სტიქია და უბედურება (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
29-06-2015
სტიქია და უბედურება (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
მე თუ მკითხავთ, ერთია "სტიქიური უბედურება" და მეორე - "სტიქია და უბედურება". "სტიქიური უბედურება" ეს ბუნების კატაკლიზმია, ხოლო მეორე, როცა ბუნებრივ მოვლენას ადამიანური მავნებლობა ემატება. ჰოდა, ჩვენც სწორედ მეორე გვჭირს. ერთი მხრივ, სტიქია და მეორე მხრივ, ჩვენი უგუნურებით გამოწვეული უბედურება. ბუნება რომ მბრძანებელია და "ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს, ზოგჯერ მქნელია ავისა", ეს ჯერ კიდევ ვაჟამ გვითხრა ასი წლის წინ, მაგრამ გავიგეთ რამე?  სანამ თავად არ დაგვატყდება თავზე, მანამდე ჭკუას ვერ ვსწავლობთ.
ახლა საკითხავი ისაა, აწი მაინც თუ ვისწავლით?

სპეციალისტებისა და საქმის მცოდნე ხალხის მოსმენა რომ არ გვიყვარს, ეს კიდევ ცალკე თემაა; ან საუკეთესო შემთხვევაში, ისინი მაშინ გვახსენდება, როცა უკვე გვიანია! მანამდე მათ უკან ვიღაცის ან ფინანსურ, ან პოლიტიკურ ინტერესს ვეძებთ და შეთქმულების თეორიებს ვაგებთ.

ასევე გვიყვარს
გადაბრალება და დამნაშავის სხვაგან ძიება, ოღონდ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა არ ავიღოთ. ეს წინა ხელისუფლებასაც ეხება და ახალსაც. მათ შორის კომუნისტებსაც, რომლებმაც პირველებმა მოაქციეს მდინარე ვერე გვირაბებში. სააკაშვილმა, თავის მხრივ, დაამატა, ახლებმა კი არაფერი გააკეთეს, ვიდრე უბედურება არ მოხდა. რეაგირებაც თავიდან ცოტა დაგვიანებული გამოვიდა, ტრაგედიის შემდეგ კი შედარებით კარგად იმუშავეს. თავი არ დაზოგეს, პიარიც კარგად გაიკეთეს და საქმესაც თავი გაართვეს. ერთადერთი ჩავარდნა ვეფხვთან დაკავშირებით მოუვიდათ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ საბოლოოდ დამნაშავე მხოლოდ ვეფხვი გამოვიდა.

იმ დღეებში საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების ერთსულოვნებამ აჩვენა, რომ ქართველებს ჭირში ერთიანობა შეგვიძლია. კარგი იქნება, ლხინში ერთიანობასა და სხვისი სიხარულით გახარებასაც თუ ვისწავლით. ახალგაზრდებმა კი აჩვენეს, რომ მოდის პრინციპულად სხვა თაობა, რომლისთვისაც ეს ქვეყანა მარტო ხელისუფლების მისახედი არაა და მზად არის, თავადაც მოუაროს. სწორედ ესაა ევროპა და იმედია, ეს თაობა პრინციპულად განსხვავებულ საქართველოს ააშენებს.

დასასრულ: ყველა უბედურებას, რა მასშტაბისაც უნდა იყოს, ერთი დადებითი ახლავს: ის არის გაკვეთილი. მერე ჩვენზეა დამოკიდებული, რამეს ვისწავლით თუ არა; ისევ დავუმატებთ ბუნებრივ მოვლენებს ჩვენს უგუნურებას, თუ არა.

ჯერ კიდევ სტიქიის შედეგები არ აღმოფხვრილა და უკვე გამოჩნდნენ ბიზნესჯგუფები, რომლებსაც ვერეს ხეობაში ბიზნესცენტრებისა და "ქართული მანჰეტენის" მოწყობა სურთ, ხოლო მერი აცხადებს, რომ მზადაა, ეს პროექტი განიხილოს! არადა, თავიდან ამბობდნენ, აქ მხოლოდ პარკი უნდა გაკეთდესო, მაგრამ გამოჩნდა ფული და ვიღას ახსოვს პარკი და გაკვეთილი, რომელიც ბუნებამ მოგვცა და რომელიც "საცა პირიმზეს ახარებს, იქვე მთხრელია ზვავისა".

დემოკრატია ვერ მოიცდის!

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით,  დემოკრატიის კუთხით გაუმჯობესება ევრაზიის რეგიონში მხოლოდ ორ ქვეყანაში აღინიშნა: ეს იყო საქართველო, სადაც 2014 წელს პირველად ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით მერის პირდაპირი წესით არჩევნები, და ასევე უკრაინა. ანგარიში ეხება აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ბალკანეთის 29 ქვეყანას და მოიცავს 2014 წლის მონაცემებს. კვლევის მიხედვით, 7-ქულიანი­ სკალიდან, სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 7 - ავტორიტარიზმის ნიშანი, საქართველოში დემოკრატიის დონე 4,64 ქულით შეფასდა. ამ მაჩვენებლით, საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებს შორის მოხვდა. ამავე ჯგუფში მოხვდნენ მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უკრაინა და მოლდავეთი.

მოკლედ, წლებია, გვაქვს პროგრესი, მაგრამ ამ "ჰიბრიდული რეჟიმის" ქვეყნის სტატუსს ვერ გავცდით (მაშინ როცა მონღოლეთი გასცდა). ამ ხელისუფლების პირობებში რომ დემოკრატიის მხრივ დიდი წინსვლა განვიცადეთ, აშკარაა, მაგრამ საბოლოოდ დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებამდე ვერ მივდივართ. გასაგებია, რომ დემოკრატია პროცესია, რომ მალე ვერ მოხდება, მაგრამ ახლა XXI საუკუნეა და 200 წელი არ სჭირდება დემოკრატიის შენებას. უბრალოდ, საქმეს რომ დაიწყებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო.

საქართველოში კი რა ხდება? რაღაც პროგრესს განვიცდით და მერე ვჩერდებით. მერე ხელისუფლება ხვდება, რომ კიდევ მეტი დემოკრატია შეიძლება სულაც არ აწყობდეს, რაღაცებმა შეიძლება ცოტა მოიცადოს, დემოკრატია ცოტა ხნით გადაიდოს. მაგალითად, კარგი საარჩევნო კოდექსი ახლა კი არა, 2020-ისთვის იყოს, რადგან ახლა პროპორციული სისტემით "ოცნებამ" შეიძლება წააგოს; მაგალითად, სხვადასხვა უწყებაში ე.წ. ოდეერების არსებობაზე უშიშროება ჯერ უარს ვერ იტყვის, საფრთხეებია; მოსმენების კანონი ჯერ მთლად ისეთი ვერ იქნება, როგორსაც არასამთავრობოები ითხოვდნენ; შსს-ს გაყოფა გადაწყვიტეს, მაგრამ ეს რამეს შეცვლის თუ უბრალოდ ერთის ნაცვლად, უკვე ორი პრობლემური უწყება გვექნება, ჯერ არ ჩანს; ასევე, თურმე, მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის პრაქტიკა მოიცდის; ყველა ეუბნება ხელისუფლებას, საბანკო ზედამხედველობის სამსახურს ეროვნული ბანკიდან ნუ გამოყოფთო, მაგრამ არ ესმით, მზად არიან, ქადაგიძის სიძულვილს ინსტიტუტების მდგრადობა გადააყოლონ. არადა, ამ ქადაგიძეს ვადა 7 თვეში გასდის.

რაც უფრო ქვევით დაიწევს "ოცნების" რეიტინგი, დემოკრატიული რეფორმები სულ უფრო მეტად გაჭირდება. დემოკრატია ხელისუფლებისთვის მაშინაა კარგი, როცა ამ ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება, თორემ, როცა ხალხის მხარდაჭერის იმედი აღარ გაქვს, დემოკრატია მოიცდის!

დემოკრატია ვერ მოიცდის! და ამას რაც უფრო ადრე მიხვდება "ოცნება", მით უკეთესი იქნება მისთვის.
kote
03 ივლისი 2015 15:42
რა დიდი ნახტომი გააკეთა დემოკრატიის კუთხით საქართველომ, ეს ვერ გავიგე, მერაბ. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ერთხმად ითხოვდნენ ბუბა კუდავას დირექტორად დატოვებას. მაგრამ არ მოინდომა პრემიერმა, ვის და რის გამო, ეს ყველამ იცის, ამიტომ დანიშნეს დირექტორად ზაზა აბაშიძე (ვითომ კონკურსის წესით, კომისიაში სპეციალისტი 2 იყო 7 არაკომპეტენტურის წინააღმდეგ). და ბოლოს ცინიზმის და "დემოკრატიის" ზეიმი: მარიკა ლორთქიფანიძის და სხვ. მილოცვა ცენტრს აბაშიძის დანიშვნის გამო. ეს არის დემოკრატია? თქვით თქვენი აზრი ვაჟკაცურად და არა შეფერადებულად, როგორც, სამწუხაროდ, გჩვევიათ და ტქუილად ესხმით თავს ვინმე მანანას.
david
03 ივლისი 2015 08:22
სტატიის ავტორს თითქმის ვეთანხმები.ერთი ამ მთავრობის ვერ გამიგია, რაც უეჭველი გასაკეთებელია იმას არ აკეთებენ და რაც არა სავალდებულო ,არა საჭიროა იმაზე თავს იკლავენ.
merab metreveli
30 ივნისი 2015 19:09
მანანა, ძვირფასო, რას ნისნავს ვიტმ ობიექტურიბა, ანს აიდან დაასკვენით რომ ვთამასობ? ან საეღტოდ რა გინდათ? ტუ რამეში არ მეთანხმებით, დაწერეთ, როგორც სხვები აკეტებვენ, რას მლანძრავთ და თან ცილს მწამებთ, ფული უნდაო და ა. შ. არც კი მიცნპბტ ასეტ რაღაცეებს მაბრა;ებთ. ამას მარტო ბოროტი ადამიანი, თუ იზამს

რედაქტორის რჩევით