ვალერი ხაბურძანია: "ეს მასხარა კაცი სახელსაც რომ გამოიცვლიდეს და მასხარა მასხარაშვილი გახდებოდეს, კარგს იზამს" - კვირის პალიტრა

ვალერი ხაბურძანია: "ეს მასხარა კაცი სახელსაც რომ გამოიცვლიდეს და მასხარა მასხარაშვილი გახდებოდეს, კარგს იზამს"

"ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში თითქმის ერთადერთი პოზიტიური ნაბიჯია, რუსეთთან ბოლო 5-წლიანი ურთიერთობის მანძილზე. ინტერესით ველოდები შედეგებს",  - ამბობს ვალერი ხაბურძანია, რომელიც სიმონ მასხარაშვილს მოსკოვიდან პასუხობს.

- ნინო ბურჯანაძის ვიზიტს მივესალმები და სანამ შედეგები არ იქნებოდა, არ ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ სიმონა მასხარაშვილის მასხრობამ გადამაწყვეტინა კომენტარი გავაკეთო. ისტორიკოსი კაცი სამეზობლოს პრიმიტივიზმით  - მაგი ჩემი მტერია და არ დაელაპარაკოთ  - რომ მსჯელობს, სახელსაც რომ გამოიცვლიდეს და მასხარა მასხარაშვილი გახდებოდეს კარგს იზამს. ეგ ის ისტორიკოსი არ არის, კრემლის ნანგრევებზე ქართული დროშა რომ უნდა აეფრიალებინა? ისე, ვურჩევდი კრემლში ამანათით გაგზავნოს და იქნებ დანგრევის გარეშე აგვიფრიალონ ხუთჯვრიანი დროშა, მასხარაშვილს კი ტრიუმფით შესვლაღა დარჩება "სპასსკიე ვოროტა"-ში.

ახლა სერიოზულად, ქ-ნი ნინო მიწვეულია დუმის სპიკერის, ნარიშკინის ეგიდით გამართულ კონფერენციაზე, სადაც სხვა მრავალი ქვეყნის დელეგაციებიც იქნება და განიხილავენ რეგიონალური უსაფრთხოების სკითხებს. რა მტრობაზე და იარლიყებზეა ლაპარაკი?! ჩემი აზრით, გამოყენებულ უნდა იქნას რუსეთთან კონტაქტის და საუბრის ნებისმიერი შესაძლებლობა. საქართველოს (გაერთიანებული სამეფოს მსგავსად) არ ჰყავს მუდმივი მტრები, თუ არ დაველაპარაკებით, მტრობა გახანგრძლივდება. ამდენად, ნინო ბურჯანაძის ვიზიტი სამწუხაროდ, თითქმის ერთადერთი პოზიტიური ნაბიჯია რუსეთთან ბოლო 5-წლიანი ურთიერთობის მანძილზე. ინტერესით ველოდები შედეგებს.

- თქვენ ადრე თქვით, რომ პუტინს ძალიან უყვარს საქართველო და რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს...

- მე ადრე ვთქვი, რომ პუტინს არ სძულს საქართველო. ტკბილი და მწარე საუბარი კი ისევ ჭიშკრის მეზობლებთან საუბრის ეპითეტებია. ქვეყნებს შორის არის დიპლომატიური საუბრები, რეალისტური და სასარგებლო, ზოგჯერ - უშედეგო, აი ეს ეპითეტები მიესადაგება პუტინთან სუბარს და არ ტკბილი და მწარე..

- თქვენ შეხვდებით ნინო ბურჯანაძეს?

- მე არ ვარ იმ კონფერენციაზე მიწვეული, თუ სიტუაციამ მოიტანა, შევხვდები, რაიმე მიზანმიმართული ქმედება შეხვედრისთვის, ჯერ გეგმაში არ მაქვს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)