დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს - კვირის პალიტრა

დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს

რუსეთი ძალას არ იშურებს, რომ საქართველოსგან მოგლეჯილ ორ ტერიტორიაზე მყარად მოიკიდოს ფეხი. რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ სეპარატისტულ რეგიონებში და რას უნდა ველოდეთ მომავალში? - ამ საკითხებზე პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე გვესაუბრება:

"კელასურის შეთანხმება" რუსებს რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური აგრესიის შანსს არ დაუტოვებს"

"კვირის პალიტრაში"  (3-9 აგვისტო, 2009) გამოქვეყნებულ ინტერვიუში რეინტეგრაციის მინისტრი თემურ იაკობაშვილი აცხადებს:  დროა, აფხაზებმა და ოსებმა  აღიარონ, რომ მათი ერთადერთი მეგობარი საქართველოაო". რეინტეგრაციის "მეტრი," ბატონი მინისტრი მკაცრად მოითხოვს, რომ აფხაზებმა და ოსებმა "რეალობას თვალი გაუსწორონ"... კი მაგრამ, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ აფხაზმა და ოსმა ჩვენკენ მოიხედონ და აღიარონ, რომ მართლაც საქართველოში ყოფნაა მათი ხსნა? ბატონ თემურს ვურჩევ, თვითონ "გაუსწოროს თვალი იმ  რეალობას", რომელშიც  ხელისუფლების წყალობით ქვეყანა ჩავარდა. აფხაზი მინისტრის, შამბას ნათქვამზე, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან მარტოო", ქართველ მინისტრს უნდა ეპასუხა, -" არ დაგტოვებთო", მაგრამ ამჟამინდელი ხელისუფლების უკანასკნელი 4-5 წლის განმავლობაში საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში  გატარებულმა პოლიტიკამ ქვეყანას კატასტროფული შედეგები მოუტანა. რუსეთმა, რომელიც ფორმალურად მაინც აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა ცნო და მათი ოკუპაცია მოახდინა. ნაცვლად იმისა, კოსოვოს ცნობის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან სიფრთხილე გამოეჩინა, უფრო გაძლიერდა დაძაბულობის ესკალაცია. სააკაშვილის ცალმხრივი საგარეო პოლიტიკა საქართველოს ვერასოდეს დაუბრუნებს დაკარგული ტერიტორიების ვერც ერთ სანტიმეტრს!

აგრესორი რუსეთი და მეგობარი ამერიკა საქართველოში თავიანთი ინტერესების დათმობას არ აპირებენ.  აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხი "მკვდარი წერტილიდან" არ დაიძვრება. მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იმდენად მრავალფეროვანი და ცვალებადია, რომ საქართველოსთანა პატარა ქვეყნისათვის "მოლოდინის რეჟიმში" ყოფნა წამგებიანია. არსებობს რეალური საფრთხე, რომ ანტიამერიკული პოლიტიკის გამტარებელმა სახელმწიფოებმა: ირანმა, ჩრდილო კორეამ, სუდანმა, ვენესუელამ და სხვებმა რუსეთთან გარიგების საფუძველზე საქართველოს სეპარატისტული პროვინციების დამოუკიდებლობა აღიარონ. საგანგაშოა მედვედევ-პუტინის "ვიზიტები" საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს. ჩვენს სატკივარს ჩვენვე უნდა ვუმკურნალოთ აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი ურთიერთობის აღდგენა-გაღრმავებით!

- როდესაც ოსი და აფხაზი სეპარატისტი ლიდერები  "დამოუკიდებლობით" ტკბებიან, ეს როგორ მოხერხდება?

-  აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობებში საქმე აქამდე არ უნდა მიგვეყვანა. რუსები კიდეც რომ გავიდნენ აფხაზეთიდან, აფხაზები დამოუკიდებლობაზე უარს არ იტყვიან და საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლებენ. ასეთია მწარე  რეალობა! ამას დაემატება ის, რომ ჩრდილოკავკასიელები: ადიღელები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, ჩეჩნები და სხვები აფხაზების მხარეს ქართველებთან ომში (ოფიციალური რუსეთი სულ რომ არ ჩაერიოს, ეს ასე მოხდება) ჩაერთვებიან. ეს ნიშნავს საქართველოს ომს კავკასიელი მთიელების წინააღმდეგ, რაც გამოიწვევს უმართავ პროცესებს მთელ კავკასიაში, რომელიც დამანგრეველ ზიანს მოუტანს ქართულ სახელმწიფოს.

აფხაზებს უკვე გაცნობიერებული აქვთ თავიანთი მდგომარეობა. მის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ თბილისი კი არა, მოსკოვია მათი უპირველესი მტერი. ვფიქრობ, ქართველებმა და აფხაზებმა უნდა მოვიფიქროთ გამოსავალი, რომელიც ორივე ხალხს საშუალებას მისცემს, თავი დააღწიოს რუსეთისგან მომავალ მომაკვდინებელ საფრთხეს!

დღეს აფხაზები მთლიანად მიჯაჭვული არიან რუსეთზე, რადგან მხოლოდ მან აღიარა მათი დამოუკიდებლობა. სხვა ქვეყნები არ ცნობენ აფხაზეთს, ეს კი ნიშნავს მის იზოლაციას, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთის სრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ექსპანსიას და შემდგომ ასიმილაციას რუსეთთან! შედეგად, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი მდინარე ენგურზე გადაიქცევა საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრად.

- რა შეუძლია ქართულ სახელმწიფოს შესთავაზოს აფხაზებს?

- ქართველებმა აფხაზებს, როგორც ჩვენს ძმებს, უნდა მივცეთ ფიზიკური გადარჩენის შანსი, "მაშველი რგოლი" და ამავე დროს მოვახდინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნაწილობრივი აღდგენა. ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საბოლოო მოწესრიგების შემდეგ კი ჩვენი ერთიანი სახელმწიფოს მთლიანობა აღდგება.

აფხაზებმა იციან, რომ ქართველები ისეთივე ავტოქტონური ერია ამ მიწაზე, როგორიც თავად აფხაზები.  ქართველები, კერძოდ, მეგრელები და სვანები მკვიდრი მოსახლეობაა აფხაზეთის ტერიტორიაზე (გალი, ოჩამჩირე, ტყვარჩელი, გულრიფში, კოდორის ხეობა და სხვ.) და მათ კანონიერი უფლება აქვთ, დაბრუნდნენ თავიანთ მიწაზე. აფხაზებთან შეთანხმების შემთხვევაში, ქართულმა სახელმწიფომ უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ცნოს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად მდინარე კელასურისა და მდინარე ფსოუს ფარგლებში. საზღვარი მდინარე კელასურზე უნდა გავიდეს!

- თქვენ აფხაზეთის გაყოფაზე ლაპარაკობთ. ეს რას ცვლის, გარდა იმისა, რომ თავად ვაღიარებთ საკუთარი ტერიტორიის დამოუკიდებლობას?

- როგორც ქართველებს არ გვეთმობა მდინარე კელასურის იქითა (ჩრდილო-დასავლეთი) ტერიტორია, ისე აფხაზებს არ ეთმობათ კელასურის აქეთა (აღმოსავლეთი) მიწა, მაგრამ დღეს სხვა გამოსავალი არ ჩანს, ხვალ შეიძლება ყველაფერი გვიან იყოს. ქართველები მთლიანად დავკარგავთ აფხაზეთს, ხოლო აფხაზები "გაქრებიან" უბიხებივით. ეს ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობისგან აფხაზეთის აღიარებას, რაც გადაარჩენს აფხაზ ხალხს რუსებთან სრული ასიმილაციისგან. ასევე, აფხაზებმა უნდა აღიარონ საქართველოს შემადგენლობაში მდინარე კელასურსა და ენგურს შორის არსებული ტერიტორია, სადაც ქართველი დევნილები დაბრუნდებიან.

აფხაზებსა და ქართველებს შორის  ე.წ.  "კელასურის შეთანხმება" რუსებს რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური აგრესიის შანსს არ დაუტოვებს. თბილისსა და სოხუმს შორის ევროკავშირის მონაწილეობით დადებულ ამ შეთანხმებაში  უნდა შედიოდეს ისეთი პარაგრაფები, რომლებიც აფხაზებსა და ქართველებს შორის ნათელს მოჰფენს ყველა გაუგებრობას! უწინარეს ყოვლისა, ამ შეთანხმებაში უნდა შევიდეს იურიდიული ნორმა, რომელიც ორ ხალხს, მათი თანხმობის შემთხვევაში, ფედერალურ საწყისებზე ინტეგრაციის საშუალებას მისცემს. ალბათ, ქართველებშიც და აფხაზებშიც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც ამ გეგმის შემთავაზებლებს მოღალატეებად შერაცხავენ, მაგრამ დამერწმუნეთ, დრო გამოაჩენს ამ გადაწყვეტილების მართებულობას.

- რას იტყვით ცხინვალის რეგიონზე?

-  სააკაშვილის ხელისუფლებამ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ადმინისტრაციული ერთეული (ხელმძღვანელი სანაკოევი)  შექმნა და "ააღორძინა" საბჭოთა ტერმინი ""სამხრეთ ოსეთი", რის შედეგსაც დღეს ვიმკით. ეს იყო, არის და იქნება შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი, საქართველოს ძირძველი, განუყოფელი მიწა-წყალი! მიუხედავად "დამოუკიდებლობის" მოპოვებისა, დღეს იქ მცხოვრები ოსები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, რადგან რუსეთმა ეს ტერიტორია სამხედრო პლაცდარმად აქცია, ხოლო ოსები რუსი სამხედროების მომსახურე პერსონალად. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახლო მომავალში ოსები (უპირველესად ახალგორელი ოსები) დახმარებისთვის მოგვმართავენ. რა შეიძლება ქართულმა სახელმწიფომ შესთავაზოს ამ რეგიონში მრავალი ათეული წლის მანძილზე მცხოვრებ ოსებს? ჩვენი ორმხრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მომავალში გამოირიცხოს ყოველგვარი გაუგებრობა და ამავე დროს არ შეიბღალოს ამ რეგიონში მცხოვრები ოსი ხალხის ეროვნული ღირსება და რაც მთავარია, არ დაირღვეს საქართველოს სახელმწიფოს მთლიანობა, ეწოდოს ამ რეგიონს "ოსურ-ქართული ავტონომიური მხარე". აქ მცხოვრებ ოსებს, მშობლიურ ადგილებში დაბრუნებულ ქართველებთან ერთად, ექნებათ იგივე უფლებები, როგორიც ისტორიულ ოსეთში (რუსეთის ფედერაცია) მცხოვრებ ოსებს! ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა უნდა გამოვძებნოთ საერთო ენა. მაშინ არც აფხაზს დაემუქრება ასიმილაცია და გაქრობა, არც ოსი იქნება რუსი სამხედროების მსახური და არც ქართველები (საქართველო) გავხდებით ამერიკა-რუსეთის "სათამაშო" პოლიგონი!

დასასრულ, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ ეროვნული ძალები, რომლებიც ქართული სახელმწიფოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის იბრძოლებენ.