ვინ ლობირებს "კეზერას" ინტერპოლში - კვირის პალიტრა

ვინ ლობირებს "კეზერას" ინტერპოლში

"ადეიშვილისა და კეზერაშვილის შემდეგ საერთაშორისო ძებნა დათა ახალაიას მიმართაც შეწყდება"

შოთა მინდელი: "როგორც უნდა ეცადონ, კეზერაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. პროკურატურის

ნებისმიერი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება"

გია ხუხაშვილი: "ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამამართლებელი განაჩენები ქართულ სასამართლო დარბაზებშიც გვინახავს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქმეებს შეგნებულად ანგრევენ"

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ინტერპოლი აღარ ეძებს - სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი წითელი ცირკულარიდან ამოიღეს. მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება ქართული მხარის არგუმენტების გაცნობის გარეშე მიიღო. სხვათა შორის, პროკურატურისგან ანალოგიური განმარტება რამდენიმე თვის წინ, ზურაბ ადეიშვილის შემთხვევაშიც მოვისმინეთ, თუმცა ვინ ან რა ფაქტორი უშლის უწყებას ხელს, რომ ინტერპოლს არგუმენტები დროულად, გადაწყვეტილების მიღებამდე მიაწოდოს, გაუგებარია.

"საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს მიმართოს ინტერპოლის შესაბამის დანაყოფს და არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოითხოვოს დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა... მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სასამართლო განიხილავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ ორგანოებთან და ექსტრადიციის საკითხის წარმატებით დასრულების მიზნით მოთხოვნისამებრ აწვდის მათ ყველა საჭირო ინფორმაციასა და მასალებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, დამატებითი განმარტებისგან კი უწყებაში თავს იკავებენ.

კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი: - ინტერპოლის გადაწყვეტილებას წინ ჩვენ მიერ გადაგზავნილი მტკიცებულებები უძღოდა, რის შემდეგაც კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გაუქმდა.

ისეთმა კომპეტენტურმა და სანდო ორგანიზაციამ, როგორიც ინტერპოლია, არგუმენტირებულად დაასაბუთა, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა.

მსგავს გადაწყვეტილებებს ინტერპოლი იშვიათად იღებს, საქართველოსთვის კი ეს უკვე მეორე პრეცედენტია.

- პროკურატურა საერთაშორისო ძებნის აღდგენის მოთხოვნით ინტერპოლში დამატებითი დოკუმენტაციის გადაგზავნას აპირებს, ასევე ცნობილი ხდება, რომ მისი ექსტრადირების საკითხზე გაერთიანებული სამეფოს სასამართლოსთან თანამშრომლობს.

- როგორც უნდა ეცადონ, კეზერაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ამაზე უკვე საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ და მერწმუნეთ, პროკურატურის ნებისმიერი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. სხვათა შორის, პროკურატურამ ინტერპოლი ვერც იმაში დაარწმუნა, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნა დაეწყო:

,,სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. საქართველოს მთავარი პროკურატურა ამზადებს საჭირო მასალებს და გეგმავს, მიმართოს ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს და მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაც", - განმარტავენ პროკურატურაში.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - ცუდი კომბინაციები თამაშდება, ყველაფერი თავდაყირა დადგა და აბსურდის თეატრს დაემსგავსა. პროკურატურამ ჩათვალა, რომ კეზერაშვილის მიმართ დევნის შეწყვეტას ისევ ინტერპოლს გადააბრალებდა და ამით საკუთარ დანაშაულს გამოისყიდდა, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს ხვდება. არა მხოლოდ პროკურატურამ, პოლიტიკურმა ელიტამ ვერ მოახერხა ახსნა-განმარტების მიწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

ჩემი აზრით, ინტერპოლის გადაწყვეტილებებში მნიშვნელოვანი როლი ევროპარლამენტში მიღებულმა რეზოლუციებმა ითამაშა, რაც მმართველი გუნდის დანაშაულია.

პასუხისმგებლობა მმართველ გუნდზეც უნდა გადანაწილდეს, რომელთა მოქმედებები დიდი ხანია მორალის ფარგლებს გასცდა.

პრობლემა დიდი ხანია ქვეყნის შიგნითაც არსებობს, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამამართლებელი განაჩენები ქართულ სასამართლო დარბაზებშიც გვინახავს.

დიდი ხანია მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქმეებს შეგნებულად ანგრევენ და აბსურდამდე სწორედ ამიტომ მივდივართ.

ლევან ალაფიშვილი, იურისტი: - კეზერაშვილისა და ადეიშვილის შემთხვევაში ინტერპოლმა ერთი პრინციპით იხელმძღვანელა - თუ ძებნილი პირი მოქალაქეობას ან სოციალურ სტატუსს იცვლის, მასზე ძებნა ავტომატურად წყდება. მოგეხსენებათ, კეზერაშვილი შუაგულ ევროპაში დააკავეს და მისი საქმე საფრანგეთის სასამართლომ განიხილა. მაშინ ფრანგმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებით, მის მიმართ პოლიტიკური დევნის განხორციელების რისკი მაღალი იყო, ამიტომ დარბაზიდან გაათავისუფლა. მსგავსი შედეგები იმით არის განპირობებული, რომ პროკურატურა ისევ ძველ რეჟიმში მუშაობს - ჯერ ბრალდებას წერს და მტკიცებულებების შეგროვებას მოგვიანებით იწყებს. თანაც, პროკურატურას საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, რაც სამართლებრივად იმას ნიშნავს, რომ განაჩენს დაეთანხმა. ინტერპოლის გადაწყვეტილებასაც საფუძვლად ეს ფაქტორი დაედო.

სავარაუდოდ, ადეიშვილისა და კეზერაშვილის შემდეგ საერთაშორისო ძებნა დათა ახალაიას მიმართაც შეწყდება, რადგან ის საბერძნეთის სასამართლომ უკვე გაამართლა და როგორც ვიცი, ქართულ მხარეს არც ბერძენი მოსამართლის გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - ბოლო პერიოდში არა მხოლოდ იანუკოვიჩი, ამ დონის კიდევ რამდენიმე ფიგურა ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს. ეს პროცესი დასავლეთისთვის არის კონტრპროდუქტიული, რადგან ბევრი საეჭვო კითხვა ჩნდება. როგორც ჩანს, კეზერაშვილის დევნის გაუქმებაც გარიგებებთან არის დაკავშირებული. ევროპაში არსებობენ ძალები, რომლებიც მსგავსი ოდიოზური ფიგურების ლობირებას არასოდეს ერიდებიან. მოგეხსენებათ, ევროპის სახალხო პარტია, ევროპის პარლამენტში "ნაცმოძრაობის" ოფიციალურ ლობისტურ ძალას წარმოადგენს. მათ ევროპაში, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებზე, სერიოზული გავლენები აქვთ. არ არის გამორიცხული, რომ ძებნილთა სიიდან კეზერაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ძალისხმევით ამოიღეს. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ კეზერაშვილი მასშტაბურ ბიზნესურთიერთობებშია ჩართული. მე კეზერაშვილის ალბანეთის სათამაშო ბიზნესში ჩართულობა მაფიქრებინებს, რომ ის კრიმინალთანაც მწყრალად არ გახლავთ. ალბანეთში სათამაშო ბიზნესში ხელისუფლების მფარველობის გარეშე ვერ ჩაერთვები. შესაბამისად, კეზერაშვილის თავისუფლება ოფიციალური ალბანეთის ინტერესებშიც შედის. კეზერაშვილი "ნაცმოძრაობის" ოფიციალური ხაზინადარიცაა. სწორედ მასთან იყრის თავს პარტიის ფინანსები, რომელიც წლების განმავლობაში ჩამორთმეული ბიზნესით იკვებებოდა. ვიღაცები ამტკიცებენ, რომ კეზერაშვილმა საქართველოში ყველა ბიზნესი დათმო, მაგრამ

დარწმუნებული ვარ, ის ქართულ ბიზნესში ისევ სერიოზულ ბერკეტებს ფლობს. შესაძლოა, მან რამდენიმე ქართველი სამართალდამცავიც მოისყიდა, რომლებიც სუსტი მტკიცებულებების წარმოდგენით, ლობისტებს ინტერპოლში თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას აძლევენ.