"გაატარეთ საკუთარი და არა სხვისი პოლიტიკა" - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ექსკლუზიური ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"გაატარეთ საკუთარი და არა სხვისი პოლიტიკა" - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ექსკლუზიური ინტერვიუ

რუსეთის მიერ საზღვრების კიდევ ერთხელ გადმოჩოჩებამ თავსატეხი გაუჩინა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობასა და იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მათი ეგიდით ფუნქციონირებენ. ყველაზე მეტად კი ალბათ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ბატონ კესტუტის იანკაუსკასს, რომელსაც არსებულ მდგომარეობაზე ექსკლუზიურად ვესაუბრეთ:

- როგორც თქვენი ქვეყნის პატრიოტს და არა მისიის ხელმძღვანელს, მინდა გკითხოთ, რას დაუპირისპირებდა ლიტვა "მცოცავ ოკუპაციას"?

- ლიტვა უკვე იდგა ოკუპაციის წინაშე და კარგა ხანს უძლებდა მას. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავი დაიცვას, იდეალურ შემთხვევაში, მეგობრებსა და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციის ფონზე. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ლიტვა მხოლოდ მშვიდობიან გზებს იყენებდა.

პოსტკონფლიქტურ გარემოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავი შეიკავო ძალის გამოყენებისაგან, არ მიმართო და არ აჰყვე პროვოკაციებს. იმუშავეთ იმ საკითხებზე, რაც თქვენს ხელთაა, იმის ნაცვლად, რომ იწუწუნოთ იმაზე, რაც არ არის. გაატარეთ საკუთარი და არა სხვისი პოლიტიკა.

- ხურვალეთში მომხდარის შესახებ საგულისხმოა რუსული მხარის განცხადება, რომ აპრილში მათ მიერ დადგმული ე.წ. სასაზღვრე ბანერები "პროვოკაციულმა ძალებმა" გააქრეს... თქვენი ანგარიშები რას ასახავენ?..

- - ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პერსონალისა და დოკუმენტაციის მიუკერძოებლობით. ჩვენი ანგარიშები კი ასახავენ იმ ფაქტებს, რასაც ჩვენი მონიტორები ხედავენ. მათ კი ნახეს ორი ახალი ე.წ. სასაზღვრე ნიშანი. ერთი სოფელ ორჭოსანთან, რომელიც ადრე არსებული აპრილში გაუჩინარებული ნიშნის მაგივრად დადგეს, მაგრამ 300 მეტრით უფრო სამხრეთით, ვიდრე მისი წინამორბედი იდგა. სოფელ წითელუბანთან კი ახალი ნიშანი ძველთან შედარებით დაახლოებით 1200 მეტრით არის ჩამოწეული სამხრეთით.

- ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმზეც გკითხავთ – ის, რაც ხურვალეთში მოხდა, ნამდვილად არის ინციდენტი, თანაც დიდი ასოთი. რა გაკეთდა ამის პრევენციისათვის?

- IPRM დღეს უსაფრთხოების საკითხებით დაკავებული ერთადერთი ადგილობრივი მექანიზმია, რომელიც რეალურად ფუნქციონირებს. მხარეებისთვის ეს არა უბრალოდ შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, მაგრამ ასევე მოუსმინონ სხვებს და შეეცადონ, კომპრომისი გამოძებნონ. რაც დღევანდელ პირობებში, როცა მხარეებს ასეთი საპირისპირო პოზიციები აქვთ, ურთულესია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ხშირად სწორედ აქ მიღწეული შეთანხმება გამხდარა შემდგომი ინციდენტის პრევენციის საფუძველი.

- სადამკვირვებლო მისია დღემდე ვერ ახერხებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგს. რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ამ მხრივ ვითარება გამოსწორდეს?

- მისია 200-ზე მეტი დამკვირვებლისგან შედგება, ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს. არის არეალი, რომელსაც ვერ ვფარავთ, მაგრამ მზად ვართ, გავზარდოთ მოქმედების არეალი, როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს. ამის შესახებ დისკუსიები ჟენევის მოლაპარაკების ბოლო რაუნდის დროსაც გვქონდა, მაგრამ, ნება მიბოძეთ, მისიის მიმართ სკეპტიკურად განწყობილებს ვკითხო, ჩვენ გარეშე, საერთაშორისო წარმომადგენლობის გარეშე, ვითარება უკეთესი იქნებოდა?!

- დაბოლოს, ბაქო სუფსის გაზსადენზეც გკითხავთ – რამდენაც ცვლის "საზღვრისმიღმა" აღმოჩენილი ეს 1400 მეტრიანი მონაკვეთი საერთო სტრატეგიულ სურათს?

- ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გაზსადენის პოზიცია [მარშრუტი] თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და იმ არეალს შორის, რასაც საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს, [სასაზღვრე ნიშნის გადმოწევით] არ შეცვლილა. არ შეცვლილა ასევე გაზსადენის ოპერატორიც – ასე რომ ვფიქრობ, სტრატეგიულ ცვლილებებზე მსჯელობისთვის, სჯობს, ბრიტიშ პეტროლეუმს მიმართოთ.

ვაჟა თავბერიძე