საოცნებო და არა "საოცნებო" პრეზიდენტი?! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

საოცნებო და არა "საოცნებო" პრეზიდენტი?! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს საოცნებო და არა "საოცნებო", ანუ ის ხალხისთვის, ქვეყნისთვის უნდა იყოს კარგი და არა რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის, თუნდაც მას "ოცნება" ერქვას და თუნდაც ეს ადამიანი ამ პოსტზე ამ პარტიის წარდგენილი იყოს. ჩვენ სულ ვსაყვედურობდით პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ვერ მოახერხა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგომა და დარჩა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტად, მარგველაშვილს კი იმისთვის საყვედურობენ, საკუთარ გუნდს, რომელმაც პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა, ხშირად რატომ უპირისპირდებაო. ამის საპასუხოდ მე უკეთესად ნამდვილად ვერ ვიტყვი, ვიდრე თავად პრეზიდენტმა თქვა: "მე ფიცი დავდე არა "ქართული ოცნების", არამედ სახელმწიფოს წინაშე!"

მოდი, ასე დავსვათ საკითხი: რა უნდა ქნას პრეზიდენტმა, თუ ის პარტია, რომელმაც წარადგინა, ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებას მიიღებს? თვალი უნდა დახუჭოს და პარტიული ინტერესი უფრო მაღლა დააყენოს, ვიდრე ქვეყნის? მე არ ვაპირებ "ეროვნული ბანკის შესახებ" კონკრეტული კანონი განვიხილო. აქ მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტსა და მის მრჩევლებს ასე მიაჩნიათ, რომ ეს აზიანებს ქვეყანას და თუ ასე მიაჩნიათ, მაშინ როგორ უნდა მოიქცნენ? ან ვეტო რატომ განიხილება ქვეყნის დასასრულად? ეს საკონსტიტუციო მექანიზმი საჭირო რომ არ ყოფილიყო, ხომ არ მოიგონებდნენ? თუ, უბრალოდ, კონსტიტუციაში უნდა ეწეროს და არასდროს გამოიყენო, როგორც სააკაშვილი არ იყენებდა? და რა მოგვიტანა ასეთმა შეთანხმებულმა მოქმედებამ, როცა პარლამენტი მთავრობას ვერ უწევდა წინააღმდეგობას, მთავრობა - პრეზიდენტს და ერთხმად იღებდნენ გადაწყვეტილებებს?!

როდესაც პრეზიდენტის მოქმედებებს და ვეტოებს ვაფასებთ, ჩვენთვის, ამომრჩევლებისთვის, მთავარი ის კი არ უნდა იყოს, "ოცნების" სასარგებლოდ ხდება ეს თუ მის საწინააღმდეგოდ, არამედ ქვეყნისთვის სასარგებლოა თუ არა. მე ვერ ვიხსენებ აქამდე პრეზიდენტის ისეთ ვეტოს, რომელსაც არ ვეთანხმებოდი, როგორც მოქალაქე. ავიღოთ თუნდაც "მოსმენების შესახებ" კანონზე პრეზიდენტის პოზიცია. განა "ქართული ოცნება" არ ამბობდა, რომ მოსმენები უნდა დასრულებულიყო? ჰოდა, როცა პრეზიდენტი ისეთ კანონპროექტს ადებს ვეტოს, რომელიც ამ მიმართულებით ბევრ კითხვას ტოვებს, ვინ გამოდის "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებების ერთგული, "ოცნება" თუ პრეზიდენტი? ან საარჩევნო კოდექსის თემა ავიღოთ. როცა საუბარი იყო, რომ მაჟორიტარები ცუდია, დღეს რა ვითარება გვაქვს? "ოცნება" ამბობს, კი, ცუდია, მაგრამ, მოდი, 2016 წელს ნუ გამაუქმებინებთ, რადგან ასე მაწყობს და 2020 წელს გავაუქმოთო. თუ პრეზიდენტი ამას შეეწინააღმდეგება, ვინ იქნება მართალი?

ან თუნდაც შეწყალების თემა ავიღოთ. რატომ არ უნდა შეეწყალებინა პატიმარი ლევან ბობოხიძე, თუ ის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა? მხოლოდ იმიტომ, რომ კაკო ბობოხიძის ძმაა? და ეს ხომ იქნებოდა პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დაჩაგვრა?

დაბოლოს, ხშირად აყვედრიან მარგველაშვილს, ივანიშვილმა მოგიყვანა მაგ თანამდებობაზეო. კი ბატონო, დღეს ვინც თანამდებობაზეა, ყველა ივანიშვილმა მოიყვანა, მაგრამ იმავე ღარიბაშვილისგან განსხვავებით, მარგველაშვილი მას არსაიდან არ მოუყვანია. მარგველაშვილს მანამდეც იცნობდა საზოგადოება როგორც პრინციპულ და ჭკვიან ანალიტიკოსს. ერთხელ დავწერე და გავიმეორებ: მარგველაშვილი არის ივანიშვილის საუკეთესო საკადრო გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ თავად შეცდომა ჰგონია!

მარაზმი და შეცდომების გამოსწორების სამინისტრო

რა თქმა უნდა, მარაზმი იყო, ყველა ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით "რუსთავი 2"-ს კონცერტების ჩატარებაზე უარს რომ ეუბნებოდნენ! დიდი ეჭვი მაქვს, გორში ჩატარებული კონცერტის მერე "ოცნებაში" იფიქრეს, ხალხმა ეს "ნაციონალური მოძრაობის" საჩუქრად არ ჩათვალოსო და შეეშინდათ. თუ ეს მართლაც ასე იყო, "ოცნებას" ძალიან ცუდად ჰქონია საქმე. რისი შეგეშინდათ, კონცერტების?! არადა, სხვა რა უნდა იფიქრო ადამიანმა, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით სამ ქალაქში აღმოაჩენენ, რომ თურმე "რუსთავი 2" დაგეგმილ კონცერტებს ვეღარ ჩაატარებს, რადგან იქ სხვა კონცერტები იმართება? კიდევ კარგი, ბოლოს მიხვდნენ შეცდომას და კონცერტები, მართალია, სხვა დღეებში, მაგრამ მაინც გაიმართება, მაგრამ აწი რა ფასი აქვს? არაფრისგან პრობლემა შეიქმნეს და იმიჯი შეილახეს!

საერთოდ, მგონია, რომ ამ მთავრობას ერთი შეცდომების გამოსწორების სამინისტრო სჭირდება, რადგან ამ კვირაში კიდევ ორი შეცდომის გამოსწორებაზე ალაპარაკდნენ. ერთი, დავით სერგეენკომ განაცხადა, შეცდომა იყო მარტოხელა პენსიონერებისთვის სოციალური დახმარების გაუქმებაო და მეორე, ეკონომიკის მინისტრმა გვამცნო: "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონი კი მივიღეთ, მაგრამ კიდევ რამდენიმე შენიშვნა არის გასათვალისწინებელი და ამას სექტემბერში გავასწორებთო. ე, ბიჭო, ჯერ მოგესმინათ ყველა შენიშვნა და მერე მიგეღოთ კანონი?! მერე გიკვირთ, პრეზიდენტმა ვეტო რატომ დაადო ამ კანონსო.

დაბოლოს, მთავრობის წევრის წინა კვირას გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო. ნოდარ ჯავახიშვილმა თქვა: თუ ყველა ქალაქელს მოუნდება საკუთარი მანქანით გადაადგილება, თბილისი ამის შესაძლებლობას ნამდვილად არ იძლევა, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვავითაროთ, ანუ მერე, როცა ტრანსპორტი განვითარდება, კარგი იქნება, მანქანებს თუ სახლში დატოვებთ და ფეხით ივლით, თორემ საცობების პრობლემა ვერ მოგვარდებაო. მეც ძალიან მომწონს მანქანების სახლში დატოვებისა და სამსახურში ტრანსპორტით სიარულის იდეა, მაგრამ, ბატონო ნოდარ, ამორალურია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხალხს მოუწოდონ ამისკენ, როცა თავად ისინი ძვირად ღირებული ჯიპებით დადიან. თუ მართლა გინდათ ამ კარგი იდეის განხორციელება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების გარდა, პირადი მაგალითის მიცემაც დაგჭირდებათ და განსაკუთრებით - მერს! თორემ, თუ თქვენ კომფორტული შავი ჯიპებით ივლით, ხალხს კი მოუწოდებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იარონ, სადაც ელემენტარული კონდიცირების პრობლემა ვერ მოგიგვარებიათ, ვერ იქნება მთლად ზნეობრივი ამბავი.