"თუ ვინმეს მოხმარება უნდა, კო­მბაინები მოგვაშველოს, რომ პური მაინც გვქონდეს"-(მ)ხურვალეთური აურზაური
20-07-2015
"თუ ვინმეს მოხმარება უნდა, კო­მბაინები მოგვაშველოს, რომ პური მაინც გვქონდეს"-(მ)ხურვალეთური აურზაური
"გმირობა ის იქნებოდა, დროშა ღრმად შეეტანათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იქ აღემართათ"

"დეპუტატი გვყავს თუ არა, ეგეც აღარ ვიცით, რადგან ის კაცი არჩევის შემდეგ არ გამოჩენილა"


გასული კვირა პოლიტიკურად ყველაზე­ დაძაბული სოფელ ხურვალეთისა და ორჭო­სნის მისადგომებთან იყო. რუსი ოკუ­პანტების მცდელობამ, კიდევ გადმო­ე­წ­იათ საოკუპაციო საზღვარი, საზოგადო­ე­ბის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

- ბანერის აღმ­ართვამდე გაგვაფრთხილა­ რუსმა, ამ ადგ­ილს­ არ გაეკაროთ, საბჭოთა­ კავშირის დროინდელი­ მონაცემებით, ეს სამხრეთ ოსეთის ავტო­ნომიური ოლქის საზ­ღვარია და თუ თვითნებურად გადმოლახავთ,
დაგსჯითო. სამწუხაროდ, ბანერი არაფერს ცვლის. ტერიტორია დიდი ხნის წინ წაგვართვეს და ზოგიერთმა ჯგუფმა­ ახლა რატომ გაიოცა ეს ამბავი... დასანანია, რომ იმ ხალხს, ვინც მოდის და თითქოს ოკუპანტს ებრძვის, არ ესმის, რატომ ვცხოვრობთ მტანჯველ დუმილში. ვიცით, რომ მათაც სტკივათ დაკარგული მიწა, მაგრამ ვერ დავიჯერებთ, ჩვენზე მეტად
აწუხებდეთ ეს ამბავი.

აღარც საძოვრები გვაქვს, აღარც ბაღი და ყანა, ყველაფერი საზღვრის მიღმა­ მოექცა.­ ძლივს ვკვებავთ ოჯახებს და თუ ვდუმვართ, მხოლ­ოდ იმიტომ, რომ ახლა ასე ჯობს, რათა უფრო მეტი არ დაკარგოს სახელმწიფომ, რო­მელსაც ჩვენი დაცვაც კი არ შეუძლია. რა უნდა იმ ხალხს, ვინც აქ მოდის და ბანერებს თხრის, ჩვენც იგივე ვქნათ, შევაკვდეთ ოკუპანტს? ან რომ ითხოვენ, პოლიციელებმა ავტომატის ჯერი მაინც გადაატარონო, უფიქრიათ, რა მოჰყვება ამას? ბან­ერის ადგილზე დროშის დამაგრებით რა შეცდომა დაუშვეს, ხვდებიან? აქ ჩვენი საზღვარიაო, ითქვა დროშის აფრიალებით. ოკუპანტმაც ეგ არ თქვა ბანერის აღმართვით? გმირობა ის იქნებოდა, დროშა ღრმად შეეტანათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იქ აღემართათ. მოვიდა სეპარატისტების მესაზღვრე გაზაევი, ჩამოხსნა ჩვენი დროშა, დაკეცა, წაიღო და თურმე დაგვცინა კიდეც, თქვენ არაფერში გჭირდებათ, რადგან მისი ფასი არ იცით, არ უფრთხილდებითო, - ამბობენ ხურვალეთელები.

მას შემდეგ, რაც საოკუპაციო საზღვრის მიმდებარე ტერიტორია ხმაურით მოინახულა შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატ­ორმა ანდრო ბარნოვმა და პოლიციელებს "გაექაჩა", რატომ მომხდურს წინააღმდეგობა არ გაუწიეთო, მოსალოდნელი პროვოკაციის აღკვეთის მიზნით საგანგებო რეჟ­იმი გამოცხადდა და 17 ივლისს სოფელში შესვლის უფლება მხოლოდ იქაურ გლეხებს მიეცათ. ამიტომაც ხალხი სოფლიდან პოლიციის ბლოკპოსტთან გამოვიდა ჟურნალისტებსა და შიდა ქართლის ხელისუფლებასთან შესახვედრად. ერთგან ხურვალეთელებს შიდა ქართლის­ გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი დაემარტოხელებინათ და მას სთხოვდნენ პასუხს იმ დაპირებების გამო, რომელთა ასრულ­ება აღარ გახსენებია დღეს უკვე ქვეყნის­ მმართველ პოლიტიკურ ძალას. გუბერნატორი პასუხად კვლავ დაპირებებს არიგებდა...

სოსო მჭედლიძე, ხურვალეთის მკვიდრი:
- როგორ უნდა გქონდეს იმედი, რომ ეს სახელმწიფო ოკუპანტისგან დაგიცავს?­ იცით, როგორ ვცხოვრობთ? წყალი არც სასმელად გვაქვს, არც პირუტყვის დასარ­წ­ყულებლად. ონკანები ეზოებში დაგვიმონტაჟეს, მაგრამ წყალი არ მოდის. არც გზა გვაქვს. სასწრაფო დახმარების მანქანა 40 წუთი უნდება 15 წუთის გზის გავლას. ერთი ჩვენი მეზობელი 20 წელი ელოდა შვილის დაბადებას. ბავშვის დაბადების მესამე დღეს ცუდად გახდა. სასწრაფოს ლოდინს აზრი რომ არ ჰქონდა, ჩვენ წავიყვანეთ საავადმყოფოში. გზაში დაიღუპა. ცოლ-შვილი ჯერ კიდევ სამშობიაროში ჰყავდა.

როცა წვიმს, ყელამდე ლაფში ვცურავთ.  ხელისუფლებამ მხოლოდ ეს დანაპირები აგვ­ისრულა - არჩევნების შემდეგ კარს აგიტალახებთო და აგვიტალახეს კიდეც პირდაპირი მნიშვნელობით. ისე კი, ფეხი არავის შემოსცდენია სოფელში. დეპუტატი გვყავს თუ არა, ეგეც აღარ ვიცით, რადგან ის კაცი არჩევის შემდეგ არ გამოჩენილა.

- შარშან დეკემბერში რომ ვიყავი­ ხურვალეთში, ბუნებრივი აირის მილები გაჰყავდათ. მაშინ გორის გამგეობაში მითხ­რეს, დეკემბრის ბოლოს ბუნებრივი აირიც უნდა გქონოდათო...
- მრიცხველებიც დამონტაჟებულია, მაგრამ გაზი არ გვაქვს. როდესაც მიზეზს ვკითხულობთ, ერთი ორგანიზაციიდან მეორეში გვიშვებენ და პასუხის მოლოდინში გადის დრო. დასანანია, რომ არც ჟურნალისტებს აღელვებთ ჩვენი ბედი. ერთხელ არ გვკითხავენ, აბა, როგორ ცხოვრობთო? ახლა, როცა საზღვართან გადაადგილება შეიზღუდა, პოლიციას ვთხოვეთ, რომ ჟურნალისტების მეგზურობა ჩვენთვის მოენდო. გვინდა, სოფელში გავატაროთ, ვაჩვენოთ, ხურვალეთი როგორია და როგორ არ უნდა ცხოვრობდეს ე.წ. საზღვრისპირა სოფელი.

სოფელში განათება არ არის, საზღვრისპირა სოფელი ჩაბნელებული უნდა იყოს? მისწერ წერილს ხელისუფლებას, გეტყვიან, ტენდერი უნდა გამოცხადდეს, ეს უნდა გაკეთდეს, ის უნდა გაკეთდესო. დროს ისე წელავენ, ყველაფრის სურვილს დაგიკარგავენ. ისეთი ხელისუფლება უნდა გვყავდეს, საქმე რომ დააინტერესებს და არა - კაბინეტში  კომპიუტერთან სათამაშოდ ჯდომა.

- ანდრო ბარნოვი გუბერნატორობის დროს თუ იყო ხურვალეთში?
- ქუდი რომ შემოეგდო ვინმეს, აქ ფეხი არ მოუცდებოდა. ახლა რომ მოვიდა­ და ავტობანიდან დაიწყო ღრიალი, ზემოთ, მთაზე ასულიყო და იქ ეჩხუბა რუსებთან. კარგად ვიცნობთ, ვინც არის და სხვაგან ითამაშოს. 2008 წელს სად იყო, მთელი რეგიონი რომ ჩააბარეს რუსებს? შარშანაც იტინგიცეს აქ საზღვრებთან, მერე რა? გგონიათ, სხვაზე ნაკლებად გვიყვარს სამშობლო? სხვაზე ნაკლებად გვტკივა გული? ვუფრთხილდებით ოჯახებს. როცა ხედავ, რომ დიდ ომში მარტო ხარ, მანამდე უნდა გაჩერდე, ვიდრე გამარჯვების დრო არ დაგიდგება. ახლა ის დროა, როდესაც იარაღით კი არა, გონებით უნდა იბრძოლო.

საზღვრის მიღმაა მოქცეული ჩვენი პურის ყანები. რუსმა წელს შეგვიშვა დასამუ­­შავებლად. ახლა შემოგვითვალეს, აიღეთ მოსავალიო. თუ ვინმეს მოხმარება უნდა, კო­მბაინები მოგვაშველოს, რომ პური მაინც გვქონდეს. ვიღაც იტყვის, შენ რა კუჭზე ფიქრობო. თქვენ რაზე ფიქრობთ, როცა ცოლ-შვილი მშიერი გყავთ?

- კიდევ აპატიმრებენ გლეხებს საოკუპაციო საზღვრის უკანონოდ დარღვევისთვის?
- რად უნდათ დარღვევა? თვითონ გადმოდიან და იჭერენ ვითომ დამრღვევებს, წაიყვანენ ცხინვალში, გადაახდევინებენ 200 ლარს და მაგით მთავრდება სადამს­ჯელო ოპერაცია. ბარნოვი ჩამოვიდეს და გადაუხადოს 200-200 ლარი გამოსასყიდი. 

ვიდრე სოსოს ველაპარაკებოდი, ხურვალეთის ბლოკპოსტს"თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები მოადგნენ. მოსახლეობამ მათ სთხოვა, ტერიტორია დაეტოვებინათ. ხალხის წინააღმდეგობას პროტესტანტების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის ჩარევის შედეგად სიტუაცია ისე განიმუხტა, რომ ხელჩართული ჩხუბი არ დასცალდათ. სამწუხაროდ, იგივე ვერ მოხერხდა მეზობელ ბლოკპოსტზე, სადაც ხურვალეთელების თქმით, სოფლის მოსახლეობამ აქციის მონაწილეები არ შეუშვა და იჩხუბეს კიდეც.
მოგვიანებით, თბილისისკენ მომავალს, კარგა ხანს ჩამესმოდა ხმები - ერთი მხრივ, ხურვალეთელების, საპროტესტო აქციის გამართვის მსურველთ რომ ეუბნებოდნენ, მოხვალთ, რაღაცას გააფუჭებთ, უშედეგოდ წახვალთ, თქვენს პატრიოტობას სიკეთე არ მოსდევს და ისევ ჩვენ ვიჭყლიტებითო. მეორე მხრივ კი საპროტესტო აქციის გამართვის მსურველთა პოზიციაც არ მასვენებდა - „მთელი საქართველო აქ უნდა იდგეს, თუ დასახოცები ვართ, ერთად­ დავი­ხოცოთ, ან დავიბრუნოთ დაკარგული ქვეყანაო...
ემზარი
20 ივლისი 2015 21:28
შეიზლება ბარნოვის ან ჟურნალისტების მოსვლას ტერიტორიები არ დაებრუნებინა მაგრამ მოვიდნენ გულთან მიიტანეს ხალხის და ქვეყნის სატკივარი თქვენ კი ამტყუნებთ მაშინ მოსულიყო მთავრობა პოლიცია ჟარი რატომ გვჰვავს ისინი? ტყვილა ვირჩევთ ტყვილა ხარჯავს ქვეყანა ხალხის გადასახადებიდან უზარმაზარ თანხებს? კარგი წელს აიღეთ მოსავალი გაისად? გაისად სულ ვერ შევა ხალხი იქ თუ ამას ვერ ხვდებით ხალხმა მოვიდა რისკი გაწია თქვენ თქვენ კი ამტყუუნეთ პროვოკატორები უწოდეთ მთავრობის წისქვილზე დაასხით წყალი მათ ხომ ოპონენტების გაკროტიკება აწყობთ სკამის შესანარჩუნებლად მართლაც სულელია ის ჟურნალისტები ბარნოვიც და ის ხალხი მთავრობის კანცელარიასთან რომ შეიკრიბა პროტესტის გამოსახატად ოკუპაციის წინააღმდეგ რას იკლავენ თავს ? ჩავდუმდეთ და მისით გაჩერდებიან ჩვენი ქვეყნის მტრები მათ ჩვენი მიწა მოწონთ მაგრამ ჩვენ გარეშე ვაი ჩვენ პატრონს უპატრონოა ქვეყანა ღმერთი თუ გვიშველის და ოდესმე მეორე დავით აღმაშენებელს გამოგვივზავნის მაგრამ რად გვინდა ჩვენი შურით და გაუტანლობით არ გავახარებთ მას და დავღუპავთ ქვეყანას სიხარბით და გაუტანლობით

რედაქტორის რჩევით