უპასუხისმგებლობა და ნაღმები (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

უპასუხისმგებლობა და ნაღმები (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

მას შემდეგ, რაც დედაქალაქში ე. წ. ყვითელი "მარშრუტკები" გამოჩნდა, ყოველი ზაფხულის დამდეგს იწყება დაპირებები: წელს ყველა მძღოლი აუცილებლად ჩართავს კონდიციონერს, თუ არ ჩართავს, მკაცრად მოვთხოვთ პასუხს! ერთი კვირა ზოგიერთი მძღოლი მართლაც რთავს. ერთი კვირის მერე ისინიც კი, ვისაც ჩართული ჰქონდა და ვისზეც კომპანიის წარმომადგენლების მუქარამ გაჭრა, ფეხებზე იკიდებენ მგზავრებს. აქედან უკვე ჩემი ტანჯვა იწყება: ავდივარ მიკროავტობუსში, კონდიციონერი გამორთულია. ვკითხულობ, რატომ არ არის ჩართული-მეთქი. მძღოლი ისე მიყურებს, როგორც ინტრიგანს. მერე ან რთავს, მაგრამ ისეთი სახე აქვს, უეჭველად გულში გაგინებს, ან გეუბნება: არ მუშაობს და არკვიე ახლა შენ, მართლა გაფუჭებულია თუ არა. ზოგჯერ თავს გაცოდებს, - ბევრს წვავს, კომპანია კი არ მინაზღაურებსო. ამ დროს კომპანია იფიცება, - ყველა კონდიციონერი შევაკეთე და მძღოლებს ყოველდღიური გადასახადი დავუკელი კონდიციონერის ხარჯის ასანაზღაურებლადო. მე, მგზავრმა, სად ვარკვიო, ვინ იტყუება? კი ბატონო, ყველამ ვიცით, რა ხალხია ქართველი მძღოლების უმეტესობა: წუწუნის დიდოსტატები! კლიენტი ფეხებზე ჰკიდიათ. მაგრამ პასუხს მე მას ვერ მოვთხოვ. პასუხს კომპანიას ვთხოვ, რომელიც დამპირდა, რომ წელიწადში ორი თვე კონდიციონერს ჩამირთავდა და სამსახურში გასაწური არ მივიდოდი.

ამდენი წელია, ეს კომპანია უსინდისოდ გვატყუებს. ჩვენ გვავალდებულებს, სადაც ჩართული არ იქნება, დარეკეთ ცხელ ხაზზეო. ძალიან ცოტა დარეკავს, რადგან არავის უნდა ვიღაცის დაჯარიმების მიზეზი გახდეს. ეს საქართველოა! ის კი არა, ინტრიგანი რომ არ გამოჩნდეს, უმეტესობა მძღოლს კონდიციონერის ჩართვასაც კი არ სთხოვს! კომპანიას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, თავად შეამოწმოს საკუთარი მძღოლები? ან რა დიდი შემოწმება უნდა? დადექი ქუჩაში და ნახავ, რომ თითქმის ყველა მიკროავტობუსის ფანჯრები ღიაა, ესე იგი, კონდიციონერი გამორთული აქვს!

"სითი-პარკი" და "თბილისის მიკროავტობუსი" - უგულავას მიერ ნარმანიასთვის დატოვებული ნაღმებია. ნარმანიამ რამე თუ არ გააკეთა, ამ ნაღმებზე აუცილებლად აფეთქდება. ის კი ამ დროს მარჯვენასაჭიან მანქანებზე ლაპარაკობს.

ეშველება რამე?

ჩვენში ალბათ ორ რამეს არაფერი ეშველება: ქართულ ფეხბურთს და ქართველი პოლიციელების თავაშვებულობას. პირველ შემთხვევაში თუ შედეგი დაწყვეტილი ნერვებია, მეორეში - ნაცემი მოქალაქეები, ან უფრო სწორად, მოქალაქეები, რომლებიც მათ ცემასა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ახლა იქამდეც კი მივედით, რომ უკვე ქალებმაც დაიწყეს ჩივილი უდიერი მოპყრობის გამო. არ ვიცი, ისეთი რა ჩაიდინა ეკა კიკიანმა, კუს ტბიდან პოლიციის განყოფილებაში რომ გადაიყვანეს, ჯერ არც ის ვიცი, მართლა სცემეს, თუ შეწინააღმდეგების დროს დაულურჯდა მკლავები, მაგრამ ამ ამბავში პოლიციისკენ ვერ გადავიხრები. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: გატეხილი სახელი და კამერის ჩანაწერების გაქრობა. როცა კამერას იქამდე არ გაშიფრავ, ვიდრე ყველაფერი არ წაიშლება, უკვე ეჭვი ჩნდება. როცა საქმეს პროკურატურას კი არ გადასცემ, არამედ საკუთარ გენინსპექციას, რომელიც მაშინვე პოლიციელების გამართლებას იწყებს, ეჭვი ჩნდება.

მოკლედ, ბევრი ეჭვია, თუნდაც იმიტომ, რომ ეს არ არის ბოლო დროს გავრცელებული ერთადერთი ინფორმაცია პოლიციელებისგან მოქალაქის ცემის შესახებ, უბრალოდ, რატომღაც ამ ამბებზე ამხელა ამბავი არ ამტყდარა, როგორც კიკიანის შემთხვევაზე. მაგალითად, კახეთის საინფორმაციო ცენტრი ბოლო დღეებია, პოლიციის მხრიდან კახეთში მომხდარ მსგავს რამდენიმე დანაშაულზე წერს და არავინ შფოთავს. აუცილებლად ვაკეში უნდა გცემონ, საზოგადოება რომ აღშფოთდეს? აი, რას წერდა რამდენიმე დღის წინ კახეთის საინფორმაციო ცენტრი: "ყვარლის პოლიციაში კიდევ ერთ მოქალაქეს, 28 წლის კოხტა ვარადაშვილს სცემეს. როგორც ვარადაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, პოლიციის შენობაში მას აგინებდნენ, თავში სცემდნენ და აიძულებდნენ ეთქვა, ვინ მოიხმარს მარიხუანას სოფელ გავაზში, სადაც ის ცხოვრობს."

ასეთი ინფორმაციები ადასტურებს, რომ ჩვენს პოლიციას არაფერი ეშველა, ისევე როგორც ქართულ ფეხბურთს. წინა კვირას სამივე ქართული გუნდი დამარცხდა და ევროტურნირებიდან გამოვარდა...