"სააკაშვილი დროის 70%-ს ფულის კეთებას უთმობს" - კომპრომატები ქართველი ექსჩინოვნიკების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი დროის 70%-ს ფულის კეთებას უთმობს" - კომპრომატები ქართველი ექსჩინოვნიკების წინააღმდეგ

"უკრაინაში კლინიკების 95% სახელმწიფო საკუთრებაა და საბაზრო ღირებულება 300 მილიარდ დოლარს აღემატება. უკრაინის სამედიცინო წრეებმა ეს სქემა გაშიფრეს და კვიტაშვილს შეუტიეს. ასე რომ, აღარავის გადაუხედავს კვიტაშვილის 130-გვერდიანი დოკუმენტისთვის, რომელიც თითქოსდა რეფორმებს მიუძღვნა."

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. სხვათა შორის, მას ამჟამინდელმა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკის" გვერდზეც სთხოვა, რომ პოსტი დაეტოვებინა. რა ხდება უკრაინის პოლიტიკურ ზედა ეშელონებში, სადაც ქართველი ექსჩინოვნიკები მაღალ თანამდებობებს იკავებენ და რა მამხილებელი კომპრომატები გავრცელდა მათ წინააღმდეგ?! გვესაუბრება უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მრჩეველი ირაკლი გოგავა:

- როგორც მოსალოდნელი იყო, კვიტაშვილი რეფორმატორი ვერ გახდა. იგი არც საქართველოში გამოირჩეოდა ამით. ერთადერთი, რაც აქ გააკეთა, სახელმწიფო ჰოსპიტალური სისტემის გროშებად გაყიდვა იყო. რესპუბლიკური საავადმყოფოს 70-მილიონიანი ქონება კვიტაშვილმა სულ რაღაც 6 მილიონ ლარად გაასხვისა. მსგავსი კონტრაქტების უკან შავი ფული ტრიალებდა, რომელსაც კვიტაშვილი ხელსაც ვერ ახლებდა, რადგან ქვეყნის მაშინდელ ლიდერებთან უნდა მისულიყო. ამდენად, უკრაინაში მისი ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნაც იმავე სქემის ამოქმედების სურვილით იყო განპირობებული.

უკრაინაში კლინიკების 95% სახელმწიფო საკუთრებაა და საბაზრო ღირებულება 300 მილიარდ დოლარს აღემატება. უკრაინის სამედიცინო წრეებმა ეს სქემა გაშიფრეს და კვიტაშვილს შეუტიეს. ასე რომ, აღარავის გადაუხედავს კვიტაშვილის 130-გვერდიანი დოკუმენტისთვის, რომელიც თითქოსდა რეფორმებს მიუძღვნა.

- უკრაინული პრესა წერდა, რომ პრემიერი იაცენიუკი მედიკამენტებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების პროგრამის მიმდინარეობით უკმაყოფილო იყო და სათანადო ორგანოებს კვიტაშვილისა და მისი მოადგილის საქმიანობის შესწავლა დაავალა.

- დასკვნა 10 ივლისს გახდება ცნობილი. თუმცა დაიწერა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში სიტუაცია უმართავია, მედიკამენტების სახელმწიფო შესყიდვების 190-მილიონდოლარიანი პროგრამა ჩავარდა, რის გამოც ონკოლოგიური სნეულებით, ტუბერკულოზითა და შიდსით დაავადებული მოქალაქეები მკურნალობას ვერ აგრძელებენ. ვერ შემოიტანეს ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატებიც, რის გამოც ადამიანები დაიღუპნენ.

ჩემი წყაროებიდან მივიღე  ინფორმაცია, რომ მალე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ოლგა ბოგომელეცი გახდება, ის კიეველი ექიმების ცნობილი დინასტიიდან არის, აკადემიკოს ბოგომელეცის შვილიშვილია და ამჟამად პოროშენკოს მრჩეველია.

ექსკლუზიურად კიდევ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით:

კვიტაშვილმა თავის პირველ მოადგილედ დანიშნა პავლენკო, ფარმაცევტული მონოპოლისტი კომპანია "დარნიცის" წარმომადგენელი, რომელმაც კვიტაშვილთან ერთად ბორშაგოვკის ფარმაცევტული ქარხნის 30% წილის "დარნიცისთვის" მიყიდვა უზრუნველყო. ქარხნის საბაზრო ღირებულება 100 მლნ დოლარს აღემატება, შესაბამისად, 30%-იანი წილი 30 მილიონი მაინც უნდა ყოფილიყო, რაც  "დარნიცას" სულ რაღაც 8 მილიონ დოლარად მიჰყიდეს.

არადა, აუქციონში 3 ფირმას მონაწილეობაზე უარი უთხრეს. ეს ქარხანა კიევს ეკუთვნოდა და ჯანდაცვის სამინისტრო ზედამხედველობდა.

კულუარული ინფორმაციით ვიცი, სააკაშვილს უთხრეს, უკრაინის 300-მილიარდიანი ჰოსპიტალური ქონების გაყიდვიდან კაპიკს ვერ მიიღებო.

- ამბობენ, პრეზიდენტ პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის შავმა კატამ გაირბინაო...

- სააკაშვილმა ევრომაიდნის წარმატებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო და რაღაც აქტივობები კიდეც დააფინანსა. გარდა ამისა, პირადად პოროშენკოს დაეხმარა, პრეზიდენტობის კანდიდატად სწორედ ის დასახელებულიყო და არა კლიჩკო. ამ ყველაფრისთვის სააკაშვილს ჯერ რამდენიმე სფერო მისცეს, ბოლოს კი გავლენის სფეროები შეუკვეცეს და "კარმუშკად" ოდესის გუბერნატორობა დაუტოვეს. პოროშენკოს ჯერჯერობით სჭირდება სააკაშვილი, განსაკუთრებით იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, ვინც მას არ შეუთანხმდებიან. პოროშენკოს ნებისმიერ მომენტში შეუძლია სააკაშვილის გამოპანღურება ან საქართველოს სამართალდამცავებისთვის გადაცემა. ვფიქრობ, ეს ოდესის გუბერნატორმა კარგად იცის, ამიტომ ბოლომდე პოროშენკოს ყურმოჭრილი მონაა. გავიხსენოთ, როგორ დატუქსა უკრაინის გენპროკურორმა სააკაშვილი მისი გერის, ოდესელი პროკურორის, გორნოსტაევას გაკრიტიკებისთვის, მან კი წყენა გადაყლაპა. ეს მართლაც სასაცილო იყო. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილმა არ იცოდა, რომ პროკურორი გორნოსტაევა გენპროკურორის გერი იყო, თორემ მისი გაკრიტიკებისგან თავს შეიკავებდა.

- რა ბედი ელის სააკაშვილის დესანტს უკრაინაში და რეფორმებს, რასაც მათგან მოითხოვენ?

- უკრაინის პოლიტელიტის დაკვეთა, რომ რეფორმები ჩატარდეს, არც არსებობს. უბრალოდ,  მიმდინარეობს ქონებისა და გავლენების გადანაწილება. არსებულ სიტუაციაშიც ელიტა თავს კომფორტულად გრძნობს. მას მხოლოდ რეფორმების იმიტაცია სჭირდება, რათა დასავლეთიდან კრედიტები აიღონ.

იქნება საჩვენებელი რეფორმები: ავტოინსპექცია გადაკეთდება პატრულად, ავარიული სახლების ფასადები შეიღებება, მაგრამ ფუნდამენტურ სფეროებში: ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, მეცნიერებასა და ახალ ტექნოლოგიებში აუცილებლად უკუსვლა იქნება. ვფიქრობ, სააკაშვილის დესანტი ჩაამთავრებს პოროშენკოს პრეზიდენტობის ციკლს. სააკაშვილი ამასობაში ბევრ შოუს მოაწყობს, თუმცა ამისი მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, ოდესის პორტის კონტრაბანდული ტვირთების გაკონტროლება იქნება. მე მას კარგად ვიცნობ და ვინც არ იცის, ავუხსნი: სააკაშვილი საკუთარი დროის 70%-ს ფულის კეთებას უთმობს, 30%-ს კი პოლიტიკას. ასე იქცევა 1995 წლიდან, როდესაც პირველი დიდი ფული რუსული "იტერას" გაზის სქემებით იშოვა. "იტერა" რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავალი კომპანია იყო და  საქართველოს გაზის მოწოდებაზე ხელშეკრულებას "გაზპრომს" კი არა, "იტერას" უდებდა.

იქ, სადაც ახლა სააკაშვილი მოღვაწეობს, კორუფციის უმაღლესი დონეა და აქვს შანსი, ოდესის პორტიდან 2-3 მილიარდი დოლარი იშოვოს, თუმცა ცხადია, ეს ფული თავის უკრაინელ პატრონს უნდა გაუყოს.