"ერთი კვირა სატრაპეზოში ვიყავი და 15 ადამიანს საჭმელს ვუმზადებდი" - რატომ წავიდა მონასტერში დიასპორის მინისტრი? - კვირის პალიტრა

"ერთი კვირა სატრაპეზოში ვიყავი და 15 ადამიანს საჭმელს ვუმზადებდი" - რატომ წავიდა მონასტერში დიასპორის მინისტრი?

რას პასუხობს ქეთი დოლიძეს გელა დუმბაძე?

"სანამ სხვას განიკითხავ, ჯერ მისი ფეხსაცმელი ჩაიცვი და მისგან გავლილი აღმართები აიარე" - ასე უპასუხეს ემიგრანტებმა რეჟისორ ქეთი დოლიძეს, რომელსაც სიდუხჭირის გამო ქვეყნიდან წასული თანამოქალაქეებისთვის სიტყვა "ემიგრანტიც" კი დაენანა. რა პირობებში ცხოვრობს საზღვარგარეთ ქართული დიასპორა და რას სთავაზობს მათ სახელმწიფო სამშობლოში დასაბრუნებლად, დიასპორის მინისტრი სახელმწიფო საკითხებში გელა დუმბაძე გვესაუბრება:

- დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას, მათ შორის ქეთი დოლიძეს, უფლება აქვს, საკუთარი აზრი ღიად დააფიქსიროს, მაგრამ უნდა გვესმოდეს - ემიგრანტების შეფასებისას მეტი სიფრთხილეა აუცილებელი! ისინიც ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიან ნაწილს წარმოადგენენ, უბრალოდ, ამ ეტაპზე ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. გაღიზიანების ნაცვლად, უნდა მოვეფეროთ და სამშობლოსგან შორს ყოფნის ტვირთი შევუმსუბუქოთ.

- ქეთი დოლიძის განცხადებებზე ემიგრანტების პასუხმაც არ დააყოვნა. რატომ მიდის ან აქვს ქვეყნიდან წასვლის სურვილი მოსახლეობის უმრავლესობას?

- ემიგრანტების უმრავლესობის საზღვარგარეთ ყოფნა სოციალური გმირობის ტოლფასია. მათ საკუთარი ოჯახისა და შვილების მომავალს შესწირეს თავი. წლებია საქართველოში უამრავ ოჯახს არჩენენ - საზღვარგარეთიდან წელიწადში მილიარდ-ნახევარი დოლარი ირიცხება.

ცოტა ხნის წინ საბერძნეთში ვიყავი და თავად შევესწარი, როდესაც ათეულობით ქართველი ქალი რიგში იდგა და ფულს ბოლო თეთრამდე საქართველოში გზავნიდა.

მათ სამშობლოში ნორმალური ცხოვრების პირობები რომ ჰქონდეთ, ქვეყნიდან არავინ წავიდოდა.

- წინასაარჩევნოდ ემიგრანტებმაც არაერთი დაპირება მიიღეს, რომელი შესრულდა და საქართველოში დასაბრუნებლად რა კონკრეტული წინადადებები შესთავაზეთ?

- საქართველოში დღეს განსხვავებული პირობებია - ვისაც შრომა უნდა, მას ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარების შესაძლებლობაც აქვს. მეც მიჭირდა, 32 წლის ასაკში სტაჟიორი გახლდით, თუმცა სიდუხჭირის მიუხედავად, პრინციპულობა გამოვავლინე და დავწინაურდი.

ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს, თბილისში ასეთ სამსახურს არ კადრულობს.

- გუგული მაღრაძის პათოსს თქვენც ხომ არ აგრძელებთ?

- ვაღიარებ, ქვეყანაში დასაქმება სერიოზული პრობლემაა, თუმცა ვითარება მომავალში გაუმჯობესდება. წინა წლებში ადამიანის უფლებების დარღვევით სწრაფი პროექტების განხორციელება მარტივი იყო და ხშირად მოჩვენებითი ეფექტები იქმნებოდა. დღეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში ლაგდება.

ჩვენ ძველი კულტურის, მაგრამ ახალი დემოკრატიის ქვეყანა ვართ, 70-წლიანი საბჭოთა მმართველობის შემდეგ მენტალიტეტის გაჯანსაღებაც რთულია. სპეციფიკური და ალალი ხალხი ვართ, გვინდა მცირე დანახარჯით მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ხშირად გადაჭარბებული მოლოდინებიც გვაქვს, რაც უნდა გადავლახოთ.

- რატომ გადაწყვიტეთ ერთი კვირა მონასტერში გაგეტარებინათ? ითქვა, რომ თანამდებობას ტოვებდით.

- ცოტა ხნის წინ თბილისში, დიასპორის მონაწილეობით ფორუმი გაიმართა, უამრავ ადამიანს შევხვდი და დიდი ენერგია დავხარჯე. ამიტომ პრემიერს ერთკვირიანი შვებულება ვთხოვე. ერთი კვირა სატრაპეზოში ვიყავი და 15 ადამიანს ყოველდღე საჭმელს ვუმზადებდი. პოსტის დატოვებაზე არ მიფიქრია, რადგან ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული პროექტები განვახორციელე. მონასტერში ხშირად ვფიქრობდი, რომ ყველაფერი წარმავალია, მაგრამ თავად მივხვდები, როცა თანამდებობიდან წასვლის დრო დადგება. ჩემთვის ეს თანამდებობა არავის უჩუქებია, 32-წლიანი სამუშაო სტაჟი მაქვს, საჯარო სამსახურში კი 20 წელია ვმუშაობ, რამაც სიმართლე გითხრათ, დამღალა. დანარჩენს დრო გვაჩვენებს...

- თქვენი მუშაობის შედეგი დააკონკრეტეთ...

- ჩემი თანამშრომლების თვალებში ვხედავ, რომ მათში რწმენა ვამრავლე. შინაგანი დისკომფორტი მაქვს, რადგან მინდა მმართველი გუნდიც უფრო ძლიერი და შეკრული გახდეს. ინდივიდუალურად ყველა მათგანი კარგი ადამიანია, მაგრამ მაღალი ხარისხის გაერთიანება ჯერ ვერ ჩამოვაყალიბეთ.

- რა საკითხზე ვერ თანხმდება დღეს მმართველი გუნდი?

- ვერავის გავაკრიტიკებ, უბრალოდ, განსხვავებული ადამიანები ვართ და დრო გვჭირდება, რომ ჩვენი ხედვები შედუღაბდეს.

ხელისუფლებაში სხვადასხვა სოციალური ტიპაჟები არიან, განსხვავებული გამოცდილებითა და ბეგრაუნდით, ამის ერთიან პალიტრად თავმოყრას კი დრო სჭირდება.

- არაერთხელ ითქვა, რომ დიასპორის სამინისტრო ფორმალურ უწყებად ჩამოყალიბდა.

- როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ფორმალური უწოდო, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობის შედეგად, თურქეთში ქართული ენის სწავლების დაწყებას ოფიციალურად მივაღწიეთ. სამინისტროს კარი ყველასთვის გავხსენით, რაც არ გვეხება, იმ საკითხების მოგვარებასაც ვცდილობთ და პროვაიდერის ფუნქციასაც ვითავსებთ... ეს ფორმალურია?!

- მიუხედავად ამისა, სამშობლოში დამბრუნებელთა მაჩვენებელი არ იზრდება, ქვეყნიდან წასვლის მსურველთა რიცხვი კი წლიდან წლამდე მატულობს...

- დღეს თბილისში ბევრად მეტ ადამიანს ვხედავ, ვიდრე ხუთი წლის წინ იყო.

- პრემიერის ინიციატივით სავიზო პოლიტიკა იცვლება, აღიარებთ, რომ ბარიერების დაწესება თავიდანვე შეცდომა იყო?

- ჩვენს ხელისუფლებას აქვს იმის შნო და უნარი, რომ გარკვეული გადაცდომები აღიაროს.

შეცდომებს ყოველთვის ის უშვებს, ვინც საქმეს აკეთებს, ძლიერი კი მხოლოდ ის ხელისუფალია, ვისაც აღიარების ვაჟკაცობა გააჩნია.

რუსუდან შელია