"ივანიშვილი ძლიერ პოლიტიკურ ოპონენტად "თავისუფალ დემოკრატებს" მიიჩნევს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი ძლიერ პოლიტიკურ ოპონენტად "თავისუფალ დემოკრატებს" მიიჩნევს"

"რამდენჯერაც თინა აზრს შეიცვლის, იმდენჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებ"

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთი პირი, რომლებსაც საგამოძიებო ორგანო სახელმწიფოს კუთვნილი ოთხი მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება, სასამართლომ პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა. რამდენად არგუმენტირებული იყო მოსამართლის გადაწყვეტილება და როგორ აპირებს პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას? თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- სანამ ე.წ. კაბელების საქმესა და თქვენი თანაგუნდელების გათავისუფლებაზე ვისაუბრებთ, 13 ივნისის სტიქიის შედეგები შეაფასეთ.

- ნებისმიერ ქვეყანაში სტიქიური უბედურების პრევენცია რთულია, თუმცა, მომავალში ასეთ კრიზისულ სიტუაციებს უფრო მომზადებული უნდა შევხვდეთ. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შემუშავებული კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმა, რომელიც ხელისუფლებას, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა. თუმცა, ასეთ ვითარებაში ერთმანეთისკენ თითის გაშვერა და გადაბრალება გაუმართლებლად მიმაჩნია. ყველა, ვისაც რამეში ბრალი მიუძღვის, დაისჯება, მაგრამ ვერდიქტის წინასწარ გამოტანა არ შეიძლება.

- თქვენი განცხადებაც წინასწარი ვერდიქტი ხომ არ იყო, როცა "კაბელების საქმეზე" ბრალდებული თქვენი თანაგუნდელების პირადი თავდებობით გამოშვება საქმის დასრულებამდე პოლიტიკურ გამარჯვებად მიითვალეთ?

- ჩემთვის ეს გამარჯვების  დღე იყო, რადგან ეს ადამიანები უსაფუძვლოდ იყვნენ დაპატიმრებული. მოსამართლემ არგუმენტირებული გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გული მწყდება, რომ პროკურატურა იყო პოლიტიკურად მოტივირებული. დარწმუნებული ვარ, ეს საქმე მალე შეწყდება.

- ყოფილი პრემიერი ყალბ პოლიტიკოსად მოგიხსენიებთ და აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის შესვლა პოლიტიკურ ჭრილში თქვენ გადაიყვანეთ.

- ბიძინა ივანიშვილი ძლიერ პოლიტიკურ ოპონენტად "თავისუფალ დემოკრატებს" მიიჩნევს, ამიტომ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლის ასეთ მეთოდებს იყენებს.   სააკაშვილის დროს ათასობით ადამიანი იჯდა ციხეში, მაგრამ თუ დღეს ხუთი უდანაშაულო პირის პატიმრობას არ მოერიდნენ, თუ დასჭირდებათ, 500 ადამიანის ციხეში გამოკეტვაზეც არ იტყვიან უარს.

- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში სასამართლო თქვენს თანაგუნდელებს გაათავისუფლებდა?

- გეთანხმებით, ეს 2012 წლის არჩევნების მონაპოვარია. 2012 წლის შემდეგ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა და ეს ერთიან ბრძოლაში გამარჯვების შედეგია. მიუხედავად ამისა, დღეს ხელისუფლების რეიტინგი სწრაფად იკლებს, პარალელურად კი, ასპარეზზე ჩვენი სახით მზარდი პოლიტიკური ძალა ჩნდება. ამიტომ ჩვენ 2016 წელს საზოგადოებასთან ერთად ხელისუფლებას აუცილებლად შევცვლით.

- თუმცა თქვენი ოპონენტები ხშირად გახსენებენ, რომ 2012 წელსაც კი დამარცხდით ზუგდიდში.

- სააკაშვილის დროს სამეგრელოში ჩვენზე მეტი ხმა ხელისუფლებას არც საპრეზიდენტო და არც თვითმმართველობის არჩევნებზე არ აუღია. ამიტომ არ ვთვლი, რომ საერთო გამარჯვებაში წვლილი არ შემიტანია.

- ასევე საზოგადოების ნაწილი სვამს კითხვას: რა კონკრეტული შედეგი გამოიღო თავდაცვის სფეროში თქვენმა ორწლიანმა მინისტრობამ გარდა იმისა, რომ საფრანგეთთან თქვენი მოლაპარაკება თინა ხიდაშელმა მხოლოდ სურვილების კასკადად შეაფასა?

- თინამ მოგვიანებით საკუთარი განცხადება შეცვალა, ასე რომ, რამდენჯერაც ის აზრს შეიცვლის, კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება შედეგებს, ჩვენი განხორციელებული ანტიკრიზისული გეგმები ევროპამ სამაგალითოდ გამოაცხადა, ნატომ ყველაზე თავსებად არაწევრ ქვეყნად გვაღიარა. უელსის სამიტზე მნიშვნელოვანი პაკეტი მივიღეთ... ჩემი მინისტრობისას საქართველოს ჯარმა ღირსეულად იგრძნო თავი.

- თქვენი მინისტრობისას ჯარისკაცები ორჯერ მოიწამლნენ,  ისმოდა ბრალდებები, რომ უწყებაში ახლობლებს ასაქმებდით და პროფესიონალი კადრების აღდგენაზე უარს ამბობდით...

- სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნილი დაახლოებით 2000-ზე მეტი ჯარისკაცი თანამდებობაზე აღვადგინეთ. რაც შეეხება კვებას, ჯარში კვების სტანდარტები ჩვენ დავნერგეთ, პატარა ინციდენტებისაგან კი არავინ არის დაზღვეული.

"ალასანიას რეალობის დანახვა უჭირს"

"კაბელების საქმის" დეტალებზე პარლამენტში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს ვესაუბრეთ:

- როგორც პოლიტიკოსი და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მოსამართლის გადაწყვეტილებას არ შევაფასებ - ნებისმიერი ჩემი განცხადება, შესაძლოა, ვინმემ სასამართლოზე ზეწოლად აღიქვას. პოლიტიკოსებსაც ვურჩევ,  სასამართლო პროცესებზე განცხადებების კეთებისგან თავი შეიკავონ და სამართლებრივი საქმე პოლიტიკურ ჭრილში არ განიხილონ. ჩემი აზრით, ვინც ასე იქცევა, რეალობას მოსწყდა და მსგავსი შეფასებებით სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.

- 18 ივნისს პროკურატურის შუამდგომლობამ გააჩინა ეჭვი, რომ უწყებამ  მტკიცებულებების მოგროვება ვერ შეძლო და საქმე, პრაქტიკულად, ჩამოიშალა...

- ირაკლი ალასანიას რეალობის დანახვა უჭირს. პირველ რიგში, გაუგებარია, რას ზეიმობდა, საქმის განხილვა გრძელდება და ჯერ კიდევ არავინ იცის, მოსამართლე საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მსგავსი პოლიტიკური სპეკულაცია, პირველ რიგში, შეიარაღებული ძალების იმიჯს ვნებს, რადგან "კაბელების საქმეზე" ბრალი ორ სამხედრო მოსამსახურესაც აქვს წარდგენილი. ბევრი რამ ვიცი კონკრეტულ ბრალდებებზე, მაგრამ ჩემი ეჭვებისა და მოსაზრებების მიუხედავად, მოსამართლის გადაწყვეტილებას ვიღებ.

რუსუდან შელია