"სომხეთისთვის მორალის კითხვა აზრს კარგავს" - კვირის პალიტრა

"სომხეთისთვის მორალის კითხვა აზრს კარგავს"

ახლახან  ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ "საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" მორიგი რეზოლუცია მიიღო, რითაც დევნილთა ფუნდამენტური უფლებები კვლავ დაადასტურა.

ქვეყნებს შორის, რომლებმაც ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, ტრადიციულად, სომხეთიც იყო, რამაც ქართველი საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია. რატომ იქცევიან სომხები არაკეთილმეზობლურად და  შესაძლებელია თუ არა მათზე პოლიტიკური გავლენის მოხდენა, ამ საკითხზე პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

- რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს გმობს, ხაზს უსვამს დევნილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას (ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად), ყურადღებას ამახვილებს მათი საკუთრების უფლების დაცვაზე. ამასთან, ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეუფერხებელი ჰუმანიტარული საქმიანობის აუცილებლობას. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვაში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაააქტიურონ ძალისხმევა, რაც, თავის მხრივ, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას ხელს შეუწყობს.

მიმდინარე წელს რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი 75 სახელმწიფომდე გაიზარდა. მხარდამჭერთა ზრდის დინამიკა ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელობას სულ უფრო ნათლად აცნობიერებს.

ქვეყნებს შორის, რომლებმაც ამ რეზოლუციის მიღებას მხარი არ დაუჭირეს, იყვნენ: სომხეთი, რუსეთი, ბელორუსია, ჩრდილოეთი კორეა, კუბა, ვენესუელა, ვიეტნამი და სხვ.; ანუ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მომხრეთა ბანაკში მოიაზრებიან.

ჩვენი მეზობელი სომხები არაკეთილმეზობლურად იქცევიან, თუმცა საკუთარი ინტერესიდან გამოდიან. გარდა იმისა, რომ სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი და ევრაზიული კავშირის წევრია, თვითონვე აქვს ყარაბაღიდან დევნილი აზერბაიჯანელი მოსახლეობის ანალოგიური პრობლემა. ამასთან, აფხაზეთში ეთნიკური სურათი სწორედ სომხების სასიკეთოდ იცვლება - ბოლო მონაცემებით, 43,8% აფხაზი ცხოვრობს, 21,3% - ქართველი და 20,8 - სომეხი, 10,8% - რუსი და სხვ. ქართველი დევნილების დაბრუნება ეთნიკურ სურათს ქართველების სასარგებლოდ შეცვლის. ასე რომ, სომხეთისთვის მორალის კითხვა აზრს კარგავს.

- თავის შეკავება ხომ მაინც შეუძლიათ?

- თავის შეკავება ნიშნავს: "პრინციპში ვაღიარებ, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვეთანხმები". ოფიციალური ერევანი თვლის, რომ ამის გაკეთების უფლება არა აქვს.

- გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ამ ქვეყანას საქართველოს კეთილგანწყობა ძალიან სჭირდება. ეს ფაქტორი ზეგავლენას რატომ ვერ ახდენს?

- აქ უფრო ქართული მხარის არაპრაგმატულობას ვხედავ. საჭიროა მრავალმხრივი დიპლომატია, ამასთან, რუსეთთან მუშაობა და საჭირო დროს ვაჭრობაც. მართალია, გაეროს რეზოლუციებით, რომლებსაც სავალდებულო ძალა არა აქვს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვერ დავიბრუნებთ,  თუმცა ამასაც თავისი დატვირთვა აქვს.