ვართ დემოკრატიული ქვეყანა? (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

ვართ დემოკრატიული ქვეყანა? (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

მიმაჩნია, რომ დღეს "რუსთავი 2" ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც პროპაგანდითაა დაკავებული. შეიძლება სხვა ტელევიზიებსაც აქვთ პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიები, მაგრამ პროპაგანდა სულ სხვაა, თან მდარე ხარისხის. ამის დასტურად მარტო "ქერის უბნისა" და "ვანოს შოუს" დასახელებაც კმარა, სხვა პოლიტიკურ გადაცემებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასევე მიმაჩნია, რომ საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი უფლებაა და ქიბარ ხალვაშს ვერავინ აუკრძალავს, იბრძოლოს ამ უფლებისთვის, მაგრამ... მაგრამ ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რატომ არ დაიწყო ბრძოლა ამ უფლების აღსადგენად მაშინ, როცა "ნაცმოძრაობა" გავისტუმრეთ? ხომ არ იყო მაშინ დუმილი პოლიტიკური გადაწყვეტილება?

თუ ასეა, ახლა ბრძოლის დაწყება ასევე პოლიტიკური თამაში გამოდის. თავის დროზე რომ დაეწყო ბრძოლა, ამდენი ეჭვი არავის გაუჩნდებოდა, ახლა კი ბევრი ვარაუდის საფუძველი ჩნდება. მაგალითად, ხომ არ მოხდა ისე, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შემთხვევაში, როდესაც ივანიშვილმა (მისივე აღიარებით) ის არ დააჭერინა და ახლა მისი ისე ეშინიათ, რომ მზად არიან, კანონი შეცვალონ და ეროვნული ბანკი დაანგრიონ, ოღონდ მათი აზრით საშიში ქადაგიძე გაანეიტრალონ. თუ ადამიანი დასაჭერია, არ შეიძლება პოლიტიკოსმა გადაწყვიტოს, უნდა აღსრულდეს თუ არა კანონი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეშიც იგივე მოხდა. ხალვაშს თავიდან მოცდა სთხოვეს, ჯერ არ ქმნის საფრთხეს ეს ტელევიზია და არ გვინდა ზედმეტი პრობლემები, ყვირილი, იტყვიან, მედიას ებრძვიანო, ამიტომ არ იბრძოლო მის დასაბრუნებლად. თუ რამე საფრთხეს შექმნის, სარჩელის შეტანას ყოველთვის მოასწრებო. ახლა კი, როცა არჩევნები ახლოვდება და ამ ტელევიზიის გააქტიურებასაც ხედავენ, ეს გადანახული იარაღი ამოქმედდა.

ეს ყველაფერი ვარაუდია, მაგრამ მიმაჩნია, რომ დასაბუთებული და ლოგიკურია. სხვანაირად მიჭირს ავხსნა, რას ელოდებოდა ბატონი ხალვაში 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე. თუ ეს ჩემი ვარაუდი მართალია, ეს ბრძოლა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გამოდის. ძალიან სახიფათოა, როცა სამართლიანობის აღდგენა პოლიტიკური თამაშის ნაწილი ხდება, მით უმეტეს, როცა საქმე მედიას ეხება!

მეორე საკითხია თავად ხალვაშის ფიგურა. თავის დროზე, მასაც უცნაური მეთოდებით ჩაუვარდა ხელში "რუსთავი 2", ეროსი კიწმარიშვილის ყოფილი პარტნიორებიც, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, დაობენ, რომ მათაც უკანონოდ ჩამოართვეს ეს ტელევიზია. თან დღეს ბატონი ქიბარის და "ქართული ოცნების" წევრია. რას უნდა ველოდოთ, თუ "რუსთავი 2" მის ხელში აღმოჩნდება? სამართლიანობა აღდგება? და პირველი მფლობელების პრეტენზიებს რა ვუყოთ? "რუსთავი 2" ობიექტური გახდება? და იმას რა ვუყოთ, რომ ქიბარ ხალვაშის და "ოცნების" წევრია? ხომ არ მივიღებთ მაინც წართმეულ ტელევიზიას უკვე ხელისუფლების სასარგებლოდ მომუშავეს? ჩემი აზრით, ეს უარესი შედეგი იქნება: არჩევანი ძალიან მარტივია (თუ მხოლოდ ასეთი არჩევანი გაქვს): ხელისუფლების არაობიექტური კრიტიკა ჯობია ხელისუფლების "ობიექტურ" ქება-დიდებას! ეს მარტივი ჭეშმარიტება არ ესმის არც ერთ ჩვენს ხელისუფალს! თუ ფიქრობ, რომ ტელევიზია იტყუება, მის წინააღმდეგ ძველი მეპატრონე კი არ უნდა აამუშაო, არამედ მის ყველა გადაცემაში მიხვიდე და მისივე ეთერით ამხილო. უთხრა, რასაც ფიქრობ მასზე. ეს ერთადერთი სწორი გზაა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ ტელევიზიასთან საბრძოლველად, თუ, რა თქმა უნდა, ვართ დემოკრატიული ქვეყანა.

გაკვეთილები

ჩემთვის აგვისტოს ომი პირველ რიგში სამეგრელოს ოკუპაციასთან ასოცირდება, რადგან მთელი ომი იქ გავატარე როგორც ჟურნალისტმა და ჩემი თვალით ვიხილე, როგორ ბედის ანაბარა იყო მიტოვებული ქვეყანა, როგორ თავისუფლად დანავარდობდნენ რუსი ოკუპანტები სამეგრელოში, ისროდნენ გაუგონარი სიდიდის ბომბებს, აფეთქებდნენ გემებს, ანგრევდნენ ბაზებს... ხელის შემშლელი არავინ იყო. ასეთი უმწეობის განცდა არასოდეს მქონია! გაორებული გრძნობა მქონდა: ცალკე რუსები მძულდა, ცალკე ჩვენს ხელისუფლებაზე მეშლებოდა ნერვები, რომელმაც რამდენიმე დღეში დაამთავრა ომი და ხალხი რუსების პირისპირ დატოვა.

აგვისტოს ომის ყველაზე სამარცხვინო ლაქაა ის, რომ ჯარისკაცებზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დავკარგეთ, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ ჯარს უკან დახევა ისე უბრძანა, რომ მოსახლეობის ევაკუაციაზე არ უზრუნია. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: სააკაშვილის მთავარი დანაშაული ამ ომში ხალხის ასე მიტოვება და გაწირვა იყო. როგორც კი ომის სუნი იგრძნეს, ოსებმა მაშინვე დაიწყეს ცხინვალიდან ხალხის გაყვანა, ჩვენმა ხელისუფლებამ კი იმის შიშით, ომის დაწყება არ დაგვაბრალონო, ხალხი წინასწარ არ გაიყვანა საშიში ზონებიდან. მთავარი მათთვის ის აღმოჩნდა, ვის დაჰბრალდებოდა ომის დაწყება! დღემდე ასეა. ამაზე აქვთ აქცენტი გადატანილი და სხვა არაფერი აინტერესებთ. არადა, მთავარი ის კი არ არის, ომს ვინ იწყებს, არამედ ის, ომს ვინ იგებს ან აგებს. სამწუხაროდ, ჩვენ 2008 წელს კიდევ ერთი ომი წავაგეთ! კიდევ ერთხელ დავკარგეთ ხალხი და დავკარგეთ დამატებით ტერიტორიები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დავმარცხდით ყველასთან, ვისთანაც დამარცხება შეიძლებოდა: ოსებთან, აფხაზებთან, რუსებთან! მართალია, ყველა ომში ჩვენ სინამდვილეში რუსეთი გვებრძოდა, მაგრამ ჩვენზე გამარჯვების დღეებს სწორედ აფხაზები და ოსები ზეიმობენ.

მთავარია, გაკვეთილი თუ ავითვისეთ. რაც ამ ყველაფრიდან უნდა ვისწავლოთ, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: წინასწარ წაგებულ ომში არ უნდა ჩაება; მაშინ არ უნდა გაისროლო, როცა შენს მტერს აწყობს; სხვის პროვოკაციაზე არ უნდა წამოეგო; რისი მიღწევაც ომით არ შეგიძლია, ჭკუით უნდა მიაღწიო და ა.შ.