ბათუმის ბულვარი და... კოკოითი - კვირის პალიტრა

ბათუმის ბულვარი და... კოკოითი

ბათუმელები ბულვარს, შეიძლება ითქვას, მაინცდამაინც არასდროს სწყალობდნენ. სეზონის დროს იქაურობა დამსვენებლებს ჰქონდათ დაპყრობილი, სხვა დროს კი ბათუმელთა თქმით, ბულვარში მხოლოდ გოიმები დასეირნობენ.

ამიტომ "სვეტ" ბათუმელებს ყოველთვის სანაპირო ურჩევნიათ, ისევე როგორც "სვეტი" თბილისელები შარდენზე მიდიან და არა რუსთაველზე. თუმცა რა იცოდნენ "სვეტმა" თბილისელებმა, რას ფიქრობდნენ "სვეტი" ბათუმელები ბულვარის შესახებ. ამიტომ აგვისტოში ბათუმის ბულვარი სწორედ "სვეტი" თბილისელებით ივსებოდა ხოლმე. ჰოდა, მაშინ კი კადრულობდა ბათუმელი "სვეტობის" ნაწილი წასულიყო იმ ადგილზე, რომელსაც გოიმების სასეირნოს ეძახდნენ. განსაკუთრებით ბიჭები აქტიურობდნენ გასაგები მიზეზების გამო.

ბოლო დროს სააკაშვილის მეცადინეობით, ბათუმის ბულვარი თითქოს ახლიდან დაიბადა. მთელი ბათუმი საოცრად ლამაზდება, თუმცა განახლებული ბულვარის გახსნის შემდეგ მაინც გაორებული გრძნობა მქონდა:

ერთი მხრივ, მიხაროდა ჩემი ქალაქის გალამაზება. მეორე მხრივ კი ცოტა ზედმეტად მეჩვენებოდა ის პიარი, რომელიც ამ ღონისძიებას გაუკეთდა. ისევ ისმოდა სიტყვები: "საუკუნის პროექტი", "მსოფლიოში ერთადერთი და საუკეთესო"... მთელი კვირა ყველა ტელევიზიის ეთერში ტრიალებდა კლიპი, რომლის მეშვეობითაც მთელ საქართველოს მოუწოდებდნენ, არ გამოჰკლებოდნენ "მომავლის შექმნის" პროცესს. გამოცხადდა, რომ გახსნას პრეზიდენტიც დაესწრებოდა. აბა, ისე როგორ იქნებოდა, ის ხომ ბათუმში თითქმის ყოველ მეორე დღეს ჩადის და ყველა ობიექტს თავად ხსნის. თუმცა საბოლოოდ, პრეზიდენტი გახსნაზე ვერ ვიხილეთ. მიზეზი ჩემთვის უცნობია. შეიძლება ვინმემ ურჩია და აუხსნა, რომ ასეთ დროს, როდესაც ქვეყანას რუსეთთან ომის იარები ჯერ არ მოუშუშებია, სოციალური მდგომარეობა კატასტროფულია, თუნდაც ბულვარის 1200 მეტრით დაგრძელების გამო უდიდესი დღესასწაული გამართო ქვეყნის პირველი პირის მონაწილეობით, ცოტა უხერხულიაო. არ ვიცი, შეიძლება ბათუმში პრეზიდენტი ამიტომაც არ ჩავიდა. მინდა, რომ ასე იყოს. ან რა გულით უნდა იზეიმო, როდესაც იგებ, რომ კოკოითიმ 26 აგვისტო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა და აპირებს ეს მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნოს. ჰოდა, ჩემი გაორებული გრძნობაც აქედან მოდის. როგორია: კოკოითი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს, დანარჩენი საქართველო კი _ ბათუმის ბულვარის დაგრძელებას.