რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ "ისლამური სახელმწიფოსგან" მომავალი საფრთხე გაანეიტრალოს?! - კვირის პალიტრა

რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ "ისლამური სახელმწიფოსგან" მომავალი საფრთხე გაანეიტრალოს?!

უპირველესად, უნდა დადგინდეს ის მოტივები და მიზნები, რის გამოც რამდენიმე დღის წინ "ისლამური სახელმწიფოს" ახალი - კავკასიის ვილაიეთი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც, შარშან გამოქვეყნებული რუკებით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის ოთხი რეგიონის: დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის გარდა, საქართველოც შედის.იმავდროულად, უნდა განვსაზღვროთ, რეგიონში ახლო თუ შორეულ მეზობელთაგან ვინ შეიძლება იყოს პარტნიორი ამ საქმეში; უნდა ვიზრუნოთ იმ მიზეზების აღმოფხვრაზე ქვეყანაში, რომლებიც, პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოს მუსლიმანი მოსახლეობით დასახლებული რეგიონების მკვეთრ ისლამიზაციას შეიძლება უწყობდეს ხელს.

დავიწყოთ ზემოთ ხსენებული მოტივებითა და მიზნებით: "ისლამური სახელმწიფოს", ისევე როგორც სხვა ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის თავდაპირველი მასაზრდოებელი აშშ, საუდის არაბეთი და სხვები იყვნენ, რომლებიც ისლამისტთა რადიკალურ ჯგუფებს ახლო აღმოსავლეთში საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში ამ დაჯგუფებებს ვეღარ აკონტროლებდნენ და ისინი მსხვილ ტერორისტულ ორგანიზაციებად ყალიბდებოდნენ. ასე მოხდა "ისლამური სახელმწიფოს" შემთხვევაშიც, რომლის ბირთვს სირიის ხელისუფლების ოპოზიცია წარმოადგენს და ფინანსდებოდა, იწვრთნებოდა და იარაღდებოდა საუდის არაბეთში, თურქეთში და ა.შ. ასე რომ, ტერორისტულ ორგანიზაციებს, გარდა ფანატიზმისა, პრაგმატიზმიც ამოძრავებს. ჩრდილო კავკასიისა და ზოგადად, კავკასიის შემთხვევაში, მისი ფინანსური ინტერესი შეიძლება მოიცავდეს ბევრ რამეს: დაწყებული ნარკოტრაფიკის კონტროლით, დამთავრებული გაზსადენებსა და ნავთობსადენებზე დივერსიული აქტებით.

რაც შეეხება წმინდა პოლიტიკურ ინტერესს: აქ ერთმანეთს შეიძლება გადაეჯაჭვოს შიდა და გარე პოლიტიკური მოტივები, კერძოდ, ახალი ძალით იფეთქოს ჩრდილოეთ კავკასიაში მიძინებულმა, ისლამურ რადიკალიზმთან შეზრდილმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, რასაც აუცილებლად გამოიყენებენ საგარეო მოთამაშეებიც პუტინის რეჟიმის დასასუსტებლად. დასავლეთი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ სირიის ხელისუფლების მხარდაჭერა ამ სისხლისმღვრელ კონფლიქტში აშშ-ის ღრმად შეთრევის მცდელობაა, რათა მან სხვა პრობლემებისთვის ნაკლებად მოიცალოს. ამავე ლოგიკით, დაძაბულობის კერის გაჩენა ჩრდილოეთ კავკასიაში შეზღუდავს რუსეთის რესურსების გადასროლას ევროპისკენ. მით უფრო, რომ რუსეთი არ ჩერდება და ყოველდღიურად ახალ სიურპრიზს "უცხობს" ნატოს წევრ ქვეყნებს: მაგალითად, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, თუ რამდენად კანონიერად მიანიჭა დამოუკიდებლობა 1991 წელს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს მაშინდელმა სახელმწიფო საბჭომ.

თავის მხრივ, რუსეთიც შეიძლება შეეცადოს, "ისლამური სახელმწიფოს"  კავკასიის ხალიფატის სახელს ამოფარებულმა, პრობლემები შეუქმნას ურჩ“ მეზობლებს: მაგალითად, გადმოისროლოს ტერორისტები საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში, მოახდინოს დაძაბულობის ინსპირირება და  შემდეგ იმ მოტივით, რომ საქართველო ვერ ახერხებს საკუთარი საზღვრების ეფექტურ დაცვას, მოითხოვოს საზღვრების ერთობლივი გაკონტროლება.

ამიტომაც აუცილებელია ზუსტად განვსაზღვროთ საგარეო-პოლიტიკური პარტნიორები ამ პრობლემასთან გასამკლავებლად.

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები უკვე თურქეთის ქურთებით დასახლებულ საზღვრისპირა ქალაქებთან არიან და თურქეთის გავლით დღემდე მარაგდებიან ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლებით. სხვა მიზნებთან ერთად, თურქეთი, როგორც ჩანს, "ისლამური სახელმწიფოს" ხელით ქურთების მოთოკვასაც ცდილობს. ამ გზით ხვდებიან იქ პანკისელი საქართველოს მოქალაქეებიც. რადგან საზღვარი ერთი მიმართულებით ტერორისტებისთვის ღიაა, საკითხავია, რამდენად დაცულია ის მეორე მიმართულებით: ანუ სირიიდან თურქეთის გავლით საქართველოში და აქედან, ევროპაში. თუ დავუშვებთ, რომ რუსეთმა შეიძლება "ისლამური სახელმწიფოს" ფაქტორი საქართველოში სიტუაციის დაძაბვისთვის გამოიყენოს, გამოდის, საქართველოს საზღვრები თურქეთისა და რუსეთის მხრიდან ტერორისტების შემოღწევისთვის არც მთლად დაცულია. ამიტომ პირველი ორი ქვეყანა, ვისთანაც საქართველომ ინტენსიურად უნდა ითანამშრომლოს, თურქეთი და რუსეთია. რუსეთს სჭირდება მშვიდობიანი ზურგი ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში; ისევე როგორც თურქეთს, რომელიც მალე მიხვდება, რომ "ისლამური სახელმწიფო" მისთვის უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ავტონომიის მოსურნე ქურთების პრობლემა.

ირანი, რომელიც აშშ-ის მოკავშირეა რეგიონში, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის პროცესში საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი პარტნიორი უნდა გახდეს, თუნდაც სადაზვერვო მონაცემების გაცვლისა. საქმეში. საუდის არაბეთთან პარტნიორული ურთიერთობაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პრევენციული ზომების მისაღებად.

ამ მხრივაც კიდევ ერთხელ გამაოგნებელია ევროპის ახლომხედველობა: დასავლური პრესა მიიჩნევს, რომ კავკასიაში "ისლამური სახელმწიფოს" ვილაიეთის შექმნა მათ უსაფრთხოებას პრობლემას არ უქმნის. თვლიან, რომ მათი მთავარი პრობლემა "ისლამური სახელმწიფოს" რიგებიდან შინ დაბრუნებული ევროპელი მოჯაჰედები არიან. მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ რაც უფრო გაფართოვდება "ისლამური სახელმწიფოს" მოქმედების არეალი, მით უფრო მეტ ევროპელს გადაიბირებენ მათ რიგებში საბრძოლველად.

და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით აქტიური მუშაობაა საჭირო აშშ-თან, რომლის თანადგომის გარეშე ამ ჩვენთვის უცნობი საფრთხის თავიდან აცილება გაგვიჭირდება.

დასასრულ, ყველაზე მნიშვნელოვანი: შიდა ფაქტორები, რომელთა აღმოფხვრაც აუცილებელია, რათა ნოყიერი ნიადაგი არ შეექმნას რადიკალური ისლამის საქართველოში გავრცელებას. აუცილებელია ურთიერთობის გამყარება ადგილობრივი მუსლიმანური თემების სასულიერო ლიდერებთან; ასევე, თურქეთისა და ირანის იმ არარადიკალურ სასულიერო ჯგუფებთან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: პანკისის ხეობაში, აჭარაში, კახეთსა თუ ქვემო ქართლში.

უნდა შემუშავდეს სპეციალური პროგრამები მუსლიმანური მოსახლეობის სოციალური ინტეგრაციისა და განათლების ზრდისთვის. უნდა გამოიყოს სპეციალური კვოტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში; უნდა უზრუნველვყოთ მათი კულტურული და რელიგიური იდენტურობის მაქსიმალური დაცულობა;

ამერიკელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მათი მთავარი შეცდომა ტერორიზმთან ბრძოლაში უდანაშაულო მუსლიმი მოსახლეობის რადიკალიზაცია იყო. ამიტომ გვირჩევენ,„საქართველოს მთავრობამ დიდი ყურადღება გამოიჩინოს, რათა, ერთი მხრივ, ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირის მქონე პირები გამოავლინოს და მეორე მხრივ, ამ პროცესში უდანაშაულო მუსლიმი მოსახლეობის რადიკალიზაცია არ მოხდეს. მოსალოდნელი საფრთხის არც მიჩქმალვა გამოგვადგება და არც გაბუქება. მთავარია, მიზნები, პრიორიტეტები და პარტნიორები სწორად განვსაზღვროთ და დრო არ დავკარგოთ.