გვიან დაბრუნებული ვალი (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
06-07-2015
გვიან დაბრუნებული ვალი (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
2003 წელია. წელიწად-ნახევარია თბილისში ვცხოვრობ და ვმუშაობ ერთ-ერთ გაზეთში. ნაქირავებ ნახევრად სარდაფში მოხუც მამასთან ერთად ვცხოვრობ და თვეში 80 ლარს ვიხდი. ერთ მშვენიერ დღეს გაზეთის რედაქტორმა სამსახურიდან გამიშვა. ჰოდა, დავრჩი უცხო ქალაქში სამსახურის გარეშე; ქალაქში, სადაც ამ დროისთვის ყველაზე ახლოს პოლიტიკოსებს ვიცნობ, ვისთანაც ინტერვიუებს ვაკეთებდი. ბუნებრივია, სხვა გაზეთებს მივაკითხე, მაგრამ მოგეხსენებათ, სანამ ახალ სამსახურში ფეხს მოიკიდებ, პირველ ხელფასს ან ნორმალურ ჰონორარს აიღებ, დრო გადის. მე კი ბინის ფული მაქვს გადასახდელი.

ჯანდაბას, მარტო რომ ვიყო, რაღაცას კიდევ მოვიფიქრებდი, მაგრამ მოხუცთან ერთად ქუჩაში ხომ არ დარჩები? თვის ბოლოს ფული რომ ვერ მივიტანე, ბინიდან გაგდების რეალური საფრთხის წინაშე დავდექი, დავივიწყე ყოველგვარი ჟურნალისტური სტანდარტი, ეთიკა (რაზეც მაშინ ისედაც ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა) და ორ ადამიანთან გავბედე ჩემი პრობლემის შესახებ ლაპარაკი.
ერთ-ერთი ალეკო შალამბერიძე იყო, რომელსაც ჟურნალისტებთან განსაკუთრებული, მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. ბუნებრივია, 100 ლარი, რომელიც მისგან ვისესხე, როგორც თქვენ არ დაგიბრუნებიათ მისთვის, ისე _ მე. იმიტომ კი არა, რომ უსინდისო ვარ. უბრალოდ, მერე, როცა ფინანსური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამომიკეთდა, ვერ გავბედე, მეთქვა, ფულს დაგიბრუნებ-მეთქი. შემეშინდა, შეურაცხყოფად არ მიეღო. ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი, როცა შევხვდებოდი, სულ ვეუბნებოდი: "ბატონო ალეკო, თქვენი ასი ლარი მაქვს ვალი". ისიც იცინოდა და დაივიწყეო, მეუბნებოდა, მაგრამ სიტყვა "დაგიბრუნებ" ვერაფრით ვუთხარი. ძალიან გული დამწყვიტა მისმა უეცარმა გარდაცვალებამ. მინდა ვალი დღეს მას ამ მოგონებით დავუბრუნო.

სუპერთასი, ბილეთები და  ge


კარგი ამბავია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, ყველა ტელევიზიას, დიდს თუ პატარას, ერთნაირი შანსი ეძლევა, მაგრამ ხელისუფლებამ ისე ვერ მოაგვარა ეს საქმე, რომ პრობლემა არ შექმნილიყო. სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა, სამაგიეროდ, დაივიწყა მარტოხელა პენსიონერები, რომლებიც 150 ლარზე ცხოვრობენ და აღმოჩნდა, რომ ახლა 70 ლარი აქვთ გადასახდელი რAაღაც მოწყობილობაში, რომლის გარეშეც ტელევიზორს ვერ უყურებენ. ასევე არიან ოჯახები, რომლებიც არ გადიან სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში, მაგრამ 70 ლარი ძნელი გადასახდელია!

მაგრამ რა არის ამასთან შედარებით ის უთავბოლობა, რაც სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით მოხდა. გასაგებია, რომ ასეთ მატჩს პირველად ვატარებთ, მაგრამ პირველად რომ ატარებ, სწორედ ამიტომ უნდა მოინდომო და იაღლიშები არ მოგივიდეს. ვისი ბრალია? ალბათ, ყველასი: ხელისუფლების იმიტომ, რომ საერთოდ განზე გადგა, აქაოდა, ფეხბურთის ფედერაციაა პასუხისმგებელიო; ფედერაცია, რაც უნდა უცნაური იყოს, ასევე განზე გადადგა, აქაოდა, უეფას დელეგატი თავად აგვარებს ყველაფერსო; რა თქმა უნდა, ბილეტები.გე-ს, რადგან თურმე ვერ გათვალეს, რომ "ბარსელონას" თბილისში ჩამოსვლას ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა; ბოლოს და ბოლოს, დამნაშავე არის სწორედ ეს გე, ანუ ქართული ხასიათი, უფრო სწორად, ქართული მატრაკვეცობა. როგორც დავაკვირდი, ბილეთებზე ბევრი ისეთი ვინმე ჩალიჩობს, ვინც ფეხბურთს საუკუნეში ერთხელ უყურებს, განსაკუთრებით _ გოგოები. "ბარსელონა", მესი და რამე... ხომ არ დააკლდებიან! საბოლოოდ ყველანი ერთად იმდენი აღმოჩნდნენ, რომ გაჭედავდა საიტი, აბა, რას იზამდა!
gizo
17 ივლისი 2015 09:40
"ერთ მშვენიერ დღეს გაზეთის რედაქტორმა სამსახურიდან გამიშვა."
გამახსენდა გამოთქმა: ერთ მშვენიერ დღეს ლენინი გარდაიცვალა.
ნათია
12 ივლისი 2015 13:26
მთელი ცხოვრება იმას განვიცდიდი რომ ჩემ შვილს ძალიან უცნაური ჩვევა ჰქონდა, არანც და არამც ადამიანს გამარჯობას არ ეტყოდა თუ არ იცნობდა, მაგალითად მაღაზიაში რომ შევდივართ, გამყიდველებს ვესალმებით, მან ეს ვერაფრით ვერ აითვისა და ჩემს ნერვიულობას საზღვარი არ ქონდა, ძალიან ცუდი ხასიათის შვილი გავზარდემეთქი, ვფიქრობდი. ახლა შენმა ვალმა გამახსენა ეს ამბავი. სტუმრად მეწვია მისი ამხანაგი, შემთხვევით გადავიარე ეზოზე და შემოვედიო და მომიყვა, ერთხელ კორპუსის ქვეშ ვიდექი და მეზობლებს ათ ლარს ვთხოვდი წამლისთვის მინდოდა, ბავშვი მყავდა ავადო, ჩვენ იქ აღარ ვცხოვრობდით, ვხედავ მოდის თქვენი უხეში შვილი, თან იცინის და ვეუბნები, წამლის ფული მინდა დათო, იქნება 10 ლარი მასესხომეთქი, ამოიღო ას ლარიანი და მაძლევს, აჰა! უყიდე ბავშვს წამალი და სხვა, რაც დაგრჩებათ გამოიყენეო. სიხარულისაგან ავტირდი. ახლა ის კი არ მიყვარს ისე ძალიან როგორც თქვენ, ასეთი რომ გაზარდეთო. მე კი ვუთხარი, სალამს რომ არ აძლევს ადამიანებს ამაზე რატომ არაფერს ეუბნებითმეთქი. არა უშავს, კახელია, გაუგებენო. კახელებმა სალამი არ იციან მეთქი? გაიცინა, მე კი, მე მიხაროდა რომ ჩემმა შვილმა ეს გააკეთა, მხოლოდ მერე, როცა საქართველოში შიმშილი და უბედურება იდგა რას აკეტებდა ამაზე მთელი ჩვენი უბანი დღემდე ლაპარაკობს . კარგია, კარგი ადამიანი, ისეთი მიცვალებულიც რომ არ ავიწყდებათ. ღმერთმა აცხონოს, ნათელში იყოს მისი სული და თქვენც სულ კარგად იყავით სიკეთის დანახვისათვის.ისე ჩემო მერაბ, აქ გამეფებულმა უსამართლობამ საზღვარგარეთ გამიქვია ის ”უზრდელი” ბიჭი და იქ დასახლდა. რომ ვკითხე აქ როგორ ჩერდებიმეთქი მიპასუხა, აი ხომ იქნები აქ სამი თვე დააკვირდი, ის წესრიგია რაც ჩვენთანო. წესრიგი კი მართლა უმაღლეს დონეზე იყო, მაგრამ სიყვარული ვერ დავინახე, ის სიყვარული ჩვენ რომ გვახასიათებს და შემეცოდა, ბავშვიც ალბათ ისეთივე ცივი და მიუკარებელი გაიზრდება, როგორებიც იქ ვნახე. ეს ჰოლანდია იყო.

რედაქტორის რჩევით