო-ეროვნულ დაუმორჩილებლობას როგორ მივაღწიოთო, მაგრამ თუ საყოველთაო ეროვნულ მორჩილებას მიაღწია ქართველმა ხალხმა, დაუმორჩილებლობასაც მოვახერხებთ. ეს იქნება ჩვენი მოქალაქეობრივი პროტესტი. როგორ უნდა ველაპარაკოთ კაცს, რომელიც აბუჩად გვიგდებს?! სააკაშვილი იგნორირებას გვიკეთებს და ჩვენც იგნორირება უნდა გავუკეთოთ - ზურგი შევაქციოთ. თუ მთელი საზოგადოება იაქტიურებს, 2010 წლის შემდეგ სააკაშვილი ხელისუფლებაში აღარ იქნება.