შეეშინდათ, ანუ 2020 წლის არჩევნები (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
08-06-2015
შეეშინდათ, ანუ 2020 წლის არჩევნები (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
"ოცნებას" თავისივე დაპირების შესრულების შეეშინდა! არადა, როგორ მინდოდა, არ მოქცეულიყვნენ ისე, როგორც ყველა! თუმცა, რატომ მქონდა ამის იმედი,­ არ ვიცი. როდის ყოფილა, პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის შემ­დეგ ის გამოესწორებინოს, რაც ოპოზიციაში­ ყოფნის დროს არ მოსწონდა! რაც ცუდია­ ოპოზიციაში ყოფნისას, შესანიშნავია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ! შეიძლება იმიტომ მქონდა იმედი, რომ "ოცნება" აქამდე საზოგადოებრივი­ ზეწოლის შედეგად იძულებული ხდებოდა,­ უკან დაეხია ხოლმე. ახლაც თითქოს რაღაც დათმობაზე წავიდნენ: მაჟორიტარულ სისტემას ამჯერად არ გავაუქმებთ, უბრალოდ, ბარიერს ავწევთო.
დანარჩენს 2020 წლის არჩევნებზე აგისრულებთ, ანუ სწორედ მაშინ გაუქმდება მაჟორიტარული არჩევნებიო. არის თუ არა ეს უკეთესი, ვიდრე არსებული? რა თქმა უნდა, არის, მაგრამ არის თუ არა საკმარისი? რა თქმა უნდა, არა.

გასაგებია, რომ იტყვიან, ყველაფერი ერთბაშად ხომ არ იქნებაო? რატომ? გვაწყენს? თუ 2020-ის არჩევნებისთვის შეიძლება
მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, ახლა რატომ არ შეიძლება? "ოცნების" ლიდერებმა­ თქვეს: მაჟორიტარებისთვის რთული იქნება, აუხსნან ამომრჩეველს, რომ ხვალი­დან მაჟორიტარი აღარ ეყოლებათო. ასეთი დემაგოგია არასოდეს მომისმენია! და 2020-ში როგორ აუხსნიან? თუ მანამდე შეაჩვევთ წინასწარ მოსალოდნელ "ტრაგედიას"? ეს ზუსტად ის არგუმენტია, რაც სააკაშვილს ჰქონდა, როდესაც "ოცნებაში" შემავალი პარტიები საარჩევნო სისტემის შეცვლას სთხოვდნენ! ისინი ახლა ხელისუფლებაში არიან და მიშას სიტყვებით ამეტყველდნენ. სად გინახავთ თქვენ მაჟორიტარებზე გადარეული ამომრჩეველი?! ის კი არა, უმეტესობას მაჟორიტარი არჩევნების მერე თვალით არ უნახავს! ჰო, თუ ვეტყოდით, რომ ხვალიდან აღარ იქნებიანო, თავს მოიკლავდნენ, მასობრივ ჰარაკირის გაიკეთებდა ჩვენი მოსახლეობა, ეს როგორ დაგვღუპეთ, მაჟორიტარები როგორ გაგვიუქმეთო!

არადა, ამ საარჩევნო სისტემის შეცვლა დემოკრატიის სრულყოფისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნებოდა! დღეს ხომ ეს სისტემა მმართველ პარტიას უზარმაზარ ფორას აძლევს და, თუ არა რევოლუციური სიტუაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებას! ასეთ სისტემაში ხშირად ხდება, რომ თუ ხელისუფლებას მხარს მოსახლეობის, ვთქვათ, მხოლოდ 30% უჭერს, პარლამენტში მანდატების 60%-ს მაინც იღებს, რადგან მაჟორიტარებს გაჰყავს! მაგალითად, "ოცნებას" ახლა ადგილობრივ არჩევნებზე თბილისში მხარი მხოლოდ 43%-მა დაუჭირა, მაგრამ საკრებულოში მანდატების 75% აქვთ. იგივე მოხდა 2008 წელს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაახლოებით 60% აიღო, მაგრამ პარლამენტის ლამის 90% დააკომპლექტა! მაშინ ოპოზიცია ამან ისე აღაშფოთა, რომ პარლამენტში საერთოდ არ შევიდნენ (მაშინ კიდევ გაყალბებაც დაემატა). ეს უსამართლობააო, ამბობდნენ, ეს სისტემა  ამომრჩევლის ნებას პარლამენტში პროპორციულად არ ასახავსო! ახლა რა შეიცვალა? რთულია წინასწარ გარანტირებულ ფორმაზე უარის თქმა? შეეშინდა "ოცნებას", რომ თუ მარტო პროპორციულს დატოვებდა, შეიძლებოდა არჩევნები ვერ მოეგო? საკუთარი თავის იმედი აღარ აქვს? გასაგებია, რეიტინგები უკან მიდის. ახლა დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებისთვის არ სცალიათ! ახლა თავის გადარჩენის დროა!

პრესტიჟის ამბავი


სააკაშვილის მთავარი დაპირება ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში­ ასეთია: "წავართმევ ფულს ივანიშვილს!" აქამდე დაჭერას ჰპირდებოდა,­ მაგრამ მისმა გულშემატკივრებმაც რომ გააკრიტიკეს, აღარ უნდა დამთავრდეს საქართველოში პოლიტიკოსების მიერ იმის გადაწყვეტა, ვინ დასაჭერია და ვინ არაო, კეთილი ინება და მუქარა შეცვალა­ - ახლა მხოლოდ ფულის წართმევას ჰპირდება, თუმცა გაუგებარია, რატომ ფიქრობს, რომ ქონების ჩამორთმევა სასამ­ართლოს გარეშე უნდა გადაწყდეს? როცა ვამბობ, სააკაშვილმა ვერაფერი ისწავლა-მეთქი, სწორედ მის ასეთ განცხადებებს ვგულისხმობ! თორემ აგერ ადეიშვილს ის მაინც უსწავლია, რომ ჟურნალისტებს არ უნდა დაემალოს და ინტერვიუ უნდა მისცეს. ცხრა წელი ისე იყო უმაღლეს თანამდებობებზე, რომ ხალხს მისი სახე დაავიწყდა. ახლა კი გამოჩნდება და გავიგებთ, რამე ისწავლა თუ არა, მანამდე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურმე არსებობს, ადამიანის სახე აქვს და ლაპარაკობს კიდეც!

დანარჩენი ოდესაში გამოჩნდება, როგორც აბანოში. სააკაშვილმა რთული გზა აირჩია და ურთულესი რეგიონი ჩაიბარა. ეს ერთგვარი ავანტიურაა. თუ იქ არაფერი გამოუვიდა, ჩათვალეთ, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა! რა მოხდება, თუ გამოუვა? დაბრუნდება ის ტრიუმფით საქართველოში, როგორც იქადის?
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ პირადად მე სააკაშვილს არა, მაგრამ უკრაინელებს ვგულშემატკივრობ. ამიტომ მინდა, რომ გამოუვიდეს! უკრაინა ახლა კორუფციის თვალსაზრისით ისეთივე მძიმე მდგომარეობაშია, როგორშიც საქართველო 2003 წელს იყო და ამ სენთან ბრძოლა მიშამ და მისმა გუნდმა მოიგეს! უბრალოდ, მერე, როცა ტოტალური კორუფცია აღარ იყო, მკაცრი მეთოდები უნდა შეეცვალათ და დემოკრატიის განვითარებაზე ეზრუნათ. აი, რეფორმის ეს მეორე ეტაპი ვერ განახორციელეს! ტკბილი აღმოჩნდა ავტორიტარიზმი! სწორედ ამან დაღუპა მიშა და მისი გუნდი! უკრაინაში მათ ისეთი განუსაზღვრელი ძალაუფლება არ ექნებათ, როგორიც ჩვენთან ჰქონდათ. ეს შეიძლება, ერთი მხრივ, უკეთესიც აღმოჩნდეს. იმდენს ვერ დააშავებენ, როგორც ჩვენთან! ამიტომ, მოდი, ვუგულშემატკივროთ უკრაინას!

რაც შეეხება ტრიუმფით დაბრუნებას, იქ კორუფციის დამარცხების შემთხვევაშიც (რაც ურთულესი ამოცანაა), არა მგონია, ქართველმა ხალხმა დაივიწყოს ყველა ის პრეტენზია, რაც მასთან აქვს. ჩვენ ეს "კინო" ნანახი გვაქვს და უკვე რეფორმის მეორე ეტაპს ვითხოვთ: დემოკრატიზაციის პროცესს, რაც მიშასა და მის გუნდს არ შეუძლიათ.
პ.ს. სხვათა შორის, სააკაშვილი სულაც არ არის ოდესის პირველი უცხოელი გუბერნატორი. პირველიც უცხოელი იყო, ფრანგი ჰერცოგი რიშელიე (იმ ცნობილი რიშელიეს სისხლი და ხორცი). მისი ძეგლიც დგას ოდესის ცენტრში. ამ მხარის მმართველი იყო და დიდი ღვაწლი დასდო ოდესის განვითარებას გრაფმა ვორონცოვმაც, რომელიც მერე თბილისში­ გადმოიყვანეს და არც აქ შეურცხვენია თავი. ჰოდა, თუ მაშინ ოდესამ გამოგვიგზავნა მმართველი, ახლა ვალი დავუბრუნეთ და ჩვენ გავუგზავნეთ! იმედია, არც ეს შეგვარცხვენს! მაინც ჩვენი პრესტიჟის ამბავია, რომ ქართველმა სადღაც გაამართლოს!
გიო
23 ივნისი 2015 22:51
მერაბ,კარგი ანალიზია და იქნებ დაინტერესდე, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში აქვთ პარლამენტარებს 94 გაცდენა, იქნებ პირველები ვართ და პირველობა ხომ საამაყოა, ვფიქრობ უნდა გამარტივდეს დეპუტატების გამოწვევის მექანიზმი- ამომრჩეველი ენდო დეპუტატობის კანდიდატის უხვ დაპირებებს და არ გაამართლა- კიდევ წლები უნდა ელოდოს უფლებამოსილების ამოწურვას? თქვენს გადაცემაში "მოკლე ჩართვა" დასვით შეკითხვა:გაამართლა თუ არა თქვენმა არჩეულმა დეპუტატმა და ნახავთ რა შედეგს მიიღებთ.
lili
22 ივნისი 2015 01:13
მარტალია ეს კაცი, არავისისტი არ ვარ მაგრამ მისჰამ რომ ტავი სჰეირცხვინოს ოდესასჰი დზალიან მეცკინება. როგორც კარტველის დამარცხება
mmetrevels
18 ივნისი 2015 21:24
ნეტავ რატომ გქონდა ამ შემადგენლობის იმედი??

რედაქტორის რჩევით