"რუსთავი 2"-ის საქმე - "ტელევიზიას დღესაც მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებს" - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-ის საქმე - "ტელევიზიას დღესაც მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებს"

ქიბარ ხალვაში: "ნიკა გვარამიას დემაგოგიას ვერ ვუპასუხებ"

ნიკა გვარამია: "რუსთავი 2"-ის ხელყოფა უშედეგოდ დასრულდება"

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5 აგვისტოს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ქონება დაყადაღდა: სასამართლომ გადაწყვეტილება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო, თუმცა მოსარჩელეთა მოთხოვნა "რუსთავი 2-ის" ლოგოს გამოყენების აკრძალვაზე არ დააკმაყოფილა. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.

დღევანდელი მდგომარეობით, "რუსთავი 2"-ის მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი - 23%, გიორგი ყარამანიშვილი - 18%, ტელეკომპანია "საქართველო" 50% და ნინო ნიჟარაძე - 9%.

2004 წლიდან მოყოლებული ტელეკომპანიამ მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. 2004 წელს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის პარტნიორი და მეგობარი იყო, ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი "რუსთავი 2"-ის სამი დამფუძნებლისგან: დავით დვალისგან, ჯარჯი აქიმიძისა და ეროსი კიწმარიშვილისგან მიიღო. ხალვაში აცხადებდა, რომ ტელევიზიის შესაძენად 7 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, თუმცა, რაც ოქრუაშვილმა მთავრობა დატოვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის მფლობელი გამოიცვალა. სხვათა შორის, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღით ტელეკომპანიის აქციების ნაწილს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილიც ფლობდა.

საქმის დეტალების გასარკვევად ქიბარ ხალვაშს დავუკავშირდით: "რუსთავი 2"-ს დღესაც მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებს. ახლა ნიკა გვარამიას დემაგოგიას ვერ ვუპასუხებ".

"რუსთავი 2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია ტელევიზიის ქონების დაყადაღებას ხელისუფლების ზეწოლასა და მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს: "მაქსიმუმი, რასაც ქიბარ ხალვაშმა შეიძლება მიაღწიოს, კომპენსაციაა, რომელიც მას სახელმწიფომ ან იმ პირმა უნდა გადაუხადოს, ვინც ქონება წაართვა, რაშიც ეჭვი მეპარება. ხელისუფლება ტოტალიტარიზმისკენ მიდის, თუმცა იმედი მაქვს, სასამართლო ამ პროცესის მონაწილე არ გახდება და უკანონო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ქვეყნის ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი ტელემედია "რუსთავი 2"-ის ხელყოფა უშედეგოდ დასრულდება. ხელისუფლებას ვაფრთხილებ, რომ მისი ქმედების შესახებ მთელი მსოფლიო დეტალურ ინფორმაციას მიიღებს. ყველა საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას გავაცნობთ საქმის ვითარებას. ამ ბრძოლას ჩვენ არ წავაგებთ!"

პაატა სალია, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: "მეშვიდე წელია, რაც ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ხელისუფლებასთან რომელ თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც პრეტენზიები მმართველ გუნდთანაც ბევრი გვაქვს.

ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ დაპირებას სამართლიანობის აღდგენისა და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის შესახებ ვერ ასრულებს. სხვათა შორის, ქიბარ ხალვაშის საქმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც აისახა. ქიბარ ხალვაშის ხელში ტელეკომპანია აბსოლუტურად დამოუკიდებელი იქნება".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "რუსთავი 2"ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები წმინდა ტექნიკური საკითხია. არა მგონია, ამ ყველაფერთან ხელისუფლებას კავშირი ჰქონდეს. მმართველ გუნდში ისეთი სულელი პოლიტიკოსები არ არიან, რომ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მსგავსი სკანდალის აგორება სცადონ. ისე, ნიკა გვარამია დღეს რომ ბევრს ლაპარაკობს, კარგად გვახსოვს, რას ამბობდა როცა სპეცრაზმი "იმედში" შეიჭრა. ის ახლა, უბრალოდ, "ნაცმოძრაობის" თამაშს თამაშობს და პროცესის პოლიტიზებით დავის გამოყენებას თავის სასარგებლოდ ცდილობს. მას უნდა ესმოდეს, რომ საზოგადოებას ამნეზია არა აქვს. ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვს".

ხელისუფლება ქიბარ ხალვაშთან შეთანხმებით მოქმედებას კატეგორიულად უარყოფს. მანანა კობახიძე: "ჩვენი მონაპოვარია მედიის თავისუფლება და არავის მივცემთ უფლებას, დაგვაბრალოს ის, რასაც თავად "წარმატებით" აკეთებდნენ. გვარამიას ვურჩევდი, სასამართლოს ნუ ემუქრება! ეს ორი კერძო პირის დავაა. ამ პროცესში ხელისუფლების გამოყენება მისი დისკრედიტაციის მიზნით, დაუშვებელია. როგორც ჩანს, ნიკა გვარამია ისტერიკული კამპანიის აგორებას ცდილობს".

რუსუდან შელია