დოდონა კიზირია: "სურთ, რომ ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო თუ საპრემიერო სკამზე ააპროწიალონ" - კვირის პალიტრა

დოდონა კიზირია: "სურთ, რომ ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო თუ საპრემიერო სკამზე ააპროწიალონ"

"ბურჯანაძე იმ ცხენს ჰგავს, რომელიც სტარტზე დგას, მოუთმენლად ცმუკავს და ლამის არის ბარიერი გაანგრიოს, ის ახლა საარჩევნო კამპანიის დაწყების მოლოდინშია"

დოდონა კიზირია ნინო ბურჯანაძის მოსკოვურ ვიზიტს ამერიკიდან აფასებს: - ბურჯანაძე თავისი ვიზიტის მიზანს მოსკოვში ამგვარად წარადგენს:

„მე ვცდილობ მოვამზადო ნიადაგი, როცა ხელისუფლებაში მოვალ, უკვე ნამდვილად იყოს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები გაიმართოს". (პარასკევი 10 ივლისი.)

აქ განსაკუთრებით საინტერესოა ეს ფრაზა: „როცა ხელისუფლებაში მოვალ...“ მიაქციეთ ყურადღება: „თუ მოვალ...“ კი არა, „როცა მოვალ". საიდან ასეთი თავდაჯერება, როცა, თუ არ ვცდები, მან ხმების 5%-იც კი ვერ მიიღო არჩევნებში?! პასუხი ნათელია - რუსეთის მხარდაჭერა.

ამჟამად რუსეთისთვის საქართველოზე გავლენის შენარჩუნება და საბოლოოდ მისი ევრაზიულ კავშირში შეთრევა, უკრაინაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. მას სჭირდება საქართველოზე სრული კონტროლი, განსაკუთრებით, სომხეთში მომხდარი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რათა სამხრეთ კავკასიაში მისი პოზიცია გარანტირებული იყოს.

სწორედ ამის გამო, კრემლი გეგმავს შექმნას ალტერნატიული მესამე დაჯგუფება, რომელიც მიიზიდავს მეოცნებეების მიმართ იმედგაცრუებულ, მაგრამ "ნაციონალების" დაბრუნების არმოსურნე ამომრჩეველს. ამ მესამე ძალის ლიდერად ჯერ ალასანია მოიაზრებოდა. ამაზე ადრე დავწერე კიდეც. თუ გახსოვთ, ერთ დროს მისი რეიტინგი 80%-ს ჭარბობდა და სწორედ მაშინ გადაუდგა ივანაშვილს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს რუსეთის კარნახით მოხდა, რადგან ეგონათ, მას ფართო მხარდაჭერა ექნებოდა, მაგრამ ალასანია პოლიტიკურ ლიდერობას ვერ "ქაჩავს", ამისთვის სრულიად უმწეო პიროვნებაა და, ჩანს, კრემლმაც მასზე უკვე ხელი ჩაიქნია.

- ნინო ბურჯანაძე რატომ არის მათთვის საურველი კანდიდატი?

- ბურჯანაძე იმით არის სასურველი, რომ მტკიცედ პრორუსულ პოზიციაზე დგას, გიგანტური მასშტაბის ამბიციებით არის შეპყრობილი და გააფთრებით იბრძოლებს ძალაუფლებისათვის. მაგრამ კრემლმა ისიც კარგად იცის, რომ მათთვის ღრმადპატივცემული ქალბატონი ნინო საქართველოში დიდი პატივისცემით არ სარგებლობს. ამიტომ საჭირო იქნება მასიური პროპაგანდა და ფინანსური კაპიტალდაბანდება ამომრჩევლის მოსასყიდად. ხოლო რაც შეეხება ფინანსებს, რუსეთი ამას არასოდეს იშურებს, როცა ლაპარაკია ტერიტორიების მიერთებაზე. განსაკუთრებით იმ ტერიტორიებისა, რომელსაც ისედაც თავისად მიიჩნევს. როგორც გახსოვთ, ივანიშვილისთვის ორი მილიარდი არ დაიშურეს.

ბურჯანაძე ახლა იმ ცხენს ჰგავს, რომელიც სტარტზე დგას, მოუთმენლად ცმუკავს და ლამის არის ბარიერი გაანგრიოს, ანუ საარჩევნო კამპანიის დაწყების მოლოდინშია. მაგრამ იგი იმდენად ოდიოზური პიროვნება გახდა, რომ რუსეთის ფულითაც ვერაფერს შესძლებს, თუ არა ძალიან ფართოდ გაშლილი პრორუსული კამპანია, რაც მთელი ძალით მიმდინარეობს. დღევანდელ მთავრობას რუსეთის ისეთი ჩემპიონები ყავს, როგორც ზურაბ აბაშიძე და პაატა ზაქარეიშვილია. ივანაშვილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ის პირდაპირ კრემლიდან ღებულობს დირექტივებს და ფულსაც.

საინტერესოა, რომ პრორუსული პროპაგანდის ყველაზე წარმატებული სამიზნე ობიექტი არის, ერთი მხრივ, ახალგაზრდობა და, მეორე მხრივ, სამოც წელს მიღწეული და ამ ასაკს გადაცილებული ხალხი. პირველი ჯგუფი იმიტომ, რომ მათ არავითარი ცოდნა და მახსოვრობა არა აქვთ, თუ რა არის რუსეთი. მეორე ჯგუფს კი ახსოვს და ენატრება საბჭოთა პერიოდი და ვერ გაუაზრებია, რომ დღევანდელი რუსეთი მთლად ის არ არის, რაც მათ ჰგონიათ.

რასაკვირველია, ხმების გაყალბებასაც ექნება ადგილი და მოსახლეობის დაშინებასაც. ივანაშვილის წყალობით გათავისუფლებული „პოლიტპატიმრები“ და მის მიერ დაფინანსებული „ბიძინიუგენდები“ (სადღობელაშვილი და მისთანები) ამისთვის იქნებიან მობილიზებული.

ყველა ეს ძალები - მესამე ალტერნატიური დაჯგუფების მაძიებლები, ახალგაზრდობა და ძველგაზრდობა, პოლიტპატიმრები და "ბიძინიუგენდები", ეკლესია და ჩვენი სახელოვანი პრივილიგენცია, ღია და ფარული აგენტები, - უნდა იქნეს დარაზმული, რათა ქალბატონი ნინო საპრეზიდენტო თუ საპრემიერო სკამზე ააპროწიალონ. მისი ვიზიტი კი სწორედ ამ სტრატეგიის დასაზუსტებლად და დასამტკიცებლად არის დაგეგმილი.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)