ავშენებულვართ და ვერ გაგვიგია?! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

ავშენებულვართ და ვერ გაგვიგია?! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

წინა კვირას ორ პარლამენტარს აკრიტიკებდნენ (რბილად რომ ვთქვათ) ყველაზე მეტად - გუგული მაღრაძესა და გია ჟორჟოლიანს. ერთმა უმუშევრობასა და საჯარო სექტორში ხელფასებზე ილაპარაკა, მეორემ კი მთის მინისტრის პოსტის შემოღება მოითხოვა. ქალბატონი გუგულის სიტყვებმა, საქართველოში, თუ კაცი მოინდომებს, სამუშაოს იშოვისო, საზოგადოების აგრესია გამოიწვია, ხოლო ჟორჟოლიანის ინიციატივა საყოველთაო დაცინვის საგანი გახდა. ზოგმა თქვა - ბარემ ზღვის და ბარის მინისტრის პოსტიც შემოვიღოთო, ზოგმა - პიტალო კლდეების დეპარტამენტიც არ გვაწყენდაო... არადა, მთის პრობლემები და მისი მოგვარების მცდელობა სულაც არა მგონია საღლიცინო თემა. უბრალოდ, "ოცნების" დეპუტატებს ისე აქვთ სახელი გატეხილი უაზრო ინიციატივებით (ბუსუსებიანი პრეზერვატივებისა და პარლამენტში ჩოხით სიარულის არ იყოს), რომ ახლაც არგუმენტები და დასაბუთება არავის მოუთხოვია, ყველა დაცინვაზე გადავიდა! სინამდვილეში მთას მართლაც სჭირდება მიხედვა.

ეს, ძირითადად, საზღვრისპირა რეგიონებია. ინიციატივის საწინააღმდეგო მთავარი არგუმენტი ასეთია: ახლა, როცა სავალუტო კრიზისის გამო ბიუჯეტის სეკვესტრზე ლაპარაკობენ, რა დროს დამატებითი ბიუროკრატიული აპარატის შექმნააო. თუმცა, ახალი სამინისტროს შექმნა კი არა, თურმე, ინიციატივის ავტორმა სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღება იგულისხმა, რომელსაც ერქმევა "სახელმწიფო მინისტრი მთიანი რეგიონების განვითარების საკითხებში." სახელმწიფო მინისტრი, მოგეხსენებათ, უპორტფელო მინისტრად ითვლება, რაც ნიშნავს, რომ მას არა აქვს დიდი აპარატი, არც დეპარტამენტები და განყოფილებები, მხოლოდ რამდენიმე მოადგილე ჰყავს, ანუ მისი შენახვა ძვირი არ ჯდება.

რაც შეეხება ქალბატონი გუგულის ნათქვამს, აქ საქმე უფრო რთულადაა. კი, სხვადასხვა საიტზე რომ შეხვალ, სადაც ვაკანსიებს აცხადებენ, ნახავ, რომ მართლაც უამრავი სამუშაოა და იფიქრებ, აგერ ბატონო, ყრია ვაკანსიებიო, მაგრამ მერე აღმოაჩენ, რომ უმეტესობა მხოლოდ 200-300 ლარს გთავაზობს. 200-300 ლარად ოჯახს ვინ შეინახავს? ჩვენთან არა სამუშაო ადგილები, არამედ ნორმალური ანაზღაურებაა პრობლემა. ამიტომ მცდარი მგონია გუგული მაღრაძის მეორე, ასევე გაკიცხვის საგნად ქცეული განცხადება, რომელსაც მთავრობაში ბევრი ჩინოვნიკი იმეორებს მაღალი პრემიების თუ დანამატების გასამართლებლად: მცოდნე ადამიანი დღეს საჯარო სამსახურში 2.000 ლარად არ გაგიჩერდება, გაიქცევა კერძო სექტორში, სადაც უფრო მაღალ ხელფასს შესთავაზებენო. თუ ხელისუფლების წარმომადგენლების ლოგიკას გავყვებით, მაშინ გამოდის, საქართველოში სამუშაო ადგილები და ნორმალური ანაზღაურება პრობლემა არ ყოფილა, რადგან ასე ასარჩევად აქვს ყველას საქმე. ჰოდა, ავშენებულვართ და ვერ გაგვიგია! მართლა მაინტერესებს, სად არის ამდენი მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომ ყველა საჯარო მოხელე შეიძლება გაიქცეს?! და მეორეც:

ვინ დაამტკიცა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულების უმეტესობა, ვისაც ამ დანამატებს და პრემიებს უწერენ, მართლაც პროფესიონალი და კვალიფიციურია? პირიქით ხომ არ არის? პარტიული და ნათესაური კავშირი ხომ არ არის მათი დასაქმების საფუძველი, განსაკუთრებით - თვითმმართველობებში?

მე არ ვარ წინააღმდეგი, საჯარო მოხელეს მაღალი ხელფასი ჰქონდეს, რათა კორუფციის ცდუნება აღარ იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაუთავებელი დანამატები და პრემიები "პროფესიონალების" დაკარგვის შიშით გავამართლოთ. ბოლო კვლევით, 2012-2014 წლებში მხოლოდ თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 100 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. ეს რიცხვი ყველაფერზე მეტყველებს! უპირველესად კი - ვიღაცების უსინდისობაზე!

ჯერ გააფუჭე, მერე გააკეთე!

წინა კვირას პრემიერ-მინისტრმა დიდის ამბით გვამცნო, 94 ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი გავამარტივეთ და ეს ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელსო. კაი ერთი! მართლა?! უკაცრავად, მაგრამ იმასაც ხომ ვერ გვეტყოდით, ვინ გაართულა? თქვენ ხომ არა? ისაო, ესაო, ევროპასთან უვიზო რეჟიმს ისე ვერ ვეღირსებით, თუ არ გავამკაცრებთო. რა შეიცვალა? მოგვცეს უკვე ევროპასთან უვიზო მიმოსვლის უფლება? არა? აბა, მაშ, ან გართულება რა იყო, ან მერე - გამარტივება. ეს ერთი წელი რაღას აწვალეთ აქ მცხოვრები უცხოელები? რატომ გაართულეთ ტურისტების შემოსვლა? რატომ შეულახეთ ქვეყანას სახელი? მანამდე ითვლებოდა, რომ ტურისტისთვის აქ ჩამოსვლა იოლი იყო, მერე ყველაფერი შეიცვალა. დღეს ისევ იოლი გახდა. რატომ დავკარგეთ ეს ერთი წელი? რატომ არ დავუჯერეთ არავის, ვინც გვეუბნებოდა, ევროპა ამას სულაც არ გვთხოვსო. მაინცდამაინც ცხვირი უნდა წავიმტვრიოთ, რომ რაღაცას მივხვდეთ? მასე მეც ვმართავ ქვეყანას: გავაკეთებ რაღაცას, შევხედავ და თუ არ ივარგა, შევცვლი! რა კარგია! მშვენიერი სტრატეგიაა: ჯერ გავაფუჭებ, მერე კი საზეიმოდ გამოვაცხადებ, რომ ყველაფერი გამოვასწორე და ახლა ტაში დამიკარით!

ასე ხდება ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებითაც. საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნესგაერთიანებები, ექსპერტები, ოპოზიცია, პრეზიდენტი - ამბობენ, რომ ამის გაკეთება სასურველი არ არის. ესენი მაინც ჯიუტად ითხოვენ კანონპროექტის განხილვას! აქაც ისევე უნდა წავიმტვრიოთ ცხვირი, როგორც ვიზებზე?