ვისწავლით ჭკუას?! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

ვისწავლით ჭკუას?! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

მოკლედ, წინა კვირას გავიგეთ, რომ კაცი სახლიდან EBRD-ში არ გაიშვება, ხოლო EBRD-ში ნამყოფი ქალი სახლში არ შემოიშვება, რადგან პარლამენტარ სოსო ჯაჭვლიანის აზრით, ეს უწესო ადგილია. ამ ამბავზე უკვე მთელმა საქართველომ იცინა. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ დავადგინე, მართლა არ იცოდა დეპუტატმა, რომ ეს აბრევიატურა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს ნიშნავს თუ, უბრალოდ, სვანური იუმორი იყო, მაგრამ როგორც უნდა იყოს, ჯაჭვლიანი თავისი ამ გამოსვლის გამო ქვეყნის სასაცილო გახდა; არა მარტო ჩვენი ქვეყნის.

უკვე უცხოურმა საინფორმაციო საშუალებებმაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქართველ პარლამენტარს ბანკი ბორდელში აერია. როგორ ფიქრობთ, ახლა ეს სასაცილოა?! და განა ეს იყო ყველაზე სამარცხვინო ჯაჭვლიანის გამოსვლაში? გაცილებით დიდი პრობლემა მისი გამოსვლის პირველი ნაწილი იყო. პარლამენტის ტრიბუნიდან იმის ჩამოთვლა დაიწყო, სად რამდენ ქალთან "მუშაობდა". თან ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა პარლამენტარები სამარცხვინოდ იქცევიან. გემახსოვრებათ, სულ ახლახან ერთმა დეპუტატმა განაცხადა, ეტყობა, ჩვენი კოლეგები სხდომებს იმიტომ არ ესწრებიან, საზამთრომ მოწამლა და ახლა კუჭი აქვთ აშლილიო. საერთოდ, ამ პარლამენტში და განსაკუთრებით უმრავლესობის რიგებში ბევრი დეპუტატია ისეთი, მიკროფონთან რომ მიდის, წინასწარ მეშინია, რამე სამარცხვინო არ ქნას. ხომ გქონიათ ის განცდა, სხვის მაგივრად შენ რომ გრცხვენია? ჰოდა, ასე მემართება ბევრის მოსმენაზე. არადა, ამ დროს უამრავი მათზე წესიერი და მათზე ჭკვიანი ადამიანი შეიძლება უმუშევარი ზის. ესენი კიდევ მხოლოდ იმაში იღებენ მაღალ ხელფასებს, რომ შეგვარცხვინონ. აქვთ დეპუტატის სტატუსი და მერე მთელი ცხოვრება 500-ლარიანი პენსიაც ექნებათ როგორც ყოფილ პარლამენტარებს.

მთავარი კითხვა ახლა ასეთია: რა დამსახურებისთვის მოხვდა ეს ხალხი იქ? რადგან წარმატებული სპორტსმენი ან მსახიობი იყავი, ამიტომ ხალხმა პარლამენტში უნდა აგირჩიოს და შენს ბჟუტურს უსმინოს? ზოგი ამბობს, ესენი ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს და ეს დაუფასდათო. თუ რაიმეში შეცდა ივანიშვილი, ეს არის "ქართული ოცნების" საპარლამენტო შემადგენლობა! დღეს ამბობს, რა მექნა, ეს იყო იმდროინდელი პოლიტიკური სპექტრიო. სწორედ ეგ არის საქმე, რომ ვინც იყო, მარტო იმათგან აარჩია და ახალი ხალხი არ მოძებნა. რა მოხდებოდა, ამ ნაცადი მოლიპული გზით არ წასულიყო  და საპარლამენტო სიაში თუნდაც უცნობი, მაგრამ ნიჭიერი, წესიერი ახალგაზრდები შეეყვანა. რა, ჯაჭვლიანების თუ ზვიადაურების გარეშე არჩევნებს ვერ მოიგებდა? ხალხი ხმას ხომ მხოლოდ ივანიშვილს აძლევდა და არა სიას!

იმედია, აწი მაინც ვისწავლით ჭკუას და სხვისი ხათრით ხმას არავის მივცემთ. მარტო დაპირებებს და ლიდერს კი არ მივაქცევთ ყურადღებას, არამედ იმ ხალხსაც, ვინც ჩვენი ხმების წყალობით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოხვდება.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რა ხდება თვითმმართველობებში და იქ რა ხალხი მოხვდა "ოცნების" სიით. აგერ სულ ცინცხალი ამბავია: მცხეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიაზე ფულადი ჯილდოები (6.000 ლარი) გაიცემა. ჯილდოების გაცემა მერიას მოსთხოვა საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც ამასთანავე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ნაკურთხი პრემიები არ ეყოთ, ახლა ჯილდოებზე გადავიდნენ. რატომ? ჯილდო არ იბეგრება.

აი, ეს არის "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის საკადრო პოლიტიკის შედეგი.

ასეთი დამოკიდებულება კლავს განათლების სურვილს ახალგაზრდებში. როცა ახალგაზრდა ხედავს, რომ ვიღაც გაუნათლებელი განათლებულ მამამისზე მეტ წარმატებას აღწევს ან მეტ ფულს შოულობს, სწავლა აღარც მას უნდა.

დაპირებები თუ წამოცდენები?

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მას წამოსცდა, როდესაც თქვა, "ქართული ოცნების" მმართველობის მესამე წელს ეკონომიკურ გაუმჯობესებას მოსახლეობა საკუთარ ჯიბეზე იგრძნობსო. კარგია, როდესაც ადამიანი თავის შეცდომას აღიარებს და არ ცდილობს, თვალში ნაცარი შეგვაყაროს და გვითხრას, რომ ეს უკვე მოხდა; ცუდია, რომ ქვეყანაში ყველაზე გავლენიან მოქალაქეს შეუსრულებელი დაპირების გამო ისე უწევს თავის მართლება, როგორც ჩემი 6 წლის შვილს, როცა რაიმე ცუდ სიტყვას იტყვის! ცუდია იმიტომ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. გახსოვთ, ალბათ, ადრე ივანიშვილმა ბოდიში მოიხადა, რომ სადღაც მიტინგზე მოსახლეობას ელექტროენერგიის ტარიფის განახევრების პირობა მისცა. მაშინაც ასე თქვა, ერთხელ ვთქვი მხოლოდო. დღეს რა გვაქვს?

ტარიფი განახევრების მაგივრად ძვირდება, დენის გაძვირება კი, მოგეხსენებათ, პროდუქტების დიდი ნაწილის გაძვირებასაც ნიშნავს. აი, ამას კი თითოეული მოქალაქე ნამდვილად იგრძნობს საკუთარ ჯიბეზე. გასაგებია, რომ ლარის კურსის ვარდნამ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ მიზეზების მოძებნა ან წამოცდენით რაღაცების გამართლება მოსახლეობას შეღავათს მისცემს?

ამ ყველაფრის ფონზე ივანიშვილი ამბობს, ყველა დაპირება შესრულდაო. კი ბატონო, რაც ვერ შესრულდა, თუ ყველაფერს წამოცდენა დავარქვით, დანარჩენი კი გამოვა შესრულებული. აქ მხოლოდ სოციალურ დაპირებებზე ხომ არ არის საუბარი? დემოკრატიის გაზრდაზეც ბევრი დაპირება გაიცა. ბევრიც გაკეთდა, მაგრამ ყველაფერი თითქმის ნახევრად. აგერ ახლა პროკურატურის რეფორმაც ტარდება, მაგრამ "ოცნება" უარს ამბობს თავისივე სამთავრობო პროგრამაში ჩაწერილ დაპირებაზე, რომ პროკურორის წარდგენის უფლება პრეზიდენტს გადასცემოდა, რათა საგამოძიებო სტრუქტურისგან  მთავრობის მაქსიმალური დისტანცირება მომხდარიყო. თუ არ მოსწონდათ ეს ვარიანტი, მაშინ პროგრამაში რას ჩაწერეს? მე დავაძალე? ახლა კი ხელისუფლების გარდა, ყველა ამბობს, რომ ეს რეფორმა მხოლოდ ფორმალური გამოვა და პროკურატურის რეალური დეპოლიტიზაცია არ მოხდება.

ამიტომ, მგონი, მომავალი არჩევნებისთვის პოლიტიკოსებს უნდა დავაკონკრეტებინოთ, რა არის მათ ნათქვამში დაპირება და რა "წამოცდენა". თუმცა ამას წინასწარ ვინ გეტყვის?!