"ჟვანია ხარშილაძემ 8 მილიონად გაყიდა" - კვირის პალიტრა

"ჟვანია ხარშილაძემ 8 მილიონად გაყიდა"

მამუკა არეშიძე: "აღარავის აინტერესებს, რა ვითარებაში ნახა ხარშილაძემ პრემიერის ცხედარი.  მთავარია, გავიგოთ, როგორ ან რით გარდაიცვალა ჟვანია"

მარინა მოლოდინი: "ეს არაკაცი "ნაციონალებს" აგინებდა და ეჭვობდა, რომ  ზურა მოკლული იყო, ახლა კი უნამუსოდ იტყუება..."

საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრის კობა ხარშილაძის მიერ სასამართლოზე გაკეთებულმა განცხადებამ, რასაც ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები და მეგობრებიც გამოეხმაურნენ.

"ხარშილაძეს რაც დაავალეს, ის ილაპარაკა"

გოგლა ჟვანია, ექსპრემიერის ძმა, პარლამენტარი: - სააკაშვილები, ადეიშვილები და მთელი მათი გარემოცვა ამ ვერსიას დიდი ხანია ავრცელებდნენ. ეს იყო თავიდანვე შეთითხნილი სცენარი, რომ კითხვის დასმის სურვილიც არავის გასჩენოდა, პირველ რიგში - ოჯახის წევრებს. უნდოდათ შევჩვეოდით ამ ვერსიას, მაგრამ ჩვენზე პირიქით იმოქმედა - მეტი მოტივაცია მოგვცა, საქმეს ბოლომდე ჩავყოლოდით.

მათთვის, ვინც ზურას იცნობდა, მით უფრო ოჯახისთვის, ცალსახად ნათელია, რომ ზურა მოკლეს. ეს თემა თავიდანვე რომ არ წამოეწიათ, შეიძლებოდა უბედური შემთხვევის ჩვენც დაგვეჯერებინა...

- მეორე მხარე ამტკიცებს, რომ პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები, ამ საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცეს...

- პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას და საბოლოოდ მოგვიწევს ექსჰუმაციამდე მისვლა. საქმეში არსებული მტკიცებულებები გამორიცხავს უბედურ შემთხვევას, გამოძიების შედეგად დადასტურდება, რომ ეს იყო მკვლელობა. თუ გახსოვთ, სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ თავიდანვე დაიწყეს მინიშნებები, ვითომ რაღაცას მალავდნენ და ასე ვთქვათ, ნამუსს უნახავდნენ ზურას. სინამდვილეში, სახალხოდ ახდენდნენ ამის დემონსტრირებას. ახლა ახალი არაფერი მომხდარა.

ხარშილაძეს რა დავალებაც მისცეს თავის დროზე, ახლაც იმ გეგმით მოქმედებს. ის არის ნაწილი მანქანისა, რომელიც წლების მანძილზე ახდენდა მასალების ფალსიფიცირებას. ამაში ჩართული იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, სააკაშვილით დაწყებული. ხარშილაძესთან დაკავშირებით, მალე სხვა რაღაცებიც გამოიკვეთება...]

"ჩვენ ამას ველოდით"

იაშარ იუსუპოვი, რაულის მამა: - იმ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს, რომ ეს იყო მკვლელობა. ჩვენ ამას ველოდით,

ჯერ კიდევ ჟვანიასა და რაულის დაკრძალვამდე ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას - გვირეკავდნენ ფარული ნომრებიდან, ამა და ამ მდგომარეობაში ნახესო. როცა ვინაობას ვეკითხებოდი, ტელეფონს მითიშავდნენ.

ამ ზარების ავტორები მაშინდელი სპეცსამსახურები თუ არა, სხვა ვინ უნდა ყოფილიყვნენ?

"საქმე კიდევ უფრო ბურუსით მოცული გახდა"

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: "ხარშილაძის მონათხრობში მთავარი ის არის, რომ  მან აღიარა პრემიერ-მინისტრის საქმის მასალების გაყალბება. თუმცა, ჯერ არ უთქვამს, ვინ დაავალა. ამ აღიარებას კი ვერავითარი სხვა "უხერხული თუ დელიკატური" თემა ვერ გადაფარავს. აღარავის აინტერესებს, რა ვითარებაში ნახა მან პრემიერის ცხედარი. მთავარია, გავიგოთ, როგორ ან რით გარდაიცვალა ჟვანია. ამ ჩვენებით ხარშილაძემ აღიარა, რომ  წინა ჩვენებებში იტყუებოდა. თუმცა ვერც ამ ბოლო ჩვენებით გაეცა ბევრ კითხვას პასუხი, პირიქით, პრემიერის სიკვდილის გარემოებანი კიდევ უფრო ბურუსით მოცული გახდა. მართალია, მან ამჯერად იუსუპოვის გვამის ბინიდან გატანა აღიარა და ამით თითქოს მისი ბინაში შემოტანის ამბავი "გაამართლა", რასაც თვითმხილველი ჰყავს,  მაგრამ ეს სულაც არ ადასტურებს იმას, რომ ჟვანია და იუსუპოვი მოკლულები არ არიან.  სხვათა შორის,

ერთ-ერთმა თვითმხილველმა მომითხრო, რომ ღამით მკვლელობის სცენა თავად ნახა.

მისი თქმით, წყნეთის გზაზე მოდიოდა ესკორტი, გაჩერდა  ერთ მოსახვევში, უკანა მანქანიდან, სავარაუდოდ, ზურაბ ჟვანიას მანქანაში (როგორც ის ამბობს) ვიღაც გადავიდა, რასაც გასროლის ხმა მოჰყვა. ეს თვითმხილველი პროკურატურას დავაკავშირე და მან ჩვენება მისცა. ის, რომ დაცვის წევრებმა იუსუპოვის ცხედარი პირადი მოსაზრებით გაიტანეს, მერე მიხვდნენ, რომ სისულელე ჩაიდინეს და უკან შემოიტანეს, არასერიოზულია. მინიმუმ, მათ ის მაინც უნდა თქვან, თუ ვისი დავალებით ჩაიდინეს ეს დანაშაული. ]

"ხარშილაძე თავად ეჭვობდა, რომ ზურა მოკლული იყო"

მარინა მოლოდინი, ზურაბ ჟვანიას ყოფილი გუნდის წევრი: "ხარშილაძემ დაადასტურა, რომ ის ნაძირალა და არაკაცია, რომელიც ამ შემთხვევიდან პირველივე დღეებში "ნაციონალებს" აგინებდა და ეჭვობდა, რომ ზურა მოკლული იყო, ახლა კი უნამუსოდ იტყუება... იმხანად, ვიდრე ზურას მოკლავდნენ, სააკაშვილსა და ჟვანიას შორის ძალიან დაძაბული იყო ურთიერთობა. ამას აშკარად ვგრძნობდით, მაშინ ხომ ბურჯანაძის, სააკაშვილისა და ჟვანიას გუნდი ერთი პოლიტიკური ძალა იყო, თუმცა ჩვენ ჩუმად და დამოუკიდებლად დავიწყეთ ოფისის ხარჯების დაფარვა, დაცვასა და ყარაულს ფარულად ვუხდიდით თანხას, რადგან ეს ადგილი ცალკე შეხვედრებისთვის გვჭირდებოდა.

სააკაშვილს ძალიან აწუხებდა ზურას მზარდი რეიტინგი და ისიც, რომ ბევრ საკითხში პრემიერი მას სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა.

არ ვიცი, რას მოჰყვა ბოლოს მათი დაპირისპირება, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათ შორის წაკამათება სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ეს არ იყო დაგეგმილი მკვლელობა, რადგან მისი სიკვდილის შესახებ მწყობრი ვერსიის დალაგება ძალიან გაუჭირდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მოახერხებდნენ".

"ვინ დაიჯერებს ამ ნაბოდვარს?"

ხათუნა ხოფერია, ზურაბ ჟვანიას ყოფილი გუნდის წევრი:

- თუ ეს ნაბოდვარი ნაფიცმა მსაჯულებმა დაიჯერეს, ეს ამ ინსტიტუტისთვის ძირის გამოთხრა იქნება!

ეჭვი არ მეპარება, ზურა მოკლულია. ტუჩთან ჰქონდა ნაჭდევი, რომელიც არ შეიძლება, სიკვდილის შემდეგ იყოს მიღებული, თავის ქალაზე აღენიშნებოდა ჰემატომა... ხარშილაძეს კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი აქვს შეჭმული, რაც წინა ხელისუფლებამ აპატია იმისთვის, რომ ახლა ეს სიბინძურე ეთქვა. დიახ, ხარშილაძემ ჟვანია 8 მილიონად გაყიდა. ეს საქმე სააკაშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია და მას წერტილს დაუსვამს.

ზურაბ ჟვანიას საქმის პროკურორი რევაზ ნადოი მიიჩნევს, რომ გარდაცვლილი პრემიერის დაცვის წევრების ბოლო ჩვენებებს ღირებულება არა აქვს.

"ესენი ამ თემით ერთობიან"

რევაზ ნადოი, პროკურორი: - ადამიანს, რომელმაც რამდენჯერმე იცრუა და შეცვალა ჩვენება, შეიძლება, ენდო? შეიძლება, მის სიტყვას რაიმე ღირებულება ჰქონდეს? ორი წლის განმავლობაში, ვიდრე 10 ივლისის პროცესი ჩატარდებოდა, მასმედიით ერთი ამბავი იყო ატეხილი, არიქა, ბრალდებულები დუმილის დარღვევას აპირებენო... და რა თქვეს სენსაციური? ამ დეტალებზე გოგლა ჟვანიამ პირდაპირ ეთერში ისაუბრა და ყველამ გაიგო, რა სცენაც”იყო ბინაში დადგმული. შეიძლება ხვალ-ზეგ მორიგი ტყუილის მომსწრენიც გავხდეთ, ესენი ამით ერთობიან. როდესაც ოჯახია, როცა პიროვნებაზეა ლაპარაკი, რომელსაც მთელი მსოფლიო პატივს სცემდა, შეიძლება ასეთი თემებით გართობა? ისინი აპელირებენ იმაზე, რომ ჟვანიას მითითებას დავემორჩილეთო. კარგად იციან, რომ დასაცავი ობიექტის განკარგულება მათთვის სავალდებულო არ არის. მათ ვერ შეძლეს დასაცავი პირის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ობიექტი რომ გულდასმით შეემოწმებინათ და იქვე, პერიმეტრზე, დახურულ კარს მიღმა მუდმივ კავშირზე ყოფილიყვნენ, ალბათ, ასეთი შედეგი არ დადგებოდა.

წარმოიდგინეთ, დასაცავი პირი კონკრეტულ ადგილას სიკვდილს ებრძვის, მისი პირადი მცველები კი ერთი მცხეთაში, მეორე რესტორან "მოსკოვში" ქეიფობენ. ისინი 4 საათის შემდეგ აკითხავენ ზურაბ ჟვანიას. ამის შემდეგ შეიძლება გამართლება მოვუძებნოთ ძაძამია-ხარშილაძის ქმედებას?

- პროკურატურა მაინც რომელი კვალიფიკაციისკენ იხრება - მკვლელობისკენ?

- ფაქტია, რომ სიკვდილი არაბუნებრივად, გარე ფაქტორების მოქმედების გამო დადგა. ახლა რაც გინდა დაარქვით - მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა, ამით კვალიფიკაცია არ შეიცვლება. თქვენ მეკითხებით ჟვანიას ძირითად საქმეზე და ვინაიდან ამ საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე პასუხს ვერ გაგცემთ...

- ყბადაღებულ FBI-ს დასკვნაზე რას იტყვით, რომლის ამ საქმეში დართვასაც ჯერ ჩაჩუას, ახლა კი ძაძამია-ხარშილაძის ადვოკატები დაჟინებით ითხოვენ?

- გახსოვთ, რა ამბავი ატეხეს ადვოკატებმა? დღეში სამი შუამდგომლობა შემომდიოდა, დაჟინებით ითხოვდნენ ამ დასკვნის გადაცემას, თითქოსდა თავიანთი პოზიციების გასამყარებლად. არც  ჩაჩუასა და არც ძაძამია-ხარშილაძის საქმესთან FBI-ს დასკვნას კავშირი არ ჰქონდა. როგორც ამ პროცესზე გაირკვა, თურმე სამი თვეა მათ უდევთ ეს დასკვნა და ტყუილად ტეხდნენ ერთ ამბავს (ერთი ასლი მეც გადმომცეს), ფაქტობრივად, მოხდა მათი ლუსტრირება.

- მაინც რა წერია ამისთანა იმ დასკვნაში?

- არაფერიც არ წერია. ამერიკელებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ, სასამართლომ კი იმიტომ არ დაურთო ადვოკატების მიერ მოთხოვნილ საქმეებს, რომ მათთან შემხებლობაში არ იყო. მათ სთხოვეთ, წაიკითხონ, რა წერია იმ დასკვნაში და რა ინტერესი აქვთ ასეთი.

- გვამების ექსჰუმაციის საკითხი როდის დადგება დღის წესრიგში?

- ეს საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა.

"მაპატიოს ზურას სულმა"

"ზურას არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა, ასეთ სიკვდილს არ ისურვებდა", - განაცხადა სასამართლო პროცესზე ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა უფროსმა, კობა ხარშილაძემ.

სტილი დაცულია: "2005 წლის 2 თებერვალს ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. მივედი სამსახურში, შემდეგ წამოვედი... დილის ოთხის ნახევარი იქნებოდა, ძაძამიამ დამირეკა და მითხრა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. 10 წუთში გლდანიდან საბურთალოზე გავედი, მივედი იმ ბინაში, სახლში შესვლა ვერ მოვახერხე და გისოსებიდან შევედი. სავარძელზე იჯდა ზურა, ჩამოვიყვანეთ, პულსი გავუსინჯეთ, ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ, ადგილზე რაიმე ძალადობის ნიშანი არ შეინიშნებოდა. დავიწყეთ სიტუაციის გაანალიზება, ფაქტი იყო ის, რომ ზურა გარდაცვლილი იყო. ძალიან მძიმე იყო სურათი, რაც ვნახეთ. ზურას არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა, ასეთ სიკვდილს არ ისურვებდა, 5 წუთის საშუალება რომ ჰქონოდა, სურათს აუცილებლად შეცვლიდა. სურათი იყო ასეთი: იუსუპოვი და ჟვანია ბინაში შიშვლები იყვნენ, ჩავაცვით, გავწმინდეთ, მოვიქეცით ისე, როგორც ნებისმიერი ადამიანი მოიქცეოდა. შემდეგ იუსუპოვი მანქანაში ჩავსვით, თუმცა, შემდეგ მივხვდით, რომ აბსურდული იქნებოდა ზურა უცხო სახლში ასეთ მდგომარეობაში ენახათ და იუსუპოვი კვლავ შევიყვანეთ ბინაში. ამ პროცესში დარეკილი მქონდა ბარამიძესთან, შემდეგ დავურეკე პრეზიდენტს. როცა მოვიდნენ სამართალდამცველები, ის სურათი, რაც ვნახეთ, საზოგადოებამ იცის. ჩემი მიზანი არ იყო, საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაპატიოს ზურას სულმა", - განაცხადა კობა ხარშილაძემ ნაფიცი მსაჯულების წინაშე და დასძინა, რომ აქამდე არც მას და არც ძაძამიას არავითარი საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ. 10 წლის განმავლობაში კი ეს თემა არაერთხელ გამოიყენეს, მათ შორის პოლიტიკური დივიდენდებისთვის...

"სცენაზე გამოვიდა დიდი პოლიტიკოსი გოგლა ჟვანია, რომელმაც დაიწყო საუბარი, რომ მისი ძმა მოკლეს, სამი წლის შემდეგ კი იგი პარლამენტში მოვიდა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პროკურატურაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არაპროფესიონალები არიან და არ შეუძლიათ განსაზღვრონ პირის ბრალეულობა, თუმცა, ამ ყველაფერს პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებენ. არ შეიძლება ნახევრად სიმართლის თქმა, ამით ადამიანებს სიმართლეს ვერ გააგებინებ".

ნანა ფიცხელაური; ეკა ასათიანი