საოცნებო და არა "საოცნებო" პრეზიდენტი?! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
03-08-2015
საოცნებო და არა "საოცნებო" პრეზიდენტი?! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს საოცნებო და არა "საოცნებო", ანუ ის ხალხისთვის, ქვეყნისთვის უნდა იყოს კარგი და არა რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის, თუნდაც მას "ოცნება" ერქვას და თუნდაც ეს ადამიანი ამ პოსტზე ამ პარტიის წარდგენილი იყოს. ჩვენ სულ ვსაყვედურობდით პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ვერ მოახერხა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგომა და დარჩა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტად, მარგველაშვილს კი იმისთვის საყვედურობენ, საკუთარ გუნდს, რომელმაც პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა, ხშირად რატომ უპირისპირდებაო. ამის საპასუხოდ მე უკეთესად ნამდვილად
ვერ ვიტყვი, ვიდრე თავად პრეზიდენტმა თქვა: "მე ფიცი დავდე არა "ქართული ოცნების", არამედ სახელმწიფოს წინაშე!"

მოდი, ასე დავსვათ საკითხი: რა უნდა ქნას პრეზიდენტმა, თუ ის პარტია, რომელმაც წარადგინა, ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებას მიიღებს? თვალი უნდა დახუჭოს და პარტიული ინტერესი უფრო მაღლა დააყენოს, ვიდრე ქვეყნის? მე არ
ვაპირებ "ეროვნული ბანკის შესახებ" კონკრეტული კანონი განვიხილო. აქ მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტსა და მის მრჩევლებს ასე მიაჩნიათ, რომ ეს აზიანებს ქვეყანას და თუ ასე მიაჩნიათ, მაშინ როგორ უნდა მოიქცნენ? ან ვეტო რატომ განიხილება ქვეყნის დასასრულად? ეს საკონსტიტუციო მექანიზმი საჭირო რომ არ ყოფილიყო, ხომ არ მოიგონებდნენ? თუ, უბრალოდ, კონსტიტუციაში უნდა ეწეროს და არასდროს გამოიყენო, როგორც სააკაშვილი არ იყენებდა? და რა მოგვიტანა ასეთმა შეთანხმებულმა მოქმედებამ, როცა პარლამენტი მთავრობას ვერ უწევდა წინააღმდეგობას, მთავრობა - პრეზიდენტს და ერთხმად იღებდნენ გადაწყვეტილებებს?!

როდესაც პრეზიდენტის მოქმედებებს და ვეტოებს ვაფასებთ, ჩვენთვის, ამომრჩევლებისთვის, მთავარი ის კი არ უნდა იყოს, "ოცნების" სასარგებლოდ ხდება ეს თუ მის საწინააღმდეგოდ, არამედ ქვეყნისთვის სასარგებლოა თუ არა. მე ვერ ვიხსენებ აქამდე პრეზიდენტის ისეთ ვეტოს, რომელსაც არ ვეთანხმებოდი, როგორც მოქალაქე. ავიღოთ თუნდაც "მოსმენების შესახებ" კანონზე პრეზიდენტის პოზიცია. განა "ქართული ოცნება" არ ამბობდა, რომ მოსმენები უნდა დასრულებულიყო? ჰოდა, როცა პრეზიდენტი ისეთ კანონპროექტს ადებს ვეტოს, რომელიც ამ მიმართულებით ბევრ კითხვას ტოვებს, ვინ გამოდის "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებების ერთგული, "ოცნება" თუ პრეზიდენტი? ან საარჩევნო კოდექსის თემა ავიღოთ. როცა საუბარი იყო, რომ მაჟორიტარები ცუდია, დღეს რა ვითარება გვაქვს? "ოცნება" ამბობს, კი, ცუდია, მაგრამ, მოდი, 2016 წელს ნუ გამაუქმებინებთ, რადგან ასე მაწყობს და 2020 წელს გავაუქმოთო. თუ პრეზიდენტი ამას შეეწინააღმდეგება, ვინ იქნება მართალი?
ან თუნდაც შეწყალების თემა ავიღოთ. რატომ არ უნდა შეეწყალებინა პატიმარი ლევან ბობოხიძე, თუ ის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა? მხოლოდ იმიტომ, რომ კაკო ბობოხიძის ძმაა? და ეს ხომ იქნებოდა პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დაჩაგვრა?

დაბოლოს, ხშირად აყვედრიან მარგველაშვილს, ივანიშვილმა მოგიყვანა მაგ თანამდებობაზეო. კი ბატონო, დღეს ვინც თანამდებობაზეა, ყველა ივანიშვილმა მოიყვანა, მაგრამ იმავე ღარიბაშვილისგან განსხვავებით, მარგველაშვილი მას არსაიდან არ მოუყვანია. მარგველაშვილს მანამდეც იცნობდა საზოგადოება როგორც პრინციპულ და ჭკვიან ანალიტიკოსს. ერთხელ დავწერე და გავიმეორებ: მარგველაშვილი არის ივანიშვილის საუკეთესო საკადრო გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ თავად შეცდომა ჰგონია!

მარაზმი და შეცდომების გამოსწორების სამინისტრო

რა თქმა უნდა, მარაზმი იყო, ყველა ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით "რუსთავი 2"-ს კონცერტების ჩატარებაზე უარს რომ ეუბნებოდნენ! დიდი ეჭვი მაქვს, გორში ჩატარებული კონცერტის მერე "ოცნებაში" იფიქრეს, ხალხმა ეს "ნაციონალური მოძრაობის" საჩუქრად არ ჩათვალოსო და შეეშინდათ. თუ ეს მართლაც ასე იყო, "ოცნებას" ძალიან ცუდად ჰქონია საქმე. რისი შეგეშინდათ, კონცერტების?! არადა, სხვა რა უნდა იფიქრო ადამიანმა, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით სამ ქალაქში აღმოაჩენენ, რომ თურმე "რუსთავი 2" დაგეგმილ კონცერტებს ვეღარ ჩაატარებს, რადგან იქ სხვა კონცერტები იმართება? კიდევ კარგი, ბოლოს მიხვდნენ შეცდომას და კონცერტები, მართალია, სხვა დღეებში, მაგრამ მაინც გაიმართება, მაგრამ აწი რა ფასი აქვს? არაფრისგან პრობლემა შეიქმნეს და იმიჯი შეილახეს!

საერთოდ, მგონია, რომ ამ მთავრობას ერთი შეცდომების გამოსწორების სამინისტრო სჭირდება, რადგან ამ კვირაში კიდევ ორი შეცდომის გამოსწორებაზე ალაპარაკდნენ. ერთი, დავით სერგეენკომ განაცხადა, შეცდომა იყო მარტოხელა პენსიონერებისთვის სოციალური დახმარების გაუქმებაო და მეორე, ეკონომიკის მინისტრმა გვამცნო: "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონი კი მივიღეთ, მაგრამ კიდევ რამდენიმე­ შენიშვნა არის გასათვალისწინებელი და ამას სექტემბერში გავასწორებთო.­ ­­ე, ბიჭო, ჯერ მოგესმინათ ყველა შენიშვნა და მერე მიგეღოთ კანონი?! მერე გიკვირთ, პრეზიდენტმა ვეტო რატომ დაადო ამ კანონსო.

დაბოლოს, მთავრობის წევრის წინა კვირას გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო. ნოდარ ჯავახიშვილმა თქვა: თუ ყველა ქალაქელს მოუნდება საკუთარი მანქანით გადაადგილება, თბილისი ამის შესაძლებლობას ნამდვილად არ იძლევა, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვავითაროთ, ანუ მერე, როცა ტრანსპორტი განვითარდება, კარგი იქნება, მანქანებს თუ სახლში დატოვებთ და ფეხით ივლით, თორემ საცობების პრობლემა ვერ მოგვარდებაო. მეც ძალიან მომწონს მანქანების სახლში დატოვებისა და სამსახურში ტრანსპორტით სიარულის იდეა, მაგრამ, ბატონო ნოდარ, ამორალურია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხალხს მოუწოდონ ამისკენ, როცა თავად ისინი ძვირად ღირებული ჯიპებით დადიან. თუ მართლა გინდათ ამ კარგი იდეის განხორციელება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების გარდა, პირადი მაგალითის მიცემაც დაგჭირდებათ და განსაკუთრებით - მერს! თორემ, თუ თქვენ კომფორტული შავი ჯიპებით ივლით, ხალხს კი მოუწოდებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იარონ, სადაც ელემენტარული კონდიცირების პრობლემა ვერ მოგიგვარებიათ, ვერ იქნება მთლად­ ზნეობრივი ამბავი. 
tngh
16 აგვისტო 2015 15:59
მარგველაშვილი საქართველოს კი არა, "მეგრანტეების" პრეზიდენტია. ერთხელ მაინც შეხვედრია საქართველოს მოსახლეობას და მათი აზრი მოუსმენია??? მისთვის მხოლოდ მოტლიკინე "მეგრანტეების" ბრტყელ-ბრტყელი "აზრებია" მნიშვნელოვანი. გადაუდგავს ნაბიჯი საქართველოს მთლიანობისთვის??? არჩევნების წინ განაცხადა, რომ ის აუხსნიდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ "ნატოს" გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და პირიქით უკეთესია რუსეთის უსაფრთხოებისათვისო. ვერ ბედავს ამ ღრმა ფილოსოფიური მოძღვრების ახსნას, დრო კი მიდის. თვითონ კი ლარის გაუფასურებაში ქადაგიძის მფარველობით არის დაკავებული...
tngh
16 აგვისტო 2015 14:30
ბ-ნო მერაბ!!! ცდილობთ კრიტიკული იყოთ, სინამდვილეში ტენდენციური ხართ. ვინ აუკრძალა კონცერტები "რუსთავი 2"-ს??? ესეთი "მამალი" ტყუილი, ხომ სასაცილოა. ელემენტარულად, ქალაქის ადმინისტრაცია დროის და ადგილის შეთანხმებას სთხოვდა, რომ სხვა ღონისძიებები არ დათხვეოდა. ფაქტია, რომ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ჩატარდა...
ზესტა
10 აგვისტო 2015 20:54
ბატონო მერაბ.ძალიან დიდ პატივს გცემთ,მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმებით.მარგველაშვილი რომ ანტი სახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა,ამას დიდი ლოგიკა არ ჭირდება.ამის პირველი მაგალითი იყო მარგველაშვილის გალაშქრება ახალი შრომითი კოდექსის წინააღმდეგ მოტივით:თურმე ახალი შრომითი კოდექსი გამორჩეულად იცავდა მშრომელი ადამიანის ინტერესებს.ეს ჩათვალა უარყოფით მოვლენად და მიაღწია შრომითი კოდექსის შეცვლას და მუშათა კლასის უფლებების შემცირებას.ახლა განვიხილოთ ბოლო ვეტო.ნებისმიერი დამწყები ეკონომისტი გეტყვით და ამას უკვე ნაცისტთა ექსპერტებიც აღარ უარყოფენ,რომ ლარის გაუფასურებაში ლომის წვლილი მიუძღვის ეროვნულ ბანკსა და ქადაგიძეს.ხოლო ის, რომ შემმოწმებელი ორგანო არ შეიძლება შესამოწმებელი ორგანოს დაქვემდებარებაში იყოს,ნებისმიერი ადამიანი გეტყვით.ხოლო ვინც ამ აბსურდს მხარს უჭერს,ან სრული იდიოტია ანდა ქვეყ,აბსოლუტურად გაუგებარიანის მოღალატე.რატომ იცავენ ამ იდეას ნაცისტები თავგანწირვით,გასაგებია,მაგრამ რატომ უჭერს მათ მხარს პრეზიდენტი,აბსოლუტურად გაუგებარია.და ასეთი პრეზიდენტი რასაც მოიმკის, არჩევნებზე გამოჩნდება,თუკი ბატონი მარგველაშვილი გაბედავს მასში მონაწილეობის მიღებას.თქვენს მიერ განხილულ სხვა საკითხებზე აღარ შევჩერდები,რადგან მასზე კარგად გიპასუხათ ტროლმა.ერთი რამეც იცოდეთ:ჭეშმარიტებას მარტო თქვენ არ ამბობთ,ლოგიკური აზროვნება სხვასაც შეუძლია.

რედაქტორის რჩევით