ბობოხიძე, "ს ვეშჩამი"! - მთავრობა კვლავ მარგველაშვილის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ბობოხიძე, "ს ვეშჩამი"! - მთავრობა კვლავ მარგველაშვილის წინააღმდეგ

ეკა ბესელია: "მაინტერესებს, რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმა ის პირები, რომლებიც ამ დრომდე

გათავისუფლებას სამართლიანად ელოდებიან?"

"მარგველაშვილი, როგორც არჩეული პირი, ვალდებულია საზოგადოებას ყველა დეტალი განუმარტოს"

კაკო ბობოხიძე: "მარგველაშვილს ვიცნობ, მაგრამ პრეზიდენტი წელიწად-ნახევარია არ მინახავს, ასე რომ, პოლიტიკურ ალიანსზე საუბარი ამ შემთხვევაში სრული აბსურდია"

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო ქონების გაფლანგვისთვის ბრალდებული, ხონის მაჟორიტარი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე პრეზიდენტმა დანარჩენ 97 პატიმართან ერთად შეიწყალა. მარგველაშვილის ამ გადაწყვეტილებამ მმართველი გუნდის წარმომადგენლები აღაშფოთა. პრემიერმა ის "ჭეშმარიტად ნაციონალ პრეზიდენტად" მოიხსენია.

შეგახსენებთ, ლევან ბობოხიძე "ნაციონალური მოძრაობის" ხონის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო და მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურის მასალებში ნათქვამია, რომ 2010 წელს ლევან ბობოხიძემ დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზურაბ ჯიბუხაიასა და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძესთან ერთად, ხონის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი 40 ოჯახისთვის განკუთვნილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამასალე და საშეშე მერქანი უსასყიდლოდ მიისაკუთრა...

ლევან ბობოხიძის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემით, ჯამში, ხონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული დიდი ოდენობით ქონება გაიფლანგა (კერძოდ - 93,299 მ3 მასალა), რითაც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

პროკურორის ცნობით, ლევან ბობოხიძეს ბრალი კიდევ ერთ საქმეში ედებოდა - 2006 წლიდან 2012 წლის შემოდგომამდე ხონის მუნიციპალიტეტის უკლებლივ ყველა თანამშრომლისგან,„"ნაციონალური მოძრაობის" საწევროს სახით, ყოველთვიურად სახელფასო განაკვეთის 10%-ს კრეფდა, რომელიც თითქოსდა ხონში მცხოვრებ ამავე პარტიის დაუსაქმებელ აქტივისტებსა და სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა, რეალურად კი თანხას საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდა... თუმცა, ბრალდების ამ ნაწილში უზენაესმა სასამართლომ ლევან ბობოხიძე გაამართლა.

საბოლოოდ, ლევან ბობოხიძემ პატიმრობაში ცხრა თვე გაატარა. დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მარგველაშვილის მისამართით უამრავი კითხვა გაჩნდა.

ეკა ბესელია: "ლევან ბობოხიძის შეწყალების შემდეგ, პრეზიდენტის მისამართით  უამრავი კითხვა გაჩნდა. მარგველაშვილი, როგორც არჩეული პირი, ვალდებულია საზოგადოებას ყველა დეტალი განუმარტოს. მეც მაინტერესებს, რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმა ის პირები, რომლებიც ამ დრომდე გათავისუფლებას სამართლიანად ელოდებიან? ბობოხიძე რასაც წარმოადგენს, ყველამ იცის. ნებისმიერი ადამიანის გათავისუფლება მიხარია, მაგრამ პირადად მე უამრავ თანამებრძოლთან ერთად უკანონო პატიმართა გასათავისუფლებლად ვიბრძოდი, კაკო ბობოხიძე და მისი თანამოაზრეები კი ამ უსამართლობას ამაგრებდნენ,

ისინი თავადაც სისასტიკისა და ძალადობრივი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილები არიან.

აკაკი ბობოხიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: "არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ჩემი ძმის შეწყალების გადაწყვეტილება პოლიტიკური სიმპათიების გამო მიიღო, მან აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადადგა და ბუნებრივია, კმაყოფილი ვარ. ამ თემის პოლიტიზებას მხოლოდ მთავრობის წევრები ცდილობენ. ისე,

კარგი იქნება, ეკა ბესელიამ საზოგადოებას ის განუმარტოს, საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებისას რას აკეთებდა...

მის მიმართ კითხვის ნიშნები მრავლად არსებობს, პასუხები კი ამ დრომდე არ მიგვიღია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებაზე განცხადება დაკავებულების მშობლებმა შეიტანეს... მართალია, მარგველაშვილს ვიცნობ, მაგრამ პრეზიდენტი წელიწად-ნახევარია არ მინახავს, ასე რომ, პოლიტიკურ ალიანსზე საუბარი ამ შემთხვევაში სრული აბსურდია".

რუსუდან შელია