თურქეთის სვლა ცხენით - რას აპირებს ანკარა სირიაში - კვირის პალიტრა

თურქეთის სვლა ცხენით - რას აპირებს ანკარა სირიაში

20 ივლისს თურქულ სასაზღვრო ქალაქ სურუჩში თვითმკვლელმა ტერორისტმა 32 ადამიანი იმსხვერპლა, დაჭრილების რაოდენობამ ასს გადააჭარბა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 23 ივლისს დაწყებულმა თურქეთის სამხედრო კამპანიამ კი დასავლეთს ახალი თავსატეხი გაუჩინა: ერთი მხრივ, თურქეთმა მოკავშირე ძალებს "ისლამურ სახელმწიფოზე" საჰაერო დარტყმებისთვის საკუთარი ბაზები დაუთმო, მეორე მხრივ კი თვითონაც განახორციელა საჰაერო დარტყმები, ოღონდ საქმე ის არის, რომ თურქეთის სამიზნეში აღმოჩნდა არა მარტო ხალიფატის პოზიციები, არამედ ქურთი აჯანყებულების ბაზებიც, რომლებიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შტატების დე ფაქტო მოკავშირეებად იქცნენ ISIS-თან ("ისლამური სახელმწიფო") ბრძოლაში. თუმცა, თურქეთისთვის ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ისინი "ქურთისტანის მუშათა პარტიის" სახელით იბრძვიან, რომელსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებად და ეროვნული უსაფრთხოებისთვის უპირველეს საფრთხედ მიიჩნევს. "ქურთ მეამბოხეებთან მშვიდობა არ იქნება!" - ეს პრეზიდენტ ერდოღანის სიტყვებია, რომელიც უკვე კარგა ხანია, სამთავრობო კურსად იქცა ქურთების საკითხში.

ამასობაში ნატოში გაიმართა საგანგებო შეხვედრა, თანაც თურქეთის მოთხოვნით. მოკავშირეები, როგორც მოსალოდნელი იყო, მიესალმნენ "ისლამური სახელმწიფოსთვის" მიყენებულ საჰაერო დარტყმებს და სამაგიეროდ, შეშფოთება გამოთქვეს თურქეთსა და ქურთებს შორის სიტუაციის გამწვავების გამო. განიხილეს ასევე ე. წ. უსაფრთხო, დემილიტარიზებული ზონის შექმნის საკითხი - სცენარი, რომელსაც თურქეთი ბოლო ორი წელია ლობირებდა და უშედეგოდ ცდილობდა შტატების მხარდაჭერის მოპოვებას. რას უნდა ველოდოთ გააქტიურებული თურქეთისაგან და როგორ შეცვლის ანკარის ჩართულობა ზოგად სურათს რეგიონში, ამ საკითხებზე  თურქული Think tank-ის, ტერორიზმისა და უსაფრთხოების შესწავლის საერთაშორისო ცენტრის”დირექტორს, დოქტორ მეჰმეთ ოზკანს ვესაუბრეთ. (ინტერვიუს ჩაწერაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით თურქეთის საელჩოს, რომლის მიერ ორგანიზებული მედია ტურის შედეგად საშუალება მოგვეცა თურქ ექსპერტებს დავკავშირებოდით)

- თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილება, მოკავშირეების ძალებს საკუთარი საჰაერო ბაზები დაუთმოს "ისლამური სახელმწიფოსთვის" საჰაერო დარტყმების მისაყენებლად, პირველ რიგში, ნიშნავს თუ არა იმას, რომ თურქეთი "ისლამურ სახელმწიფოსთან" ომში აშკარად ჩაერთო?

- ფაქტია, ჩვენ სერიოზული ძვრების მომსწრე ვართ. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები რეაქციაა უკანასკნელ ხანებში "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთული ძალების გაზრდილ გავლენაზე. აქამდე ხშირად გვაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ თითქოს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლას სათანადოდ”არ ვუჭერდით მხარს.

დღეს, შეიძლება ითქვას, თურქეთი ჩაითრიეს ორი დაპირისპირებული ძალის: ISIS-სა და ქურთულ ძალებს შორის კონფლიქტში. თუმცა, საჰაერო დარტყმები სრულმასშტაბიან ომად არ უნდა მოვნათლოთ - ეს უბრალოდ სტრატეგიაა ამ ორი ტერორისტული დაჯგუფების შესაკავებლად.

- რას ეტყოდით მათ, ვისაც მიაჩნია, რომ თურქეთი ISIS-ს ხელს აფარებს, რადგან ქურთების გაძლიერება არ სურს?

- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთისთვის ISIS-იც და PKK-ც  ("ქურთIისტანის მუშათა პარტია") ტერორისტული დაჯგუფებებია. ტერაქტი არის ტერაქტი, მიუხედავად მიზნებისა. არა მგონია, გონივრული იყოს იმის თქმა, რომ თურქეთი ამ ორიდან რომელიმეს დაუჭერს მხარს, რათა ბალანსი შეინარჩუნოს. ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება ასადის რეჟიმის ამოძირკვა, რაც, სხვა პრობლემებთან ერთად, "ისლამური სახელმწიფოს" პრობლემასაც გადაწყვეტდა.

- უმწვავეს პრობლემად რჩება დევნილების საკითხიც. 1,7 მილიონი სირიელი ლტოლვილი - ამ რაოდენობით თურქეთი მსოფლიოში პირველია, მაშინ როცა ევროპული ქვეყნები სულ უფრო მკაცრ საემიგრაციო პოლიტიკას ატარებენ. თუ ეს ტენდენცია არ შეიცვალა, როგორი იქნება თურქეთის სამოქმედო გეგმა?

- თურქეთი გააგრძელებს ღია კარის პოლიტიკას. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ლტოლვილებისთვის მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხო ზონების შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და დროა, დასავლეთმა ამას თვალი გაუსწოროს.

- არავისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ საქართველოს ათეულობით მოქალაქე პანკისის ხეობიდან "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს იბრძვის, სირიაში ჩასასვლელად კი დერეფნად თურქეთს იყენებენ. როგორი უნდა იყოს ორი ქვეყნის, საქართველოსა და თურქეთის სტრატეგია ამ პრობლემის გადასაჭრელად?

- ამ შემთხვევაში ორ რისკ-ჯგუფთან გვაქვს საქმე: ისინი, ვინც თურქეთის გავლით სირიაში ჩადიან, და ისინი, ვინც უშუალოდ თურქეთში შემოდის და რჩება. სწორედ ეს ჯგუფია უკიდურესად სახიფათო. მოსალოდნელია, რომ თურქეთში ტერორისტებთან დაკავშირებული ჯგუფები ტერაქტებს მოაწყობენ. რაც შეეხება მათ, ვინც თურქეთის გავლით ჩადის სირიაში, ჩვენ უკან გავაბრუნეთ ასობით ადამიანი, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ მათ ISIS-ის რიგებში ჩადგომა სურდათ.

არ ვიზიარებ სკეპტიკოსების აზრს, რომ ექსტრემისტების დინების მონიტორინგი სირიისა და ერაყის მიმართულებით შეუძლებელია, უბრალოდ, მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო. შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმ ქვეყნების ნაწილს, საიდანაც ექსტრემისტები მოდიან, ან სერიოზული ხარვეზები აქვთ უსაფრთხოებაში, ან სურთ, სახიფათო ელემენტები ქვეყნის გარეთ დაიგულონ. ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ თურქეთისთვის, ეს არის გამოწვევა ყველასთვის, რომლის დაძლევაც მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობით შეიძლება.

ესაუბრა ვაჟა თავბერიძე