სააკაშვილის ვატერლოო და "კაბელების საქმე" - კვირის პალიტრა

სააკაშვილის ვატერლოო და "კაბელების საქმე"

გასულმა კვირამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა როგორც ქვეყანაში, ასევე, მის საზღვრებგარეთ.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა სააკაშვილის თავს ტრიალებს: კაცი, რომელსაც თავი, მინიმუმ, აღმოსავლეთ ევროპის ახალი არქიტექტურის ერთ-ერთ ავტორად წარმოედგინა და ლამის უკრაინაში დასავლეთის მთავარი იარაღი იყო, უეცრად ოდესის გუბერნატორად გვევლინება, რეგიონის, სადაც ყველა და ყველაფერი მის წინააღმდეგ არის მიმართული და რომელიც რუსეთის მორიგი სამიზნეა. ეს სააკაშვილისთვის ურთულესი პოლიტიკური ამოცანაა, რომელსაც ოდესმე შეჰბმია, თან პარტნიორებისა და გუნდის გარეშე. თუ გაიმარჯვებს, ნამდვილად შეძლებს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს უკრაინის, და არა მხოლოდ უკრაინის, ისტორიაში. მაგრამ დიდი ალბათობით, ოდესა შეიძლება სააკაშვილის ვატერლოოდ იქცეს და ამისთვის ოდესელი რუსების, ოლიგარქებისა და პუტინის რუსეთის ინტერესები სიამოვნებით შეერწყმება ერთმანეთს. შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ სააკაშვილის დანიშვნიდან სამ დღეში რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო ოპერაციები განაახლა. ვინ ან რამ აიძულა სააკაშვილი ვა-ბანკზე წასულიყო: ეს მისი ინიციატივა იყო, იგი დასაჯეს, თუ ეს დიდი საერთაშორისო თამაშის მორიგი სვლაა, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. თუმცა ფაქტია, რომ ეს მისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო:

რომ არა დიდი ფსიქოლოგიური სტრესი, სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას მისი განცხადება, რომ ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც 9 წლის განმავლობაში იყო, მისთვის„"მატროსოვის" 6 მეტრია და სხვა არაფერი.

ნორმალურ ვითარებაში სააკაშვილს ასეთი ტრაგიკული წამოცდომები არ სჩვეოდა.

თუმცა, როგორც ჩანს, ის უბრძოლველად დანებებას არ აპირებს, შეეცდება, ქართულ საინფორმაციო სივრცეში აქტიურად დარჩეს. ამის დასტურია ის მასირებული საინფორმაციო კამპანია, რომელიც მის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას სდევდა თან, განსაკუთრებით იმ ადეიშვილის გამოჩენა ტელევიზიით, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში, ალბათ, სულ ცხრაჯერ გამოჩნდა ტელეეთერში.

ფაქტია, რომ სააკაშვილს ქართულ საინფორმაციო სივრცეში საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმისა და ოდესის გუბერნატორად დანიშვნის საინფორმაციო გადაფარვა დასჭირდა და ადეიშვილის გამოჩენაც ამ საინფორმაციო ტაქტიკის ნაწილია:

მომხრეებში ადეიშვილი იმედის ნაპერწკალს აღვივებს, მოწინააღმდეგეებში - შიშს, მე დავბრუნდები და მანამდე ეცადეთ, არაფერი შეგეშალოთო.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ დღეს "ნაციონალები" არანაკლებ რთული გამოწვევის წინაშე დგანან, ვიდრე 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, როცა მათ ხალხის მხარდაჭერა დაკარგეს. ოდესაში სააკაშვილის მარცხის შემთხვევაში, ისინი იმ საერთაშორისო ზურგსაც დაკარგავენ, რომლის წყალობითაც 2012 წლის შემდეგ მათ თავისუფლება და პოლიტიკური პერსპექტივა შეინარჩუნეს.

ხელისუფლებას კი ორივე შემთხვევაში დროებით ამოსუნთქვის საშუალება ეძლევა: თუ„"ნაციონალები"“ დაბრუნების შიშის გაღვივებას შეეცდებიან, ეს ხელისუფლების გარშემო დღეს მისით უკმაყოფილო ჯგუფების შემოკრებასაც კი გამოიწვევს; ხოლო თუ "ნაციონალები" დაიშლებიან, მაშინ ხელისუფლება ორგანიზებული, ძლიერი ოპონენტისა და თანამდევი საინფორმაციო იერიშის გარეშე რჩება პოლიტიკურ სივრცეში. ასეთ შემთხვევაში, მთავარი საფრთხე, რომელიც ხელისუფლებას შეიძლება დაემუქროს, ის ნირვანაა, რომელშიც ძლიერი ოპონენტის გარეშე დარჩენილი ხელისუფლება იძირება და შეცდომას შეცდომაზე უშვებს, რაც საბოლოოდ, მის დასასრულს განაპირობებს. ხელისუფლებას აუცილებლად გაუჩნდება მომავალი პარლამენტის წვრილ-წვრილი ოპოზიციური ფრაქციებით დაკომპლექტებისა და მათით მანიპულირების ცდუნება, რაც მისი შეცდომების რიგს კიდევ უფრო გაზრდის.

"ნაციონალებში" მიმდინარე დუღილის ფონზე კიდევ ერთი რამ გახდა ცხადი: საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი და ამომრჩეველი თავის "გმირს" ელოდება: შეძლებს თუ არა ირაკლი ალასანია "კაბელების“ საქმე" წინასაარჩევნოდ თავის ტრიუმფად აქციოს, ამაზე პასუხს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გაგვცემს. ამ ეტაპზე იმის თქმა შეიძლება, რომ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებით, რომლითაც პროკურატურის მთავარი მტკიცებულება„კაბელების საქმეზე“- ექსპერტიზის დასკვნა - დაუშვებლად იქნა ცნობილი, მოგებული დარჩა ყველა: თავად ირაკლი ალასანია, რომელმაც განაცხადა, რომ თანამდებობას თანამებრძოლების დაცვა არჩია და ამით მისი, როგორც პოლიტიკოსის მთავარ საიმიჯო მახასიათებელს ჩაუყარა საფუძველი; სახელმწიფო, რომელშიც, ფაქტობრივად, პირველად 25 წლის მანძილზე დადასტურდა, რომ გვყავს რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო, და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხელისუფლებაც, რომლის პირობებშიც შესაძლებელია დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს არსებობა.

ყველაზე სუსტი რგოლი ამ საქმეში პროკურატურაა, ისევე როგორც ლაშა მახარაძის საქმეში:

"კაბელების საქმე" "ნაციონალების" საქმე არ არის, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლებისა და პროკურატურის მხარესაა. თუ ბრალდების მხარე საბოლოოდ დამარცხდა და დაკავებულებისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა დადგინდა, ხელისუფლებას საზოგადოებისთვის მოუწევს პასუხის გაცემა დაუსაბუთებელ ბრალდებებზე, უკანონო დაკავებებსა თუ პოლიტიკურ მოტივებზე.

და ეს გადაფარავს თავისუფალ მედიასაც, თავისუფალ სასამართლოსაც და ბევრ სხვა სიკეთეს, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში არსებობს. ისევე როგორც, თუ ლაშა მახარაძის საქმეს სამოქალაქო პროტესტის ტალღა მოჰყვა, პროკურატურას არ უშველის ხელის გაშვერა მხოლოდ„ნაფიც მსაჯულთა“ გაუმართავი ინსტიტუტისკენ. დაუცველობის განცდის გაღვივებას საზოგადოება ხელისუფლებას არ აპატიებს.

ასე რომ, „"ნაციონალების"“ გარეშეც შეიძლება ხელისუფლებას არცთუ დალხინებული მომავალი ელის.