ხელისუფლებამ ზღვარზე გაიარა
22-06-2015
ხელისუფლებამ ზღვარზე გაიარა
13 ივნისის შემდეგ ხელისუფლებამ იმ ადამიანების სიმპათიაც კი დაიმსახურა, რომლებიც მათ მიმართ კეთილგანწყობით არასდროს გამოირჩეოდნენ. მათ აჩვენეს ის სახე, რომელიც საზოგადოებას ასე სურდა: ხელისუფლების ადამიანური სახე. ამ დღეებში ხელისუფლებამ ლამის აკრიფა ის რეიტინგი, რომელსაც მეთოდურად კარგავდა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის მერე.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა, იყო კი ეს მაქსიმუმი იმისა, რაც უნდა გაკეთებულიყო და რამდენად მომზადებული შეხვდა ის ასეთ მასშტაბურ კრიზისს?
ის ფაქტი, რომ მთავრობამ
კრიზისიდან მხოლოდ მეორე დღეს გადაუნაწილა სახელმწიფო უწყებებს კრიზისის ზონის სხვადასხვა უბანზე პასუხისმგებლობა და პრეზიდენტმაც, ასევე, მეორე დღეს გამოსცა ბრძანება სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ, გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას კრიზისების მართვის სქემა შემუშავებული არა აქვს, ან ეფექტურად ვერ იყენებს. არადა, ეს სქემები მუშავდებოდა ჯერ კიდევ ახალშექმნილ უშიშროების საბჭოში
1995 წლიდან მოყოლებული. გამოიყენა ან გააუმჯობესა თუ არა შევარდნაძის დროინდელ უშიშროების საბჭოში შემუშავებული კრიზისების მართვის გეგმა სააკაშვილის დროინდელმა უშიშროების საბჭომ, ჩემთვის უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლებას კრიზისების მართვის წინასწარ გაწერილი სქემის არსებობისა არაფერი ეტყობოდა.

კონსტიტუციაში შეტანილი­ ცვლილებების თანახმად, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს შეეზ­ღუდა უფლებები, შემცირდა­ პრე­ზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს ფუნქციებიც­ და ის გადაეცა პრემიერთან არსებულ "კრიზისების მართვის საბჭოს". შესაბამისად, მას უნდა გადასცემოდა ყველა სახის სათანადო დოკუმენტაცია. საინტერესოა, გადაეცა თუ არა კრიზისების მართვის გზამკვლევი "კრიზისების მართვის საბჭოს" და თუ გადაეცა, არანაკლებ საინტერესოა, იმოქმედეს თუ არა რეალური კრიზისისას სახელმწიფო სტრუქტურებმა წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად და რამდენად ეფექტურია თავად ეს გეგმა.

იმედია, ხელისუფლება მომხდარიდან შესაბამის დასკვნებს გამოიტანს. მით უფრო, რომ ხელისუფლებას ხვალიდან შეიძლება გაცილებით მძლავრი ოპონენტი გამოუჩნდეს, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა"“ ან ერთად აღებული მთელი პოლიტიკური სპექტრია.

თბილისის ქუჩებს მოდებული ახალგაზრდობა ამიერიდან იქნება გაცილებით უფრო აქტიური, მომთხოვნი და კრიტიკული, ვიდრე იყო დღემდე, იმიტომ, რომ მათ იგრძნეს - ეს მათი ქვეყანა და ქალაქია. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას მათი სახით ყველაზე მგრძნობიარე ფენა გაუჩნდა. ვეთანხმები სოციალურ ქსელში გაჩენილ მოსაზრებას, რომ ახალგაზრდობის მასობრივი გამოსვლა დასუფთავების აქციებზე სწორედ რომ არაპირდაპირი პროტესტია უფროსი თაობის მიმართ, რასაც ვერც მხეცების შიში და ვერც წვიმის პროგნოზი ვერ აკავებს.
1980-იანების ბოლოს ახალგაზრდების შემართებამ დამოუკიდებლობა მოგვიტანა. მას შემდეგ, რაც ყველაზე მეტად გვაკლდა - ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა იყო ახალშექმნილი სახელმწიფოს წინაშე. თუმცა, როგორც ჩანს, ამ წლებს უქმად მაინც არ ჩაუვლია - მოდის თაობა, რომელმაც იცის, რომ ამ ქუჩის, ამ ქალაქის, ამ ქვეყნის შენება მისი პასუხისმგებლობაა. ახალი თაობა, ეს ის ძალაა, რომელზეც ხელისუფლებამ ქვეყნის აღმშენებლობა შეიძლება დააფუძნოს, მაგრამ ამავე დროს ეს ის ძალაა, რომელსაც შეცდომების კასკადის შემთხვევაში, შეუძლია ნებისმიერი მთავრობა წალეკოს.
გურუ
23 ივლისი 2015 11:38
ქართველი ე.წ. პოლიტოლოგები, ექსპერტები და ა.შ. ტელევიზიის ბოდვებით გვესაუბრებიან.

ან რამე კვლევა თუ ჩაუტარებიათ საკუთარი ინიციატივით, ან რომელიმეს თუ დაუკვეთა, რომელიმე გამომცემლობამ წიგნი?
ან რამე ღია დისკუსია თუ მოუწყიათ?
ტელევიზია, მაღაზია, ტაქსი, დაქალ-ნათესავი - ეგ არის მათი ინფორმაციის წყარო.
gioorbeli
29 ივნისი 2015 12:56
მთელი მოხალისეები რო კანალიზაციაში ამუშავეს და არც გაამხილეს ამაზე რას იტყვით?თქვენ უნდა გემუშავათ ქ. ხათუნა იქ და მერე ვნახავდი რას იტყოდი.რამდენ ადამიანს გადაარჩენდნენ ვეტმფრენების გამოყენებით არ გიფიქრიათ?გზები რომ დროზე გადაეკეტათ რამდენი კაცი გადარჩებოდა?მარტო ამ კითხვების შემდეგ ილაპარაკეთ მთავრობისადმი სიმპატიებზე! სწორედ ეს ახალგაზრდობა წალეკავს ამ მთავრობას შეურაწყოფისა და უსაქმურობისათვის!!!
papa mituas
28 ივნისი 2015 23:46
ნამეტანი "ალალად" არიან გიენებივით შესეული წინა მთავრობის დანატოვარს,ბოლომდე რომ დაძიძგნიან მერე რაღას იზამენ?

რედაქტორის რჩევით