რა კორუფციულ სქემებზე ალაპარაკდა სოზარ სუბარი - კვირის პალიტრა

რა კორუფციულ სქემებზე ალაპარაკდა სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი: "ზუგდიდსა და თბილისში დააკავეს თაღლითები, რომლებიც ჩვენი სახელით  სოლიდური თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ჰპირდებოდნენ"

კორუფციული სქემა გამოააშკარავა დევნილთა და განსახლების სამინისტროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა?  "კვირის პალიტრას" დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ესაუბრა:

- როდესაც კორუფციულ სქემებზე ლაპარაკი იწყება, მეტწილად ეს იმას ნიშნავს, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნამ გამოააშკარავა კორუფციული სქემა, რომელიც ჩვენს უწყებაში მოქმედებდა. ცუდი ის არის, რომ ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა ამ ყველაფერთან ჩემი სახელის მიბმა სცადა. ეს კორუფციული სქემა ჩემი ამ უწყებაში მინისტრობის პირველივე დღეებში გავშიფრე და რეაგირება მოსვლის დღიდანვე დავიწყე. ეს ფაქტები ჯერ ჩვენი სამსახურის შიდა აუდიტმა მოიკვლია და დასკვნაც მოამზადა, რომლის მიხედვითაც რადენიმე ჩინოვნიკი სამსახურიდან გავაგდე, შესაბამის უწყებებს კი ვთხოვე, მათი ქმედებები საფუძვლიანად შეესწავლა.

ვაცხადებ: პირველ რიგში ამ სამინისტროში თუ რამეს არ დავუშვებ, ეს კორუფცია და დევნილების თანხების მითვისებაა!

სურ. 1 - რა კორუფციულ სქემაზეა საუბარი?

- ჩვენი სამინისტროს წარმომადგენელს, კერძოდ, ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ მაღალდაძეს, ჰქონდა დაფუძნებული კომპანია "სოდომი" და სამშენებლო მასალებით ამარაგებდა ჩვენს ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს: "ნიუ კონტრაქშენსა" და "ენბიჯის". ესე იგი, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, რომელიც, ერთი მხრივ, იყო საჯარო მოხელე, თავად ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას და მეორე მხრივ, კორუფციულ სქემაშიც მონაწილეობდა.

ის არათუ აკონტროლებდა ტენდერებში გამარჯვებული საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიების საქმიანობას (რაც უშუალოდ ევალებოდა), არამედ ხელს უწყობდა და სამშენებლო მასალებს თავად აწვდიდა.

ეს კორუფციული სქემა გავშიფრე, დასკვნა დავწერე და პროკურატურას გადავუგზავნე. სამსახურიდან გავათავისუფლე ის პირები, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხი კორუფციულ სქემაში გამოიკვეთა. ესენი იყვნენ: საფინანსო დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიძე, ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი თეიმურაზ მაღალდაძე და ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი რატი სვანიძე. საქმეს უკვე იძიებს პროკურატურა. რაც შეეხება "ენბიჯისა" და "ნიუ კონტრაქშენს", მათ ზოგ შემთხვევაში უხარისხოდ, ზოგან კი საერთოდ ვერ შეასრულეს სამუშაოები, რაც ხელშეკრულებებით იყო გათვალისწინებული.

სურ. 2 - ამ კომპანიებს რა ღირებულების სამუშაოები უნდა შეესრულებინათ და სახელმწიფომ რამდენი ლარით იზარალა?

- სამინისტროს სულ სამ კომპანიასთან ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება. აქედან ერთ-ერთმა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და მასთან სადავო ჯერჯერობით არაფერი გვაქვს. ამ სამი კომპანიისთვის ჯამში 10 მილიონ ლარზე მეტია გადარიცხული. "ენბიჯისა" და "ნიუ კონტრაქშენისთვის" 8 მილიონამდე ლარი იყო გადარიცხული. "ენბიჯისგან" ბიუჯეტს მილიონ 600 ათასზე მეტი ლარი უკან დაუბრუნდა, "ნიუ კონტრაქშენისგან" - 500 ათას ლარზე მეტი. ეს ფული იმ ბანკებმა გადაიხადეს, რომელთა გარანტიებიც ზემოხსენებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობისას ჰქონდათ წარმოდგენილი. დღეს ამ კომპანიებთან დასაბრუნებელი თანხების გამო დავას ვაგრძელებთ. და კიდევ: ირმა ნადირაშვილი რომ ლაპარაკობს ჩვენს უწყებაში კორუფციული სქემის არსებობაზე, ისიც თქვას, 2009-დან 2012 წლამდე სახელმწიფო უწყებებს "ნიუ კონტრაქშენსა" და "ენბიჯისთან" 20 მილიონის სამუშაოს შესრულებაზე რომ ჰქონდა ხელშეკრულებები გაფორმებული.

- იქნებ იმ დროს ეს კომპანიები უკეთ ასრულებდნენ სამუშაოს?

- კარგად ვიცით, როგორც ასრულებდნენ. იუსტიციის სამინისტროს ავტოფარეხების მაგალითზე გამოჩნდა, როგორ ჰქონდათ შესრულებული. სასჯელაღსრულების სამინისტროშიც სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი "ენბიჯიმ" მოიგო. მათ ყველაზე დაბალი ფასი ჩადეს პირობებში, რაც აპრობირებული ხერხი იყო. ამ გზით ტენდერს იგებდნენ, შემდეგ კი სამუშაოებს არ, ან უხარისხოდ ასრულებდნენ. ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობისას მოვიკითხე ინფორმაცია ზემოთ ხსენებული კომპანიების შესახებ, ისინი საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებად მივიჩნიე და ტენდერის შედეგები გავაუქმე. საბოლოოდ, იქ სულ სხვა კომპანიამ შეასრულა სარემონტო სამუშაოები. შემდეგ ამ სამინისტროში გადმომიყვანეს და აღმოჩნდა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ობიექტების რეაბილიტაცია-მშენებლობასთან დაკავშირებულ ტენდერებში ჩემგან დაწუნებული კომპანიები იყვნენ გამარჯვებული.

პირველი, რაც გავაკეთე, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მათი ელექტრონულ შავ სიაში შეყვანა მოვთხოვე.

ასეც მოხდა, თუმცა ჩვენ დაგვრჩა პრობლემური ობიექტები, სადაც სხვადასხვა მიზეზის გამო დევნილები ვერც კი შევასახლეთ. ერთ-ერთი ასეთი იყო გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობა, რომლის რეაბილიტაციაზე "ენბიჯის" უნდა ემუშავა. ხელშეკრულება დაიდო მილიონ ასი ათას ლარად ღირებულ სამუშაოზე და 820 ათასი ლარის სამუშაო უკვე შესრულებულად იყო ჩათვლილი. ამიტომ ექსპერტიზის ჩატარება მოვითხოვეთ. ამასობაში დევნილები ჩვენს წინააღმდეგ განაწყვეს. როგორც ველოდით, ექსპერტიზის დასკვნით, ამ ობიექტზე არა 820 ათასი, არამედ 137 ათასი ლარის სამუშაო იყო შესრულებული. ამასობაში კი შენობაც ჩამოინგრა(?!). ცხადია, იქ რომ დევნილები ყოფილიყვნენ, შესაძლოა, დიდი ტრაგედია დატრიალებულიყო.

ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას ვაზიანში დევნილების საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციაზე "ნიუ კონტრაქშენი" მუშაობდა. ერთ-ერთ კორპუსში გადაუღიათ "აგვისტოს 5 დღე". ალმოდებული ქალაქის საჩვენებლად შენობაში ლოკალური ხანძრის კერები გაუკეთებიათ, ვერტმფრენი ამ კორპუსზე ჩამოვარდილა და ა.შ. მერე ეს ყველაფერი მილეს-მოლესეს. ეს რომ გავიგე, კვლავაც სამუშაოების ხარისხზე ექსპერტიზის დასკვნა მოვითხოვე. დადგინდა, რომ შენობების მდგრადობა საეჭვო იყო. ამასთან, სამუშაოების შესრულება ნახაზს არ შეესაბამებოდა.

ქუთაისში, ნიკეაზე მდებარე საწარმო დევნილთა საცხოვრებლად უნდა გადაეკეთებინათ, რაც მარცხისთვის განწირული ცდა იყო. საწარმოსგან ნორმალური საცხოვრებელი კორპუსი არ გამოვა. თუმცა იქ 450 000 ლარის სამუშაო უკვე შესრულებული იყო. აქაც გაგვიჩნდა პრეტენზია "ენბიჯისთან"...

- აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ ობიექტებში დევნილთა შესახლების სამოქმედო გეგმა 2014 წლამდე იყო გაწერილი, რაც ვერ მოხერხდა. ამაზე პასუხისმგებლობა თქვენ რამდენად გეკისრებათ?

- გარწმუნებთ, დასკვნაში მოყვანილი ფაქტები ჩემს წინააღმდეგ არ მეტყველებს. თქვენც და სხვა დაინტერესებულ პირებსაც შეუძლიათ გაეცნონ დასკვნას და ჩემს სიმართლეში დარწმუნდნენ.

- დასკვნაში ლაპარაკია ისეთ დარღვევებზე, როგორიც არის, მაგალითად, ისეთი პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება, რომლებიც დევნილები არ არიან, ან ეს სტატუსი უკვე შეჩერებული აქვთ. ასეთი ფაქტები თქვენი მინისტრობის პერიოდში არ ყოფილა?

- ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაცია თავად მივაწოდეთ აუდიტის სამსახურს.

ყველა ასეთი შემთხვევის გამოვლინება გაგვიჭირდება, მაგრამ მსგავს ფაქტებს როგორც კი აღმოვაჩენთ, მყისვე რეაგირებას ვახდენთ.

სხვათა შორის, გასულ კვირას ზუგდიდსა და თბილისში დააკავეს თაღლითები, რომლებიც ჩვენი სახელით სოლიდური თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ჰპირდებოდნენ.

- ჩვენ ადრეც ვწერდით დევნილთა საცხოვრებლებში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შესახებ. თქვენმა წინამორბედმა, დავით დარახველიძემ აღნიშნა, რომ ამაზე კონტროლი ამჟამად თქვენი მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილისთვის ჰქონდა დავალებული.

- ცოტნიაშვილის ფუნქციებში არ შედიოდა მშენებლობების ხარისხზე კონტროლი, ეს ევალებოდა ზედამხედველობის სამსახურს, რომლის ხელმძღვანელიც კორუფციულ სქემაში თავად იყო ჩართული.