"ქადაგიძემ დაგვაყაჩაღა!" - რა ჩვენება მისცა ეროვნული ბანკის ექსვიცე-პრეზიდენტმა - კვირის პალიტრა

"ქადაგიძემ დაგვაყაჩაღა!" - რა ჩვენება მისცა ეროვნული ბანკის ექსვიცე-პრეზიდენტმა

"არსებობს მათი აღიარებითი ჩვენებები, ვინც მონაწილეობდნენ ამ ფინანსურ ტრანზაქციებსა და ფულის გათეთრების საქმეში"

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის გარშემო შესაძლოა, ახალი სკანდალი ატყდეს. კერძოდ, "სახალხო ბანკის" ყოფილი აქციონერები დარწმუნებული არიან, რომ ქადაგიძეს პატიმრობა არ ასცდება. მათი ინფორმაციით, ყველაფერი ასე დაიწყო: 2008 წლის 29 დეკემბერს "სახალხო ბანკის" ყოფილ აქციონერებს (ირინა ჯინჭარაძე, ელენე კოვალენკო, გიორგი გოგუაძე, თამარ მარშანია, გაიოზ მარშანია, ანა აგურეევა და კომპანია "სტარკოუდ რესოურსის ლტდ") და კომპანია "ევროოილს" შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც ბანკი არარეალურად დაბალ ფასად გაიყიდა. ოფიციალურად, ნასყიდობა ღამით გაფორმდა. რა მოხდა 2008 წლის 29 დეკემბრის ღამეს?! ნუთუ ყველა აქციონერმა საკუთარი ბიზნესწილის იაფად გაყიდვის სურვილით გაიღვიძა და ჩანაფიქრი უსწრაფესად აღასრულა?! ყოფილი აქციონერების ინფორმაციით, მათ დილის 3.00 საათიდან 5:00 საათამდე სათითაოდ მოაწერეს ხელი ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის ბათილად გამოცხადებასაც ახლა ითხოვენ.

ირინა ჯინჭარაძე (ბიზნესმენ მამუკა ჯინჭარაძის ქვრივი): "ცხადია, იმ ავბედით ღამეს ცუდი სიზმარი არავის უნახავს, ამ გადაწყვეტილებას წინ უამრავი მუქარა, აქციონერებზე ზეწოლა და არასასიამოვნო საუბრები უძღოდა. პირადად მე ჩვენი ერთ-ერთი მეწილე, გიორგი გოგუაძე მარწმუნებდა, რომ წილი აუცილებლად უნდა გამეყიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემს უბედურებას ხელს თავად შევუწყობდი. ის მაშინდელი საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ქადაგიძის დავალებებს ასრულებდა.

გოგუაძე როგორც ქადაგიძის, ასევე, ვანო მერაბიშვილის მუქარებს გადმოგვცემდა. "რა მოხდება, თუკი არ დავთანხმდები წილის გასხვისებას?" - ვიკითხე მე. "შენს გოგონას ჩანთაში ჰეროინს ჩაუდებენ და დაიჭერენ, ციხეში კი გააუბედურებენ, ბანკს კი მაინც წაგართმევენ!" - მივიღე პასუხად.

გადავწყვიტე, მერაბიშვილს გავსაუბრებოდი და მის მისაღებში დავრეკე. ჯერ მითხრეს, ხვალ დარეკეთ, შს მინისტრი ადგილზე არ არისო. მეორე დღეს რომ დავრეკე, გადმომცეს, ბატონ ვანოს თქვენთვის დრო არა აქვსო. ამას სხვა აქციონერებზე ზეწოლაც დაემატა. ეროვნული ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თავად შეხვდა "სახალხო ბანკის" ერთ-ერთ აქციონერს და უთხრა, ხომ დაინახეთ, პატარკაციშვილის ბანკს რა დაემართა? ბანკს ერთ დოლარად დაკარგავთ, თქვენ კი ციხის ხეხვა დიდხანს მოგიწევთ, სადაც ჯანმრთელობა და შესაძლოა სიცოცხლეც კი დაკარგოთო. მოკლედ, სხვა გზა არ გვქონდა... 2008 წლის ოქტომბერში ვცადეთ ინვესტორის მოძიება და ბანკის რეალურ ფასად გაყიდვა, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა და პირადად საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს  ხელმძღვანელმა გიორგი ქადაგიძემ ხელი შეგვიშალეს. იმ კომპანიას, რომელსაც "სახალხო ბანკის" ყიდვა სურდა, ამერიკელი მფლობელები ჰყავს. ისინი მზად იყვნენ, ბანკში 75 მილიონი გადაეხადათ. 25 მილიონი ავანსად მოგვცეს, მაგრამ გაყიდვას საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს თანხმობაც სჭირდებოდა, რაზეც ქადაგიძემ უარი განაცხადა. პირიქით, ეროვნული ბანკიდან რეალურ ინვესტორს პირდაპირ უთხრეს, "სახალხო ბანკი" დაივიწყეთო. ამ ყველაფერს ადასტურებს ამ კომპანიისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მიმოწერა. ასევე, პროკურატურისთვის მიცემული მათი (კომპანიის მფლობელთა) ჩვენებები. როგორც ჩვენ მოგვექცა იგივე ქადაგიძე, ამას ძარცვისა და ყაჩაღობის გარდა, სხვა სახელი არ აქვს".

დავით ერისთავი, "სახალხო ბანკის" ყოფილი აქციონერების წარმომადგენელი: "ბანკის აქციები გადავიდა სრულიად უცნობი კომპანიის ხელში, რომელიც არასოდეს ეწეოდა საქმიანობას საბანკო სფეროში. "ევროოილი" დიდი ბრიტანეთის სამართლებრივ სივრცეშია რეგისტრირებული. თავის მხრივ, ამ კომპანიის დამფუძნებლები  ოფშორულ ზონებში (პანამასა და ბელიზში) რეგისტრირებული კომპანიები არიან. ამის გამო დღემდე ვერ ხერხდება დამფუძნებელთა ვინაობის გარკვევა. თუმცა, გამოძიების პროცესში არაერთი საინტერესო დეტალი გაირკვა. მაგალითად, "ევროოილის" წარმომადგენელი იგორ პადურარი კომპანია "ნიუ-ენერჯის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, დამფუძნებლის, ვინმე მერაბ ყუფუნიას ცოლისძმაა. გაირკვა, რომ "ევროოილი" ფიქციური კომპანია ყოფილა, რომელსაც ბანკის შესაძენად არავითარი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა.

- თუ ასეა, საიდან გაჩნდა მის ხელში ის 10 მილიონი, რომელიც აქციონერებს გადაუხადეს?

- "ევროოილმა" ბანკის აქციები "ნიუ ენერჯის" ფულით შეიძინა. პროკურატურა ამ ბოროტმოქმედთა კვალს დაადგა და ფინანსური ტრანზაქციების შესწავლითა და ყოფილ საჯარო მოხელეთა აღიარებითი ჩვენებებით გაარკვია, რომ "ევროოილს" არ გააჩნდა პირადი სახსრები. ჰოდა, საიდანღაც ხომ უნდა გაჩენილიყო ფული? სწორედ ამისთვის გამოიყენეს "ნიუ ენერჯი", რომელსაც ლტოლვილების საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში გაამარჯვებინეს და 113 მილიონი (ლარებში) მისცეს. სწორედ ამ ფულით შეისყიდეს "სახალხო ბანკის" აქციები.

- ეს ვისი ჩვენებებით დასტურდება?

- გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ გავახმაურებ. თუმცა, გეტყვით, რომ არსებობს მათი აღიარებითი ჩვენებები, ვინც მონაწილეობდნენ ამ ფინანსურ ტრანზაქციებსა და ფულის გათეთრების საქმეში.

- ე.ი. არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ლტოლვილების საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებელი ფულით შეიძინა "ევროოილმა" ბანკის აქციები?

- რა თქმა უნდა, ეს პროკურატურამ დაადგინა.

- რას გვეტყვით "ნიუ ენერჯის" დამფუძნებლების კავშირზე ხელისუფლების ყოფილ ჩინოვნიკებთან?

- ცნობილი გარემოებაა  და ამ საქმის მასალებიდანაც ირკვევა, რომ "ნიუ ენერჯი" დაკავშირებული იყო ცეზარ ჩოჩელთან, ლუხუმ კაპანაძესა და მერაბ ყუფუნიასთან, ეს სამი კი - ვანო მერაბიშვილთან.

- ცეზარ ჩოჩელის ან ლუხუმ კაპანაძის აღიარება ხომ არ დევს საქმეში?

- უშუალოდ მათ პროკურატურისთვის ასეთი აღიარებითი ჩვენებები არ მიუციათ. თუმცა, თქვენთან ვაცხადებ პირველად, რომ საჯარო მოხელეების, მათ შორის ეროვნული ბანკის თანამშრომლების ჩვენებებით, უახლოეს ხანში არაერთი კანონდარღვევის შესახებ გახდება ცნობილი... ფაქტობრივად, მტკიცებულებების სახე აქვს იმას, რომ კანონის უხეში დარღვევით გასხვისდა "სახალხო ბანკის" აქციები, რაც სავარაუდოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის  საფუძველი გახდება, ქადაგიძის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

- და რა გახდება ამის მიზეზი?

- გიორგი ქადაგიძე, იმჟამინდელი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, არა მხოლოდ თავად ახდენდა ზეწოლას აქციონერებზე, არამედ  არ ასრულებდა იმ ფუნდამენტურ ფუნქციებს, რაც კანონით ჰქონდა განსაზღვრული. "სახალხო ბანკის" წილები (10%-ზე მეტი) ვერ გასხვისდებოდა, თუ არ ექნებოდათ გიორგი ქადაგიძის თანხმობა. მას ასევე, არ უნდა დაეშვა, რომ შავი ფულით შეესყიდათ "სახალხო ბანკის" აქციები. დიახ, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა დაეზუსტებინა, ჰქონდა თუ არა აქციების შემძენ კომპანიას საბანკო სფეროში საქმიანობის გამოცდილება, ხომ არ იდგნენ მის უკან ნასამართლევი პირები, რა თანხით აპირებდნენ აქციების შესყიდვას და ა.შ. ეს დაახლოებით ერთთვიანი პროცედურაა, რომლის გაგრძელების უფლება ქადაგიძეს სამ თვემდეც ჰქონდა. მან ამ ყველაფერს არა მხოლოდ თავი აარიდა, პირიქით, მიზანმიმართულად ხელი შეუშალა პროცესს, რომ რეალურ ინვესტორს "სახალხო ბანკის" აქციები უფრო ძვირად ეყიდა.

ამასთან, ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია "სახალხო ბანკის" ყოფილი გენერალური დირექტორისა და ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი გოგუაძის ჩვენებებიც. მართალია, გიორგი გოგუაძეს ბანკში პატარა წილი ჰქონდა, მაგრამ ის გიორგი ქადაგიძისა და ვანო მერაბიშვილის დავალებების უშუალო შემსრულებელი იყო. რაც შეეხება გიორგი ღლონტს (ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი), ფაქტობრივად, ის "სახალხო ბანკის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე  ქადაგიძემ დანიშნა. ისიც მისი ნების შემსრულებელი იყო.

- ქადაგიძემ აქციონერთა უნებართვოდ ღლონტის ამ თანამდებობაზე დანიშვნა როგორ მოახერხა?

- იმხანად "სახალხო ბანკის" აქციონერებს არწმუნებდნენ, თუკი ღლონტი ბანკის გენერალური დირექტორი გახდებოდა, მაშინ მათ "სახალხო ბანკს" ვერავინ წაართმევდა.

ღლონტი აღიარებით ჩვენებაში წერს: "გიორგი ქადაგიძემ დამიბარა და მითხრა, "სახალხო ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტი უნდა დაიკავოო. ვუპასუხე, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევდა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას თუ დავტოვებდი, მხოლოდ 6 თვის შემდეგ შემეძლო "სახალხო ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტის დაკავება, რაც კანონით  იყო განსაზღვრული. თუმცა ქადაგიძემ, რომელიც ჩემი მეგობარი გახლდათ, მითხრა, "ზემოთ ყველაფერი მოგვარებულია, შენ არავინ გამოგედავება! ამის შემდეგ შემოთავაზებულ წინადადებას დავთანხმდი!"

ღლონტს მხოლოდ ამით არ დაურღვევია კანონი, მან შემდგომში გიორგი გოგუაძესთან შეთანხმებით აქციონერებს 7 მლნ ლარის ოდენობის მოგება მოჰპარა. ეს ფიქციური ხელშეკრულებების გაფორმებით და "ატკატებით" მოახერხეს. სხვათა შორის, მათ აღიარეს ეს დანაშაული. გიორგი გოგუაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მან ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 ათასი ლარი გადაიხადა.

პროკურატურამ "სახალხო ბანკის" აქციონერებისთვის წილის წართმევის საქმის გამოძიება 2012 წლის ნოემბერში დაიწყო, 2015 წლის თებერვალში კი ისინი დაზარალებულად ცნო. ექსჩინოვნიკები არა მხოლოდ ჩვენს, არამედ 11 სხვა ეპიზოდშიც ამხილეს, რაც ფულის გათეთრებისა და საბიუჯეტო სახსრების მითვისების ფაქტებს ააშკარავებს.

ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე:”- აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების მსვლელობისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აუცილებლად დაიკითხება.”

P.S. ჩვენ ვცადეთ გიორგი ქადაგიძესთან კომენტარის ჩაწერა. თუმცა, მან საუბარი არ ისურვა.

მამუკა ჯინჭარაძის გაუხსნელი მკვლელობა

ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძე 2005 წლის 5 თებერვალს მოსკოვში, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ქობულეთელი ჯინჭარაძე რუსეთში 80-იანი წლების ბოლოს წავიდა და საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენი გახდა. ჯინჭარაძეს კონტაქტი საქართველოსთან არ გაუწყვეტია. მან შეიძინა გაკოტრების პირას მისული "აგრობიზნესბანკი" და "სახალხო ბანკი" დაარქვა. მამუკა ჯინჭარაძე ზურაბ ჟვანიას მეგობარი იყო. ის მხარს უჭერდა "ვარდების რევოლუციას". 2004 წლის გაზაფხულზე ჟვანიამ ის საქართველო-რუსეთის ბიზნესფორუმზე მოიწვია. ჯინჭარაძე აპირებდა ათამდე დიდი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას. ამისთვის რუსეთიდან ძალიან დიდი ფული შემოვიდოდა... ჯინჭარაძის მკვლელობის საქმე დღესაც გაუხსნელია.