"ბარნოვის ისტერიკული პერფორმანსი ყვინჩილა ადამიანის ქცევას ჰგავდა" - კვირის პალიტრა

"ბარნოვის ისტერიკული პერფორმანსი ყვინჩილა ადამიანის ქცევას ჰგავდა"

ანდრო ბარნოვი: "ვისაც ჰგონია, რომ პოლიტიკურ იმიჯზე ვზრუნავ, ჩემს ბიოგრაფიას გადახედოს, რა მიკეთებია

ჟურნალისტებისა და კამერების გარეშე"

რამდენიმე დღის წინ სოფელ ხურვალეთს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, ანდრო ბარნოვი ესტუმრა და ე.წ. სასაზღვრო ზოლთან მყოფი პოლიციელი ჟურნალისტების თანდასწრებით დატუქსა: "აქ იდგა სახელმწიფო დროშა გუშინ. დღეს სად არის? გეკითხებით! თურმე თქვენ ტერიტორიას აკონტროლებთ და მაშინ ამიხსენით, ეს ტერიტორია როგორ გადმოიარა რამდენჯერმე რამდენიმე მთვრალმა რუსმა, თუ გაზაევმა. სად არის სპეცნაზი, რომელიც აქ იდგა?.. ღიად გაქვთ გაცხადებული, რომ, პირველი დღიდან, როცა მოვიდა ივანიშვილი ხელისუფლებაში, მოხსნილია სპეცნაზი..."

ანდრო ბარნოვი: - ფაქტია, საზოგადოებამ ქვეყანაში არსებული პრობლემების სიმწვავე სრულად ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, ამიტომ პოლიტიკოსები ვალდებული ვართ, მოსახლეობას მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწოდოთ. ე.წ. საზღვართანაც სწორედ ამ მიზნით მივედი - ჩემი პოზიცია უნდა დამეფიქსირებინა.

- ჟურნალისტების თანდასწრებით, პოლიციის ღირსების შელახვით, შეეცადეთ პოლიტიკური ქულების ჩაწერას?

- დედასთან ერთად გორში ვიყავი, როდესაც მეგობრებმა ხურვალეთის ინციდენტზე შემატყობინეს. ჟურნალისტები ჩემი ინიციატივით არსად მიმიყვანია, ისინი ადგილზე დამხვდნენ. რაც შეეხება პოლიციელს, ეს მხოლოდ ბინძური სპეკულაციის ნაწილია. მას თავიდანვე განვუმარტე, რომ მთავარი ადრესატი პოლიციელი კი არა, ივანიშვილი და მისგან მართული მთავრობა იყვნენ. როდესაც ცხელ წერტილში მიდიხარ და კამერები გიღებენ, ეს პიარად იფუთება. ვისაც ჰგონია, რომ პოლიტიკურ იმიჯზე ვზრუნავ, ჩემს ბიოგრაფიას გადახედოს, რა მიკეთებია ჟურნალისტებისა და კამერების გარეშე.

- 2008 წელს ანალოგიური სულისკვეთებით რატომ არ აპროტესტებდით 140 სოფლის, მათ შორის, კოდორის უბრძოლველად დაკარგვას?

- ომის შედეგად 140 სოფელი დავკარგეთ, მაგრამ 2008 წელს მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგობა რომ არა, შეიძლებოდა 360 სოფელი ან საერთოდ, ქვეყანა დაგვეკარგა! 2008 წელს სახელმწიფო გადარჩა, თორემ ტერიტორია რომ დავკარგეთ, ამის სწავლება ივანიშვილისგან ნამდვილად არ მჭირდება. თუ მაშინ ტერიტორიები დავკარგეთ, ეს არ ნიშნავს, რომ დღესაც მიწები უნდა დავთმოთ!

კარგად ვიცი, შექმნილ ვითარებაში სახელმწიფომ რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას, მაგრამ მმართველი გუნდი არაფრისმაქნისი პოლიტიკური ძალაა, ამიტომ დროსა და ენერგიას ამაზე ნამდვილად არ დავხარჯავ.

- 2008 წლის ომის გამოცდილების შემდეგ, ფიქრობთ, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას "ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს?

- ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ ვამბობდი, რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნების დაპირება ჩანასახშივე საფრთხის შემცველი იყო, მსგავსი დაპირების გაცემა არ შეიძლება. ვითარება კონფლიქტის ზოლის შიგნით უნდა ვაკონტროლოთ, მაგრამ დღეს საამისო პოლიტიკური ნება არ არსებობს. აფხაზებსა და ოსებთან კავშირის აღდგენა  საჭიროა, მაგრამ რუსეთთან პრინციპული პოზიცია უნდა დავიკავოთ.

თუ რუსეთს საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკების აღდგენა სურს, ამის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს.

2008 წლის ომის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე რუსებს საწყის პოზიციებზე დაბრუნება დაევალათ, თუმცა რამდენიმე თვეში ახალი მავთულხლართების გაბმა მაინც სცადეს. მაშინ მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა - ახალი საზღვრის დაფიქსირება ვერ მოახერხეს. რუსეთთან ომს არავინ ითხოვს, უბრალოდ, აგრესორს ქართველების კონტროლირებად ტერიტორიებზე ახალი საზღვრების გავლების უფლება არ უნდა მივცეთ. ამის გაკეთება ომის გარეშეც შესაძლებელია.

არჩილ გამზარდია, ექსპერტი: - ხურვალეთში ანდრო ბარნოვის ისტერიკული პერფორმანსი ყვინჩილა ადამიანის ქცევას ჰგავდა. ბარნოვი იმ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს, რომელსაც მსგავსი განცხადებების გახმოვანების მორალური უფლება აქვს. ასეც რომ არ იყოს, კამერების წინ კონფლიქტისპირა რეგიონში მომუშავე პოლიციელის შეურაცხყოფა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ვფიქრობ, ბარნოვს, მინიმუმ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. რაც შეეხება მთავრობის გადადგომას, ამას ისინი უნდა ითხოვდნენ, ვინც ხელისუფლებაში არ ყოფილა ან ქვეყანას უკეთესად მართავდა. იმ ფონზე, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი უუნარობის გამო რუსეთის ვერც ერთი პროვოკაცია ვერ აიცილა, ასობით სოფელი მტერს ჩააბარა, სხვის სისუსტეზე საუბარი ამორალურია. მეტიც, უმჯობესი იქნება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საერთოდ დამუნჯდნენ.

რუსუდან შელია