საქართველო ტურბულენტობის ზონაში
20-07-2015
საქართველო ტურბულენტობის ზონაში
რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის მორიგი ფაქტი დამანგრეველია იმდენად, რამდენადაც გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს საქართველოს საერთაშორისო ფუნქციას. რუსეთი ამ აქტით ცდილობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობა საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტად აქციოს, მაგალითად, მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას თუნდაც BP-სთან. ჩვენ უკვე მოვისმინეთ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფალთაგან მსგავსი შეთავაზებები, რადგან ნავთობსადენის ერთი მონაკვეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადის, ამიტომ ისინი პირდაპირ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ BP-სთან. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ბაქო-სუფსის პროექტში მონაწილე მხარეებს და საერთაშორისო
ორგანიზაციებს, შეაფასონ რუსეთის ეს ქმედება, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული აქტი. ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლების აქტიურობა გადაუდებელია, ისევე როგორც საერთაშორისო მოთამაშის, დასავლეთის სათანადო რეაქცია. ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მათი ბრძოლაა, საქართველო მათი უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, უპირველესად ენერგოუსაფრთხოებისთვისაც იბრძვის.

პასუხისმგებლობა დასავლეთმა უნდა იგრძნოს იმ პროცესებზეც,
რომელიც ხდება­ საქართველოში და იმ მოვლენებზეც, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში. განზე გადგომა და საქართველოს რუსეთთან პირისპირ დატოვება იოლია: დღევანდელი ევროპის პოლიტიკა ძალზე ახლომხედველურია და ამ პოლიტიკას, სამწუხაროდ, ხშირად ეწირება საქართველოსთანა ქვეყნების ინტე­რესები. ამიტომ ჩვენთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია, რომ პასუხისმგებლობა­ დასავლეთზეც გადანაწილდეს. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენცია რუსეთის შემდგომი ქმედებებისა, თუკი ის დაინახავს, რომ საქართველოში მის ნაბიჯ­ებს არა მხოლოდ მცოცავი ანექსიის კვალიფიკაცია ეძლევა, არამედ ევროპის ენერგოუსაფრთხოების ხელყოფის მცდელობისა და ამ საკითხში ერთსულოვანი არიან დასავლეთი და ის საერთაშორისო კორპორაციები, რომელთა გავლენა ხშირად არანაკლებია, ვიდრე ცალკეული ქვეყნებისა. თორემ BP-სთვის სულერთია, სად გაივლის ნავთობსადენი, მისთვის მილების რამდენიმე კილომეტრით წანაცვლება არაფერია. რეალურად კი ეს ფაქტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიების ანექსიის ირიბი აღიარებაა.

ნაცვლად იმისა, საქართველოს ხელისუფლების მოწოდებითა და ინიციატივით, ბაქო-სუფსის პროექტში მონაწილე ქვეყნებსა და კორპორაციებს ერთობლივად მოეთხოვათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის რუსეთის საოკუპაციო ზოლის მიღმა მოქცეულ მონაკვეთზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალ­ების კონტროლის დაწესება, მათ მარტივი და თავაუტკივარი გადაწყვეტილება მიიღეს:­ გადმოსწიონ მილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს ირიბად­ ნიშნავს, რომ დიდად არავის აწუხებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მთავარია,­ საქართველოს გავლით საკუთარი ინტერესები გაინაღდონ.

ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე ასევე აისახება საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარება. საერთაშორისო ოლიმპიადების დროს პროვოკაციებისა და პირდაპირი დაპყრობითი სამხედრო ოპერაციების მოწყობა რუსეთის ხელწერად იქცა. ამიტომ მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის განცხადება, სადაც ის მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოსთან ერთად უზრუნველყონ მსოფლიო მასშტაბის ღონისძიების უსაფრთხოება. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკა და რატომ არ უნდა გამოიყენოს საქართველომ ეს შანსი?

რაც უფრო მეტი დიდი ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური ინტერესი მოიყრის თავს საქართველოში, მით მეტი იქნება­ დაინტერესებული თავისი ინვესტიციის სტაბილურობითა და უსაფრთხოებით. მთავარია, ჩვენ ზუსტად დავინახოთ, რა პერსპექტივებს გვთავაზობს ახალი რეალობა: ჩინეთის მზარდი ამბიციები, ირანისთვის სანქციების მოხსნა, რომელიც მის უზარმაზარ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პოტენც­იალს ხელმისაწვდომს ხდის და ა.შ.
კარგია, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ამ მიზნით რამდენიმე პერსპექტიულ პროექტს ახორციელებს: საქართველო ჩაერთო ჩინეთის მთავრობის ინიციატივის, `ახალი აბრეშუმის გზის~ გასწვრივ არსებული ეკონომიკური სარტყელის განვითარების პროცესში, რაც ჩვენი ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, გადაზიდვების განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე­ ჩინეთის ინიციატივით შექმნილი აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკის თანადამფუძნებლობა საქართველოს საშუალებას აძლევს, მოიზიდოს ინვესტიციები რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში­ ტრანსპორტის, ტელეკომუნი­კა­ციე­ბის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის­ სფე­რ­ო­ებში. მაშინ, როცა ჩვენი სტ­რ­ა­­ტეგიული პარტნიორის, აშშ-ის­­­­­ ეკონომიკური სტრატეგია XXI საუკუნეში წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებისკენაა მიმართული, ზემოთ ხსენებულ პროექტებში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებს.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველოს აქტიური მონაწილეობა ჩვენს საერთაშორისო ფუნქციას კიდევ უფრო უსვამს ხაზს, არის ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა ავღანეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით. ის, რომ ამ პროგრამის პარტნიორები არიან ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, მოწმობს, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპისთვის ეს რეგიონი, და რამდენად წარმატებული­ შეიძლება იყოს ქვეყანა, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სტაბილური ეკონომიკური ხიდის ფუნქციას იტვირთებს.
ამ ცალკეული პროექტების ერთიან, სტრ­ატეგიულ ხედვად ჩამოყალიბება საქ­ართველოს საშუალებას მისცემს, უახლოეს ათწლეულებში ქვეყნის გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფუნქცია გამოკვეთოს, რასაც მოერგება ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაც.
ქათტველი
21 ივლისი 2015 10:03
მოუთმენლად ველი ხოლმე ქ-ნი ხათუნას ანალიტიკურ მასალებს. თუ შესაძლებელია იქნებ უფრო მარტივად და ვრცლად მოგვაწოდოთ ინფორმაცია. წინასწარ მადლობა.
vaja17
20 ივლისი 2015 14:14
" საქართველოს აქტიური მონაწილეობა ჩვენს საერთაშორისო ფუნქციას კიდევ უფრო უსვამს ხაზს, არის ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა ავღანეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით."

ქალბატონო ხათუნა! ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი მაგ სიიდან სრულებით ამოსაღებია, რადგანაც რუსეთზე არიან დამოკიდებულები და არიან მათი მოკავშირეები 100% ! თურქმენეთი და უზბეკეთი დიდად არიან დამოკიდებულები და რუსეთის წინააღმდეგ არ წავლენ! ჩინეთი რუსეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რომაა, გაერო-ს სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს გადაავლეთ თვალი და რაღაცას შეამჩნევთ, თუ მოინდომებთ! აზერბაიჯანი მაქსიმალურად იცავს ნეიტრალურ მდგომარეობას და ჭკვიანურად იქცევა! პაკისტანი ტყუილად შევიდა ШОС-ში ამ ერთი კვირის წინ, თქვენ როგორ გგონიათ? ვინღა დაგვრჩა? ავღანეთი! აი, სად ყოფილა საქართველოსათვის საერთაშორისო ფუნქციის აღდგენის (აღდგენა? რამე გვაქვს აღსადგენი , რაც "დამოუკიდებლობა" მოვიპოვეთ?) გასაღები დამალული და ძლივს აღმოვაჩინეთ!!!
მგონი, არ ღირს დღევანდელ დაძაბულ დროში გეოპოლიტიკის ასე ზერელედ გარჩევა, მითუმეტეს დასავლეთის ბანკების პროგრამებზე დაყრდნობით!
თეიმურაზ კვირკველია
20 ივლისი 2015 11:51
მე კი ყურადღებით ვკითხულობ ხათუნა ლაგაზიძის ანალიტიკურ მასალებს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამისთვის ვერ იცლიან. რატომ არ აინტერესებთ ასეთი სერიოზული ანალიტიკოსი და განათლებული პერსონა იყოლიონ ხელისუფლებაში?

რედაქტორის რჩევით