"იმ დღეს მამაჩემის მკვლელს შევხვდი" - რა მოხდა ხარძიანისა და უდესიანის გვარების შეკრებაზე? - კვირის პალიტრა

"იმ დღეს მამაჩემის მკვლელს შევხვდი" - რა მოხდა ხარძიანისა და უდესიანის გვარების შეკრებაზე?

"მოპედის მძღოლი კილერი იყო, რომელსაც ჩემი მოკვლაც ჰქონდა დავალებული"

"მალე დადგება დრო, როცა საზოგადოება ამ საქმეში არსებულ სიბინძურეებზე სიმართლეს შეიტყობს"

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობიდან თითქმის ხუთი თვე გავიდა, თუმცა გამოძიებამ ჯერჯერობით ვერც კილერი იპოვა და არც მკვლელობის ოფიციალურ მოტივს ასახელებს. სამაგიეროდ, გარდაცვლილი ბიზნესმენის პირველი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შესაძლოა კილერმა მათი ლიკვიდაციაც სცადოს. ბესო ხარძიანის ვაჟის თქმით, მამის მკვლელობის შემდეგ კილერმა მისი მოკვლაც სცადა.

მიხეილ ხარძიანი: - საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, როდესაც მე, დედაჩემი და ჩემი და ახლობლის სანახავად სახლიდან მანქანით გამოვედით. ბუნებრივია, მაშინ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იფიქრებდა, რომ ახლოს კილერი იქნებოდა ჩასაფრებული... ცოტა ხანში კეკელიძის #38-თან უნომრო მოპედი შევნიშნე, რომელსაც შავებში ჩაცმული მამაკაცი მართავდა. უცნობი, რომელსაც შალის აკეცილი ქუდი ეფარა, დიდხანს მაკვირდებოდა, თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ შევნიშნე, მოპედი სწრაფად დაძრა და ჩემი სახლისკენ მიმავალ აღმართს აუყვა. მოპედის მძღოლი თავიდანვე საეჭვოდ მომეჩვენა, ამიტომ შეუმჩნევლად უკან ავედევნე.

იქვე, ნინო ჟვანიას #8-სთან გაჩერდა, არადა, ამ მისამართზე არავინ ცხოვრობს, იქ მხოლოდ ორი მშენებარე კორპუსი დგას. ცოტა ხანში მძღოლმა მოპედიდან შავი პარკი მოხსნა და ჩემი სახლისკენ ფეხით გაემართა. სწორედ ამ დროს უკნიდან მანქანით მივუახლოვდი. როგორც კი შემამჩნია, შეცბა, სწრაფად შემოტრიალდა და აჩქარებული ნაბიჯებით ჩემკენ დაიძრა. როგორც გითხარით, ავტომობილში დედა და ჩემი დაც ისხდნენ, ამიტომ მაშინვე ერთმა აზრმა გამიელვა, ჩემი ოჯახის წევრებს არაფერი დაშავებოდათ. მანქანა ნელი სვლით უკან დავძარი. საბედნიეროდ, ამ დროს ორმა ტაქსიმ ჩაიარა, რამაც მოპედის მძღოლი დააფრთხო. როგორც ჩანს, მკვლელობის მოწმეები არ სჭირდებოდა, ამიტომ ტაქსის გამოჩენისთანავე უკან სწრაფადვე გაბრუნდა, მოპედი დაქოქა და ადგილიდან ელვის სისწრაფით მოწყდა. დიდი ალბათობით, მოპედის მძღოლი კილერი იყო, რომელსაც ჩემი მოკვლა ჰქონდა დავალებული.

- სამართალდამცავებთან დაკავშირება არ გიცდიათ?

- მაშინვე დავრეკე, თუმცა როგორც მოგვიანებით მითხრეს, სანამ ოპერატორმა საპატრულო ეკიპაჟს გამოძახების მისამართი გადასცა, მოპედიანი უცნობი მიიმალა. როგორც ჩანს, კილერი კეკელიძის #38-თან ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორიის შესასწავლად მივიდა და ჩემს მარშრუტსაც აკვირდებოდა, თუმცა ვერ გათვალა, რომ მეც შევნიშნავდი. ჩემს სახლთან კილერისთვის იდეალური გარემოა: ირგვლივ უამრავი ხე და ბუჩქია, საიდანაც სროლა შეუმჩნევლად შეიძლება. სხვათა შორის, სანამ მამაჩემს მოკლავდნენ, კილერი მისი სახლის ტერიტორიას ერთი კვირის განმავლობაში სწავლობდა. კამერებმაც დააფიქსირეს, რომ უცხო პირი ბესოს სახლთან ხშირად მიდიოდა და ტერიტორიას გულდასმით ათვალიერებდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უბანში გამოჩენილი უცნობი ბესო ხარძიანის მოსაკლავად დაქირავებული კილერი იყო. მეტიც, თურმე მკვლელობამდე სამი დღით ადრე მამაჩემის მანქანას გვერდიდან მიუახლოვდა, ბესოს კი უთქვამს, რა გინდა, რატომ მეჯახები, ჩემი წერა გინდა გახდეო?

ბესო ხარძიანი - ფიქრობთ, რომ თქვენც ბესო ხარძიანის მკვლელი გითვალთვალებდათ?

- ვერაფერს ვამტკიცებ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ იმ დღეს მართლაც მამაჩემის მკვლელს შევხვდი.

- ამ ფაქტით პროკურატურა არ დაინტერესებულა?

- პროკურატურაში სარჩელი ინციდენტიდან რამდენიმე ხანში შევიტანე. კეკელიძისა და ჟვანიას ქუჩაზე უამრავი კამერაა დამონტაჟებული, ამიტომ გამოძიებას მოპედის გადაადგილების მარშრუტის დადგენა არ უნდა გასჭირვებოდა. როგორც მითხრეს, ვიდეომასალა უწყებამ ამოიღო, თუმცა მოპედის მძღოლის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა... საქმეს ინტენსიურად იძიებენ.

- მოპედის მძღოლი როგორ გამოიყურებოდა?

- მისი სახე კარგად მახსოვს, რადგან დიდხანს ვაკვირდებოდი. მისი ამოცნობაც მარტივად შემიძლია. ფოტორობოტის შექმნაც არ გამიჭირდება - წითური იყო, გრძელი ცხვირით, სავარაუდოდ, 30 წლისა. კავკასიური გარეგნობა ჰქონდა, უფრო აზერბაიჯანელს ან ჩეჩენს ჰგავდა.

მას შემდეგ სახლიდან გასვლას ვერიდები. მხოლოდ რამდენჯერმე გავედი, ისიც მხოლოდ უახლოეს მეგობრებთან ერთად. პროკურატურას დაცვის დანიშვნაც ვთხოვე, თუმცა მითხრეს, პირი დაგვისახელე, ვისგანაც უნდა დაგიცვათო. ის რომ ვიცოდე, მოსაკლავად ვინ დამდევს, თავად გავუსწორდებოდი.

- თქვენი მოკვლა ვის აძლევს ხელს?

- აქამდე ისე ვიცხოვრე, არავისთვის მიწყენინებია და არც მტერი მყოლია. მამაჩემის დაჭერის დღიდან გარდაცვალებამდე მისი მეორე ოჯახის წევრები მუდმივად საუბრობდნენ სოლიდურ ქონებაზე. მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობით მე და ჩემი დაც ბესო ხარძიანის სამართალმემკვიდრეებად ვითვლებით. შესაძლოა, ვიღაცას არ სურს, რომ მემკვიდრეობა მივიღოთ. როგორც ვიცი, მემკვიდრეობა რამდენიმე ათეულ მილიონს აღემატება...

მალე დადგება დრო, როცა ყველაფერი გამოაშკარავდება და საზოგადოება ამ საქმეში არსებულ სიბინძურეებზე სიმართლეს შეიტყობს.

”საბედნიეროდ, ამ დროს ორმა ტაქსიმ ჩაიარა, რამაც მოპედის მძღოლი დააფრთხო. როგორც ჩანს, მკვლელობის მოწმეები არ სჭირდებოდა, ამიტომ ტაქსის გამოჩენისთანავე უკან სწრაფადვე გაბრუნდა, მოპედი დაქოქა და ადგილიდან ელვის სისწრაფით მოწყდა” - კეკელიძის ქუჩაზე სავარაუდო კილერთან შეხვედრის შემდეგ, საეჭვო არაფერი შეგინიშნავთ? ან ვინმე ხომ არ გემუქრებათ?

- როგორც გითხარით, მას შემდეგ სახლიდან გასვლას ვერიდები, მუქარით კი არავინ დამმუქრებია.

- მამათქვენის მეორე ოჯახთან ამ დროისთვის როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ამ ხნის განმავლობაში ბესოს მეორე ოჯახთან ცივილიზებულად საუბარი არაერთხელ ვცადე, მაგრამ ამაოდ. მამიდაჩემსა და ბებიას კი ვერაფერი ვათქმევინე. მინდოდა, გამერკვია, თავის დროზე ბესოს მკვლელობაში ხელს მის მეორე მეუღლეს რატომ ადებენ. როგორც ჩანს, ეშინიათ, რადგან თავის დროზე გია უდესიანის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცეს, რაც კანონით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

- ითქვა, რომ ყველაფერი ე.წ. სვანურ სასამართლოზე უნდა გარკვეულიყო. მსგავსი შეკრება მართლაც გაიმართა?

- დაახლოებით ორი თვის წინ ხარძიანისა და უდესიანის გვარები მართლაც შეიკრიბნენ. ამ შეხვედრას სხვა გვარის წარმომადგენლები და მედიატორებიც ესწრებოდნენ, თუმცა ბესოს მეორე ოჯახი შეკრებაზე არ მოვიდა. არავის უცდია, ახსნა, რატომ ადებდნენ ბესოს მკვლელობაში ხელს გია უდესიანს. ვფიქრობ, ესეც ეჭვს იწვევს...

ხაზს ვუსვამ - არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ ჩემს ეჭვებს გიზიარებთ... ფაქტია,

უდესიანს ბესოს ოჯახის ქონება ძალდატანებით არ გადაუფორმებია. სანამ მამაჩემი ციხეში იყო, მისმა ოჯახის წევრებმა უდესიანს თხოვნით მიმართეს და კუთვნილი ქონება ნებაყოფლობით გაყიდეს.

ამის დამადასტურებელი ჩანაწერებიც არსებობს, პირადად ვნახე. ამ დროს ბესოს არწმუნებდნენ, რომ უდესიანს ქონება ზეწოლის გამო გადაუფორმეს. როგორც ვიცი, მამაჩემის ბიძაშვილს, ილია ხარძიანს, ჰქონდა დავალებული, ციხეში მყოფი ბესოსგან კუს ტბაზე მინდობილობა გამოეტანა. სწორედ მაშინ უთხრა ილია ხარძიანმა მამაჩემს, რომ ოჯახს უდესიანის ზონდერები ემუქრებოდნენ, რეალობა კი აბსოლუტურად სხვა იყო.

- გამოძიება რა ეტაპზეა?

- საქმეში მოწმის სტატუსი მაქვს, ამიტომ გამოძიების დეტალებში ჩახედვის უფლებას არ მაძლევენ. კონკრეტულ ვერსიებზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი. დარწმუნებული ვარ, მალე ბესოს მკვლელობის რეალურ დამკვეთს გამოავლენენ და ვინც უნდა იყოს, დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება.

ინტერვიუს შემდეგ პროკურატურას დავუკავშირდით, თუმცა კომენტარზე უარი თქვეს.

რუსუდან შელია